კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

შეძლებს თუ არა აზერბაიჯანი ბუნებრივ აირზე საქართველოს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ღირს თუ არა დამატებითი გაზის „გაზპრომიდან“ მიღება

„გაზპრომის“ წარმომადგენლისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრა კვლავ აშფოთებს ჩვენი მოქალაქეების გულებს, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა სომხეთისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობის გაზრდაზე ისაუბრეს. მეორე მხრივ, მაინც არ კარგავს აქტუალობას კითხვა, გვჭირდება თუ არა ქვეყნის გაზმომარაგების უწყვეტობისთვის დამატებითი მომწოდებელი და ღირს თუ არა ჩიტი ბდღვნად, ანუ „გაზპრომთან“ საქმის დაჭერად. სულ პირველად ინფორმაცია, თუ რა ოდენობის და რა წყაროებით ვიღებდით გაზს, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ბ-ნმა ხეთაგურმა გაგვიმხილა (თუმცა მანამდე არგახმოვანების მიზეზად კომერციული საიდუმლოება სახელდებოდა) 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ნამინისტრალის ვერსიით: იმხანად საქართველო წლიურად 1 მილიარდ 800 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარდა. აქედან შაჰ-დენიზის საბადოდან 1 000 კუბს 55 აშშ დოლარად შევისყიდიდით (სულ 300 მილიონი კუბური მეტრი), დამატებით 500 კუბურს კი – 64 აშშ დოლარად 1 000 კუბურისთვის (ანუ შეღავათიან ფასად, როგორც კონტრაქტი ითვალისწინებს). სომხეთისთვის გაზის მიწოდების სანაცვლოდ 150 მილიონ კუბურ მეტრს 110 აშშ დოლარად ვყიდულობდით. დანარჩენი 900 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანიდან შემოგვქონდა: 400 მილიონი – 240 აშშ დოლარად, 500 კი – 189 აშშ დოლარად (ანუ სოციალურ ფასად) და შეწონილი ტარიფი 143 აშშ დოლარი გამოგვიდიოდა თითოეულ 1 000 კუბურ მეტრზე (პლუს თითოეული 1 000-სთვის 16 ლარი ტრანსპორტირების საფასურად). თუმცა ენერგეტიკოსებმა იქვე განმარტეს, რომ 1 000 კუბური მეტრის შეწონილი ტარიფი არა 143, არამედ, 117 დოლარი გამოდიოდა. ამჟამად რამდენ ბუნებრივ აირს მოვიხმართ, რა ფასად ვიღებთ და რა წყაროებიდან? საკითხში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე გაგვარკვევს.
– რატომ არ არის საქართველოში გაზის ერთიანი ტარიფი?
– გაზის სხვადასხვა ტარიფია, მაგრამ, როგორც ვიცი, მარეგულირებელი კომისია მუშაობს ერთიანი ტარიფის შექმნაზე საქართველოს რეგიონებისთვის. რატომ გახდა ეს შესაძლებელი ახლა და რატომ ანგარიშდებოდა ტარიფები ცალ-ცალკე? ცალ-ცალკე ანგარიშდებოდა, რადგან სხვადასხვა კომპანია მუშაობდა და კომპანიის ხარჯებიდან გამომდინარე უდგინდებოდათ ტარიფი. როდესაც ეს აქტივები გაერთიანდა და ისინი შეისყიდა „სოკარ ჯორჯიამ“, შეიქმნა რეალური საშუალება, რომ ამ ერთ კომპანიას, ამ შემთხვევაში „სოკარ ჯორჯიას“ დაუდგინდეს ერთიანი ტარიფი ყველა რეგიონისთვის, მაგრამ ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება.
– რამდენ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს საქართველო, საიდან ვიღებთ და რა ფასად?
– 2015 წლის პროგნოზით, წლის ბოლომდე დაახლოებით 2,5 მილიარდ კუბურ მეტრზე ავალთ.
– რამ გამოიწვია მოხმარების ზრდა? 2012-ში მოვიხმარდით 1,8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. წარმოებები არ დაგვმატებია, ესე იგი მოსახლეობა მოიხმარს უფრო მეტს?
– კარგი კითხვაა და მას, სხვათა შორის, ბევრი არ სვამს. უპირველესად, რა თქმა უნდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაიწყო ქვეყნის ინტენსიური გაზიფიცირება, იქ, სადაც გაზი არ იყო, ბევრ ადგილას შევიდა და ამან გაზარდა გაზის მოხმარება. თბილისშიც კი, გლდანსა და მუხიანში, სადაც გაზი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მოხდა გაზიფიცირება და ათიათასობით აბონენტი დაემატა. ძალიან კარგია, როდესაც მომხმარებელს აქვს არჩევნის საშუალება, ელექტროენერგია გამოიყენოს თუ გაზი. ანუ ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია გაზიფიცირება, რომელსაც მხოლოდ შეიძლება რომ მივესალმოთ; ასევე, წელს გაზის მოხმარების ზრდის მეორე ფაქტორია თბოსადგურის ამოქმედება, რომელიც უკვე გაშვებულია. ეს არის ძალიან მაღალეფექტიანი სადგური და მისი მუშაობაც გაზრდის გაზის მოხმარებას. ახალ თბოსადგურში გაზის დანახარჯი იქნება დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლები: თუ ძველი ბლოკების მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 30 პროცენტი, ახლის 52 პროცენტია. ამიტომ, ჩემი აზრით, 2,5 მილიარდზე უნდა ავიდეთ, წესით, წლის ბოლოს. მაგალითად, შარშან მოვიხმარეთ 2,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ანუ 300 მილიონი კუბური მეტრით გაზრდის მოხმარებას ახალი თბოსადგურის გაშვება და ახალი აბონენტების დამატება. აქვე მინდა გითხრათ ერთი რამ: საქართველო მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარებით ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.
– ეს სიღარიბის ბრალია: მოსახლეობის უმეტესობას ტექნიკა აქვს ძველი და მწირი რაოდენობის.
– 1989 წელს მოვიხმარდით 18,4 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას, ახლა ძლივს გადავცდით 10 მილიარდს, ანუ, ფაქტობრივად, იმის ნახევარს მოვიხმართ, რასაც 1989 წელს მოვიხმარდით. მართალია, ახალი მოწყობილობები უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე 1989 წელს გამოშვებული, მაგრამ, ეს არ არის მთავარი; მთავარი ისაა, რომ წარმოება გაჩერდა. მაგალითად, ქობულეთში 22 ჩაის ფაბრიკა მუშაობდა, დღეს ორი მუშაობს და ასეა თითქმის ყველგან. მოსახლეობის ერთ სულზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი ძალიან კარგი ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად. ამიტომ, როდესაც ვხედავ, რომ ენერგიის მოხმარება იზრდება, პირადად ჩემთვის  ეს კარგი ნიშანია.
– კეთილდღეობა იზრდება.
– ეს კარგის მანიშნებელია. ჩემი აზრით, ჩვენთვის საჭირო 2,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდება აზერბაიჯანს შეუძლია შაჰ-დენიზის იმ საბადოდან, საიდანაც ვიღებთ გაზს. ჩვენ რამდენიმე კონტრაქტი გვაქვს აზერბაიჯანთან; ყოველ შემთხვევაში, გასულ წელს ჩვენ მიერ მოხმარებული 2,2 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანმა მოგვაწოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
– აქ ხომ შედის ყველა წყაროდან მიღებული გაზი?
– დიახ.
– მაგრამ ეს არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული. ნაწილს, კერძოდ, 800 მილიონ კუბურ მეტრს, ჩვენ ვიღებთ ტრანზიტის საფასურად და შეღავათიანი ტარიფით საერთაშორისო მილსადენიდან, ნაწილს კი სომხეთის ტრანზიტის საფასურად.
– მოდი, ჯერ ეს აზრი დავასრულოთ. ორ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი, რომელიც მოვიხმარეთ შარშან, უპრობლემოდ მივიღეთ აზერბაიჯანიდან. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა –  სეზონურობა და ჩვენი მოხმარება მკვეთრად იცვლება სეზონების მიხედვით. ზამთარში გვჭირდება გაცილებით მეტი გაზი და ეს ზამთარი გრძელდება საკმაოდ დიდხანს, სულ ცოტა, 7-8 თვეს და არა კალენდარულ სამ თვეს. თბოსადგურებს ხშირად სექტემბერში ჩავრთავთ და, შეიძლება, აპრილშიც გვქონდეს ჩართული. ზაფხულის პერიოდში გაზის მოხმარების დონე მკვეთრად ეცემა. ამ სეზონურობის გათვალისწინება აზერბაიჯანისთვის ძალიან რთულია, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა არ შეგვექმნას, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა დადგება, იმიტომ რომ, სეზონური მიწოდება ძალიან რთულია. ამდენად, თუ ჩვენ გაზის მიღების სხვა წყაროც გვექნება, არ იქნება ცუდი. ერთი ამბავი ატყდა „გაზპრომის“ გარშემო, მაგრამ პირადად მე პრობლემას ვერ ვხედავ, თუკი ენერგეტიკის მინისტრი შეხვდა მილერს. აბა, ვის უნდა შეხვდეს ენერგეტიკის მინისტრი? კულტურის მინისტრს?! უნდა შეხვდეს თავის კოლეგებს რუსეთშიც, აზერბაიჯანშიც, ირანშიც, სომხეთშიც და სხვაგანაც. გულახდილად ვამბობ: მე ეს პრობლემად არ მიმაჩნია. სხვა თემაა, რაზე ილაპარაკეს, თორემ, ის, რომ შეხვდნენ, რომ გაზის მიღებისა და მიწოდების ორმხრივი ინტერესია და ეს რომ უნდა დამუშავდეს, რათა რაღაც სარგებელი მივიღოთ, მგონი, მხოლოდ მისასალმებელია. ცუდი იქნებოდა, რომ ენერგეტიკის მინისტრი არავის ხვდებოდეს და ჩაკეტილები ვიყოთ. რაც შეეხება გაზის ტრანზიტს: სომხეთი დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს და აქედან ტრანზიტის საფასურად გვრჩება 200 მილიონი.
– რატომ მოგვყიდის ჩვენი ხელისუფლება ამ ნატურით მიღებულ ბუნებრივ აირს 1 000 კუბურს 110 დოლარად?
– უფასო ყველი არის მხოლოდ სათაგურში.
– მესმის, მაგრამ, 110 დოლარი ძვირი არ არის?
– ტრანზიტით მიღებული შემოსავალი არ არის მხოლოდ გაზის მიმღებთა შემოსავალი, ეს არის ქვეყნის შემოსავალი, რომლის მონეტარიზაცია უნდა მოახდინოს სახელმწიფომ და იმ ფულით გაზის მომხმარებლებსაც უნდა დაეხმაროს და საბიუჯეტო პრობლემებიც გადაწყვიტოს. სწორია, რომ უფასოდ მიღებული გაზი მხოლოდ გაზის მომხმარებლებს მოვახმაროთ?! ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ხშირად ისმის მოწოდებები: გაზს თუ უფასოდ ვიღებთ, უფასოდვე მივაწოდოთ მოსახლეობასო.
– პირადად მე სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს: თუ სახელმწიფო მიჰყიდის „სოკარს“, როგორც გამანაწილებელ კომპანიას, ამ გაზს 1 000 კუბს 110 დოლარად, გასაგებია, მაგრამ, თუ „სოკარი“ საერთო რაოდენობაში იღებს ამ გაზს და შემდეგ გვიფასებს 110 დოლარად და გვისვამს ტარიფში, ეს არასწორი მგონია. და, მეორე –  სომხეთის ტრანზიტიდან მიღებული 110 დოლარი ღირს და შაჰ-დენიზიდან ტრანზიტით მიღებული –  55? რა ლოგიკით?
– შაჰ-დენიზის გაზის ეს 55 დოლარი ჩაწერილია კონსორციუმთან გაფორმებულ სატრანზიტო ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი 2002 წელს მოეწერა.
– რომ ის უფასო გაზი, გატარებულის 5 პროცენტი, ღირს 1 000 კუბი 55 დოლარი?
– ის, რასაც უფასო გაზს ვუწოდებთ –  შაჰ-დენიზის გაზსადენში გატარებულის 5 პროცენტი –  სინამდვილეში არ არის უფასო, ამის მონეტარიზაციაც ხდება. ის უნდა გარდაიქმნას ფულში და გარდაიქმნება 55 დოლარად 1 000 კუბური მეტრი. ეს ისეთი თემაა, რომ ამაში სახელმწიფოს გამტყუნება ძნელია. სხვა საქმეა, როგორ ნაწილდება ის ფული, რომელიც ამის შედეგად შედის ბიუჯეტში, მაგრამ, მონეტარიზაცია არის ინსტრუმენტი, რომ ის ბენეფიტი, რაც მიიღო ქვეყანამ, გამოიყენოს.
– იმას ამბობთ, რომ ჩვენი სახელმწიფო მიჰყიდის „სოკარს“ 55 და 110 დოლარად –  ტრანზიტის საფასურად, უფასოდ მიღებულ გაზს?
– დიახ და, ამას გარდა, ჩვენი სახელმწიფო ყიდულობს დამატებით გაზს აზერბაიჯანიდან, ანუ გვრჩება მოსაძებნი მილიარდ ოთხასი მილიონი: 200 მილიონს ვიღებთ სომხეთის ტრანზიტიდან და მილიარდ 200  მილიონს დამატებით ვყიდულობთ. ამას ვყიდულობთ ორ სხვადასხვა ფასად: სოციალურ ფასად და კომერციულ ფასად. ეს დაახლოებით იგივეა, რაც 2012 წელს იყო –  189 და 240 დოლარი. ის, რომ ჩვენთან სოციალური გაზის შეწონილი ტარიფი, რასაც მოსახლეობა იღებს, 143 დოლარია და ამ ტარიფით იღებენ გაზს ელექტროსადგურებიც, დიდი შეღავათია, ამგვარ ფასს რუსეთისა და სხვა მომპოვებელი ქვეყნების გარდა ვერსად ნახავთ.
– თუ აზერბაიჯანს აქვს საკმაო რაოდენობის ბუნებრივი აირი, „გაზპრომი“ რაში გვჭირდება, ფასის კიდევ უფრო დასაწევად?
– მოხმარება იზრდება და აზერბაიჯანმა, შესაძლოა, ჩვენი სეზონური მოხმარების დაკმაყოფილება ვერ შეძლოს და ამისთვის ჩვენ ახლავე უნდა მოვემზადოთ: თუ დაგვჭირდება, მოგვაწვდის თუ არა „გაზპრომი“, რა ფასად და რა პირობებით. მოგეხსენებათ, შაჰ-დენიზზე მეორე გაზსადენის მშენებლობა დაიწყო და ამ სამი წლის განმავლობაში იქნება გარდამავალი პერიოდი: ჩვენი მოცულობები გაზის მოთხოვნაზე იზრდება, აზერბაიჯანის მოცულობები კი, სანამ „შაჰ-დენიზი 2” არ ჩაირთვება, ვერ გაიზრდება; ამიტომ, შესაძლოა, მომავალში რაღაც პრობლემები შეიქმნას. ამდენად, ზრუნვა იმაზე, რომ ვიცოდეთ, რაზეა „გაზპრომი“ წამომსვლელი და რა პირობებით მოგვაწვდის გაზს, ცუდი არ იქნება; და, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც 20 წელია, ლაპარაკია და თავი ვერ მოება: ეს არის გაზსაცავი.
– ჩვენი აქილევსის ქუსლი, რაც დაგვაძლევინებდა სეზონური მოხმარების პრობლემასაც და „გაზპრომსაც“ კი აღარ შეეძლებოდა დაშანტაჟება, მაგალითად, ზამთარში გაზსადენზე ავარიების სახით.
– ჯერ ერთი, ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს ამას: ევროკავშირში ასეთი წესია, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა თავად უნდა მართავდეს თავის საგანგებო სიტუაციებს და ექსტრემალურ ვითარებაში თავად უნდა შეეძლოს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება ენერგომატარებლებზე; ანუ, შენი შესვლით ევროკავშირში არ უნდა შეიტანო პრობლემები, შენი პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტო. ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ჩვენთან გაზსაცავის შეკეთება და, როგორც ვიცი, გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ გამოაცხადა ტენდერი ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე. განიხილება ორი ვარიანტი: კახეთში, ივრის ველზე და წალკის რაიონში, საუბარია 250 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის გაზსაცავის მშენებლობაზე. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და, შევძლებთ, ექსტრემალურ ვითარებაში, 20-30 დღის განმავლობაში შევუნარჩუნოთ გაზმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს არსებულ დონეზე. რომც არ გვავალდებულებდეს ასოცირების ხელშეკრულება, ისედაც უნდა გაგვეკეთებინა და სულ არ იყო ლაპარაკი ევროასოცირებაზე, როდესაც ვაპირებდით გაზსაცავის აშენებას, მაგრამ, ვერ მოება თავი. ახლა თავიდან დაიწყო მუშაობა და შეგვეძლება, რომ ზაფხულში ჩავტვირთოთ გაზი, რომელიც გვეკუთვნის აზერბაიჯანიდან და არ გვჭირდება. ამის გამო მუდმივად ვთხოვთ აზერბაიჯანს, რომ მან შეგვინახოს, არის გაუთავებელი მოლაპარკებები და, ბუნებრივია, ასეთ დროს კონტრაგენტი ამას იყენებს სათავისოდ. გაზსაცავის გაკეთების შემთხვევაში კი წელგამართულები ვიქნებით ნებისმიერი მოლაპარაკებისას.

скачать dle 11.3