კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააბრუნეს „ჩემი ცოლის დაქალებში“ ძველი კატო და რაზე საუბარი არ სურს ლელა მებურიშვილს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ახალი სეზონი ეთერში 16 ოქტომბრიდან გავა და მაყურებელს კატოს როლში ლელა მებურიშვილის ნაცვლად, კვლავ „ძველი კატო“ – ნინო გაჩეჩილაძე მოევლინება. ლელა კი „იმედზე“ გადაცემა „დღის შოუს“ წამყვანი გახდა. რატომ მოხდა სერიალში ცვლილება, რით არის მსახიობისთვის ახალი საქმე იდეალური, როგორია მისი ოჯახური იდილია და რა სიურპრიზებს უწყობენ ის და მისი მეუღლე, ბაჩო საგანელიძე ერთმანეთს – ამ ყველაფერს „თბილისელებისგან“ გაიგებთ.

 ლელა მებურიშვილი: სერიალიდან წამოსვლა არის თემა, რომელზე საუბარიც ვრცლად და დეტალურად არ მინდა. ამ ჯგუფთან ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა, მსგავსი რამ ხდება ხოლმე და ეს პირველი შემთხვევა არაა. გული მწყდება, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, კვლავ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ.
– ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღე?
– მე გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ამას არ ვაპირებდი, ჩვეულებრივად უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ წამოსვლა მომიწია. ეს ყველაზე რეიტინგული სერიალია, რომელიც უამრავ ადამიანს მოსწონს და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიყავი. გულწფელად ვამბობ, რომ მასზე ძალიან კარგი ხალხი მუშაობს და ისინი ჩემი საყვარელი მეგობრები არიან, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ამაში განსაკუთრებული და სკანდალური არაფერია, თუმცა გული ნამდვილად დამწყდა.
– თუმცა, მაყურებელს ახლა შენი ნახვა „იმედზე” წამყვანის ამპლუაში შეუძლია.
– წამყვანი წლების განმავლობაში ვიყავი. ჯერ „ჯეოსტარი“ მიმყავდა, შემდეგ „ეკივოკი“, მაგრამ ბოლო ერთი წელი წამყვანობა აღარ მომიწია და ძალიან მენატრებოდა. შემოთავაზებები სხვადასხვა არხისგან მქონდა, მაგრამ უარის თქმა მიწევდა, რადგან ალექსანდრე ძალიან პატარა იყო და თან, სერიალის გამო საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა. „იმედის” შემოთავაზებას ბევრი პლუსი ჰქონდა: უპირველესად, ის, რომ ეთერში კვირაში ერთი დღე ვიქნებოდი და ამ გრაფიკის სხვა საქმეებთან შეთავსება ადვილი იქნებოდა. გარდა ამისა, თემა – ბავშვები, მათი მოვლა და მშობლები, რაც ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ჩემთვის ძალიან აქტუალურია და გუნდი, რომელიც პროფესიონალებისგან შედგება. მათთან მუშაობა ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა. ამიტომ, ეს შემოთავაზება ძალიან მომეწონა და დავთანხმდი. ამ გადაცემისთვის ჩემს გამოცდილებასაც ვიყენებ და იქიდანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ჩემთვის იდეალური საქმეა.  
– სიურპრიზმა, რომელიც ბაჩომ ამ გადაცემაში მოგიწყო მთელი ინტერნეტ-სივრცე აალაპარაკა.
– ბაჩომ იმ დღეს სამსახურში წამიყვანა და ერთი წამიც არ მიფიქრია, რომ რამეს გეგმავდა. ზოგადად, როცა სიურპრიზს მიწყობს, გამორიცხულია, ვერ მივხვდე, დამალვა არ შეუძლია – ან რამე წამოსცდება, ან ისე იქცევა, რომ ვხვდები. ერთხელ, სიურპრიზის გაკეთება რომ უნდოდა, რაღაც დეტალის შესახებ იმ ჯგუფში დაწერა, რომელშიც მეგობრები ვართ გაერთიანებულები და ბუნებრივია, მათ შორის მეც. მერე, თურმე, ფიქრობდა: ნეტა, ლელამ არ წაიკითხოსო (იცინის). აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გეგმების შესახებ მივხვდები, მაგრამ იმ დღეს ასე არ მოხდა. გზაში ვუთხარი, თან ტორტი წავიღოთ-მეთქი და მიპასუხა: რომ მოგაკითხავ, მერე მოგიტან, ახლა შენ ხომ არ ატარებო. ყველაფერი ისე ბუნებრივად გამოვიდა, ეჭვი არ გამჩენია. ეთერში ფოიერვერკები რომ აინთო, უცებ ვერ დავინახე და ვერ მივხვდი, რა ხმაური იყო. მერე ტორტიც შემოიტანეს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს არხმა მოაწყო, ბაჩოზე არც მიფიქრია. გოგოებმა მომილოცეს და გული ამიჩუყდა, რადგან მართლა ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ალექსანდრე რომ შემოიყვანეს, მერე მართლა გავოგნდი. იმ მომენტში, ჩემში დედის ტვინი ჩაირთო, ვფიქრობდი: ბავშვი ახლა სახლში უნდა იყოს და ეძინოს, რატომაა აქ?! მისი გრაფიკი დეტალურად მაქვს გათვლილი: რომელზე უნდა დაიძინოს, გაიღვიძოს, ჭამოს და ასე შემდეგ. რეჟიმი არ უნდა დაერღვეს, რომ მერე ცუდ ხასიათზე არ იყოს. მაშინაც ვიფიქრე, ახლა, ალბათ, ეძინება-მეთქი, რაც ეტყობოდა კიდეც თვალებზე და გული გამისკდა. მაგრამ, ნანიკომ რომ თქვა, ეს ბაჩოს სიურპრიზიაო, ემოციებისგან მართლა ცუდად გავხდი. ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ ველოდი.
– გაცნობის შემდეგ, ბაჩომ შენს პირველ დაბადების დღეზეც ხომ არ გაგიკეთა სიურპრიზი?
– კი. გაცნობიდან ჩემს პირველ დაბადების დღეზე იმ კაფეში მიმიყვანა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და იქ ჩემი უამრავი მეგობარი დამახვედრა. მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა და მისგან ასეთ სიურპრიზს არ ველოდი. ახლა ჩვენი ჯვრისწერის დღე ახლოვდება, მეუბნება, რაღაცას ვაპირებო, მაგრამ რას – არ მეუბნება. სულ მგონია, რომ ვერ მოითმენს და რაღაც წამოსცდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი გავიგე (იცინის). ზოგადად კი, ერთმანეთისთვის სიურპრიზების გაკეთება დღესასწაულებზე მეტად, ჩვეულებრივ დღეებში გვიყვარს. მაგალითად, როცა სადმე მიდის, ჩანთაში ან ჯიბეში ჩუმად რამეს ვუდებ და იქ რომ ჩავა და მე არ ვიქნები, ჩემს საჩუქარს ნახავს. მგონია, რომ ეს უფრო სასიამოვნოა (იცინის).
– შენ არ მოგიწყვია მისთვის დაბადების დღეზე სიურპრიზი?
– ამერიკაში რომ ვიყავით, ბაჩო თბილისში ერთი თვით იყო წამოსული, თუმცა ვერ ითმენდა და ჩამოდიოდა ხოლმე. ერთხელ ისე გააკეთა, რომ მისი ჩამოსვლის შესახებ მე არ მცოდნოდა, მაგრამ მაინც გავიგე, თუმცა, ამის შესახებ ბაჩომ არ იცოდა (იცინის). რაც მთავარია, იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო. ჩემი მეგობარი ბიჭები აეროპორტში დახვდნენ, ჩიკაგოში ერთ-ერთ ძალიან ლამაზ რესტორანში გავუკეთეთ შეხვედრა და მერე ბიჭებმა უთხრეს: ვიცით, რომ 24-საათიანი ფრენის შემდეგ ძალიან დაღლილი ხარ, მაგრამ გთხოვთ, ერთ ადგილას შევიაროთო. ბაჩოს მეგობრებისთვის უარი ვერ უთქვამს და დათანხმებულა. არადა გათანგული ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი და დავისვენებდიო: მიყვებოდა მოგვიანებით. ჰოდა, წაიყვანეს მეგობრებმა იმ ადგილას, სადაც მე დავხვდი, ხელში ტორტით, სანთლებითა და ფოიერვერკებით. ძალიან ემოციური მომენტი იყო, მახსოვს, ეტირებოდა კიდევაც. ვიდეო მაქვს გადაღებული და იქ ჩანს, როგორი გათანგული სახით შემოდის თავიდან, მერე ხედავს იქ რაც ხდება და სახე უბრწყინდება.
– ვიცი, რომ ბაჩო ძალიან დაკავებულია, მაგრამ მაინც თუ ახერხებს, რომ პატარას მოვლაში დაგეხმაროს?
– ალექსანდრე ძილისგუდაა და გვიან იღვიძებს, მაგრამ ველოდებით და რომ გაიღვიძებს, მერე გავდივართ სახლიდან მე და ბაჩო. ის რომ გაიღვიძებს, სანამ მე ყველაფერს მოვაწესრიგებ და დავალაგებ, ალექსანდრეზე მამა ზრუნავს. საღამოსაც, გადაღლილობის მიუხედავად, ბაჩო ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს, ჭამა იქნება ეს, ბანაობა თუ სხვა რამ.
– ალექსანდრე უფრო დედიკოს ბიჭია თუ მამიკოსი?
– ამის თქმა რთულია, თუმცა, ალბათ, უფრო დედიკოსი, რადგან ჩემზეა მოწებებული. წლის და სამი თვისაა და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ღამე აქვს ჩემ გარეშე გატარებული. თუმცა, როცა მე და ბაჩო ერთად შემოვდივართ სახლში, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ჩემთან მორბის. პირდაპირ მანქანის გასაღებს იღებს და ბაჩოს ანიშნებს, წამიყვანეო. თან, დედას არ მეძახის. პირველად მამა თქვა, მერე – ბაბუა, მერე კიდევ ათასი რამ, მაგრამ დედა – არა. ამ სიტყვის წარმოთქმა კი იცის, მაგრამ მე არ მომმართავს ასე (იცინის). მე „ნანას“ მეძახის. შეიძლება, რომ ვაძინებ, ამიტომ ვასოცირდები „ნანასთან“.
– რომელს გგავთ?
– თუ სიჯიუტეს იჩენს, ბაჩო ამბობს, შენ გგავსო და მე ვამბობ, არა, ბაჩოს ჰგავს-მეთქი. თუ კარგად იქცევა, მაშინ ბაჩო ამბობს, მე მგავსო, მე ვამბობ, არა – მე-მეთქი (იცინის). ალექსანდრე წყნარი და მშვიდი ბავშვია. ძალიან უყვარს, როცა უკითხავ და თითო წიგნს დღეში ათჯერ გვაკითხებს. სადაც არ უნდა წაიყვანო, პრობლემას არ შეგიქმნის. იმდენად კომფორტულია, ახლაც, გოგონებთან ან სამსახურში რომ მივდივარ, მინდა, სულ გვერდით მყავდეს. მასთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თან ძალიან აქტიური ბავშვია, ერთ ადგილას ვერ გააჩერებ.
– შენი გრაფიკის გამო, საოჯახო საქმეების გაკეთებისთვის თუ გრჩება დრო?
– კი და თან, მანიაკალური მოთხოვნები მაქვს (იცინის). აუცილებლად ყველაფერი თავის ადგილაზე უნდა იდოს. ეს ხანდახან ზედმეტებში გადამდის და ბაჩო დამცინის ხოლმე. სახლიდან ისე არ გავალ, თუ ყველაფერი წესრიგში არ დავტოვე.
– სამზარეულოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– კერძების მოსამზადებლად დიდი დრო მჭირდება. ალბათ იმიტომ, რომ კარგად არ ვიცი. რაც არ ვიცი, იმის კეთება ნაკლებად მსიამოვნებს, ამიტომ ამ საქმეში მეხმარებიან. მე იშვიათად ვაკეთებ. ბაჩო ხუმრობს: თვეში ერთხელ ამზადებს საჭმელსო. მთლად ასეც არაა, სინამდვილეში, უფრო ხშირად ვცდილობ, რამე გემრიელი გავაკეთო. კვერცხის და კარტოფილის შეწვაზე არ ვსაუბრობ, რამე განსაკუთრებული მაქვს მხედველობაში, ყველას რომ დაამახსოვრდეს (იცინის). ახლაც, ქათამი გამოვიღე საყინულიდან და მინდა შევწვა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ არ გავაფუჭებ (იცინის). თუმცა, ნებისმიერი კერძი, რომელსაც მე ვამზადებ, ბაჩოს საყვარელი კერძია. იმიტომ, რომ მართლა გულით ვაკეთებ და მოხარშული წიწიბურათიც კი აღფრთოვანებულია ხოლმე (იცინის). თუმცა, ჩვეულებრივ წიწიბურას არ ვგულისხმობ, ვცდილობ, რაღაცეები მოვიფიქრო და უფრო გემრიელი გავხადო ეს კერძი. პირადად მე, ყველაზე გემრიელად კარაქიან პურს, თაფლს და ყველს ვჭამ, რის გამოც მეგობრები დამცინიან. მარტო რომ ვცხოვრობდე, მაქსიმუმ ყიყლიყოს გავაკეთებდი ჩემთვის და სახლში არასდროს შევჭამდი.
– როგორც ვიცი, ზაფხულში დასასვენებლად ბახმაროში იყავით, როგორი დრო გაატარეთ იქ?
– ბახმაროში პირველად ვიყავით და იქაურობა ძალიან მომეწონა. საოცარი ადგილია, სადაც არაჩვეულებრივად დავისვენეთ. მე და ალექსანდრე დედაჩემთან ერთად ვიყავით წასულები და სხვათა შორის, ჩვენთან ერთად ეკა დემეტრაძე და მისი შვილი ისვენებდნენ. კარგად გავერთეთ და დავისვენეთ. თუმცა, ბახმაროში რომ ჩავედით, ბავშვი ძალიან შეიცვალა. ორი კვირის განმავლობაში სულ ბუზღუნებდა. ძალიან ბევრი ადამიანის გარემოცვაში იყო. ყველა ცდილობდა, მოფერებას, თამაშს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონტაქტურია, როგორც ჩანს, ამხელა ყურადღებამ ძალიან დააბნია, აღარავის იკარებდა. ვნერვიულობდი, ვაითუ თბილისშიც ასე განაგრძოს-მეთქი, მაგრამ ჩამოვედით თუ არა, ისევ ყველას ეხუტებოდა და კოცნიდა. ეტყობა, დიდი ყურადღება არ მოეწონა. ჩვენი იქ ყოფნისას, ბაჩოს, სამსახურის გამო, რამდენიმე დღე აქ მარტო მოუხდა ყოფნა, რაც ცოტა გაუჭირდა და რომ არ მოეწყინა, სპორტზე დაიწყო სიარული. ამის შემდეგ, ყველა ერთად თურქეთში წავედით დასასვენებლად და ახლა, სურათებს რომ ვნახულობ, მეცინება. ალექსანდრეს ჯერ ჟაკეტი აცვია, ზედ მოცმული ქურთუკით და ჩექმა. ორი დღის შემდეგ კი მხოლოდ ტრუსებით დარბის სანაპიროზე (იცინის). ზღვა პირველად ნახა და აღფრთოვანებული იყო. აუზში კამერით თვითონ დაცურავდა. ხელი გამიშვითო, გვანიშნებდა. ფეხი იქ აიდგა და ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბავშვებთან თამაშობდა. თურქეთში ბაჩოც ჩვენთან ერთად იყო. ის ბავშვებთან ისე ერთობა, რომ ვერც იფიქრებ, ამას იმათთვის რომ აკეთებს. წყალბურთს ვთამაშობდით ბაჩოს დისშვილებთან და მშობლებთან ერთად. ბაჩო ბავშვებს არაფერს უთმობდა, ისე ეკამათებოდა გატანილ გოლზე, როგორც ისინი ერთმანეთს (იცინის). მოკლედ, წლევანდელი არდადეგები ძალიან კარგად გავატარეთ. არ ვწუწუნებ, ზაფხული დამთავრდა და დასვენება ვერ მოვახერხეთ-მეთქი.

скачать dle 11.3