კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ქმნიდა ლავრენტი ბერია სტალინის უახლოეს გარემოცვაში დაძაბულობას ხელოვნურად

დიდი ბელადის სიცოცხლის ბოლო თვეები ყველაზე იდუმალი და ტრაგიკული იყო საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი სიცოცხლის ბოლო დღემდე ინარჩუნებდა თავის აბსოლუტურ გავლენასა და ძალაუფლებას, ლავრენტი ბერიამ ნაწილობრივ მაინც მოახერხა მის თვალში უერთგულესი თანამებრძოლების დისკრედიტაცია. ამის თვალსაჩინო მაგალითია სტალინის დაცვის უფროსის, მისი უერთგულესი ადამიანისა და ჩემი მეგობრის, გენერალ ვლასიკის დაპატიმრება, რისი მიზეზიც საიდუმლო დოკუმენტაციების გაქრობა გახდა, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბერიას უწყების თანამშრომელთა ნამოქმედარი იყო. ბერიამ მოახერხა სტალინის დარწმუნება ვლასიკის დანაშაულში. დიდმა ბელადმა ობიექტური გამოძიების განკარგულება გასცა და ვლასიკი ციხეში გამოამწყვდია, მის ადგილზე კი მე დამნიშნა. ამ პერიოდში საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში ფარული დაპირისპირება იყო გაჩაღებული და მთელ ამ პროცესს ბერია მართავდა, რომელიც საკუთარი ერთგული კადრების მეშვეობით განხეთქილებას აგდებდა მათ შორის, რათა ერთმანეთისადმი უნდობლობა უკიდურესად გაემწვავებინა. ამას კი ერთი მიზანი ჰქონდა: ასეთ ვითარებაში მას ერთიორად უადვილდებოდა შეშინებული და დათრგუნული ადამიანების დამარცხება, ანუ მათი მართვა, რადგან ლავრენტი ბერიას დიდი ამბიციები ჰქონდა – საკუთარ თავს პოსტსტალინური ეპოქის მმართველად მოიაზრებდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბერია სტალინის შემდეგ ერთადერთი პიროვნება იყო, ვისაც რეალურად ძალუძდა ჩვენი უზარმაზარი ქვეყნის წინამძღოლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად (საუბარია მეოცე საუკუნის 70-იან წლებზე) სტალინის სიკვდილის შესახებ უამრავი სხვადასხვა არარეალური ვერსია ვრცელდება, სინამდვილეში დიდი ბელადის სიკვდილი არავის სურდა (მათ შორის არც ბერიას), თუმცა ამაზე ფიქრობდნენ და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის საბრძოლველად  ემზადებოდნენ. საკუთარ ზრახვებს არავინ ავლენდა, მაგრამ სტალინი ამას ინტუიციით გრძნობდა და რამდენჯერმე მინიშნებაც კი გააკეთა ამის თაობაზე, მაგალითად, ერთხელ მან მოულოდნელად შეაწყვეტინა სიტყვა მოლოტოვს, რომელიც საგარეო პოლიტიკას მიმოიხილავდა და თქვა: „სამი ათეული წელიწადია, ქვეყანას ვმართავ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი მტრულად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფი დავამარცხეთ, სახელმწიფო ფეხზე დავაყენეთ, ხალხი გამოვაწრთეთ, გამოვბრძმედეთ, რომ იტყვიან, წესრიგი დავამყარეთ; ერთი სიტყვით, ხელისუფლებას უნებისყოფო, უიდეო ადამიანები ჩამოვაშორეთ, სტაბილური მთავრობა შევქმენით და, თუკი ყოველივე  ეს დაირღვა, ჩათვალეთ, რომ ამით ჩვენი დიადი ქვეყნის რღვევაც დაიწყება. სანამ მე ცოცხალი ვარ, ამას არანაირად არ დავუშვებ და არც თქვენ გირჩევთ ჩემი სიკვდილის შემდეგ“.
ამ სიტყვების შემდეგ სტალინი წამოდგა და ნელი ნაბიჯით დატოვა სხდომა, თან მანიშნა, გამომყევიო. კაბინეტში რომ შევედით, მკითხა:
– მგლების ხროვა თუ გინახავს ოდესმე, დამშეული მგლების ხროვა?
მე უარყოფითად ვუპასუხე, მან კი განაგრძო: ერთ-ერთი ციმბირული გადასახლების დროს ჩვენს დასახლებას საკმაო მანძილით გავცდი და ტყის პირს მივადექი. მიუხედავად იმისა, რომ ბინდდებოდა, უკან გამობრუნებას არ ვჩქარობდი, რადგან კარაბინი მქონდა თან და ნადირის არ მეშინოდა. უეცრად, ტყისპირის გაყოლებაზე, ოდნავ მარჯვნივ, მგლების ხროვა დავინახე. თოთხმეტი მგელი წრეში იდგა და შუაში მოქცეულ, შიმშილისგან დაუძლურებულ თანამოძმეს, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო ფეხზე დგომა, კბილებს უღრჭიალებდა. ალყაში მოქცეული ნადირიც არანაკლებ იღრინებოდა და ალყის გარღვევას ცდილობდა, თუმცა, ისე მჭიდროდ შემოხვეოდნენ დანარჩენები, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ამის გაკეთება  დაუძლურებულისთვის. სუსტი უნდა შეიჭამოს – ეს მგლური კანონია და მისი შეცვლა არავის ძალუძს. მე ის მგელი შემეცოდა, მისი გადარჩენა მოვინდომე და ჰაერში გავისროლე, თუმცა მგლები ამას არ შეუშინებია და ალყა წამითაც არ დაურღვევიათ. მაშინ, მიზანში ყველაზე აგრესიული და ამასთანავე, ყველაზე დიდი მგელი ამოვიღე, რომელიც, ჩემი აზრით, მათი წინამძღოლი უნდა ყოფილიყო, სასხლეტს გამოვკარი და ჩემი კარაბინიდან გასროლილი ტყვიით მგლების წინამძღოლი ადგილზევე გავათავე. ამით მე ვვარაუდობდი, რომ, როდესაც დანარჩენები მოკლულის ჭამას დაიწყებდნენ, ალყაში მოქცეული დროს იხელთებდა და გაიქცეოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ალყაში მოქცეული მგელი მშვიდად უცქერდა, როგორ გლეჯდნენ დანარჩენები მოკლულ მეთაურს და, როდესაც წირვა გამოუყვანეს, კვლავ მას მიუბრუნდნენ. ერთი სიტყვით, ისიც შეჭამეს და მხოლოდ ამის შემდეგ შებრუნდნენ ტყეში. ამგვარად, ჩემმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, სუსტი შეიჭამა, ბუნების მგლური კანონი კი არ დაირღვა.
– ესენიც მგლებივით არიან, იმავე კანონით მოქმედებენ და ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, მე მათი განეიტრალება ჯერჯერობით შემიძლია, მაგრამ ამით უკვე სახელმწიფო იზარალებს და, სანამ ლეკვები დაიზრდებიან, ცხვრის ტყავში გახვეული კაპიტალისტები გადაგვსანსლავენ. სამწუხაროდ, არჩევანი, ფაქტობრივად, აღარ მაქვს. რამდენ ხანს ვიცოცხლებ, არავინ უწყის და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდემდე შემეძლება ამათი მწყემსვა. სამწუხაროდ, ისე აეწყო ჩვენი ისტორია, რომ მემკვიდრე ვერ გამოვზარდე და, ახალი სტალინი თუ არ გამოჩნდა, ესენი ერთმანეთს დახრავენ, ქვეყანა კი, შესაძლოა, დაიღუპოს, – სტალინი კვლავ დადუმდა, სიარული განაგრძო და, სანამ მანიშნებდა, წადიო, მონოლოგი ასე დაასრულა: – ბერია ყველაზე ვერაგი, ჭკვიანი და ვარგისია, მაგრამ მას შანსი არ აქვს, რადგან, ისევე შეახრამუნებენ, როგორც იმ მგელს.
მე სტალინის კაბინეტი გულდამძიმებულმა დავტოვე და მხოლოდ დიდი ბელადის ბოლო წინადადებიდან მივხვდი, რომ მას ქვეყნის მომავალი მმართველობის ბედი აღელვებდა. თუმცა, ვერ გამეაზრებინა, რატომ არ ჰქონდა ბერიას შანსი. მხოლოდ წლების შემდეგ, ციმბირის ერთ-ერთ ბანაკში ყოფნისას მივხვდი, რას გულისხმობდა სტალინი და დავრწმუნდი, რომ საბჭოთა კავშირის მმართველად მეორე ქართველს არავინ გააჭაჭანებდა.
დეკემბრის მეორე დეკადა მიიწურა და დიდი ბელადის 73-ე დაბადების დღე, 1952 წლის 21 დეკემბერი დადგა. სტალინმა დღეობა კუნცევოში გადაიხადა და სუფრაზე პოლიტბიუროს მხოლოდ რვა წევრი მიიწვია. ეს იყო სტალინის უკანასკნელი და ყველაზე უჩვეულო იუბილე, რომელსაც მე შევსწრებივარ. რვავე სტუმარი – მოლოტოვი, ბერია, მალენკოვი, ხრუშჩოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, ბულგანინი და მიქოიანი – თითქმის ერთდროულად მოვიდა. ჩვეულებისამებრ, სტალინი სტუმრებს სასადილოში, გაშლილ სუფრაზე ეპატიჟებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა და მან ისინი მცირე კინოდარბაზში მიიპატიჟა. სტუმრები გაოცდნენ, თუმცა არავის არაფერი უკითხავს. როდესაც სკამებზე განთავსდნენ და შუქი ჩაქრა, ფილმის დემონსტრირებაც დაიწყო. ეკრანზე ქართული ფილმი „გიორგი სააკაძე“ გადიოდა. სტალინი წინ იჯდა, ხოლო დანარჩენები – უკან. ჩვეულებისამებრ, ფილმის ყურებისას, სტალინი ხშირად ისროდა რეპლიკებს, მაგრამ ამჯერად ფილმის მსვლელობისას ხმა არ ამოუღია. სხვებიც გასუსულები ისხდნენ. ფილმი რომ დასრულდა, შუქი აინთო, სტალინი წამოდგა და ისე, რომ უკან არ მოუხედავს, ჩაილაპარაკა: „გმირობა უკვდავია, ხოლო უმადურობა – უსაზღვრო“ – და სასადილო ოთახისკენ გაემართა. მას სხვებიც მიჰყვნენ და, როდესაც ყველანი სუფრასთან განლაგდნენ, სტალინმა წითელი ღვინით სავსე ჭიქა ასწია და წარმოსთქვა:
– ჩვენს უკვდავ გმირებს გაუმარჯოს, ვინც ხალხისთის იღვწოდა, თუმცა, ბევრ მათგანს ეს ღვაწლი არ დაუფასდა.
სხვებმაც იგივე გაიმეორეს, თუმცა, გაკვირვებულები ჩანდნენ, რადგან დიდი ბელადი პირველი ჭიქით თამადას ნიშნავდა ხოლმე (თამადა ყოველთვის ბერია იყო) და მის სადღეგრძელოს წარმოთქვამდა; ამჯერად კი მას თამადა არ აურჩევია და წვეულებამ თამადის გარეშე ჩაიარა. ჩვეულებისამებრ, ასეთ სუფრებზე დიდი რაოდენობით ღვინო ისმებოდა და სტუმრებიც გვარიანად თვრებოდნენ ხოლმე, ამჯერად კი ასე არ მომხდარა, სუფრაც მალე დაიშალა და, სანამ სტუმრები წავიდოდნენ, დიდმა ბელადმა მოკლედ მოჭრა: „გმირები კვდებიან, მაგრამ მათი საქმეები რჩება და, თუ ახალი, ღირსეული გმირი არ გამოჩნდა, მაშინ ეს საქმეც მოკვდება!“
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3