კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-41(772)

 პირველი პოპოვი გამოერკვა და ვასოს ჰკითხა:
– საიდან, კაპიტანო, როგორ მიაგენი?
– ვასილ ანდრეევიჩ, ასეთი გამოთქმაა: ვინც ეძებს, ის პოულობსო. ჰოდა, ვეძებდი და ვიპოვე, – თქვა ვასომ, – მართალია, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად შემთხვევით, მაგრამ, შემთხვევითობაც გარკვეული კანონზომიერებაა და ამან თავისი როლი შეასრულა. აი, მიიღეთ, ყველაფერი თავის ადგილზეა, არც ფულს აკლია კაპიკიც კი და არც საგანძურს.
– კიდევ დიდხანს უნდა გვტანჯო, ძვირფასო ვასო? თქვი, რა მოხდა და როგორ მიაგენი ფულსა და განძს, – უთხრა პოპოვმა ჩხიკვაძეს.
ვასომ განძის მაძიებლებს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა რაბინ ვაისმანის ამბის გარდა და ბოლოს თქვა:
– აი, ასეთი საჩუქარი მოგვიძღვნა ფორტუნამ.
– სადაა ახლა ის გნიდა? – იკითხა ფიგარომ, რომელსაც მშიერი მგელივით უელავდა თვალები.
– ის რაღაში გვჭირდება? – გაურკვევლად მიუგო ვასომ.
– თავიდან მოიშორე? – ჰკითხა ფიგარომ.
– ეგ როგორ? – კითხვა შეუბრუნა ვასომ.
– დაბრიდე?
– არა, რა დავბრიდე, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა, – მაგას თავისიც ეყოფა.
– შენი ხმა არ გავიგო, – შეუღრინა პოპოვმა ფიგაროს და კაპიტანს მიუბრუნდა:
– მოსაკლავი კი არის ის დამპალი, მაგრამ, რადგან ასე დასრულდა ყველაფერი, არ ღირს ცოდვის დადება. სადაა?
– ვასილ ანდრეევიჩ, ამით კარგი ამბები არ დასრულებულა, – უთხრა ვასომ პოპოვს და გაიღიმა.
– მართლა?
– დიახ, მართლა.
– თქვი, რაღას უცდი?
ვასომ რაბინ ვაისმანის საგანძურის ამბავი მოუყვა განძის მაძიებლებს, რომლებიც მას პირდაღებულები უსმენდნენ და ბოლოს დააყოლა:
– სიმართლე რომ გითხრათ, მე მაინცდამაინც არ მჯერა ამ ისტორიის, თუმცა, ზალკინს აუჩემებია, სიმართლეაო.
– სიმართლე იქნება, სიმართლე. კარლიკისა და ნუცას მამის განძი ხომ მართლა მოვიპოვეთ და, არც ეს იქნება ტყუილი, – უკიდურესად აზარტულად მიაყარა ფიგარომ, თან ინტენსიურად იქნევდა ხელებს.
– მე შენ რა გითხარი? – კვლავ შეუღრინა ფიგაროს პოპოვმა და ვასოს ჰკითხა: – რატომ ფიქრობ, რომ ეგ ამბავი ტყუილია?
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა, – მოსკოველ რაბინს თბილისში რატომ უნდა დაემალა საგანძური? თან, მესამე განძი უკვე მეტისმეტია.
– ფორტუნა გვწყალობს, ფორ-ტუ-ნა! – დამარცვლით თქვა აღგზნებულმა ფიგარომ, რომელსაც ისე მოსწოლოდა სახეზე სისხლი, რომ მისი შემხედვარე ადამიანი იფიქრებდა, – ძარღვები გაუსკდება და სისხლი გამოასხამსო.
აღგზნებული ფიგაროს დანახვაზე პოპოვმა სიცილი ვეღარ შეიკავა და უთხრა:
– დამშვიდდი, ფიგარო, ტვინში სისხლი არ ჩაგექცეს. ყველაფერი რიგზეა. ნუ ნერვიულობ, მშვიდად იჯექი და დამაცადე.
– ბოდიში, ვასილ ანდრეევიჩ, ძალიან ავღელდი. გული მიგრძნობს, რომ ეს ამბავი სიმართლეა.
აქამდე ჩუმად მყოფმა სედოიმ ფიგაროს ხელით ანიშნა, გაჩერდიო, შემდეგ კი კაპიტანს ჰკითხა:
– სადაა ზალკინი.
– შორიახლოს, – მიუგო კაპიტანმა, – აქ იმიტომ არ მოვიყვანე, რომ, შემეშინდა, არ მოგეკლათ.
– შეგიძლია, მოიყვანო? – მშვიდად თქვა სედოიმ.
– თუ ამას ცუდი არაფერი მოჰყვება, კი.
– სიტყვას ვიძლევი, რომ არა, – მიუგო სედოიმ, შემდეგ დანარჩენებს გადახედა და იკითხა: – რას იტყვით, ვაპატიოთ ზალკინს?
– ვაპატიოთ, – თქვა ყველამ, გენერლის გარდა. პოპოვმა კი პაუზის შემდეგ დაამატა:
– დიდი დამპალი ვინმეა და ბოლომდე მისი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ, მეც თანახმა ვარ.
– ესე იგი, მოვიყვანო? – იკითხა კაპიტანმა.
– მოიყვანე, – ერთხმად მიუგეს განძის მაძიებლებმა.
– კარგი, ახლავე შემოვიყვან, – თქვა ვასომ,  – აქვე მყავს დამალული ბუნკერში და დავუძახებ.
– შენ აქ იყავი, მე შემოვიყვან, – თქვა პოპოვმა, ცალ ყავარჯენს დაეყრდნო და ოთახიდან გავიდა. სამიოდე წუთის შემდეგ კი პოპოვმა იური ზალკინი შემოიყვანა სასტუმრო ოთახში და თქვა:
– აი, მოგიყვანეთ, – შემდეგ თავჩაღუნულ ქირურგს უთხრა: – ზალკინ, არაფერს გვეტყვი?
გაფითრებულმა ქირურგმა თავის აუწევლად ამოილუღლუღა:
– მაპატიეთ. სიხარბემ მძლია და დამპლურად მოვიქეცი. ჩემი ბედი ახლა თქვენს ხელშია და ყველაფრისთვის მზად ვარ – გინდათ, მომკალით, გინდათ აქედან გამაგდეთ. რომც გამაგდოთ და დამიჭირონ, თქვენ მაინც არ ჩაგიშვებთ.
ფიგაროს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სედოის კუშტმა მზერამ გადააფიქრებინა და ხმა აღარ ამოუღია. სედოიმ კი მწველი მზერა ესროლა ქირურგს და უთხრა:
– თქვენ რაც ჩაიდინეთ, ჩვენთან ასეთ რამეს არ პატიობენ. მაგრამ, ისეთი ვითარება აეწყო, რომ ჩვენ ეს შევძელით. ბავშვი არ ხართ, რომ მორალი წაგიკითხოთ და არც ვაპირებ. მეც არა ერთხელ ჩამიდენია დანაშაული და მორალისტად არ გამოვდგები, თუმცა, თამაშის მთავარ წესებს ყოველთვის ვიცავდი. ამიტომ, ახლავე შევთანხმდეთ, რომ, თუკი ჩვენთან დარჩებით, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. რას იტყვით, თანახმა ხართ?
ზალკინმა გაუბედავად ასწია თავი და განძის მაძიებლებს მოავლო მზერა, შემდეგ ამოიხვნეშა და სიგარეტი გააბოლა. რომ დამშვიდდა, მტკიცედ თქვა:
– კიდევ ერთხელ ვითხოვ პატიებას. მადლობელი ვარ, რომ მენდეთ. პირობას ვდებ, აღარასოდეს ჩავიდენ მსგავს საქციელს და, თუკი საჭირო გახდება, თითოეული თქვენგანისთვის თავს დავდებ.
– ძალიან კარგი, – თქვა გენერალმა, – ახლა ვისადილოთ, შემდეგ კი საქმეზე ვილაპარაკოთ.
ნასადილევს განძის მაძიებლები სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ, სავარძლებში მოკალათდნენ და პოპოვმა თქვა:
– მეგობრებო, ფორტუნა უნდა დავაფასოთ. ის ამ ბოლო დროს არნახულ საჩუქრებს გვიგზავნის და არ გავანაწყენოთ, რომ ზურგი არ შეგვაქციოს. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს პატიოსნად მოვექცეთ, ერთმანეთის მოტყუება, გაცურება არ განვიზრახოთ და ყველაფერი კარგად იქნება, – გენერალმა პაუზა გააკეთა, განძის მაძიებლებს თვალი მოავლო და დაამატა: – ეს შესავალი იყო. ახლა საქმეზე გადავიდეთ და გადავწყვიტოთ, ვის გავგზავნით თბილისში რაბინ ვაისმანის განძის მოსაძებნად და ჩამოსატანად.
– შენ რას ფიქრობ, ვასკა, ვინ უნდა გაემგზავროს თბილისში? – ჰკითხა გენერალს სედოიმ.
– ჩემი აზრით, ეს ვასომ უნდა გააკეთოს და, შეიძლება, ნუცაც გავაყოლოთ, რომ, თუ საჭირო გახდა, დაეხმაროს, – მიუგო ქურდს გენერალმა.
– კი, სწორი აზრია, – დაეთანხმა სედოი და დანარჩენებს მიუბრუნდა: – რას იტყვით, ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს?
სედოის ყველა ერთხმად დაეთანხმა, კაპიტანს კი გაეღიმა და სედოის უთხრა:
– მე მაქვს განსხვავებული აზრი.
– აბა, გისმენ, – თქვა სედოიმ.
– ნუცასთან ერთად დიმკაც უნდა გამომაყოლოთ, – თქვა კაპიტანმა. სედოიმ კი მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– კი მაგრამ, ის ხომ ინტენსიურ ძებნაშია?    
– მერე რა, – გაეცინა ვასო ჩხიკვაძეს, – მას ხომ მე და ჩემი მეგობრები ვეძებთ, ის კი ჩემთან ერთად იმოძრავებს, ჩემი მფარველობის ქვეშ იქნება. თანაც, მას მშვენიერი გრიმ-პარიკი აქვს. ერთი სიტყვით, დიმკასნაირი გამოცდილი და საზრიანი კაცი მჭირდება, რომელიც, ამავდროულად, კარგად იცნობს ქალაქს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნუცასა და დიმკას წყვილი მჭირდება. უფრო სწორად კი, საქმეს სჭირდება და უნდა წავიყვანო.
– თუ ასე გჭირდება, წაიყვანე, – უთხრა კაპიტანს სედოიმ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ვასოს დიმკა მხოლოდ იმიტომ მიჰყავდა თბილისში, რომ ბიჭი ნუცას არ დაშორებოდა.
კაპიტანს არა მარტო წყვილის დაშორება არ უნდოდა, არამედ ნუცასთან ერთად მარტო მგზავრობაც ეუხერხულებოდა დიმკას წინაშე. თანაც, მართლაც აპირებდა ქალ-ვაჟის აქტიურად გამოყენებას განძის მოსაძებნად. მან წინასწარ არ იცოდა, რა დაბრკოლებები შეხვდებოდა  ამ საქმეში და, დარწმუნებული იყო, რომ წყვილი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა. ვასოს გაეღიმა და ნუცასა და დიმკას ჰკითხა:
– რას იტყვით, წამოხვალთ თბილისში?
წყვილი ერთხმად დაეთანხმა ვასო ჩხიკვაძეს, კაპიტანმა კი თქვა:
– ხვალვე უნდა გავემგზავროთ, თორემ, ისედაც ბევრი გავაცდინე და ჩემი უფროსი სულ გადაირევა. სამი დღე გზაში უნდა ვიყოთ და სამსახურში რომ გამოვცხადდები, შეიძლება, კედელთან მიმაყენოს და დამხვრიტოს, – ვასოს გაეცინა. სიგარეტი გააბოლა და პოპოვს უთხრა:
– ვასილ ანდრეევიჩ, ბასოვს ალბათ უნდა ვუთხრა, რომ ძვირფასეულობის გატანის თარიღი გადაიწევს, ხომ?
– თარიღი და რაოდენობა. ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით, თბილისში რას აღმოვაჩენთ? – თქვა პოპოვმა და ვასოს ჰკითხა: – შენ რა, მოსკოვში უნდა გაემგზავრო ბასოვის სანახავად?
– არა, ტელეფონით ვეტყვი. პაროლი წინასწარ შევათანხმეთ განსაკუთრებული შემთხვევისთვის და მიხვდება.
– ძალიან კარგი. მაშინ, დღესვე დაურეკე.
– დავურეკავ, მაგრამ თქვენგან არა.
– რატომ? – გაუკვირდა გენერალს, – ხომ მაინც შეთანხმებული პაროლით უნდა ელაპარაკო?
– ჰო, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. დიპლომატია, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და, გამორიცხულია, რომ არ უსმენდნენ. რა საჭიროა თქვენი გაშიფვრა? მშვიდად დავურეკავ ფოსტიდან და მოვიკითხავ – ამაში არაფერია საეჭვო; კომპეტენტურ ორგანოებს უკვე ეცოდინებათ, რომ მისი მეგობრის დის ქმარი ვარ და არ გაუკვირდებათ, რომ ვურეკავ.
– მასე იყოს. შენ უკეთ იცი, ფოსტიდან დაურეკე, – უთხრა გენერალმა და დაამატა: – ჩემი მანქანით წადი.
– ვასილ ანდრეევიჩ, თუ დაღლილი არ ხართ, იქნებ თქვენც წამოხვიდეთ და მატარებლის ბილეთებიც ავიღოთ ხვალისთვის, – უთხრა ვასომ პოპოვს.
– მართალი ხარ, წამოვალ, – თქვა პოპოვმა და ჯერ საგარეოდ გამოეწყო, შემდეგ საბუთები აიღო, ბოლოს კი ყავარჯნებს დაეყრდნო და ვასოსთან ერთად ლიფტით დაეშვა ქვევით.
კაპიტანმა „ვოლგა“ რომ დაძრა ადგილიდან, მის გვერდით მოკალათებულმა პოპოვმა უთხრა:
– გულახდილად თქვი, იმიტომ აიჩემე დიმკას თბილისში წაყვანა, რომ ნუცასთან ერთად მარტო მგზავრობა გეუხერხულება დიმკას წინაშე?
– ეს ერთ-ერთი მიზეზია, – მიუგო ვასომ, – გარდა ამისა, ბიჭმა კარგად იცის თბილისი და, რა იცით, რა წინააღმდეგობა შეგვხვდება ვაისმანის განძის ძებნაში?
– და შენ, მილიციის კაპიტანი, ვერ დაძლევდი ამ წინააღმდეგობას დიმკას გარეშე?
– სამნი უფრო იოლად დავძლევთ.
– ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ, ვასო. სადაც სიმდიდრეა, იქ ხიფათიცაა.
– ხოლო, სადაც დიდი სიმდიდრეა, იქ დიდი ხიფათია, – დაამატა კაპიტანმა.
– სწორედ ასეა და ამიტომ გაფრთხილებ, – თქვა პოპოვმა.
– მეც უნდა გაგაფრთხილოთ.
– რასთან დაკავშირებით? – ჰკითხა გენერალმა ვასოს.
– ზალკინთან დაკავშირებით, – მიუგო კაპიტანმა, – მართალია, მოინანია თავისი საქციელი და ბოდიშებიც იხადა, მაგრამ მისი ნდობა წამითაც არ შეიძლება. ერთხელ რომ იკადრა, ისევ იკადრებს, თუ, რა თქმა უნდა, საშუალება მიეცა. მით უმეტეს, რომ ახლა თქვენი სახლი ფულითა და ძვირფასეულობითაა სავსე.
– დარდი ნუ გაქვს, კაპიტანო, ზალკინს არავინ გაატანს განძს, – გაეცინა პოპოვს, – თან, არა მგონია, ქირურგს ახლა ამისი სურვილი ჰქონდეს.
– ენდობით ქირურგს?
– არა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამდენი ამბის მერე ჭკუა უნდა ესწავლა. თანაც, ამდენ ქონებას ფიზიკურად ვერსად წაიღებს და ჩვენ გარდა არც აქვს სადმე სხვა თავშესაფარი.
– ეგ ღმერთმა უწყის, აქვს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მაინც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.
– ეგ თავისთავად, ჩემო ვასო. ზალკინს არავინ გაატანს საგანძურს, შეგიძლია, მშვიდად გაემგზავრო თბილისში და ვაისმანის საგანძური მოძებნო, – უთხრა გენერალმა კაპიტანს და გააბოლა.
პოპოვმა და ჩხიკვაძემ ჯერ ლენინგრად-თბილისის მატარებლის სამი ბილეთი აიღეს მეორე დღისთვის, შემდეგ ვასომ ბასოვს დაურეკა მოსკოვში და ელაპარაკა.
– ელაპარაკე შენს კონტრაბანდისტ დიპლომატს? – სიცილით ჰკითხა პოპოვმა ვასოს, როდესაც კაპიტანი კვლავ „ვოლგის“ საჭეს მიუჯდა.
– დიახ, – მიუგო ვასომ და ძრავა ჩართო.
– რაო მერე?
– არაფერი. როგორც ვვარაუდობდი, ყველაფერს მიხვდა და ასე მითხრა, დამატებით ინფორმაციას დაველოდებიო.
– პირდაპირ ასე გითხრა?
– დაშიფრულად, ამხანაგო გენერალო, – გაეცინა ვასოს. გენერალმა კი ჰკითხა:
– როგორ გგონია, ვაისმანის საგანძური დიდი იქნება?
– თუ ეს საგანძური არსებობს, წესით, საკმაოდ ბევრი უნდა იყოს. თითქმის ერთი საუკუნე აგროვებდა მას ებრაელი რაბინი და, ვფიქრობ, დიდ ქონებას მოუყრიდა თავს.
– რატომ ფიქრობ, რომ საგანძური არ არსებობს?
– ვასილ ანდრეევიჩ, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ და ჩემი ხელით არ შევეხები, საგანძური ჩემთვის არ არსებობს. ამიტომ, როცა ვიპოვით, მისი ღირებულებაც მაშინ შევაფასოთ.
– კარგი აზრია, – გაეცინა პოპოვს და კაპიტნისთვის მეტი აღარაფერი უკითხავს.
***
კაპიტანი და ქალ-ვაჟი ლენინგრადიდან „ჩრდილოეთის პალმირათი“ გაემგზავრნენ, საქართველოს დედაქალაქში მშვიდობიანად ჩავიდნენ და, ვაგონიდან რომ ჩამოვიდნენ დილის ცხრის ნახევარი სრულდებოდა.
– ჯერ თქვენ მიგიყვანთ და შემდეგ სახლში წავალ, – უთხრა ვასომ ქალ-ვაჟს და კერძო მანქანას ხელი დაუქნია, თან დაამატა: – იქნებ, მაინც ჩემთან იცხოვროთ სახლში, ან, სულაც – წყნეთში?
– არა, ამხელა ბინა მაქვს და რაღა თქვენ შეგაწუხოთ? – მიუგო ნუცამ კაპიტანს, რომელიც მძღოლს ფასზე შეუთანხმდა და ჯერ წყვილს გაუღო კარი, შემდეგ კი მძღოლის გვერდით მოკალათდა და უთხრა:
– წავედით.
კერძო ტაქსიმ ვაკისკენ აიღო გეზი და თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ნუცას სახლთან გაჩერდა. გოგონამ ვასოს უთხრა:
– წამოდით, გვესტუმრეთ, არ გაინტერესებთ, როგორ ვცხოვრობთ?
კაპიტანმა თავი აღარ გამოიდო, ნუცას გაუღიმა და მიუგო:
– კარგი, წამოვალ. ვნახოთ, როგორ მოეწყვეთ, – შემდეგ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.
– ტაქსისტმა ფულის ნაწილის დაბრუნება დააპირა, მაგრამ ვასომ არ გამოართვა და წყვილს უკან გაჰყვა, რომელიც სადარბაზოში შევიდა.
– უკვე კოჭებშივე ეტყობა, რომ მაგარი ბინა უნდა იყოს, – თქვა ვასომ და ლიფტში შევიდა.
– ბინას რომ ნახავთ, ეფექტი მერე ნახეთ, – უთხრა კაპიტანს დიმკამ, რომელიც მანამდე ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა.
ლიფტიდან რომ გამოვიდნენ, ნუცამ ბინის კარი გააღო, ვასო და დიმკა შეიპატიჟა და კარი მიხურა.
– აქა მშვიდობა, – თქვა კაპიტანმა. შემდეგ, ნუცას ნებართვით, მთელი ბინა დაათვალიერა და აღტაცებით დაამატა: – შესანიშნავი ბინაა. მამათქვენი ჭკვიანი კაცი იყო და სწორი გათვლა გააკეთა. გილოცავთ!
– გმადლობთ, ვასო. კონიაკიან ყავას მოგართმევთ, – უთხრა ნუცამ კაპიტანს და სამზარეულოსკენ გაემართა, დიმკა და ვასო კი სავარძლებში მოკალათდნენ და, რომ გააბოლეს, კაპიტანმა დიმკას უთხრა:
– მშვენიერი ბინაა. კარგი საჩუქარია ნუციკოსთვის, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს. კიდევ კარგი, რომ იმ დღეს სიფრთხილე გამოიჩინეთ და პირდაპირ კიტიასთან არ ამოხვედით, თორემ, იძულებული ვიქნებოდი, დამეპატიმრებინეთ და ვერაფერს გიშველიდით.
ამ დროს ნუცამ ყავა შემოიტანა, ფინჯნები დაბალ მაგიდაზე დააწყო და ვასოს სიტყვებს ღიმილით დაამატა:
– ვერაფერს გვიშველიდით, ყველაფერი ჩაიშლებოდა, ვერც ზალკინს იპოვიდით და ვერც ვაისმანის საგანძურზე გაიგებდით რამეს. მაგრამ, კარგია ის, რაც კარგად მთავრდება.
– ყველაფერი კარგად მაშინ დამთავრდება, როდესაც განძს ვიპოვით და ყველაფერთან ერთად უცხოეთში წავალთ, – თქვა დიმკამ და სიგარეტი მოქაჩა, აი, მაშინ კი ნამდვილად თავისუფლად ამოვისუნთქავ და სულს მოვითქვამ.
– ჰო, ჯერ ვაისმანის საგანძურიც მოსაძებნი გვაქვს და, თუ ამაშიც გაგვიმართლა, ნამდვილად ვირწმუნებ სასწაულს, – თქვა ვასომ, თუმცა, რაც მანამდე მოხდა და რა საჩუქარიც ბედმა გარგუნათ, შეიძლება ითქვას, რომ ეგეც სასწაულია.
– გეთანხმებით, – თქვა ნუცამ, გაიღიმა და ყავა მოსვა, შემდეგ კი კაპიტანს ჰკითხა: – როდის ვიწყებთ ვაისმანის საგანძურის ძებნას?
– ხვალიდან, – მიუგო ჩხიკვაძემ, – ხვალ დილით სადაზვერვო რეიდს ჩავატარებ და პირდაპირ თქვენთან გამოვალ. დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რა და როგორ ვქნათ.
– რომელ საათზე მოხვალთ? – ჰკითხა დიმკამ, – ცოტა გამოძინების საშუალება მომეცით.
– რა დროს ძილია, ამხელა სიმდიდრე გვივარდება ხელში, – თქვა კაპიტანმა და ღიმილით დაამატა: – თერთმეტამდე არ მოვალ, ასე რომ, ათამდე უნდა გამოიძინო, შემდეგ კი თავი მოიწესრიგე და მზად დამხვდი.
– მე? მე არ წამიყვანთ? – იკითხა ნუცამ.
– აუცილებლად, ნუციკო. ამიტომ, შენც მზად დამხვდი, – მიუგო ვასომ, – და, საერთოდ, მოდი, ერთმანეთს უფრო შინაურულად მივმართოთ და არა თქვენობით. ჩვენ შორის არც ისეთი დიდი სხვაობაა, რომ ასე იყოს საჭირო. რას იტყვით, შევთანხმდით?
– შევთანხმდით, ბატონო ვასო, – თქვა ნუცამ, კაპიტანმა კი ღიმილით მიუგო:
– თუ შევთანხმდით, ჩემო ნუციკო, „ბატონო” რაღა საჭიროა?
– შევთანხმდით, ვასო, – თქვა ნუცამ და დიმკამაც დაამატა:
– შევთანხმდით, ვასო, – და კაპიტანს ხელი გაუწოდა, – დღეიდან შინაურულად ვექცევით ერთმანეთს.
კაპიტანმა საათს დახედა და თქვა:
– ოო, შინაურებო, რა დრო გასულა! თითქმის შუადღეა. ჯერ სახლში უნდა წავიდე, შემდეგ – სამსახურში. თინას თუ გადავურჩი, ჩემი უფროსი მომკლავს. წავედი, წავედი...
– მოიცა, ვასო. შენი სამსახურის ტელეფონი დაგვიტოვე ყოველი შემთხვევისთვის და აქაურიც ჩაიწერე – რა იცი, რა ხდება და რა დროს დაგვჭირდეს ერთმანეთთან დაკავშირება, – უთხრა კაპიტანს დიმკამ და ვასოს ნუცას ბინის ტელეფონის ნომერი ჩააწერინა.
– აი, ეს კი ჩემი სამსახურისაა და ნუცამ თავისი სახელით მიკითხოს, თუკი სხვა აიღებს ყურმილს. შენ კი  ასე თქვი, დიმიტრი ვარ-თქო, – უთხრა კაპიტანმა დიმკას, ფურცელზე დაწერილი ნომერი მიაწოდა და კარისკენ გაემართა, შემდეგ შეჩერდა და დაამატა: – ჩემი ბინის ტელეფონიც ჩაიწერე და იმავე პრინციპით დარეკე.
– მახსოვს შენი სახლის ნომერი, – მიუგო დიმკამ.
– საიდან?
– თინიკომ, შენმა მეუღლემ რომ ჩააწერინა პოპოვს, მაშინ დავიმახსოვრე.
– გასაგებია, – გაეცინა კაპიტანს, – თუ დამირეკავთ, იცოდეთ, რომ პირდაპირი ტექსტით არაფერი თქვათ და დაშიფრულად ილაპარაკეთ.
– არის, უფროსო! – მიუგო დიმკამ.
ვასომ დიმკას შეხედა, გაუღიმა, თავი გააქნია და სანამ ბინას დატოვებდა, უთხრა:
– კარგია, რომ ხუმრობ. აი, ვაისმანის საგანძურიც თუ ვიპოვეთ, ხუმრობიდან ზეიმზე გადავალთ.
ვასო ჩხიკვაძე რომ წავიდა, ნუცამ კარი ჩაკეტა, სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და დიმკას ჰკითხა:
– გშია?
– არა, – მიუგო ბიჭმა და გააბოლა, – ყავას კი კიდევ დავლევ, თუ არ შეწუხდები.
ნუცამ მალევე მოადუღა ყავა, წინ დაუდგა და დიმკას უთხრა:
– ხომ კარგი ტიპია ვასო?
– მოგწონს? – კითხვა შეუბრუნა დიმკამ და ყავა მოსვა.
 – შენ რა, არ მოგწონს? – კითხვითვე უპასუხა ნუცამ.
– შინაურია, – თქვა დიმკამ.
– შინაურზე მეტია – ახლობელია. ძალიან კარგი კაცია, თინიკოც კარგი გოგოა და, საერთოდ, ძალიან კარგი ხალხია. რამდენი სიკეთე გაგვიკეთეს ყველას და პირადად მე, – ემოციურად თქვა ნუცამ, – რა გგონია, რატომ წამოგიყვანა შენ თბილისში?
– რატომ? – თქვა დიმკამ.
– ვერ ხვდები?
– შენ თქვი.
– რატომ და, ჩემ გამო.
– შენ გამო, რატომ?
– იმიტომ, რომ ერთმანეთს არ დავშორებოდით.
– მართლა?
– და, კიდევ იმიტომ, რომ წესიერი კაცია და ჩემთან ერთად მარტო რომ არ ემგზავრა თბილისამდე, ამიტომ.
– ემგზავრა, მერე რა? – მხრები აიჩეჩა დიმკამ და გაიცინა.
ნუცა დაიბნა და სახე წამოუწითლდა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და დიმკას უთხრა:
– არც არაფერი. ისე, უბრალოდ ვამბობ.
– სიგარეტსაც უბრალოდ აბოლებ და ტყუილად იწამლავ ორგანიზმს თუ საამისოდ სერიოზული მიზეზი გაქვს?
– რა მიზეზი? – გაიმეორა ნუცამ და სიგარეტი ღრმად მოქაჩა.
– სერიოზული, – თქვა დიმკამ. ნუცა კი უცებ გალურჯდა და სუნთქვა შეეკრა, თუმცა, კვამლი გამოუშვა, მაგრამ, საშინელი ხველება აუტყდა. მერე დიმკას მოტანილი წყალი შესვა. სული მოითქვა და ბიჭს უთხრა:
– თარსი ხარ. შენი ბრალია, კინაღამ რომ დავიხრჩვი.
– ჩემი კი არა, სიგარეტის, – მიუგო ბიჭმა, ნუცას თავზე ხელი გადაუსვა და ალერსიანად ჰკითხა: – როგორ ხარ?
– ახლა უკვე კარგად, – მიუგო გოგონამ.
– არ გშია? მე მომშივდა. ხომ არ გვესადილა? – გაუღიმა დიმკამ ნუცას და შუბლზე ეამბორა.
ნუცას ერთი სული ჰქონდა, ბიჭს ჩახუტებოდა, მაგრამ, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, გაუღიმა და უთხრა:
– ჰო, მეც მომშივდა. ახლავე გავამზადებ რამეს.
– ნუციკო, ხომ არ მოგეხმარო? – ჰკითხა ბიჭმა.
– შენ ცოტა გაერთე. მოხმარება არ მინდა თვითონაც გავართმევ თავს, – მიუგო გოგონამ და ჰკითხა, – გინდა, ვიდეოს ჩაგირთავ?
– მე თვითონ ჩავრთავ. შენ საქმეს მიხედე, – უთხრა ბიჭმა და ვიდეომაგნიტოფონი ჩართო.
კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე თორმეტის ნახევარზე მივიდა ნუცასთან და ქალ-ვაჟს მიესალმა:
– შუადღე მშვიდობისა, ახალგაზრდებო.
– გამარჯობა, ვასო, – მიესალმა ნუცა. დიმკამ კი დაამატა:
– ვასოს გაუმარჯოს!
– ყავას ხომ დალევ? – გაუღიმა ნუცამ ახალმოსულს.
– დავლევ, ნუციკო, როგორ არა. ყავით გაჭყეპილი რომ ვიყო, შენს მორთმეულზე უარს როგორ ვიტყვი, ისე საუცხოოდ ამზადებ, – თქვა ვასომ და ნუცას გაუღიმა.
– ახლავე იქნება, – თქვა ნუცამ და სამზარეულოსკენ გაემართა. დიმკამ კი კაპიტანს ჰკითხა:
– რა ქენი, იყავი?
– იქიდან მოვდივარ, – მიუგო ვასომ.
– მერე?
– არც ისე მარტივადაა საქმე, ბევრი საჩალიჩოა, – ვასომ ჯიბიდან „კოდაკის“ სურათი ამოიღო და დიმკას მისცა.
– აი, ის ადგილი, სადაც სავარაუდოდ, ვაისმანის განძია შენახული. შემდეგ მაგიდაზე დააგდო და ვასოს უთხრა:
– სულ არ ეტყობა, რომ ყოფილი ეკლესიაა. მაინც, რა პრობლემაა?
– შენობა რომ ყოფილ ეკლესიად აღიქვა, შორიდან უნდა შეხედო, საიდანაც გუმბათი და სამრეკლო მოჩანს, – თქვა ვასომ, – პრობლემა კი ისაა, რომ გაშიფრული ტექსტის მიხედვით, – კაპიტანმა შენობის ფოტო აიღო, შუაში ფლომასტერით წრე შემოხაზა და განაგრძო, – აი, აქაა საგანძური. აქ კი, ხომ ხედავ, ორი საკმაოდ კაპიტალური მინაშენია და ხალხი ცხოვრობს.
– მერე რა, რა დიდი პრობლემაა? – გაეცინა დიმკას. ამ დროს ნუცამ ყავა მოიტანა. მაგიდაზე დადო და თქვა:
– მიირთვი, ვასო.
– მადლობა, ნუციკო, – კაპიტანმა სიგარეტი გააბოლა და ყავა მოსვა, თან დიმკას უთხრა:
– რა და დიდი პრობლემაა, ხომ გითხარი, რომ იქ ხალხი ცხოვრობს-მეთქი.
– მერე, შე კაი კაცო, ფული რისთვის გვაქვს? – ჩაეცინა დიმკას, – ვიყიდით ამ ქეციან მინაშენებს და გავაჩაღებთ თხრას. მანამდე ვთხრით, სანამ ვაისმანის საგანძურს არ ვიპოვით.
– კი, ბატონო, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია.
– რა ნიუანსი?
– კურიოზული.
– რა, იმ ქეციან მინაშენებს არ გაყიდიან?
– გაყიდვით, როგორ არა, მაგრამ იქ ოცდაათი ადამიანია ჩაწერილი. სულ თორმეტი ოჯახი გამოდის და ყველა ბინით უნდა დააკმაყოფილო. ეს კი, საკმაოდ დიდი თანხა ჯდება. გესმის ახლა?
დიმკამ დაუსტვინა და თქვა:
– დაარტყამს სამასი ათასს.
– სწორედაც, – დაეთანხმა კაპიტანი, – ფული კიდევ ჯანდაბას, გვაქვს, დავხარჯავთ და შევისყიდით. აქ მთავარი სხვა ფაქტორია.
– რას გულისხმობ?
– რას და, თორმეტ ოჯახს რომ ფულს გადაუხდი და ასეთ ქოხმახებს შეისყიდი, ძალიან საეჭვოდ გამოჩნდება. ამ ფაქტით დაინტერესდებიან კომპეტენტური ორგანოები და კუდზე დაგვასხდებიან. ანუ, ყველაფერი ჩაგვეშლება.
– მართალი ხარ, – თქვა დიმკამ და კაპიტანს ჰკითხა:
– ვასო, საიდან დაადგინე, რომ იქ თორმეტი ოჯახი ცხოვრობს?
– ერთი ბებო გავიცანი და იმან მითხრა.
– ისიც იქ ცხოვრობს?
– კი.
– რაო, კიდევ რა თქვა ბებომ?
– ცუდ საცხოვრებელ პირობებს უჩიოდა და ახალ ბინაზე ოცნებობდა, – თქვა ვასომ.
ნუცამ, რომელიც მანამდე უხმოდ ისმენდა დიალოგს, გაიღიმა და კაცებს უთხრა:
– მე მგონი, ვიცი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.
– როგორ? – ერთხმად წამოიძახეს კაპიტანმა და დიმკამ.
– როგორ და იმ თორმეტ ოჯახს სოციალური პროექტით საცხოვრებელი სახლი უნდა აუშენო და ეს არანაირ ეჭვს არ გამოიწვევს. სოციალურ პროექტებს სახელმწიფო აფინანსებს და ფირმებისა და კოოპერატივებისთვის სესხს გამოყოფს. ამიტომ, სასწრაფოდ ასეთი პროფილის კოოპერატივი უნდა შევქმნათ და საქმეს შევუდგეთ.
– ცოტა გაუგებარია, – თავი გააქნია დიმკამ.
– რა არის გაუგებარი? – ჰკითხა ნუცამ.
– რა და, ამ სოციალური პროექტებიდან სამშენებლო კოოპერატივსა და ფირმას რა ხეირი აქვს?
– ძალიან დიდი, – გაეცინა ნუცას.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად ის, რომ თუკი ოცდაოთხბინიან სახლს ააშენებ, ნახევარში იმ თორმეტ გაჭირვებულს შეასახლებ, მეორე თორმეტს კი გაყიდი. ფულს მოიგებ, სახელმწიფო ვალსაც გადაიხდი და ფულიც დაგრჩება. მიხვდი?
– ახლა კი... – გაეცინა დიმკას. კაპიტანმა კი თავი გააქნია და თქვა:
– მაინც არაფერი გამოვა. ყოველ შემთხვევაში, ასე მალე.
– რას გულისხმობ, ვასო? კოოპერატივის დარეგისტრირებას, სესხის აღებასა და დოკუმენტაციის შედგენას სულ რაღაც ერთ კვირაში მოვახერხებთ. მხოლოდ ათი ათასამდეა გადასახდელი.
– მაგას არ ვგულისხმობ.
– აბა, რას?
– რას და, იმ უბინაოებს მანამდე ვერ გამოიყვან იმ ბინებიდან, სანამ ახალ სახლში  არ შესახლდებიან, ანუ სადღაც წელიწადი – წელიწად-ნახევარი.
ნუცას გამომეტყველებიდან ნათელი იყო, რომ მას უკვე მზად ჰქონდა პასუხი. გოგონას გაეღიმა და მიუგო:
– ისე მოვაწყობთ, რომ იმ ხუხულებს დავწვავთ და მის მობინადრეებს ბინებს ვუქირავებთ. იქ კი გამწმენდ სამუშაოებს ჩავატარებთ და სინამდვილეში, განძს მოვძებნით.
– არ გეწყინოს, ნუციკო, მაგრამ გამოცდილი ბოროტმოქმედივით აზროვნებ, – ჩაეცინა კაპიტანს, – კარგი იდეაა. ცოტა უნდა დავხვეწოთ და ყველაფერი რიგზე იქნება. ყოჩაღ!
– ესე იგი, მოგეწონათ?
– კი, – მიუგო ვასომ. დიმკამ კი დაამატა:
– სწორია ვასო, ნაღდი „პრისტუპნიკივით“ აზროვნებ.
– ესე იგი, კოოპერატივს ვქმნით, – თქვა ნუცამ, – დამფუძნებლებიც ვიცი.
– თქვი, – უთხრა ვასომ.
– მე და შენი მეუღლე – თინიკო, – თქვა ნუცამ.
– შენ და თინიკო? – გაიმეორა კაპიტანმა.
– არ მოგწონს? – გაეცინა ნუცას.
– რატომ არა, მაგრამ ქალები ხართ და აბა, რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ვასომ.
– ქალები რომ ვართ, სწორედ ესაა ჩვენი პლუსი. საქმეებს უფრო ადვილად მოვაგვარებთ. თანაც, სოციალური პროექტი უფრო ქალური და ჰუმანურია, ვიდრე კაცური. ერთი სიტყვით, თუ წინააღმდეგი არ ხართ, შეგვიძლია, ხვალვე დავიწყოთ მოქმედება მე და თინიკომ.
– თანახმა ვარ, – გაეცინა კაპიტანს.
– მეც, – დაამატა ვასომ.
– მაშინ, ისღა დაგვრჩენია, თინიკოც ჩავაყენოთ საქმის კურსში და მისი აზრიც გავიგოთ.
– კი ბატონო. თინიკოს ახლავე დავურეკავ. სახლშია და გამოვიყვან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3