კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს გაჩენაში ღმერთს ხელი არ ურევია
შეიძლება ვცოდავ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება, რომ ჩემს გაჩენაში ღმერთს ხელი ურევია. ჯერ იყო და, ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გაჩენისთანავე გამყიდა. მერე, იმ ცოლ-ქმარმა, რომლებიც თურმე ოცნებობდნენ, შვილი ჰყოლოდათ და ჩემში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს, რამდენიმე თვის შემდეგ, სამშობიარო ტრავმა რომ აღმომიჩინეს (თეძოებიდან ვყოფილვარ ამოვარდნილი) უპატრონო ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. შემდეგ ახალი „მშობლები“ გამომიჩნდნენ, ოღონდ, უცხოელები, სამშობიაროს მთავარ ექიმს საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს და საქართველოდან წამიყვანეს (ცხადია, ყველაფერი უკანონოდ მოხდა). მერე ეს ამბავი გასკდა, იმ ჩემს ახალ მშობლებს მიაგნეს, ჩემი თავი წაართვეს (ის აღარ ვიცი, ფული დაუბრუნეს თუ არა) და ისევ საქართველოში ჩამომიყვანეს, იმ მოტივით, რომ მათ შვილი კი არა, პატარა, ჯანმრთელი ბავშვის ორგანოების გაყიდვა ჰქონდათ მიზნად. არ ვიცი, მართალი იყო ეს თუ ტყუილი, მაგრამ სასამართლო პროცესები დიდხანს გრძელდებოდა და ქართულ მხარეს თავიანთი მოსაზრების თუ ბრალდების ერთ-ერთ არგუმენტად წამოუყენებია – შვილად თუ უნდოდათ, რაღა თეძოებიდან ამოვარდნილ, ინვალიდ ბავშვში გადაიხდიდნენ ამხელა ფულსო. ის ცოლ-ქმარი ამტკიცებდა, რომ ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას აპირებდნენ. მაგრამ, მოგეხსენებათ, მაშინდელი (საბჭოთა კავშირის დროინდელი) ჰუმანური, თუმცა რკინისებური ლოგიკა: დამპალი კაპიტალისტების არაფერი გვინდა, ჩვენს ბავშვებს თვითონაც მშვენივრად ვუმკურნალებთო და ისევ ბავშვთა სახლში მიმაგდეს, სადაც მკურნალობა კი არა, საკმარისი საჭმელი და სუფთა სახვევებიც (მაშინ პამპერსები არ იყო) კი არ მქონდა. მერე თბილისში ვიღაც უცხოელი ქირურგი ჩამოვიდა საჩვენებელი უფასო ოპერაციების ჩასატარებლად და, რადგან ზუსტად არ იცოდნენ, რა რანგის პროფესიონალი იყო ის ქირურგი, საცდელი ბაჭიის ვარიანტში,  საოპერაციო მაგიდაზე დამაწვინეს, თან მთელ დედამიწას მოსდეს, როგორ ზრუნავდნენ უპატრონო და ინვალიდ ბავშვებზე.
მოხდა სასწაული (ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში) და ოპერაციამ იმ დონეზე კარგად ჩაიარა, რომ ორიოდე თვეში გავიარე. მერე კიდევ ერთხელ გამყიდეს და ძალიან კარგი ადამიანების ხელში აღმოვჩნდი – როგორც იქნა, ვიგრძენი თავი ბედნიერ და სრულყოფილ პიროვნებად, მაგრამ ორ წელიწადში ჩემი გამზრდელები ავარიაში დაიღუპნენ, მათმა ნათესავებმა კი ისევ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, რათა მათი ბინისა და ქონების შემცილებელი არ ჰყოლოდათ. 15 წლის რომ ვიყავი, ერთი ჩვენი მასწავლებლის ბიჭს შევუყვარდი, მაგრამ მთელი პერსონალი ჩაერია და იმ ბიჭს ჩემი თავი შეაძულეს, მე კი თავის მოკვლა ვცადე, რადგან მეც მიყვარდა და მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. მაგრამ, გადამარჩინეს და ამის შემდეგ საკუთარ თავში ისე ჩავიკეტე, არავის აღარ ვეკონტაქტებოდი. სკოლა რომ დავამთავრე, ბავშვთა სახლიდან გამიშვეს. რა თქმა უნდა, არსად არ ჩამიბარებია – მოუმზადებლად სად მოვეწყობოდი. სამსახურზე და საერთო საცხოვრებელზე ისევ ბავშვთა სახლმა იზრუნა და დავიწყე ჩვეულებრივი, მოსაწყენი ცხოვრება. მერე ერთ თანამშრომელს მოვეწონე და კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, თავისი მშობლებიც კი გამაცნო, მაგრამ, როგორც კი გაიგო, რომ ბავშვთა სახლიდან ვიყავი, მაშინვე მიმატოვა. უკვე ხუთი თვის ორსული ვიყავი და ამიტომ აბორტი ვეღარ გავიკეთე. ორსულობის გამო საერთო საცხოვრებლიდან გამომაგდეს და, მთლად მარტო, უფულო და უპატრონო ქუჩაში აღმოვჩნდი, თან სამსახურის დაკარგვის საშიშროებაც მელოდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ძალიან ბევრი ტანჯვა და დამცირება გამოვიარე და თავადაც შეუბრალებელი გავხდი, მაგრამ ამან შვება ვერ მომაყენა. რაღაცნაირად მოვახერხე ერთი პატარა ოთახის დაქირავება და არანაირ შავ სამუშაოს არ ვთაკილობდი, რომ შვილი მერჩინა, მაგრამ ბავშვი მაინც წამართვეს და ბავშვთა სახლში ჩააბარეს, მე კი დარდისგან სმა დავიწყე. მერე ერთ ღვთისნიერ ქალს შევეცოდე, რაღაცით დამასაქმა და ერთი პატარა ნახევრად სარდაფი ოთახი ჰქონდა დაკეტილი და იქ შემიშვა ქირის გარეშე. ხანდახან ფულის გარდა ტანსაცმელ-ფეხსაცმელსაც მაძლევს და საჭმელსაც და ასე გამაქვს თავი, შვილის დაბრუნება კი ვერ შევძელი. ახლა ის უკვე დიდი გოგო იქნება და ნახვასაც არ ვცდილობ –  არ მინდა, ჩემ გამო თავმოყვარეობა შეელახოს. ამ წერილსაც იმ ღვთისნიერი ქალის დახმარებით გიგზავნით. მინდა, პატიება ვთხოვო შვილს, რომელიც არც კი მიცნობს, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, რომ ჩვენი დაშორება ჩემი ბრალი არ არის.
მაგდა, 47 წლის.

скачать dle 11.3