კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეწყდა აფხაზთა სამეფო დინასტია და რატომ დააბრმავა ძმა აფხაზთა მეფე დემეტრემ

აფხაზთა ანუ დასავლეთ საქართველოს მეფეები, მეათე საუკუნეში ცდილობდნენ საქართველოს გაერთიანებას. მათ შეძლეს ქართლის დაუფლება და კახეთზე გავლენის მოპოვებაც. თუმცა, 957 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა გიორგი მეორე დიდი, აფხაზთა ხელმწიფე.
ამ დროს მისი მეორე ვაჟი, ლეონი კახეთში იბრძოდა. რამდენიმე თვით ადრე კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე მეორემ მოახერხა და გიორგი მეორის მიერ დაკავებული კახეთი დაიბრუნა. გაზაფხულზე მეფე გიორგიმ კვლავ გააგზავნა ჯარი კახეთის მისაერთებლად. დასავლეთ ქართველთა ჯარს უფლისწული ლეონი ხელმძღვანელობდა. ამ დროს გიორგის უფროსი ვაჟი კონსტანტინე ღალატისათვის უკვე დასჯილი და გარდაცვლილი იყო.
ლეონი კახეთში გახლდათ. ლაშქრობის დროს აცნობეს, რომ გარდაიცვალა მამამისი, დიდი ხელმწიფე გიორგი მეორე.
ამ ვითარების გამო ლეონმა მოიწვია კვირიკე ქორეპისკოპოსი ბაზალეთის ტბასთან. მას ახლა მორიგება სჭირდებოდა, რადგან დასავლეთ საქართველოში უნდა გადასულიყო და დაეკავებინა ტახტი. აფხაზთა მეფის კარზე დიდი კონკურენცია იყო ტახტის მსურველთა შორის. ლეონისა და კვირიკეს მოლაპარაკება შედგა ერთი-ერთზე, თითო მხედრის თანხლებით.
ლეონმა ქორეპისკოპოსს თავიდან არ ამცნო მამის გარდაცვალების შესახებ. მთელი დღე ისაუბრეს და ბოლოს შეატყობინა კვირიკეს მამამისის გარდაცვალების ამბავი. შეჰპირდა სიყვარულსა და თანადგომას და თავისი ქალიშვილი შესთავაზა რძლად,  ვაჟის ცოლად. გაუხარდა კვირიკე ქორეპისკოპოსს, გადმოვიდა ცხენიდან და თაყვანისცემით მადლობა გადაუხადა აწ უკვე აფხაზთა მეფეს, ზავისა და მძახლობისთვის. ამგვარად, კვირიკე მეორემ ლეონ მესამის ვასალად ცნო თავი.
ლეონი სასწრაფოდ ქუთათისს გაემგზავრა, ეკურთხა მეფედ და გაავრცელა თავისი ძალაუფლება მთელ სამეფოზე. ის მამამისივით ძლიერი მეფე გამოდგა, იყო ღვთისმოყვარე და სიკეთით სავსე.
ლეონ მესამემ აფხაზეთში ააშენა მოქვის დიდებული ტაძარი და საეპისკოპოსო საყდრად აქცია, აკურთხებინა და განამშვენა. დიდებული ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია, თუმცა მასზე ლეგენდაა შემონახული. თითქოს სასიკვდილოდ გაიმეტა მეფემ, რათა მსგავსი მშვენიერება სხვაგან აღარ აეშენებინა. მეფე ლეონ მესამეს აუშენებია კუმურდოს ტაძარი ჯავახეთში. ტაძრის მშენებლები ყოფილან იოანე კუმურდოს ეპისკოპოსი და უნიჭიერესი ხუროთმოძღვარი, სახელად - საკოცარი. ამ დროს, ეტყობა, ლეონი ჯავახეთსაც აკონტროლებდა.
ლეონი გამეფებისთანავე დაუმოყვრდა კახეთის ქორეპისკოპოსს და თავისი ასული ცოლად მისცა კვირიკეს ვაჟს. ამით ორი ქართული სახელმწიფო მოკავშირე გახდა, რა თქმა უნდა, აფხაზეთის სუზერენობით. ლეონმა დაიცხრო კახეთის შემოერთების ჟინი. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ქალიშვილი მალე გარდაიცვალა, რამაც სიტუაცია ისევ შეცვალა.
ლეონმა კვლავ გადაწყვიტა კახეთის შეერთება აფხაზეთის სამეფოსთვის. გაილაშქრა კახეთში დიდი ჯარით. ჩადგა არაგვისპირს, დაიკავა მუხრანი, ხერკი და ბაზალეთი. თუმცა, ამ ლაშქრობისას დასნეულდა, გაემგზავრა აფხაზეთში და მალე გარდაიცვალა. ეს მოხდა 967 წელს.
მის მერე აფხაზთა მეფის ტახტი დაიკავა მისმა ძმამ დემეტრემ. აფხაზთა მეფე კვლავ დაეუფლა ქართლსაც, ანუ შიდა ქართლს, რადგან ტფილისი და ქვემო ქართლის დიდი ნაწილი ტფილისის ამირას ხელში იყო. კარგა ხანი დასჭირდა დემეტრე მეფეს, რათა თავისი ძალაუფლება მთელ სამეფოზე გაევრცელებინა, ანუ დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე.
ამ დროს მისი ძმა, თეოდოსი ბიზანტიაში იმყოფებოდა. გამოჩნდნენ მეფე დემეტრეს მოწინააღმდეგეები და მოიხმეს თეოდოსი, რათა ძმისთვის დაეპირისპირებინათ.
ბრძენი იყო აფხაზთა მეფე გიორგი მეორე, მეფე დემეტრეს მამა. თავისი ორი ვაჟი – პატარა უფლისწულები, თეოდოსი და ბაგრატი კონსტანტინოპოლში გააგზავნა. ბიზანტიაში იზრდებოდნენ და ცხოვრობდნენ, რათა მისი სიკვდილის შემდგომ ძმებს შორის ბრძოლა არ მომხდარიყო. მაგრამ, შეთქმული აზნაურების მოწვევითა და ძალაუფლების წყურვილის გამო, დაბრუნდა თეოდოსი ბიზანტიიდან და მივიდა სამცხეში. იქ ცდილობდა, გადაებირებინა მესხი აზნაურები, კრებდა ჯარს და უნდოდა აფხაზეთის დაპატრონება.
დემეტრე მეფემ შეიტყო ეს, მისი სამხედრო ნაწილები მოულოდნელად დაესხნენ თავს და გააქციეს თეოდოსი. უფლისწული გადავიდა ქართლში და მიმართა ძამის ციხისთავ ადარნასეს. შეიყვანეს ის ძამის ციხეში და იქიდან ცდილობდა საქმის მოგვარებას.
დემეტრე მეფემ აქაც გააგზავნა თავისი საჯარისო ნაწილები. მიადგნენ ძამის ციხეს, სამი თვე ალყაში ჰყავდათ და მიმდინარეობდა ბრძოლები. ბოლოს გაუჭირდათ მეციხოვნეებს, მოითხოვეს ფიცი მეალყეებისგან, რომ მშვიდობით გაუშვებდნენ თეოდოსი უფლისწულს. დემეტრეს ხალხი დათანხმდა და მართლაც გაუშვეს თეოდოსი. წავიდა ის დავით მესამე კურაპალატთან და ერთი წელი მასთან ცხოვრობდა.
ტაოდან თეოდოსი კახეთში გაემგზავრა კვირიკე ქორეპისკოპოსთან. კვირიკეს მოციქული გაუგზავნა დემეტრე მეფემ და შეუთვალა:
„რადგან ჩემი ძმა დაბრუნდა ბიზანტიიდან, არ დაილევა ჩვენს შორის ბრძოლა, ამის მოსურნე ადამიანების გამო. კვირიკევ, შენი შუამდგომლობით მომანდე ჩემი ძმა და ვიქნებით ორივე ერთად და თანაბრად ჩვენი მამულის მმართველები, როგორც ვიყავით მე და ჩემი უფროსი ძმა ლეონ მეფე. მიიღე ჩემგან გარანტიები და გახდი შუამდგომელი. დიდად მადლობელი ვიქნები შენი, თუ გვიაშუამდგომლებ“.
კვირიკე ქორეპისკოპოსმა მოიყვანა თეოდოსი უფლისწული და გააცნო ძმის წინადადება და გარანტიები.
„თუ რამე, მე ვიქნები შენი სისხლისთვის შურისმაძიებელი,“ - შეჰპირდა ქორეპისკოპოსი უფლისწულს. მიენდო თეოდოსი ძმას და გაამგზავრა აფხაზეთში.
წაიყვანეს უფლისწული შეპირებული გარანტიებით. დაიფიცეს  სვეტიცხოველში, კათალიკოსის, ეპისკოპოსებისა და დიდებულთა თანდასწრებით დიმიტრი მეფის სახელით მისმა წარმომადგენლებმა, რომ უსაფრთხოდ იქნებოდა უფლისწული თეოდოსი.
მივიდა თეოდოსი ძმასთან. ცოტა ხნის შემდეგ დემეტრე მეფემ დაივიწყა ფიცი და მიცემული სიტყვა, შეაპყრობინა თეოდოსი და თვალები დაუწვა.
ეს რომ იხილეს სამეფოს დიდებულებმა, გადაწყვიტეს, მოეძებნათ მათი ძმა, ბაგრატი, რომელსაც ერქვა ჩალა-მეფე, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან დემეტრე იყო ძლიერი და აკონტროლებდა აფხაზეთს.
975 წელს გარდაიცვალა დემეტრე მეფე. დიდებულებმა ტახტზე აიყვანეს თეოდოსი თვალდამწვარი, რადგან სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენელი აფხაზეთისა და ქართლის სამეფო ოჯახს უკვე აღარ ჰყავდა.
ამით ისარგებლეს კახელებმა და მიადგნენ უფლისციხეს.
კონსტანტინე, ლეონ, დემეტრე და თეოდოს  მეფეთა და, მეფე გიორგი მეორის ასული, გურანდუხტი გათხოვილი იყო გურგენ ბაგრატიონზე, ქართველთა მეფე ბაგრატ მეორე რეგვენის ვაჟზე, რომელიც იყო ახლო ნათესავი ტაოს ხელმწიფის, დავით მესამე კურაპალატისა. რეგვენი ბაგრატ მეორეს შეარქვეს ტახტზე ასვლისას, რადგან ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო.
აფხაზთა მეფეების დინასტიას, რომელთაც დღეს პირობითად „ლეონიდებს“ უწოდებენ, რადგან მათი გვარი და წარმომავლობა დაზუსტებული არ არის, ტახტის მემკვიდრე უფლისწული აღარ ჰყავდათ. ეს დინასტია წყდებოდა.
საქართველოში დიდი ამბები იწყებოდა.

скачать dle 11.3