კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაშოკეს ქეთი ქარდავა წლების წინ „ნატოში“ და რა გაუმხილა მას ლიტვის პრეზიდენტმა

შვიდი წელია, ქეთი ქარდავა ბრიუსელში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპულ ბიუროს წარმოადგენს.  ის პირველი ჟურნალისტია ქართული ტელესივრციდან, რომელსაც ევროკავშირსა და „ნატოში“ „ოფიციალური მანდატი” ერგო. ცხოვრება ქალაქში, სადაც მსოფლიო პოლიტიკა იქმნება, მისთვის   ძალიან საინტერესოა – შეხვედრები გავლენიან პოლიტიკოსებთან, წესები, რომელიც არ უნდა დაარღვიო და ისტორიები, რაც კადრს მიღმა რჩება – ყველაფერი ამაზე, ქეთი ქარდავა ბრიუსელიდან გიამბობთ. 
 ქეთი ქარდავა:  2009 წელს, როდესაც ბრიუსელში  საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული  ბიურო გაიხსნა,  მე უკვე მქონდა  აქ  მუშაობის გამოცდილება – ჩამოვდიოდი სამიტების გასაშუქებლად, მაგრამ ეს სულ სხვა ფორმატია. ბიუროს   ფორმატში მუშაობა სულ სხვაა.  ბრიუსელში გადმოსვლა    ჩემთვის  იყო  ძალიან საინტერესო. მეძლეოდა შანსი,  უფრო კომპეტენტური ყოფილიყო ჩემი სიუჟეტები, უფრო კარგად გამეგო როგორი ვითარება იყო აქ და  ყველაზე მთავარი –  ჩემთვის  დიდი პატივი გახლდათ,  ვყოფილიყავი პირველი ჟურნალისტი საქართველოდან,  ქართული ტელესივრციდან,  რომელსაც ექნებოდა აკრედიტაცია ევროკავშირსა და „ნატოში”. იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ სწრაფად მომიხდა, მე  გაცნობიერებული მქონდა პასუხისმგებლობა, რაც მეკისრებოდა და რაც  საკუთარ თავზე უნდა ამეღო.
–  ეს იყო  ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო „გადასახლება” შენთვის.    
– ასე გამოდის, ბრიუსელი ხომ „ჟურნალისტების სამოთხეა”.  იმის მიუხედავად, თბილისიდან რომ წამოვედი, მომიწია  დამეტოვებინა  შვილი, რომელიც მაშინ პატარა იყო, ის ახალი სივრცე, რაც ჩემ წინაშე იხსნებოდა, ამად ღირდა. ახლა ამას უკვე  ჩემი შვილიც ხვდება.   ჩვენი პროფესიის ადამიანთა ოჯახებში უკვე შეჩვეულები არიან ჩვენს არანორმირებულ, დატვირთულ რეჟიმს. შესაბამისად, ჩემი აქ „გადმოსახლება”  არ იყო მათთვის პრობლემა. კარგად მახსოვს, ჩემი ჩამოსვლა ბრიუსელში. თბილისიდან  სამი დიდი ჩემოდანი წამოვიღე, რადგან მინიმუმ, ერთი წელი აქ უნდა დავრჩენილიყავი.    ბრიუსელამდე მე და ჩემს ოპერატორს სამ ქვეყანაში მოგვიწია ჩასვლა.  ყველგან დავდიოდი ჩემი ბარგით, რომელშიც არა მხოლოდ  ყველა  სეზონის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დედაჩემის გამოტანებული  ტაფა  და უთოც კი მედო. ასე რომ, მთელი ევროპა  მოვატარე თბილისიდან წამოღებულ  ტაფასა და უთოს (იცინის).
– იყო ბარიერები, რომლის გადალახვაც მოგიწია, როგორც უცხო სამყაროსთვის ახალბედა ჟურნალისტს?
–  ეს არის ქალაქი, საადც მუშაობა   ყველა ჟურნალისტის ოცნებაა. აქ  ხომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის შტაბ-ბინაა, რაც გაძლევს  დიდ შესაძლებლობებს.  აქ  ცხოვრობს  ან  ჩამოდის ყველა  ჟურნალისტის საოცნებო რესპონდენტი. შენთვის ყველაფერი გახსნილია, მთავარია, მოახერხო კონტაქტების დამყარება და საკუთარი  თავის პრეზენტაცია, მით უფრო,  როცა ხარ ქვეყნიდან, რომლის შესახებ, უნდა ვაღიაროთ, ბევრი ინფორმაცია არ აქვთ.   როდესაც მიდიხარ ევროკომისრის, ან რომელიმე მინისტრის პრესკონფერენციაზე, რომელსაც  უძღვება პრესმდივანი, თუ ის არ გიცნობს,  გამორიცხულია,  შეკითხვა დაგასმევინოს.  ეს არ არის არც ცენზურა, არც ზეწოლა. ეს არის წესი,  რომელიც აქ  არ ირღვევა.  როდესაც აღმოვჩნდი   კარლ ბილდტის პრესკონფერენციაზე, რომელსაც  მინიმუმ  ათასი ჟურნალისტი ესწრებოდა, ალბათ, ნახევარი საათი ვიყავი ხელაწეული, მოლოდინში, რომ  საგარეო საქმეთა მინისტრთან   შეკითხვის დასმის საშუალება მომცემოდა თემაზე, რომელიც საქართველოსთან იყო დაკავშირებული.  ეს ვერ მოვახერხე და ძალიან გავბრაზდი.
– როგორ გაკვალე ეს „ყამირი”?
- ცოტა ქართული ხასიათიც  დამეხმარა. პრესკონფერენციის შემდეგ, როდესაც  კაფეში ყავას ვსვამდი, შევხვდი   პრესმდივანს,  რომელმაც კითხვის დასმის საშუალება არ მომცა. ის თავად გამომელაპარაკა, მე თავიც  წარვუდგინე  და პირდაპირ ვუთხარი კიდეც: თქვენზე ძალიან  გაბრაზებული ვარ-მეთქი.  მან ამიხსნა, რომ იქ არსებობდა წესები, რომელთა დარღვევა მათთვის წარმოუდგენელი იყო.  მაშინ  მივხვდი, რომ უნდა გამეცნო ყველა პრესმდივანი, ამეწყო კონტაქტები და ასე დავიწყე  ყველას გაცნობა ჭიქა ყავაზე (იცინის). პრესმდივნები ინტერესდებიან ყველა დეტალით, რაც დაკავშირებულია იმ ქვეყანასა და ხალხის განწყობასთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენ. შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ნდობა, რაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული: უპირველესად კი, იმაზე, იცავ თუ არა მათ წესებს, როგორ იქცევი მათ პრესკონფერენციაზე, როგორ არის ნათარგმნი მათი კომენტარები, რამდენად  კომპეტენტური ხარ.  იყო ერთი შეთხვევა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა მიღება. ჩემთან მოვიდა ერთი ქალბატონი და მეკითხება, საქართველოს დედაქალაქი  ყაზახეთიაო. ისე გავბრაზდი, ვიფიქრე, გამერიდოს ახლა დროზე ეს ქალი-მეთქი.  ასეთი  რამ  იქ არ უნდა დაგემართოს. მე  მქონდა შემთხვევა, რაც, ჩემი აზრით, იყო კიდეც ჩემი გამოცდა, როცა  ჩავწერე ინტერვიუ „ნატოს” გენერალურ მდივანთან,  რასმუსენთან. ის,  თუ არ ვცდები, ავღანეთში   მიდიოდა. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ინტერვიუ  ერთი კვირა უნდა „შემენახა” და   არ გასულიყო ეთერში.   როგორია, როცა ერთი სული გაქვს, ინტერვიუ გადააგზავნო ტელევიზიაში, მაგრამ ვერ დაარღვევ სიტყვას, ნდობას,  მათ წესებს. ეს წესები კი,   რომლითაც  ეს ორი ორგანიზაცია  მუშაობს და აქვს ურთიერთობა ჟურნალისტებთან, რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი, „ქართული   წესებისგან,” საქართველოში „მოსულა” ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენება, აქ კი ჟურნალისტს  დიდი პატივისცემით ეპყრობიან. პოლიტიკოსები ანგარიშს გიწევენ, ვალდებულად მიიჩნევენ თავს, მოგაწოდონ  სრულყოფილი ინფორმაცია.   აქ არის თავისუფალი ველი იმისთვის, რომ გამოავლინო შენი შესაძლებლობა, თუმცა ძალიან ბევრი წესისა და ეტიკეტის დაცვა გიწევს შენც.  მაგალითად,  ის, რომ   აქ  დასვენება, შესვენება, ლანჩის დრო, წმინდათაწმინდაა. გამორიცხულია, იმ დროს ვინმე  საქმეზე დაგელაპარაკოს. რესპონდენტს სახლთან ვერ დახვდები, ლიფტთან ვერ ჩაწერ.  ინტერვიუ  არ თანხმდება ტელეფონით, რაც საქართველოში მიღებული წესია. მახსოვს, ერთხელ  თბილისში, ერთ რესპონდენტს იმდენი ვურეკე შაბათს, ხან რა მითხრა, ხან – რა, აშკარად არ უნდოდა კომენტარის მოცემა, ბოლოს თავიდან რომ ვერ მომიშორა, მითხრა: გასაპარსი ვარო. მე  ისეთ აგონიაში ვიყავი, ისე მჭირდებოდა მისი კომენტარი, ვუთხარი, არა უშავს, არ გამოჩნდება-მეთქი (იცინის). აქ ასეთ რამეს ვერ გააკეთებ. კონტაქტის დამყარება  ხდება ელექტრონული ფოსტით. აქ  სხვა სტანდარტებია –  ერთმანეთს არავინ ატყუებს,  არანაირი ინტრიგა არაა. უნდა აკეთო შენი საქმე პროფესიონალურად და ეს აუცილებლად დაგიფასდება. აქ საქმით ამტკიცებ ყველაფერს და არა შეთქმულების თეორიებით.  ბრიუსელში ცხოვრებამ და მუშაობამ ბევრი უნარ-ჩვევა შემძინა.
– ეს არის ქალაქი, რომელიც ცხოვრობს პოლიტიკით. შესაძლოა, ქუჩაში იენს სტოლტენბერგიც შეგხვდეს?
– მთლად ასეც არაა საქმე, თუმცა ევროკომისიის წინ არის კაფე, სადაც თუ ძალიან გაგიჭირდა, შეგიძლია, გადახვიდე და ვინმეს აუცილებლად ნახავ კომენტარისთვის (იცინის). ეს  ქალაქი  იძინებს ძალიან ადრე.  აქ არაა გართობის ბევრი  საშუალება, აქტიური  ღამის ცხოვრება. ბრიუსელი  ისეთი საქმიანი ქალაქია, გაქვს განცდა, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, მხოლოდ მუშაობს და სხვა არაფერია.   ყველა ელოდება  პარასკევს, როდის ჩამოკრავს ექვსი საათი და გაიქცევიან ჩემოდნებით. ესეც  თავიდან  შოკი იყო ჩემთვის. „ნატოში” ვიყავი ერთ-ერთ პირველ გადაღებაზე. პარასკევს დილით დავინახე, თანამშრომლები მოვიდნენ ჩემოდნებით. ძალიან გამიკვირდა. მერე გავიგე, რომ პარასკევს საღამოს სახლში არც ბრუნდებიან, პირდაპირ სამსახურიდან მიდიან სხვა ქალაქებში, ქვეყნებში. მე სამწუხაროდ, ეს სიამოვნება არ მაქვს, შაბათ-კვირასაც ვმუშაობ. 
–  შეხვედრიხარ მაღალი რანგის  პოლიტიკოსებს, მათ, ვინც ევროპულ პოლიტიკას ქმნიან? როგორები არიან ისინი კადრს მიღმა, რა ეტიკეტი არ უნდა დაარღვიო მათთან ურთიერთობისას?
–  ერთ-ერთი   ყველაზე სასურველი რესპონდენტი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, იყო ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.  მე ის ჩავწერე ვილნიუსის სამიტის წინა დღეს, თუმცა ამ ინტერვიუს ექვსი თვე ვათანხმებდი.  ეს ქალბატონი ძალიან გავლენიანია როგორც ევროკავშირში,  ასევე  „ნატოშიც.” შესაბამისად,  მასთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.   ინტერვიუს დროს შევატყვე, რომ კარგად განეწყო ჩემ მიმართ. როდესაც  ინტერვიუ დასრულდა, გამოვრთეთ კამერები,   მან  ჩემთვის  მოულოდნელად,  დაიწყო საუბარი ჩემს   ვარცხნილობაზე.  ახალგაზრდობაში  სულ სხვა ვარცხნილობა მქონდა, მაგრამ ასე გაბედულიც არ ვიყავი, როგორიც შენ ხარო, მითხრა. ჩვენ სასახლეში დიდხანს დავრჩით,  ყავაც დავლიეთ.  ლიტვის პრეზიდენტმა  მკითხა, თუ  რამდენად აქტიურები არიან საქართველოში ქალები. ამას მოაყოლა თავისი ისტორია –   ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, რატომ არ მაქვს ოჯახი. ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზეც საუბრობენ. მე კი ისე ვიყავი   ჩართული  ჩემს საქმეში, პირადი ცხოვრებისთვის, სამწუხაროდ, დრო არ დამრჩაო. ასეთმა გულწრფელმა საუბარმა ცოტა დამაბნია, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი.  როგორია, ასეთი გავლენიანი პოლიტიკოსი ასეთ თემებზე რომ გესაუბრება?! ამ  შეხვედრის შემდეგ, როგორც კი  დალია გრიბაუსკაიტე სამიტზე დამინახავს, უამრავ  ჟურნალისტს  შორის, რომლებიც „ვთევზაობთ” გრძელი მიკროფონებით, ჯორჯიაო, დაიძახებს ხოლმე და ჩემს შეკითხვას აუცილებლად პასუხობს.
– შენი მიკროფონით ხელში  მთელმა ევროპამ  ნახა თვით ანგელა მერკელი.
– ეს იყო საოცარი ისტორია.  აქ ანგელა მერკელი სხვა ფენომენია. ის კომენტარს აკეთებს მხოლოდ გერმანელ ჟურნალისტებთან.  თუ არ იდგები მათთან ახლოს, კომენტარს ვერ მოიპოვებ.  მოკლედ,  როცა საქმე ეხება მერკელს, უნდა „მიეწებო” გერმანელ კოლეგებს. სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, როცა ეს ინციდენტი  მოხდა. იმდენი ჟურნალისტი იყო, ცალ ფეხზე ვიდექი და ისე მქონდა გადაჭიმული ჩემი მიკროფონი. ვერც კი ვხედავდი, რა ხდებოდა წინ, როცა დაიძახეს, რომ მოვიდა ანჟელაო - ასე ეძახიან მას ჟურნალისტები.  არ ვიცი,  რა მოხდა იმ მომენტში – თვითონ გაკრა მიკროფონს მხარი, მაგრამ  უცებ დავინახე, რომ ანგელა მერკელს უჭირავს ჩემი მიკროფონი, აწეული აქვს ზევით და ვისია, ვისიაო, იძახის.  ეს რომ დავინახე, კინაღამ შოკში ჩავვარდი. მერე გავაცნობიერე, რომ, როცა მიკროფონი დავარდა, ვერავინ მიეკარა  ჩემს მიკროფონს.  არ იცოდნენ, როგორ მოიქცეოდა მერკელი. ყველა გაიყინა იმ მომენტში. მაგრამ, იმას ვერავინ  წარმოიდგენდა, რომ ანგელა დაიხრებოდა, აიღებდა მიკროფონს და დაუწყებდა ძებნას მის პატრონს. მერკელმა გაწია ხალხი, გაიცინა და მომაწოდა მიკროფონი, რითაც განიმუხტა სიტუაცია. მოგვიანებით, ჩემი მიკროფონი ყველა ჟურნალისტის ხელში მოხვდა.  ჩემი მიკროფონით ფოტოებს იღებდნენ ისე, როგორც  მერკელი იდგა. მას მერე ყველა ხუმრობს ხოლმე, ეს ის მიკროფონი არაა, მერკელს რომ ეჭირაო? (იცინის).
–  როცა ყოველდღე „ნატოს” გენერალურ შტაბ-ბინაში ხარ, ალბათ, განცდა გაქვს, რომ  უკვე „ნატოში” ხარ?
– მეგობრები ხუმრობენ ამაზე – ქარდავა „ნატოშიცაა,” ევროკავშირშიც და ჩვენზეც ზრუნავსო. ყოველი დღე „ნატოში” კარგია. ახლაც  აქ ვარ,  ერთ საათში იწყება შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან. მინისტრების შეხვედრაა. ის  ძალიან უშუალო  ადამიანია. ჩვენ პირველად ერთმანეთს ოსლოში შევხვდით, როცა მოხდა ტრაგედია კუნძულ ოტოიაზე, სადაც ქართველი თამთა ლიპარტელიანი დაიღუპა. სტოლტენბერგი ძალიან შეწუხებული იყო ამ ტრაგედიით.  ახალ წელს „ნატოს” გენერალური  მდივანი ჟურნალისტებს  იწვევს სადილზე და ჭიქა შამპანურზე.  მცირე გაცნობითი მიმართვის შემდეგ, პირადად ხვდება ის ყველა ჟურნალისტს, ესაუბრება არაფორმალურ ვითარებაში. როდესაც „ნატოს” ახალი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახდა, მან მოაწყო მიღება.  გასაცნობად  ჩემთანაც  მოვიდა, მე კი გავახსენე თავი, რომ ოსლოში შევხვდი მას. ის  გახსნილი ადამიანია ურთიერთობებში,  მასთან სელფიც მაქვს გადაღებული. მოკლედ, მეგობრები ვართ (იცინის). „ნატოს” ყველა გენერალური მდივნისთვის, ვინც კი ჩამიწერია, ინტერვიუს შემდეგ მითქვამს:  ჩემი ოცნების სიუჟეტი არის პირდაპირი ჩართვა „ნატოს” შტაბ-ბინის ეზოდან, სადაც აღიმართება საქართველოს დროშა-მეთქი.  როცა ეს ვუთხარი რასმუსენს,  მან მითხრა, შენ ახალგაზრდა ხარ, მოესწრებიო. მე მჯერა, რომ ამას მოვესწრები. ჩემი საოცნებო სიუჟეტი წინ მაქვს.  სანამ ამ სიუჟეტს არ  გავაკეთებ, ჟურნალისტიკიდან არ მივდივარ (იცინის).

скачать dle 11.3