კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმდენ ხანს უნდა გეძინოთ, რამდენიც ორგანიზმის დასვენებას სჭირდება


ბევრს ჰგონია, რაც მეტხანს სძინავს, მით კარგად გამოიყურება და ენერგიულია. არსებობს აზრიც, რომ შუადღით წაძინება ძალებს გვმატებს და უფრო შრომისუნარიანს გვხდის. ეს ასე არ არის. ორგანიზმმა იმდენ ხანს უნდა დაისვენოს, რამდენიც მას სჭირდება. საწოლში გატარებული ზედმეტი საათები ცუდად აისახება ჩვენს გარეგნობაზეც, კერძოდ, ამ დროს სახე უსიცოცხლო ელფერს იძენს, ქუთუთოები შეშუპებულია, კანი კი  – უფერული.
ბევრი ჩივის, რომ, როგორ ადრეც არ უნდას დაწვეს დასაძინებლად, დილით მაინც უჭირს ადგომა. თუ ასეთი ადამიანების ტიპს მიეკუთვნებით, უმჯობესია, გვიან დაწვეთ და, სულაც არ არის აუცილებელი, შუადღემდე იძინოთ ან შუადღით წაუძინოთ.
დილით ძალიან ადრე ადგომა კი არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, რადგან  ეს არღვევს ჩვენი ორგანიზმის  ფიზიოლოგიურ რიტმს. ყველაზე ოპტიმალურია დილის 8 საათზე ადგომა.

როგორ რეაგირებს ქალისა და მამაკაცის ორგანიზმი კლიმაქსის პერიოდზე
კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად, თანდათან მცირდება ეგრეთ წოდებული ქალური ჰორმონების – ესტროგენების რაოდენობა, რის შედეგადაც ბევრ ქალს უჩნდება კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ჩივილები: მომატებული ოფლიანობა, ალები, აგზნებადობა, ჭირვეულობა, კიდურებისა და ძვლების ტკივილი. ესტროგენები ძვლებში კალციუმის შემცველობას განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მათი სეკრეცია მცირდება, ძვლებიც უფრო სუსტი და იოლად მსხვრევადი ხდება, რასაც ოსტეოპოროზს უწოდებენ. ეს, ძირითადად, გამხდარ ქალებს ემუქრებათ, რადგან, მენოპაუზის დროს ცხიმოვანი ქსოვილი საკვერცხეების დანიშნულებას იძენს და ესტროგენების წყარო ხდება. იმ ქალებს, რომლებიც ინტენსიურად მიირთმევენ სოიას, კლიმაქსის სტადიაში ოსტეოპოროზის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. კლიმაქსის პერიოდში სოიით მომზადებული საკვების მიღება წელის არეში ტკივილსა და კიდურების ეგრეთ წოდებულ „ტეხას“ აგარიდებთ თავიდან.
კლიმაქსი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რაც ნეიროენდოკრინული რეგულაციის მოშლითა და სასქესო ჯირკვლების დაქვეითებით არის განპირობებული. ძლიერი სქესის წარმომადგენლებში, ის ნელა ვითარდება და მხოლოდ სქესობრივი პოტენციის დაქვეითებით ხასიათდება. იშვიათად კი ზოგს უჩნდება კლიმაქტერიული ნევროზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ალები, ოფლიანობა, კიდურების დაბუჟება, დისკომფორტის შეგრძნება და ასე შემდეგ. ამ დროს მამაკაცს გახშირებული აქვს გულისცემა, აწუხებს გული, იმატებს არტერიული წნევა, უძნელდება შარდვა. ასევე, ხშირია შარდის ბუშტის ტკივილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კლიმაქტერიული ნევროზის დროს შარდის ბუშტი სუსტდება, მცირდება მისი ტონუსი და წინამდებარე ჯირკვალში იწყება ცვლილებები.
კლიმაქსის პერიოდში მამაკაცი გაღიზიანებულია, უქვეითდება მეხსიერება, ეწყება სხვადასხვა სახის შიში, საკუთარ თავში იკეტება და უჩნდება განმარტოების სურვილი. ეს დეპრესიის, სხვადასხვა სახის ნევროზისა და ფსიქოზის პირველი ნიშანია. კლიმაქტერიული ნევროზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ორგანიზმის ასაკის შესაბამისად დატვირთვა, დასვენება, კვების რეჟიმის სათანადოდ დაცვა. მიზანშეწონილია რაციონალური კვება, ვიტამინების მიღება, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.

რომელი ინფექცია ზრდის უშვილობის რისკს
ბოლო დროს ძალიან გახშირდა ინფექციები, რომლებიც იმუნოდეფიციტს უკავშირდება. ორსულებში არსებული ბუნებრივი იმუნოდეფიციტის გამო გახშირდა ჰერპეროინფექციები, ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდიოზი, რაც ხშირად შეწყვეტილი ორსულობისა და პათოლოგიური ნაყოფის დაბადების მიზეზი ხდება.
ჰერპეროვირუსებიდან ყველაზე გავრცელებულ კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანში დაავადების გამომწვევი ხუთი ტიპის ვირუსი. პირველი და მეორე ტიპის ვირუსებს მარტივ  ჰერპეროვირუსებს უწოდებენ, მესამე  ტიპის ვირუსი ბავშვთა ცნობილ ინფექციას, ჩუტყვავილას იწვევს. ის, ზოგადად, მძიმედ მიმდინარეობს. მეოთხე ტიპის ჰერპეროვირუსი იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს და ცხელებით, ლიმფური ჯირკვლების, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, სისხლში სპეციფიკური ცვლილებებით მიმდინარეობს. მეხუთე ტიპის ვირუსი – ციტომეგალოვირუსია, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა.
პირველი ტიპის ვირუსის დროს დაავადება მწვავე კლინიკური ნიშნებით ავადმყოფთა მხოლოდ ერთ მეოთხედში ვლინდება. ეს შესაძლოა, იყოს გრიპის მსგავსი სიმპტომი, პირის ღრუს ლორწოვანას დაზიანება და ასე შემდეგ. მეორე ტიპის ჰერპეროვირუსის გავრცელება კი სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობის პარალელურია და ამ გზით გადადის. ვირუსი ხან ავლენს თავს და ხან პერიოდული გამწვავება ახასიათებს.
როცა ორსულში ფიზიოლოგიურადაა დაქვეითებული იმუნიტეტი, დედის ორგანიზმში აქტიურდება ჰერპესინფექცია. ვირუსი შესაძლოა პლაცენტის გავლითაც მოხვდეს ნაყოფის ორგანიზმში და გამოიწვიოს მისი დაზიანება, დაღუპვა, სიმახინჯეები. შეიძლება ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი ფილტვების ანთებით, ჰეპატიტით, თავის ტვინის ანთებითა და ასე შემდეგ.
ციტომეგალოვირუსი  ორგანიზმში ჩუმად მიმდინარეობს და მხოლოდ მწვავე იმუნოდეფიციტურ პირობებში იწყებს გამოვლენას. განსაკუთრებული კლინიკური ნიშნები არ აქვს და შესაძლოა, ნებისმიერი რთული ინფექციის სახით გამოვლინდეს.
იმის მიხედვით, თუ ორსულობის რა ეტაპზე გააქტიურდება ვირუსი და გაარღვევს პლაცენტის ბარიერს, შესაძლოა, განვითარდეს თვითნებური აბორტი, სხვადასხვა თანდაყოლილი სიმახინჯე. ციტომეგალოვირუსის სამკურნალო პრეპარატები ძალიან ტოქსიკურია და მათი დანიშვნა ახალშობილისთვის არ არის რეკომენდებული. სისხლის ანალიზის მიხედვით განისაზღვრება სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრი.
ტოქსიკოპლაზმოზის ვირუსს ცხოველები ავრცელებენ. ინფექცია საგნებისა და პროდუქტების საშუალებით ვრცელდება. ინფექცია უმეტესად ჩუმ მდგომარეობაშია, გააქტიურების დროს კი დიდდება ლიმფური კვანძები, აღინიშნება ტემპერატურის მატება, მუცლის ტკივილი, ქოლეცისტიტი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, უგუნებობა. ეს ინფექცია საშიშროებას უქმნის ორსულს. ტოქსიკოპლაზმის ერთხელ გადატანის შემდეგ სუსტდება იმუნიტეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადება მწვავე ფორმით აღარ განვითარდება და ჩუმად მაინც იარსებებს ორგანიზმში.
ქლამიდიები მცირე ზომის მიკროორგანიზმებია და იწვევს შარდ-სასქესო გზების ანთებით დაავადებას. უროგენიტალიური ქლამიდიოზი მეორად უშვილობას იწვევს. მისი მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ ქლამიდიის გამომწვევი მიკრობი ადამიანის უჯრედებში ცხოვრობს და პრობლემაა სამკურნალო საშუალებების მათში შეღწევა. გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი პარტნიორების მკურნალობა ერთდროულად უნდა მოხდეს. გარდა გამომწვევზე მოქმედი პრეპარატებისა, გამოიყენება ორგანოთა ფუნქციების აღსადგენი საშუალებები. იმუნიტეტის გამაძლიერებლებისა და სხვა იმუნური სისტემების გასამაგრებლად. კარგია იმუნომოდულატორები, მაგალითად, C და E ვიტამინები. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას. ორსულმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო მიკროელემენტი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტშია.

კანის ფერსა და დაავადებებს შორის პირდაპირი კავშირია
თუ კანმა მოყვითალო ფერი მიიღო, გამოიკვლიეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რადგან, შესაძლოა, ანთებითი პროცესი უკვე დაწყებულია, ხოლო, თუ ფერმკრთალი ხართ, სავარაუდოდ, ანემია გაქვთ და ეს ან რკინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, ან სასუნთქი გზების პრობლემები გაწუხებთ. ამ შემთხვევაში გამოიკვლიეთ ფილტვები და ბრონქები. თუ სიმკრთალეს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს ტუჩებსა და ცხვირზე, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გულის პრობლემა გაქვთ.
ფერმკრთალი კანი იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმს გარკვეული სახის ვიტამინები სჭირდება, ხოლო მშრალი და დაჭიმული კანი კუჭის მოქმედების დარღვევაზე, კერძოდ კი ქრონიკულ გასტრიტზე, კუჭის წყლულზე მიგანიშნებთ.
მოშავო, მუქი ფერის კანი თირკმელების უკმარისობას გამოხატავს, ხოლო გამომშრალი კანი, რომელიც იქერცლება – იმუნიტეტის დაქვეითებასა და ავიტამინოზს.
ცხიმიანი კანი ლიპიდური მიმოქცევის დარღვევის ნიშანია და ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. ხოლო, თუ კანზე დროდადრო ცხიმიანი ლაქები ჩნდება, ეს ალერგიის ბრალია.
კისერზე ან მკერდზე კანის გაწითლება ჰიპერტონიაზე მიუთითებს, ხოლო, თუ მუწუკებიც გიჩნდებათ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ.
ასე რომ, დააკვირდით თქვენი კანის შეფერილობას, მის სტრუქტურას და, არ გაგიჭირდებათ, თავად გაარკვიოთ, რომელი დაავადება მიმდინარეობს თქვენს ორგანიზმში ფარულად და უპირველეს ყოვლისა რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა დაავადება დროთა განმავლობაში არ გამწვავდეს და ქრონიკულში არ გადაიზარდოს.

გავა-წელის რადიკულიტის დროს კარგია წყლის პროცედურები
კისრისა და გავა-წელის რადიკულიტი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ოსტეოქონდროზი. ამ დაავადებით დასნებოვნების რისკის ქვეშ არიან ისინი, ვისაც აღენიშნება ხერხემლის თანდაყოლილი ანომალია, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, დიაბეტი, პოდაგრა, ავიტამინოზი, ვიტამინების ცვლის მოშლა ორგანიზმში, ტრავმა, გაციება, ინფექცია, ინტოქსიკაცია და ასე შემდეგ. გავა-წელის  რადიკულიტი იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ წვივზეც გადადის. ამ დროს სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. გავა-წელის რადიკულიტს ხშირად თან სდევს ხერხემლის გამრუდება და წელის კუნთების დაჭიმვა. მის მიმდინარეობას, შესაძლოა, მოჰყვეს წნევის მომატებაც.
დაავადების მკურნალობის აუცილებელი პირობაა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. გარკვეულ შედეგს იძლევა სხვადასხვა ფიზიოპროცედურა. ქრონიკულად მიმდინარე რადიკულიტის დროს კარგია წყლის აბაზანები. ის რეფლექტორულად მოქმედებს მტკივნეულ ადგილზე, არეგულირებს ნერვ-კუნთების ელემენტების მუშაობას და ამით ორგანიზმში ქმნის ენერგეტიკულ ბალანსს. ასევე, კარგია სპეციალური, ექიმის მიერ შერჩეულ-დანიშნული, ინდივიდუალური ვარჯიშები. დაავადების პირველივე გამწვავებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრული სამკურნალო კურსის ჩატარება და ორგანიზმის გაკაჟება.
თუ კუჭის წყლული გაქვთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას და ჭამეთ უმი ბოსტნეული
ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალიზებაზე ზემოქმედებს, თუმცა, დიდმა დოზამ, შეიძლება, სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ. დიდი რაოდენობით ყავის დალევა იწვევს უძილობას, აღგზნებას, კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევას, ტაქიკარდიას და ასე შემდეგ. კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის, მაგრამ, კუჭის წყლულისთვის ის მავნებელია მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების გამო. ამიტომ, თუ კუჭის წყლული გაქვთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას.
ასევე, გირჩევთ, ორ თვეში ერთხელ მოუწყოთ  ორგანიზმს განტვირთვის კვირა და ამით დაიცვათ თავი მრავალი ავადმყოფობისგან, რათა იყოთ ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამტანი. უარი თქვით ხორცის ჭამაზეც, უმჯობესია, ხშირად მიიღოთ უმი ბოსტნეული, რადგან ეს პროდუქტები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და არჩენს წყლულს. თუ გსურთ, გაარკვიოთ, გაწუხებთ თუ არა კუჭ-ნაწლავის პრობლემა, მიირთვით სამი კბილი ნიორი და ერთი  პატარა თავი ხახვი უმად. თუ ეს ბოსტნეული გწყენთ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა გაქვთ.

скачать dle 11.3