კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ქართველი კრიმინალის გაქცევის ეპიზოდი ამერიკული პენიტენციალური სისტემის სასწავლო წიგნშია შეტანილი

პირველი საქმე
1916 წელს დაბადებული ნოდარ ქურციკიძე სეიფების მძარცველი, ანუ, „მედვეჟატნიკი“ იყო. პირველი დანაშაული მან 1935 წელს, 19 წლის ასაკში ჩაიდინა. ნოდარმა მაშინ ეგრეთ წოდებული „მუშურ-გლეხური სასწავლებლის“ სეიფი გახსნა და იქიდან 39 ათასი მანეთი გაიტაცა, რომელიც პედაგოგთა ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი. ნოდარი თავად სწავლობდა ამ სასწავლებელში. მან გვიან ღამით მოახერხა სახურავზე აძრომა. შემდეგ, თოკით დაეშვა მეორე სართულზე, სადაც დირექტორის კაბინეტი იყო. სწორედ იქ იდგა ფულით სავსე სეიფი. ქურციკიძემ წინასწარ დამზადებული „ატმიჩკა“ მოარგო საკეტს და კაბინეტში უპრობლემოდ შევიდა. შემდეგ „ბრანდის“ სამმაგკლიტიანი საიმედო სეიფი წუთნახევარში გახსნა და ფული გამოიღო. ნოდარს თავისუფლად შეეძლო, იმავე გზით წასვლა, რომლითაც შემოვიდა, მაგრამ მან იმპროვიზაციას მიმართა. ქურციკიძე პირველ სართულზე ჩავიდა და ტუალეტში ეგრეთ წოდებული „დიმაუშკა“ გაუშვა. სანამ ორი დარაჯი ტუალეტისკენ გაემართა, იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა იქ, ნოდარმა სულ რაღაც თხუთმეტ წამში გახსნა შენობის მასიური კარი. ცენტრალური გასასვლელიდან გავიდა და ფულიანად მიიმალა. კრეატიული მძარცველის დაკავება მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ მოხერხდა, თანაც იმიტომ, რომ წინდაუხედავად იქცეოდა. ნოდარი ყოველ საღამოს ფეშენებელურ რესტორნებში ვახშმობდა, დილამდე ატარებდა იქ დროს და „ჩეკას“ მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. როდესაც სახლში მიაკითხეს და მისი ბინა გაჩხრიკეს, ტახტის ქვეშ დამალული 35 ათასი მანეთი უპოვეს. კუპიურები საბანკო ქაღალდში იყო გახვეული. ნოდარ ქურციკიძე გაასამართლეს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და იმ 4 ათასი მანეთის ანაზღაურებაც დააკისრეს სახელმწიფოსთვის, რომელიც მან დროსტარებაში დახარჯა.
გაქცევისადმი მიდრეკილი
შავ სამყაროში ნოდარ ქურციკიძეს „ნემსი“ შეარქვეს. ეს მეტსახელი კი იმის გამო შერჩა, რომ საპყრობილეში დიდი ხნით გაჩერება არ უყვარდა და ხშირად გარბოდა.  „ნემსია, ნამდვილი ნემსი. ყველა ხვრელში შეუძლია, გაძვრეს...“ ასე ახასიათებდნენ ნოდარს „კოლეგები” და ეს მეტსახელი მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. ნემსის ოპერატიულ საქმეში ხაზგასმით ეწერა: „მიდრეკილია გაქცევისადმი და მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“. ამის გამო ქურციკიძეს ყველაზე საიმედო საკანში ათავსებდნენ და კოლონიაში თითქმის არასდროს უშვებდნენ. სწორედ მორდოვიის ¹9 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან მოახერხა ქურციკიძემ პირველი გაქცევა და ეს ძალიან ორიგინალურად განახორციელა. 1936 წლის დეკემბრის სუსხიანი ღამე იდგა. 02 საათსა და 25 წუთზე ნემსი ჩუმად გამოვიდა ბარაკიდან და სამუშაო ზონაში გადაიპარა, სადაც მას საკუთარი ხელით გაკეთებული თხილამურები ჰქონდა დამალული. ნოდარი სამსართულიანი შენობის სახურავზე აიპარა. თხილამურები მყარად მოირგო ფეხებზე და 18 მეტრის სიგრძის, მოყინულ სახურავზე სწრაფად დაეშვა... ნოდარს იქ წინასწარ ჰქონდა გაკეთებული ტრამპლინი. მან ეს მაშინ მოახერხა, როცა სხვა პატიმრებთან ერთად, სახურავიდან თოვლს ყრიდა ძირს. მორიგმა დიდთოვლობამ სახურავი უკვე სატრამპლინო ტრასად აქცია და ქურციკიძის გათვლამ გაამართლა. ის დიდი სისწრაფით დაეშვა, ჰაერში 40 მეტრი იფრინა, სამ მავთულხლართს გადააფრინდა და გაიქცა... იმავე თხილამურებით ნემსმა ერთ ღამეში 20-კილომეტრიანი, დათოვლილი ტაიგა გაიარა და სამშვიდობოზე გავიდა. ამ ფანტასტიკური გაქცევის შემდეგ, ქურციკიძეს ორი წელი ეძებდნენ. ამ დროში მან სამი მსხვილი საქმე გააკეთა, ძარცვა ჩაიდინა და სახელმწიფო 200 ათასი მანეთით აზარალა. ის მხოლოდ 1938 წელს დააკავეს ქალაქ ვლადივოსტოკში და „კაპეზეში“ მოათავსეს, შემდეგ კი ეტაპით მოსკოვში გაგზავნეს. მაგრამ, დაუდეგარმა „მედვეჟადნიკმა“ ბადრაგების ძილით ისარგებლა. „სტოლიპინკის“ (ციხის მატარებლის ვაგონი) სამი საკეტი გახსნა და გაიქცა.
სხვათა  შორის, ნემსის თხილამურებით გაქცევის ეპიზოდი ამერიკული პენიტენციალური სისტემის სასწავლო წიგნშია შეტანილი და დაწვრილებითაა განხილული.
სიკვდილის იმიტაცია
ნოდარ ქურციკიძე 1940 წელს დააკავეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თან ქალაქ ვლადიმირის „კრიტში“ (მკაცრი რეჟიმის დახურული ციხე) გამოამწყვდიეს, საიდანაც გაქცევა შეუძლებელი იყო და დღემდე ასეა... ნემსმა იქ 13 წელი გაატარა. 1953 წელს კი სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ეგრეთ წოდებული „ბერიას ამნისტიით“ გაათავისუფლეს. მას პასპორტი ჩამოართვეს და მისცეს ცნობა, რომელშიც ეწერა, რომ 7 წლის განმავლობაში ეკრძალებოდა დიდ ქალაქში ცხოვრება. მოსკოვს კი 500 კილომეტრის რადიუსით არ უნდა გაჰკარებოდა... ქურციკიძე ურალის ერთ პატარა დაბა კრისტალნაიაში გაამწესეს და მკაცრი ზედამხედველობა დაუწესეს. თუმცა, ნოდარმა სიკვდილის იმიტაცია გაითამაშა და კრისტალნაიადან გაიქცა... მან ათეულობით თვითმხილველის თვალწინ „გონება დაკარგა“ და მდინარეში ჩავარდა, რომელიც დიდი სისწრაფით ეშვებოდა ქვევით. ნოდარმა წყალქვეშ გაცურა. უკაცრიელ ნაპირზე ამოვიდა და მოსკოვში გაემგზავრა. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მან ყალბი პასპორტი იშოვა არტურ მიქოიანის სახელზე და ახალი საქმის მომზადებას შეუდგა.
1957 წელს ნემსი მოსკოვის ¹3  შემნახველ სალაროში დარაჯად მოეწყო. 1958 წლის 9 აგვისტოს კი სიგნალიზაცია გათიშა, ორი უზარმაზარი სეიფი უპრობლემოდ გახსნა, 470 ათასი მანეთი გაიტაცა და იმავე ღამეს თბილისში გამოემგზავრა მატარებლით. ბილეთი მას წინასწარ ჰქონდა შეძენილი... სანამ მილიცია ცხელ კვალზე ცდილობდა ბოროტმოქმედის დაკავებას, რომლის ვინაობაც არ იცოდნენ, ნემსმა 400 ათასი მანეთი სვანეთის უბანში, თავისი ბავშვობისდროინდელი შეყვარებულის, ირინე თაყაიშვილის სარდაფში ჩუმად და საიმედოდ გადამალა. 70 ათასი მანეთით კი შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრა. იქ სხვა ყალბი პასპორტი იშოვა იური ტკაჩენკოს გვარზე და ქალაქ ვლადივოსტოკში დასახლდა. იქ მან კერძო კარ-მიდამო შეიძინა და „ფსკერზე დაწვა“... შესაძლოა, ნემსს არც კი განეახლებინა თავისი ძველი საქმიანობა, მაგრამ 1961 წელს საბჭოთა კავშირში ფულის რეფორმა განხორციელდა და 400 ათასი მანეთი, რომლის გაცვლაც ქურციკიძემ ვერ მოასწრო, მაკულატურად იქცა.
ნოდარ ქურციკიძე 1963 წელს კიევში საკუთარ ქორწილში დააკავეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, კიევის ¹12 შემნახველი სალაროს გაძარცვის გამო, საიდანაც 61 ათასი მანეთი მოიპარა. ნემსი 8 წელიწადში გამოვიდა ციხიდან. კიევში დასახლდა და შთამომავლობის გარემოცვაში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

скачать dle 11.3