კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფილმის გადაღებაზე თქვა უარი გიგა ლორთქიფანიძემ მედეა ჯაფარიძის გამო და რისი განუხორციელებლობის შემთხვევაში აპირებდა ის თავის მოკვლას

ამ ადამიანის ღვაწლი ქართულ კინო და თეატრალურ ხელოვნებაში დიდია. მისი სპექტაკლები მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში და ყოველ  სპექტაკლს უდიდესი წარმატება მოჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კინოში გამოცდილება არ ჰქონდა, გადაიღო ისეთი მასშტაბური ფილმები, როგორიცაა: „წიგნი ფიცისა“ და „დათა თუთაშხია“, ასევე გადაღებილი აქვს „თეთრი ბაირაღები“. მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო გამორჩეულად საინტერესო პიროვნებებთან, რომელთან ერთადაც, ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. სასიამოვნოსთან ერთად, ბევრი უსიამოვნო მოგონებაც ჰქონდა შემორჩენილი მამასთან თუ სახელოვან ბიძასთან, ევგენი მიქელაძესთან დაკავშირებით. თავისთავად უსიამოვნო მოგონებად შემორჩა ბავშვობაში ხიდან ჩამოვარდნის მომენტი, რის გამოც განგრენა დაემართა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. თუმცა, ამას შემდგომში არც მის კარიერულ და არც პირად ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, ის შემოქმედებით და პირად ცხოვრებაშიც თავს ბედნიერად მიიჩნევდა და ასეც იყო. მომავალი მეუღლე, ქეთევან კიკნაძე თეატრალურ ინსტიტუტში იმ პერიოდში გაიცნო, როცა პედაგოგად მუშაობდა. მან რეჟისორი ქმრის სპექტაკლებსა და ფილმებშიც თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა. შეეძინათ სამი ქალიშვილი. მოკლედ, დღეს გიგა ლორთქიფანიძის დღიურებს გადაგიშლით. აქ, მისი ცხოვრების სულ რამდენიმე ფრაგმენტი გადმოვეცი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით წაიკითხავთ.                    
„1944 წელს სოფლიდან ჩამოვედი და სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ადამიანმა ბავშვობიდან იოცნებოს რეჟისორობაზე. ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ჩემი ფიზიკური ტრავმის გამო, გადავწყვიტე, სარეჟისოროზე ჩამებარებინა... ათეული წლების განმავლობაში, მსოფლიოს თეატრალურ მექად მოსკოვი ითვლებოდა. ამიტომაც გამიჩნდა უაღრესად დიდი სურვილი, იქაური თეატრები მენახა და ის სკოლა გამევლო. 1945 წელს წავედი მოსკოვში, სრულიად მარტო და უფულოდ... კონკურსზე საბუთების შეტანა დავაგვიანე და დიდი წვალების შემდეგ, მხოლოდ ხელოვნების სამმართველოს უფროსის ნებართვით დამიშვეს მისაღებ გამოცდებზე, რომელიც ბრწყინვალედ ჩავაბარე... ხუთი წელიწადი  გავატარე მოსკოვში. ქართველ სტუდენტებს საერთო საცხოვრებელი ცალკე გვქონდა. ერთ ოთახში ვცხოვრობდით რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, სულხან ცინცაძე და მე. ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ და ამ ერთ ოთახში გავიზარდეთ საბჭოთა კავშირის ოთხი სახალხო არტისტი. მშიერ-მწყურვალები ვიყავით. ოთახში ისე ციოდა, ღამე წყალი რომ დაგრჩებოდა, დილით ჭიქაში ყინული დაგხვდებოდა...  ინსტიტუტი რომ დავამთავრე, როგორც მომავალ რეჟისორს, კარგი სახელი მქონდა და უკვე შეიძლებოდა მუშაობა თბილისის რომელიმე თეატრში. მაგრამ, გადავწყვიტე, აქ მანამდე არ ჩამოვსულიყავი, სანამ ბოლომდე არ გავმაგრდებოდი და ლიტვაში წავედი. თითქმის ორი წელი ვიმუშავე იქ... როდესაც ცნობილი მოღვაწე, მიშა კვესელავა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის რექტორად დაინიშნა, ინსტიტუტში ასისტენტად მიმიწვია და მეც ჩამოვედი...
...ნოდარ დუმბაძე ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ორივე ვერაზე ვიზრდებოდით, ორივე რეპრესირებული ოჯახების შვილები ვიყავით... როდესაც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ხელნაწერი მომიტანა, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ხან ვიცინოდი, ხან ვტიროდი. ისეთი განცდა დამეუფლა, ეს ნაწარმოები რომ არ დავდგა, ალბათ, მოვკვდები-მეთქი. სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა... დათა თუთაშხიაზეც ზუსტად „ილიკო და ილარიონის“ ამბავი დამემართა. ეს რომ არ განვახორციელო, მოვკვდები-მეთქი, ვიფიქრე. ამ მასშტაბის ნაწარმოების სცენაზე გადატანა, შეუძლებელი რომ იყო, თავიდანვე ვიცოდი... უბედნიერესი კაცი ვარ, რომ წილად მხვდა „დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაცია. ეს იყო ქვეყანაში პირველი მრავალსერიანი ფილმის პრეცედენტი. მანამდე კინოსთან არანაირი შეხება არ მქონია. თუ არ ჩავთვლით ერთ ეპიზოდს, როდესაც „ჭრიჭინა“ უნდა გადამეღო და მედეა ჯაფარიძე მთავარ როლში ამეყვანა, მაგრამ, უარი თქვეს – ასაკშიაო. მე სხვა მსახიობი ვერ წარმომედგინა და გადაღებაზე უარი განვაცხადე. საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს სინჯები. „დათა თუთაშხიას“ არცერთ როლზე სინჯი არ გამიკეთებია. თავიდანვე ვიცოდი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესს დათა უნდა ეთამაშა, თენგიზ არჩვაძეს – მუშნი ზარანდია...      
ევგენი მიქელაძე დედაჩემის - ნინო მიქელაძის ბიძაშვილი იყო. ქუთაისში ერთ სახლში, ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ. ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, როგორც და-ძმას და ჩვენც, მე და მარიკა ახლოს ვიყავით მასთან. ევგენი დიდ იმედს ამყარებდა ჩემზე, როგორც მომავალ მუსიკოსზე. ამბობდა, აბსოლუტური სმენა აქვსო. ერთხელ ასეთი რამ მომიწყო. დამასწრო ორკესტრის რეპეტიციას. ერთ-ერთი მუსიკოსისთვის უთხოვია, ერთი ნოტი არასწორად დაუკარი, ვნახოთ, გიგა თუ გამოიცნობსო. მართლაც დაუკრეს და „ფალშივი“ ნოტი მაშინვე გამოვიცანი – აი, შეხედეთ როგორი კარგი სმენა აქვსო... არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, განათლებული, კულტურული ქალბატონი – ქეთუსია ორახელაშვილი. ასეთი ლამაზი ქალი არასოდეს მინახავს. წარმოიდგინეთ, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც კი, ეს ნატანჯი ქალი საოცრად ლამაზი იყო. ლანა ღოღობერიძემ ხომ თავის ფილმშიც გადაიღო – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე“... პირველად რამდენიმე დღით დააპატიმრეს და მალევე გამოუშვეს. მახსოვს მისი მეორე დაპატიმრება – უკვე საბოლოო. ეს მოხდა „ლატავრას“ რეპეტიციაზე... ქეთუსიაც მიიწვიეს პროცესზე. მხოლოდ ერთხელ დაესწრო ამ სასამართლოს, იმდენად იმოქმედა მასზე პირველმა პროცესმა, იქ გაგონილმა ამბებმა, რომ გულშეღონებული წამოიყვანეს. შემდეგ, რატომღაც მოსაწვევი მე გადმომცა და მითხრა: სასამართლოს შენ დაესწარიო. მართლაც, ყოველდღე დავდიოდი პროცესზე. ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისეთ მძიმე ამბებს ვისმენდი, ყოველი პროცესის შემდეგ თავის მოკვლა მინდოდა. ეს იყო ყველაზე შემზარავი სასამართლო. წარმოდგენაც კი მიჭირდა იმ სისაძაგლის, რასაც სჩადიოდნენ, შეგძულდებოდა კაცობრიობა, რომელსაც ასეთი საშინელების მოგონება შეეძლო...  თურმე, როდესაც ადამიანს „დუბინკას“ ურტყამენ, ხელებს სახეზე იფარებს. ევგენის ხელები ყურებზე აუფარებია. უკითხავთ – სახეზე რატომ არ აიფარე ხელიო? ნაწამებს უპასუხია – დირიჟორი ვარო. ჩაეკითხნენ – ვინა ხარო? ბოლოს უპასუხია – მუსიკოსიო... ერთმა აიღო თურმე  თოფის საწმენდი შომპოლი და ყურში გაუყარა. რამდენიმე დღის შემდეგ კი დახვრიტეს.“

скачать dle 11.3