კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-41(772)

 ანას ბუნდოვნად ესმოდა, რას ელაპარაკებოდა კაცი. საღამომ დაქანცა და ძალა გამოაცალა. მისი ფიქრები მაინც ლაშასთან და შვილთან იყო. ლაშაზე ფიქრი აღარ უნდოდა, მაგრამ თავიდან მაინც ვერ იშორებდა, რაც აღაგზნებდა და ამწარებდა.
– დაგღალეთ? – ვახომ სევდიანად გაიღიმა, – ქალებთან საუბარი არასდროს მეხერხებოდა. რაღაცნაირად, არ გამომდის... ვწუხვარ...
ანა გამოერკვა:
– არა, რატომ, კარგი საღამო იყო. უბრალოდ, სამსახურში ძალიან ვიღლები და მერე მოდუნება მიჭირს. ამიტომაც ვიკავებ ხოლმე თავს ასეთი შეხვედრებისგან და პირდაპირ სახლში ვამჯობინებ წასვლას.
– დიახ, მივხვდი, – ვახო უხერხულად შეიშმუშნა, – მაპატიეთ, უნდა ვაღიარო, რომ ეს საღამო ჩემი თხოვნით შედგა... ალბათ, ეს არ უნდა მეთქვა...
ანას გაეღიმა:
– ჰო, ზოგჯერ გულახდილობა საქმეს აფუჭებს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ჩემთან თამაში არ დაგჭირდება.
– მივხვდი, – კაცმა ხელზე გაუბედავად მოჰკიდა ხელი. ანა შეცბა:
 – არაფერი მითხრა, გთხოვ.
– კარგი, არაფერს გეტყვი. მხოლოდ გკითხავ... – ვახოს ყოყმანი დაეტყო, – შეიძლება, კიდევ გნახო?
ანას ისევ გაეღიმა და მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი. პრინციპში, შესაძლებელია. მგონი, სუშიზე დაპატიჟებასაც დამპირდი, შენი ხელით მომზადებული სუში საკმაოდ დამაინტრიგებელია.
კაცს თვალები გაუბრწყინდა:
– ესე იგი სუში გიყვარს.
– არ ვგიჟდები, მაგრამ, ზოგჯერ სიამოვნებით მივირთმევ.
– მე საკმაოდ კარგად ვამზადებ.
– ვნახოთ, ამას მერე შევაფასებ. თუმცა, ახლავე გაფრთხილებ: იაპონური სამზარეულოს ექსპერტად არ გამოვდგები.
– ექსპერტობა აუცილებელი არ არის. თუ მოგეწონება, ესეც საკმარისი იქნება ჩემთვის. მოკლედ, შევთანხმდით – ორ დღეში დაგირეკავ.
– შეიძლება, ორ დღეში ვერ შევძლო... პარასკევს შაბათი მოჰყვება და ამიტომაც ამ დღეს შედარებით თავისუფალი ვარ.
– ანუ, მომდევნო პარასკევამდე არ გამოვა ჩვენი სუში-ფართი?
– მართლა არ ვიცი, ძალიან ბევრი საქმეა კლინიკაში, საღამოს კი მინდა, ბავშვთან ერთი საათი მაინც გავატარო, ისედაც ცოტა დროს ვატარებ მასთან.
– გავიგე, – ვახომ ანას ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა.
ქალი შეკრთა და ნაჩქარევად დაემშვიდობა:
– ნახვამდის. სასიამოვნო იყო...
– ჩემთვისაც... ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო... მე მაინც დაგირეკავ...
– კარგი, დამირეკე, – დაეთანხმა ანა და სადარბაზოში გაუჩინარდა. ვახო ერთხანს კიდევ იდგა და უყურებდა მიმავალს.
***
სოფომ მაგნიტოფონი ჩართო და სიმღერას ხმადაბალი ღიღინით ააყოლა ხმა. ნიკამ რამდენჯერმე გახედა ცოლს:  
– გეტყობა, კარგ გუნებაზე ხარ. საერთოდ, იშვიათად ღიღინებ, მით უმეტეს, როცა გვერდით მიზიხარ... მაგნიტოფონს ხომ, საერთოდ არ მართვევინებ.
– იმიტომ არ გართვევინებ, რომ შენ ზომიერების გრძნობა არ გაქვს, მე კი ვერ ვიტან, როცა კი არ მღერიან, ღრიალებენ. როცა მანქანაში მარტო ვარ, ყოველთვის ვრთავ მუსიკას და ყოველთვის ვღიღინებ.
– გასაგებია, – ამოიოხრა ნიკამ.
– რა არის გასაგები? – დამცინავი ღიმილით ჰკითხა სოფომ.
– კარგი რა, სურვილი არ მაქვს, გეკამათო. მშვენიერი საღამო იყო და, მინდა, რომ შევირგოთ.
– მაშინ, რატომ ოხრავ?
– იმიტომ, რომ, მგონი, კარგად არ ვიქცევით.
– მოიცა, ვერ მივხვდი, ჩემმა ღიღინმა გაგაღიზიანა?
– ეგ რა შუაშია. ანასა და ვახოს ვგულისხმობ. იცი, რაშია საქმე? მე ხომ ლაშასთანაც ვმეგობრობ და, მაგრად ტეხავს, მისი შვილის დედას რომ ვმაჭანკლობ... კაცურ პონტში არ მოსულა, ხვდები?
სოფო აიფოფრა:
– ძალიან უცნაური წარმოდგენა გაქვს მეგობრობაზეც და მაჭანკლობაზეც. სისულელეა, რასაც ამბობ, დიდი სისულელე.
– ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ გამიგებდი, – ისევ ამოიოხრა ნიკამ, – ქალებს ასეთი რაღაცეები არ გესმით.
– თქვენ გესმით? ლაშას რომ იცავ თავგამოდებით, თვითონ როგორ იქცევა? ადარდებს, ვინმესთან იქნება თავისი შვილის დედა თუ მარტო?
– მერე მე რა შუაში ვარ მაგ ყველაფერთან?
– ჰო, რა შუაში ხარ-მეთქი, მეც სწორედ მაგას გეუბნები.
– სოფო, გიხსნი: ლაშამ რომ გაიგოს, ვახო ანას მე გავაცანი და, კიდევ უარესი – შევახვედრე, ძალიან გაბრაზდება და მართალიც იქნება.
– მერე, არ გაიგოს, რა პრობლემაა, – მხრები აიჩეჩა სოფომ.
– ვაიმე, გადამრევ მე შენ! აშკარად არ გინდა, ცოტა ტვინი გაანძრიო და მიხვდე, რაზე გელაპარაკები.
– მივხვდი, მაგრამ გამოსავალი გიპოვე – არ ეტყვი ლაშას არაფერს და, საერთოდ, მაგას არავინ ეკითხება, ანა ვის შეხვდება.
– არც მე მეკითხება, გესმის, ადამიანო?!
– არა, არ მესმის. ლაშა იდიოტია და, საერთოდ, რაზე ვდავობთ, იმაზე, რომ ანას პირადი ცხოვრების უფლება არა აქვს?
ნიკამ წამით ხელი უშვა საჭეს და აყვირდა:
– სოფო, ნუ გამაგიჟებ!
– საჭეს ხელი მოჰკიდე და ნუ გიჟდები, – გამწარდა სოფო, – ვერ ვხვდები, რატომ იცავ ლაშას და რატომ ხარ მის მხარეზე!
– ჩემი თავის მხარეზე ვარ მე, გაიგე, ბოლოს და ბოლოს! შენ რა იცი, რა გეგმები აქვს იმ კაცს, იქნებ უნდა ეს ქალი და ურიგდება? საერთო შვილი ჰყავთ, ბოლოს და ბოლოს!
– ჰმ, საერთო შვილი! კარგია, რომ შვილზე დაიწყე ლაპარაკი. იცი, მაგ საზიზღარმა ლაშამ რა გააკეთა? საკუთარი შვილის დაბადების დღეზე არ მოვიდა და ანას უთხრა, ნაშას ვხვდები და არ მცალიაო... გეკითხები, გამართლება აქვს მაგის საქციელს? დიახ, ანა ბედნიერებას იმსახურებს... დიახ, ვახოსთან თუ მოახერხებს ურთიერთობის აწყობას, მე მხოლოდ ხელს შევუწყობ.
– კი ბატონო, არ გიშლი, მაგრამ, მე ნუღარ გამრევ ამაში, – ნიკამ სიჩქარეს მოუმატა.
– არც ვაპირებ, როგორმე უშენოდაც შეხვდებიან ერთმანეთს.
– ძალიან კარგი... თუმცა, ლაშასთან მაინც ცუდად გამოვიდა, – თავისას არ იშლიდა ნიკა.
– ლაშა აღარ მიხსენო, თორემ, ვიჩხუბებთ, – გააფრთხილა სოფომ. ნიკამ პასუხად ამოიოხრა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
***
ირინკამ ზანტად გაახილა თვალები და გვერდით მწოლ მამაკაცს გახედა. ლაშას ეძინა. ფანჯრებზე დაშვებული ჟალუზებიდან ცნობისმოყვარედ იჭყიტებოდა მზის სხივი. სოფომ მხარზე მოჰკიდა ხელი ლაშას და შეანჯღრია.
– გათენდა... გესმის? ცხრა საათია უკვე.
ლაშამ თვალები მოისრისა და წამოჯდა:
– აუჰ, აქ გავატარეთ ღამე? ჩაგვძინებია.
– რა თქმა უნდა, დავიძინეთ, ისეთი გიჟური ღამის შემდეგ, როგორიც ჩვენ გვქონდა, ეს ბუნებრივიც იყო.
ლაშამ თავი გააქნია:
– ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
– რა პრინციპებს? – გაოცებით ჰკითხა ირინკამ და მხარზე მიეხუტა.
– არაფერი. არ არის საინტერესო. რაც მოხდა, ვეღარაფერს ვუშველით. ჩაიცვი, უნდა წავიდეთ.
ირინკამ წყენით გაბუშტა ტუჩები:
– არც კი ვისაუზმებთ? ნომერში შევუკვეთოთ ყავა და კრუასანები, მშიერი ხომ არ წავალ სამსახურში.
– კარგი, შენ შეუკვეთე. დარჩი და ისაუზმე. დარეკე, უთხარი, რაც გინდა და ნომერს მიაწერონ. როცა ჩავალ, გადავიხდი.
– ასე ძალიან გეჩქარება?
– რა მოხდა? – დაიძაბა ლაშა.
– არაფერი. ვერ ვიტან მარტო ჭამას, მადა მეკარგება.
ლაშას გაეცინა:
– მოგიწევს, მადა გაიაქტიურო, იმიტომ, რომ ვერ დავრჩები.
– კარგი, – მხრები აიჩეჩა ირინკამ, – თუმცა, საუზმის გარდა, სხვა რაღაცის იმედიც მქონდა, – მაცდურად მოწკურა თვალები და თითები მკერდზე შეუცურა.
– არა, უნდა წავიდე, – გადაჭრით თქვა ლაშამ და  საწოლთან მიგდებულ შარვალს გადასწვდა.
– არ მინდა, თავი მოგაბეზრო და ამიტომ გიშვებ.
– ჭკვიანი გოგო ხარ, – ლაშა დაიხარა და შუბლზე აკოცა, – დაგირეკავ.
– დაგელოდები, – მორჩილად გაუღიმა ირინკამ, – მეც ჩავიცვამ და წავალ.
– რატომ? იყავი... გინდა, მე დავრეკო და შევუკვეთო?
– იყოს, სამსახურში ვისაუზმებ გოგოებთან ერთად. მე შენთან ერთად მინდოდა ყავის დალევა.
– მართლა? საყვარელი ხარ. გპირდები, ერთად აუცილებლად ვისაუზმებთ – ამის დროც მოვა...
***
სოფომ კაფეტერიის კარი შეაღო და იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა. ანა განაპირა მაგიდასთან იჯდა, წინ ნამცხვრის პატარა ნაჭერი და ყავით სავსე ფინჯანი ედგა. სოფომ გაიღიმა და მისკენ გაემართა.
– შენმა მდივანმა მითხრა, კაფეტერიაში ჩავიდა სასაუზმოდო... სიმართლე გითხრა, გამიკვირდა.
– ჰო, დილით ცოტა გვიან ავდექი და ჭამა ვერ მოვასწარი. თანაც, ამ დროს აქ სიხალვათე და სიმშვიდეა. შეიძლება, ყავა დალიო და იფიქრო კიდეც. ხელს არავინ შეგიშლის.
– ესე იგი, ვახოზე ფიქრობ! – წამოიძახა სოფომ.
ანამ ტუჩებზე მიიდო ხელი და მიმოიხედა:
– ჩუმად, არ არის საჭირო, ყველამ გაიგოს.
– მით უმეტეს, ლაშამ, არა? – სოფომ სკამი გამოწია და ანას გვერდით მიუჯდა.
– სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მადარდებს, ლაშა გაიგებს თუ არა. ჯერ ერთი, არაფერი ხდება და, რომც ხდებოდეს, მაგას არავინ ეკითხება.
– ძალიან კარგია, რომ ასე ფიქრობ. მეც ზუსტად მაგას ვეუბნებოდი ნიკას.
ანამ განცვიფრებით შეხედა:
– ნიკას რას ეუბნებოდი?
სოფო შეცბა, მაგრამ მაინც უპასუხა:
– გუშინ, სახლში რომ მივდიოდით, ნიკამ თქვა, მიტყდება, ჩვენ რომ შევახვედრეთ ანა ვახოსო... ლაშასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და კაცურ პონტში არ მოსულაო.
– ჰო?! შეგიძლია, დაამშვიდო. ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ მისი მეგობრის ღირსება შევბღალო, – ირონიულად შენიშნა ანამ, – საოცარი ლოგიკა აქვთ კაცებს, მხოლოდ თავიანთ ფსევდოღირსებაზე ფიქრობენ და სასაცილოები არიან.
– ვახო სულ არ მოგეწონა? – თემა შეცვალა სოფომ.
– მომეწონა. ეტყობა, რომ კარგი ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
– რატომ, ხომ ამბობ, მომეწონაო?
– არ შემიძლია, სოფო. საკუთარ თავთან ბრძოლას თუ დავიწყებ და წავაგებ... ჩემი შვილის ბედი დევს სასწორზე და მეტი პასუხისმგებლობა მმართებს.
– შენ გაქვს უფლება, გქონდეს პირადი ცხოვრება და ისეთი მამაკაცი გყავდეს გვერდით, რომელიც თქვენზე, ორივეზე იზრუნებს.
ანამ გაიღიმა:
– ვიცი, სოფო, რომ გაგიხარდება ჩემი ბედნიერება, მაგრამ საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ვახო სასიამოვნო კაცია, სულ ეს არის. შორსმიმავალ გეგმებს ასე ერთი შეხვედრით ვერ დავაწყობ.
– ერთი შეხვედრით რატომ? კიდევ შეხვდი. დაგირეკავს. აშკარად ძალიან მოეწონე. სერიოზული ადამიანია. არც ქარაფშუტაა და არც მექალთანე.
– ჰო, სუში უნდა გამასინჯოს.
– მართლა? – აცქმუტდა სოფო, – ეგ კარგია, უკვე მომწონს.
– რა საყვარელი ხარ... ჯერ თანხმობა არ მითქვამს.
– მაგრამ, უარიც არ გითქვამს, ხომ ასეა? – მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი სოფომ.
– შენ არ იცი... ლაშამ ისე გამიცრუა იმედი და ისე მატკინა გული, მეეჭვება, კაცთან ნორმალური ურთიერთობა გამომივიდეს. მათი ნდობა აღარ მაქვს.
– ლაშას მიმართ ნდობა როგორღა უნდა გქონდეს?
– მარტო ლაშას მიმართ კი არა, საერთოდ აღარავის მიმართ აღარ მაქვს  ნდობა...
კაფეტერიის კარი გაიღო და ირინკა შემოფარფატდა, გოგოები დაინახა და მათკენ გაეშურა.
– აქ ხართ? კარგია. ვიფიქრე, ყავას დავლევ-მეთქი... ცოტას წავიჭორავებ თქვენთან. ქალბატონო ანა, ხომ მაპატიებთ ამ ფამილარულ ტონს? კაფეტერია ნეიტრალური ტერიტორიაა და, შეგვიძლია, იერარქიას ყურადღება არ მივაქციოთ.
ანამ ნაძალადევად გაუღიმა და ანიშნა, დაჯექიო. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ არ მოსწონდა ეს გოგო. ირინკამ ყავა და ნამცხვარი მოარბენინა...
– რაღაც, ადრე მოგივიდა მოსვლა. მშვიდობა გაქვს? – გაუღიმა სოფომ.
– ადრე ავდექი, ასე გამოვიდა. დილის გეგმები კი ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ჩამეშალა, – მხრები აიჩეჩა ირინკამ, – მაგრამ, არა უშავს. ჯობია, ბრძოლებში შეთანხმებას მიაღწიო, რომ მთავარი ომი მოიგო.
– დარწმუნებული ვარ, კაცს გულისხმობ.
– ჰო, აბა, ვის... ალყა ისე უნდა შემოარტყა, რომ სიამოვნება ორივემ მიიღოთ, სხვანაირად აზრი არა აქვს.
ანამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა სოფოს და მიახვედრა – აცადე, არ შეაწყვეტინო, ილაპარაკოსო.
ირინკამ ყავა მოსვა და გაიცინა:
– კაცები მაინც ძალიან სულელები არიან. მთავარია, მათთვის დაგებული მახე ისე შენიღბო, რომ შენთვის გამიზნული ეგონოთ. ეგრევე ორივე ფეხით გაებმებიან შიგ.
– ირინკა, არ გინდა, ამ ყველაფერზე წიგნი დაწერო? – მოულოდნელად ჰკითხა ანამ, – დარწმუნებული ვარ, დიდი ტირაჟით გაიყიდება და პოპულარულიც გახდები.
ირინკამ ეჭვით შეხედა უფროსს:
– ამას სერიოზულად მეუბნებით?
– რა თქმა უნდა. ისეთი ნიჭი გაქვს, ტყუილუბრალოდ არ უნდა გაფლანგო. თან, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ რამე.
– მერე, კაცებმაც რომ წაიკითხონ და იმათაც ჭკუა ისწავლონ?! ეგ არ მინდა.
სოფომ და ანამ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3