კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ტერორიზმის საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ იარაღად და რატომ ვერ შეძლებენ აშშ და ევროკავშირი საქართველოს დაცვას

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მრავალი ქვეყანაა ჩართული, ძირითადად, თითქოს ერთ მხარეს არიან, რადგან მთავარი სამიზნე ისლამური სახალიფოა, მაგრამ თვით ერთ მხარეს მყოფ ქვეყნებს თავიანთი მიზნებიც აქვთ ახლო აღმოსავლეთში და თავიანთი ანგარიშებიც ერთმანეთთან, მათ შორის, რუსეთსა და თურქეთსაც (ამ ორზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენი უშუალო მეზობლები არიან). ამას წინათ ინციდენტიც მოხდა: რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის საპასუხოდაც ჰაერში ორი თურქული ავიაგამანადგურებელი აიჭრა, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი ყველას შეახსენა, რომ თურქეთზე თავდასხმა „ნატოზე“ თავდასხმაა. ამის პარალელურად, თურქეთი ისლამურ სახალიფოსთან მებრძოლი ქურთების პოზიციებს ბომბავს და თავისი ანგარიშები აქვს სირიის პრეზიდენტ ასადთან; რუსეთი კი, ტერორისტების პოზიციების განადგურებასთან ერთად, ასადის ოპოზიციის პოზიციებსაც ანადგურებს. აღარაფერს ვამბობ ირანზე, რომელიც, ასევე, ცოცხალი ძალითაა ჩართული საომარ პროცესში. ამდენად, არსებობს ეჭვი, რომ მონაწილე მხარეები შეეცდებიან, გადაჭრან თავიანთი ამოცანები და ანგარიშიც გაუსწორონ ერთმანეთს. ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად შევეცდებით ახლო აღმოსავლეთის მრავალუცნობიანი კომბინაციის ამოხსნას.

 – შეიძლება თუ არა იქცეს ახლო აღმოსავლეთი ანგარიშსწორების ადგილად? კონკრეტულად რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების რა სცენარებია მოსალოდნელი?
–  ახლო აღმოსავლეთში ისეთი ამბები ხდება, ეშმაკიც ფეხს მოიტეხს. რაც შეეხება ამ კონტექსტში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნოვაცია და ძნელად ასახსნელი რამ, იმიტომ რომ გვახსოვს სულ რამდენიმე თვის წინათ რუსეთ-თურქეთის დამთბარი ურთიერთობა, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში და „ნატოს“ შეშფოთებული მზერა თურქეთისკენ მისი სწორედ რუსეთთან დაახლოების გამო. საქართველოსადმი რუსეთისა და თურქეთის პოზიციები უფრო ახლოს იყო, ვიდრე თურქეთისა და „ნატოს“, ასევე, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის. თვალსაჩინო იყო მათი ენერგეტიკული, სატრანსპორტო ერთობა, აღარაფერს ვამბობ სავაჭრო ბრუნვაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ამდენად, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში ასეთი მოულოდნელი შემოტრიალება ძნელი ასახსნელია, თუმცა ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთ-თურქეთის დამთბარი ურთიერთობები იყო ტაქტიკური ქმედება თურქეთის მხრიდან, რომ, ერთი მხრივ, თავისი რეგიონული როლი გაეზარდა და, მეორე მხრივ, ფასი დაედო „ნატოს“ თვალში. იმის ანალიზი, თუ რა ხდება ახლა რუსეთსა და თურქეთს შორის, რთულია, ამიტომ საერთო კონტექსტში განვიხილოთ. რა იყო თურქეთის ინტერესი სირიის კონფლიქტში? ეს არის ხაზი, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის უნდა გაივლოს: დამოკიდებულება ასადის რეჟიმისა და ასადის ოპოზიციის მიმართ. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ისლამური სახელმწიფოსა და ასადის ოპოზიციის წარმომადგენლები თურქეთის საზღვრის მიმდებარე მონაკვეთზე იწვრთნებოდნენ ბანაკებში და იარაღდებოდნენ. შესაბამისად, თურქეთზე გადიოდა ევროპიდან ისლამური სახელმწიფოს ევროპელი ტერორისტებით მომარაგების გზა.
– რაზეც აქტიურად ხუჭავდა თვალს „ნატოც“, ევროკავშირიც, რუსეთიც.
– ხუჭავდა, რადგან, სანამ ისლამური სახალიფო თავისი გრანდიოზული ინტერესებით ასე გამოეყოფოდა სირიის ოპოზიციას, ეს დასავლეთის ინტერესი იყო. ახლა უკვე აშკარად ამბობენ ამერიკაში, რომ სირიის ოპოზიცია იწვრთნებოდა და ფინანსდებოდა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობით და თურქეთი გამოდიოდა როგორც ამერიკის მოკავშირე სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში, მათ ჰქონდათ საერთო ინტერესი. გარდა ამისა, თურქეთის ინტერესი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში იყო კიდევ ერთი, რომ როგორმე ამ კონფლიქტის საფუძველზე უკანა პლანზე გადასულიყო ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელიც თურქეთთან აქტიური ურთიერთობის პარალელურად მუდმივად აწუხებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ დიდი ისრაელის მოდელის მსგავსი შეექმნა შუაგულ ისლამურ სამყაროში 30-მილიონიანი ქურთული სახელმწიფოს სახით, თუმცა ეს ყოველივე უფრო მირაჟი იყო, ვიდრე რეალობა, მაგრამ თურქებისთვის მაინც უსიამოვნო. იცით, რომ ყველა სახელმწიფოში ქურთები ენერგეტიკული რესურსებით ყველაზე მდიდარ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. ამდენად, არავის არ აქვს პასუხი, რა ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში, ვინ რა ინტერესებს ლობირებს და რა შედეგზეა ორიენტირებული. ბოლო დრომდე ქურთების თემა იყო განხეთქილების ვაშლი თურქეთსა და ამერიკას შორის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ფეხი მოიკიდა და ერაყში საომარი ოპერაციები დაიწყო, ხოლო ამერიკის მიერ გაწვრთნილი ერაყის სახელმწიფო არმია კი პოზიციებს ერთიმეორის მიყოლებით თმობდა. ამ დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა სახმელეთო ოპერაციაზე და მისი ძირითადი დასაყრდენი გახდა ქურთების შეიარაღებული ნაწილები და არა მარტო ერაყში. თურქეთმა, ისარგებლა რა ისლამური სახელმწიფოს პრობლემად ქცევით, გადაწყვიტა, შეერთებოდა კოალიციას და დაეწყო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და, აი, აქ მივდივართ ერთ საერთო ნიშნამდე, რომელიც რუსეთსა და თურქეთს გამოარჩევს.
– ჭადრაკული განლაგებაა: თურქეთი ბომბავს ქურთების პოზიციებს, რუსეთი –  ასადის ოპოზიციიას.
– დიახ, ძალიან უცნაური კონფიგურაციაა და ეს ყველაფერი ასუსტებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს, თითქოს ასე ჩანს. ანუ ისლამური სახელმწიფოს იქ არსებობა გახდა ხელსაყრელი საბაბი თურქებისთვის, რომ დაებომბათ ქურთების პოზიციები, რასაც „ნატოს“ მხრიდან მოჰყვა რეაქცია, მაგრამ არც ისეთი მძაფრი, რაც, წესით, პარტნიორის პოზიციების დაბომბვას უნდა მოჰყოლოდა. ზუსტად იგივე პოზიცია აიღო რუსეთმაც: ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ის ურტყამს სირიის დანარჩენ ოპოზიციას, ზომიერის სახელით ცნობილს. ასე რომ, აღმოჩნდა, რომ ისლამური სახელმწიფო იქცა, ერთი მხრივ, რუსეთისთვის და, მეორე მხრივ, თურქეთისთვის, თავიანთი მიზნების მიღწევის საბაბად ახლო აღმოსავლეთში. ამავე დროს, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს კარგა ხნის ოცნება აქვს, შეცვალოს კონსტიტუცია და თურქეთი გადააქციოს საპრეზიდენტო რესპუბლიკად, იდეაში –  სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად. რამდენიმე თვის წინათ ჩატარებულმა არჩევნებმა მას ამის საშუალება არ მისცა და არ მისცა იმიტომ, რომ ქურთების პარტიამ მოახერხა და 10 პროცენტით შევიდა თურქეთის პარლამენტში.
– ერდოღანს აქვს რესურსი, შეინარჩუნოს უპირობო და სრული ძალაუფლება?
– დღეს ბევრს ლაპარაკობენ ერდოღანის კრიზისზე, მაგრამ მე ამას ერდოღანის კრიზისს ვერ დავარქმევდი: ის კი არა, რომ მან მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, მან არ ჩამოაყალიბა მთავრობა, რათა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საშუალება ჰქონოდა, ქურთების თემაც იმიტომ გაააქტიურა, რომ ანტიქურთული განწყობები გაეღვივებინა საზოგადოებაში და თავი დაეზღვია იმავე შედეგისგან. მას სჭირდება საკონტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში კონსტიტუციის შესაცვლელად, შესაბამისად, სჭირდებოდა მყარი საბაბი ანტიქურთული განწყობებისთვის და, იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ, როდესაც თურქეთის ქურთებით დასახლებული ტერიტორიები იბომბებოდა სირიის მხრიდან, ამ პროცესს თურქეთის მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია. ასევე, როდესაც გასულ კვირას ტერაქტი მოხდა თურქეთში, არავინ იცის დაზუსტებით, სად მიდის კვალი. ამბობენ იმასაც, რომ ბევრი თურქი შეუერთდა ისლამურ სახელმწიფოს და უამრავი ვერსია შეიძლება იყოს: დაწყებული იმით, რომ ეს არის ისლამური სახელმწიფოს შურისძიება და, არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი გარკეულწილად თურქეთის პარტნიორებიც იყვნენ, იმიტომ რომ ისინი იწვრთნებოდნენ და იარაღდებოდნენ თურქეთის დახმარებითაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ის პროცესები, რომლებიც მიდის თურქეთში, დიდ ფორას აძლევს ერდოღანს საიმისოდ, რომ ომში ჩაბმული ქვეყნის პირობებში, მოიგოს საპარლამენტო არჩევნები და გაატაროს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები. პუტინისა და ერდოღანის დაახლოება მათი ნატურების სიახლოვითაც აიხსნება: ერდოღანის მმართველობის სტილი პუტინის სტილს უფრო უახლოვდება, ვიდრე „ნატოსა“ და ევროკავშირის ლიდერების.
– არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ერდოღანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ ვითარება გართულდა და მისი პოზიციები შეირყა. ვიცით, რომ გამოსვლებიცაა თურქეთში და ითხოვენ მის გადადგომას. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ერდოღანი თავის ქმედებებში ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
– ძნელი სათქმელია, რადგან, თუ, ერთი მხრივ, მობილიზებაა ერდოღანის გარშემო, მეორე მხრივ, ქურთული ფაქტორიც შეიძლება ამოქმედდეს,  ქურთებისა და მათი მხარდამჭერების მობილიზაციაც მოხდეს და მათ არჩევნებში იგივე შედეგი აჩვენონ. ასე რომ, საპარლამენტო არჩევნები გამოაჩენს ერდოღანის შემდგომ ტაქტიკას. არაერთხელ გამხდარა პარტნიორების კრიტიკის საგანი ერდოღანის მმართველობის სტილი; ისიც საკითხავია, დღეს რამდენად შესწევს აშშ-ს თურქეთზე ზეწოლის უნარი ან რამდენად ხელსაყრელია ერდოღანისთვის იმ სიტუაციაში, როდესაც რუსული თვითმფრინავები არღვევენ მის საჰაერო სივრცეს, ამერიკასთან და „ნატოსთან“ კონფრონტაცია.
– უცნაური ვითარებაა: ახლო აღმოსავლეთში ჩართულია ჩვენი სამი ყოფილი მეტროპოლია: რუსეთი, თურქეთი, ირანი.
– ამ კონფლიქტმა შეიძლება კიდევ უფრო დაასუსტოს თურქეთი. მაგრამ, მეორე მხრივ, საინტერესოა ირანის პოზიცია. ის დღეს, ფაქტობრივად, მოკავშირის გვერდით იბრძვის, ვგულისხმობ რუსეთს და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ირანის სახმელეთო ჯარები იყო წინა ხაზზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და, ამდენად, ამერიკის მოკავშირედაც შეიძლებოდა, მიგვეჩნია. თუმცა, რუსეთის იქ შესვლის შემდეგ, ამერიკა გაცილებით დიდი სიფრთხილით უყურებს ირანში მიმდინარე პროცესებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინათ უყურებდა, როდესაც ირანისთვის სანქციების მოხსნა განიხილებოდა და ირანშიც ანტიამერიკული განწყობები ახლა უფრო მძლავრია. თუ ჩვენ ვნახავთ პოზიციებს: ერთი მხრივ, ნადგურდება სირიის ოპოზიცია; მეორე მხრივ, თურქეთი ურტყამს ქურთებს; მესამე მხრივ, თურქეთის პოზიციები სუსტდება, აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთში შეირყა ამერიკის პოზიციები. მაგრამ არავინ იცის, როგორი იქნება საშუალო ან გრძელვადიანი შედეგი. თუ რუსეთი იქ გრძელვადიან კონფლიქტში ჩაეფლო და რეალურად საღმრთო ომმა მოიცვა მისი ტერიტორია, რუსეთის ყველაზე სუსტი წერტილია ჩრდილოეთ კავკასია, იმიტომ რომ, შესაძლოა, იქ ისლამური ხალიფატისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი ნაკადების ბრძოლა დაიწყოს, რაც რუსეთისთვის ზურგში ლახვრის ჩაცემის ტოლფასი იქნება; ასევე, თუ გაიშალა ფართო ტერორისტული ფრონტი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ამას აანონსებს ასადის ოპოზიცია და თუ ამაში დამატებით ისლამური სახელმწიფოც ჩაერთო, რუსეთის ბედის გაზიარებას არავის ვუსურვებ.
– და, რაც მთავარია, ეს უდიდესი საფრთხეა ჩვენთვის.
– აი, სწორედ ამისკენ მიმყავს საუბარი. ჩვენ ვრჩებით აბსოლუტურად ზურგმოშიშვლებულები, რადგან, არავინ იცის, როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ტერორისტები როგორც იარაღი საქართველოს წინააღმდეგ; მეორე ფაქტორია, რომ ევროპა შეშფოთებით ელოდება რადიკალი ისლამისტების დაბრუნებას თავის წიაღში და საქართველოსაც შეიძლება დაუდგეს ეს პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, საქართველო ძალიან მოწყვლადია, რადგან რუსეთს ვერ განიხილავ პარტნიორად ასეთ საქმეში, აქეთ შეიძლება შემოგიბრუნოს ტერორიზმი როგორც იარაღი; ამერიკის შეერთებული შტატები კი სრულ ფრუსტრაციაშია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე და მისგან პირდაპირი სამხედრო დახმარების იმედი ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ვერ გვექნება. აღარაფერს ვამბობ ევროპაზე, რომელიც თავად გაჭირვებულ დღეშია, იმიტომ რომ სირიაში დაბომბვების გახშირება კიდევ უფრო გაზრდის ლტოლვილთა ნაკადებს, რასაც სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ბურჟუაზიის ხიბლში ჩაძირული ევროპა. ამდენად, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ფარი შეიძლება იყოს ისევ ისლამური სამყარო და ამ მხრივ ჩვენ არ განვიცდით მეზობლების ნაკლებობას: თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი…  ამ ეტაპზე ყველაზე ხელსაყრელი ვერსიაა მათთან თანამშრომლობა, აღარ ვლაპარაკობ ეკონომიკური კუთხით, რაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, არამედ ტერორიზმის პრევენციის კუთხით. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს ისლამის აღმსარებელ მოქალაქეებთან და ჩვენს მუსლიმან მეზობლებთან ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაც კი. ვფიქრობ, ამ საფრთხესთან გასამკლავებლად ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტური  მოკავშირეები ესენი არიან.

скачать dle 11.3