კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ერთ-ერთი გერმანული კომპანიის სარეკლამო სახე ქართველი მსახიობი ტომას კაუპერვუდი, რომელიც ტომ კრუზთან და ჰელენ მირენთან ერთად გადაიღეს სხვადასხვა ფილმში და როგორ ჩაუტარა მას მასტერკლასები დასტინ ჰოფმანმა

თამაზ ბეჟანიშვილი, იგივე ტომას კაუპერვუდი (Thomas A. Cowperwood) ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობია, რომელიც ვენაში ცხოვრობს და უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია როგორც თეატრის, ასევე კინოს სფეროში. მას სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა  და არაერთი კონკრეტული  მიზანი აქვს, რასაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიაღწევს. ტომასი ძალიან ნიჭიერი და წარმატებული დიზაინერის, გიორგი ბეჟანიშვილის ძმაა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს.

 ტომას კაუპერვუდი: თეატრის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა – ის, რაც სცენაზე ხდებოდა, ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა. შემდეგ ძალიან შემიყვარდა კინო, თუმცა, არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო, გავმხდარიყავი მსახიობი და მეკეთებინა ის, რასაც ეკრანზე ვხედავდი. მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორს იყო, როგორც მიუწვდომელი სამყარო. საბოლოოდ, ჩემი ოჯახის რჩევითა და ჩემი სურვილით, ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, შემდგომ კი გადავწყვიტე, ავსტრიაში წამოვსულიყავი სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ჩემი ძმა ცხოვრობდა. ჩავაბარე უნივერსიტეტში, თუმცა, ვენის ნაცვლად მოვხვდი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტში, რაც საერთოდ  შოკი იყო. ჩემი ძმა იმ დროს ვენაში ცხოვრობდა და, შესაბამისად, ყველაფრის მარტო, დამოუკიდებლად კეთება მიწევდა. საბოლოოდ, ეს იყო ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება დამმართნოდა: ვისწავლე, რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი; ვისწავლე ბევრი რამის ფასი. ორი წლის შემდეგ ვენაში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა, რადგან პარალელურად სწავლა გავაგრძელე ვენის უნივერსიტეტში სამედიცინო ინფორმატიკის ფაკულტეტზე. მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად, მეკეთებინა ყველაფერი და გამეთენებინა ღამეები იმ პროფესიისთვის, რომელსაც იმ პერიოდში ვეუფლებოდი. ავსტრიაში წამოსვლის პირველი წლიდან მოყოლებული, დამებადა აზრი მსახიობობის შესახებ, რომელიც დღითიდღე კონკრეტულ მიზნად ყალიბდებოდა და 22 წლის ასაკში საკუთარ თავს ვუთხარი – ან ახლა უნდა გადაწყვიტო ეს, ან  დაემშვიდობო-მეთქი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე: თავიდან მინდოდა ჩამებარებინა ნიუ-იორკის კინოაკადემიაში. საბუთები გავგზავნე და მიმიღეს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, დავრჩი ვენაში და ჩავაბარე ორენოვან კინოაკადემიაში. უნივერსიტეტში ვიყავი ერთადერთი უცხოელი, რომლის მშობლიური ენა არ იყო გერმანული, რაც, ცოტა არ იყოს, ართულებდა საქმეს. შესაბამისად, ბევრი დრო დამჭირდა, რომ გერმანული თეატრალური ენა მესწავლა. უნივერსიტეტის დამთავრებასთან ერთად, პარალელურად, აბარებ სახელმწიფო გამოცდას, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება – ესაა თეატრის გამოცდა, რომელიც უფლებას გაძლევს, გერმანულენოვან სცენაზე ითამაშო და თავს პროფესიონალი მსახიობი უწოდო. პირველ გამოცდაზე საშუალება მომეცა, მეთამაშა ნაწყვეტები ჩეხოვის პიესებიდან, თან, ვენის ძალიან ცნობილ თეატრში, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და, ასევე, პატივი იყო. მეორე წელს კი, სხვა როლებთან ერთად, ასევე ვითამაშე ნაწყვეტი „კავკასიური ცარცის წრიდან,“ უკვე პარტნიორთან ერთად, რითაც ვეცადე, ჟიურისთვის შემეხსენებინა ჩემი წარმომავლობისა და საქართველოს შესახებ – მოგეხსენებათ, ბერტოლდ ბრეხტის პიესაში მოქმედება საქართველოში ხდება.  ჟიურის წევრები ავსტრიის წამყვანი მსახიობები იყვნენ და საკმაოდ მკაცრები აღმოჩდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მოეწონათ ჩემი შესრულება. მესამე სადიპლომო გამოცდამაც ძალიან კარგად ჩაიარა, კარგი შეფასებები მივიღე, ყველაზე სასიამოვნო კი ამ პროცესში ის იყო, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცე: მე ეს შევძელი.
– როგორ განვითარდა შენი სამსახიობო კარიერა?
– ყველანაირ საშუალებას ვცდიდი, რომ, რაც შეიძლება მეტი სამუშაო გამოცდილება შემეძინა. მონაწილეობა მივიღე რამდენიმე გერმანულენოვანი პიესის დადგმაში. ასევე, რამდენიმე წელია, ვენაში არსებობს რუსული თეატრი, სადაც ძალიან კარგად მიმიღეს და დამეხმარნენ, დამეძლია, ეგრეთ წოდებული, „სცენის შიში“, რაც ძალიან დამეხმარა სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებაში.  სამი წლის განმავლობაში ამ თეატრში ვმუშაობდი, ხოლო ცოტა ხნის წინ, სწავლის დამთავრებასთან ერთად, მათთან მუშაობაც დავამთავრე. რაც შეეხება კინოს, ბოლო სამი  წელი ბევრ პროექტში მომიწია მუშაობა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვმონაწილეობდი ავსტრიულ პროექტში, სადაც ჩემი პარტნიორი იყო ავსტრიელი მსახიობი ურსულა შტრაუსი. მისი ძალიან ბევრი ფილმი მქონდა ნანახი და მასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. გადაღების პროცესი ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით – საერთო სცენების გადაღება. გარდა ამისა, ვენაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი ჰოლივუდური პროექტი გადაიღეს. ტომ კრუზთან ერთად ვმონაწილეობდი ისეთი ფილმების გადაღებაში, როგორიც არის „შეუსრულებელი მისია“ და, კიდევ, ძალიან კარგი ფილმი – „ქალბატონი ოქროსფერში“  (Woman in Gold), რომელშიც თამაშობენ ჰელენ მირენი და რაინ რეინოლდსი. გერმანიაში გადასაღებ მოედანზე მქონდა უკვე ნამუშევარი და, მაინტერესებდა, როგორი იყო ჰოლივუდურ ფილმებზე მუშაობა – სამუშაო პირობები, სიტუაცია გადასაღებ მოედანზე. როდესაც ვენაში გადმოვედი, შემთხვევით გავიცანი ტილ შვაიგერი, ძალიან ცნობილი გერმანელი მსახიობი, შემდეგ – ჩემი  ერთ-ერთი საყვარელი ინგლისელი მსახიობი მაიკლ კეინი და,  ბოლოს – ყველასათვის კარგად ცნობილი არნოლდ შვარცენეგერი, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია. ის ავსტრიის ერთ-ერთი სოფლიდან აღმოჩნდა იქ, სადაც ახლა იმყოფება. სწავლის პერიოდში მუდმივად ვმუშაობდი, რომ ცხოვრების ნორმალური პირობები მქონოდა. გარდა ამისა, დაინტერესებული ვიყავი სხვა წარმატებული ადამიანების მოტივაციური მაგალითებით. სწორედ მაშინ შევხედე არნოლდ შვარცენეგერს სხვა თვალით. ერთი  ავსტრიელი მეგობარი მყავს, რომელიც, ფაქტობრივად, იმ სოფლიდან არის, საიდანაც არნოლდი. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში სულ მასზე ვსაუბრობდით, მისი გაცნობა გვინდოდა. ერთ დღესაც, გავიგეთ, რომ ბუდაპეშტში ტარდებოდა სემინარი, რომელსაც არნოლდი ესწრებოდა. შევხვდით, გავიცანით, ბევრი ვისაუბრეთ, სამომავლოდ თანამშრომლობასაც ვგეგმავთ და, რაც მთავარია, ამ ყველაფერზე კონკრეტულად ვფიქრობთ. საერთოდ, ამ ხალხის გაცნობა ჩემთვის ერთგვარი ნიშანი იყო იმის, რომ სწორ გზაზე ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით.  ზოგადად, ჩემი კონკრეტული მიზანია, რომ ვიყო პირველი ქართველი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდში მოხვდება და „ოსკარს“ მიიღებს. ამაზე დიდი ხანია, ვმუშაობ და ამ ყველაფრის გაკეთებას  ამ მომენტისთვის ევროპიდან ვგეგმავ.
– როგორც ვიცი, დასტინ ჰოფმანთანაც გაიარე ტრენინგები.
– დასტინ ჰოფმანის ონლაინ კურსები გავიარე. ეს იყო ერთგვარი „ვორკშოპი“, საშუალება მქონდა, მისი გაკვეთილები მომესმინა. საბოლოოდ, უნდა მოგვემზადებინა ერთი სცენა ფილმიდან, სადაც ტომ კრუზი თამაშობს. რა თქმა უნდა, მოვემზადე და ჩავწერე სცენა, ორი კვირის შემდეგ კი დამიკავშირდნენ – დასტინ ჰოფმანს სურს თქვენთან გასაუბრებაო. ეს იყო მოულოდნელი და, ამასთანავე, სასიხარულო ამბავი. ბევრი მესაუბრა იმის შესახებ, საიდან უნდა დავიწყო, რაზე უნდა გავამხვილო ყურადღება, რა მჭირდება იმისთვის, რომ ამერიკელი პროდიუსერების ყურადღება მივიქციო. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ, როდესაც დამირეკა, მეგონა, 10 წუთი გამესაუბრებოდა, მაგრამ, ისე ჩაუღრმავდა საკითხებს, საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მას ძალიან მოეწონა არჩევანი, რომელიც მე გავაკეთე სცენის შესრულებისას და ამას  ხაზიც გაუსვა.
– ვიცი, რომ კინოსა და თეატრის პარალელურად რეკლამაშიც გიღებენ.
– ამ სფეროში დაახლოებით ერთი წლის წინ მოვხვდი სრულიად შემთხვევით. თავიდან ამას ვერც წარმოვიდგენდი. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მათთან თანამშრომლობა – იქ შეიძლებოდა მქონოდა შემოთავაზებები რეკლამებიდან, ფილმებიდან, მსოფლიო პროექტებიდან. მივედი და გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთაშორისო ინგლისურ პროექტში მოვხვდი. საბოლოოდ კი ბევრი დაინტერესდა ჩემით. გადამიღეს სხვადასხვა რეკლამაში, ფოტოგადაღებებიც მქონდა სხვადასხვა კომპანიისთვის. ახლა გერმანიაში ერთ-ერთ კომპანიასთან მაქვს კონტრაქტი – მათი სახე გავხდი და მათი სარეკლამო რგოლები  ოთხი წლის განმავლობაში იტრიალებს ტელესივრცეში. მსახიობისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, არასდროს იცი, ვინ ნახავს ამ რეკლამას და ვინ დაინტერესდება შენით. სამომავლოდაც ძალიან ბევრი პროექტი იგეგმება. ახლო მომავალში ვგეგმავ ამერიკული პიესის დადგმას ავსტრიაში და, ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ რომელიმე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მის საქართველოში ჩამოტანას მოვახერხებთ. გარდა ამისა, ვენაში არის ძალიან ცნობილი ინგლისური თეატრი, რომლის სცენაზე თამაშზეც თეატრალურში სწავლის დროს ვოცნებობდი და ახლა შესაძლებლობა მომეცა, ამ სცენაზე ვითამაშო, თან, მიუზიკლში, რაც ჩემთვის „ახალი ხილია“ და შესაძლებლობას მაძლევს,  ჩემი ვოკალური შესაძლებლობებიც გამოვცადო.

скачать dle 11.3