კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-40(771)

 ბასოვის ხსენებაზე ზალკინმა კოპები შეკრა და ჩაფიქრდა. პაუზის მერე კი, თავი გააქნია და ვასო ჩხიკვაძეს უთხრა:
– ბასოვმა ჩამიშვა ხომ, იმ ძუკნამ?
კაპიტანს გაეცინა და მიუგო:
– ბასოვმა კი არ ჩაგიშვა, საღებავის სუნმა, შენმა მოჩლექილმა ენამ და აღნაგობამ. ხომ გითხარი, რომ კარგად მყავხარ შესწავლილი-მეთქი და გამოგიჭირე. რაც არ გერგება, არ შეგერგება. გაიგე ახლა?
– გავიგე.
– ეს „ჟიგული“, ალაბთ, კლარასია, ხომ?
– კი, მისია.
– ზალკინ, ახლა მე კლარას ბინაში წავალ და ვაი, შენი ბრალი, თუ რამე მომატყუე. იცოდე, საშინელ დღეში ჩავარდები და თავბედს დაიწყევლი.
– არაფერი მომიტყუებია. სრული სიმართლე გითხარით და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ.
ვასო ჩაფიქრდა და მცირე პაუზის შემდეგ ზალკინს უთხრა:
– ერთად წავალთ.
– ერთად?
– რა იყო, რას მიწუნებ? ცუდი კომპანიონი ვარ?
– ჯობდა, არ შემხვედროდით.
– მაშინ, არ უნდა გევირთხა და ახლა აქ არ იქნებოდი. სოლიდურ წილსაც მოგცემდნენ და საერთოდ, ასეთ შარში აღარ გაეხვეოდი.
– სიხარბემ დამღუპა.
– მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა. ახლა კი უკვე გვიანია და ერთადერთი საფიქრალი გაქვს.
– რა საფიქრალი?
– რა და, როგორ გადაირჩინო სიცოცხლე. მილიცია და შავები გამწარებულები გეძებენ. ხელში თუ ჩაგიგდეს, იცი, რასაც გიზამენ.
– კარგს არაფერს.
– ჰოდა, ჭკვიანად იყავი.
– ჭკვიანად ვარ, – თავი გააქნია ზალკინმა და სავარძლიდან წამოდგომა სცადა. კაპიტანმა ანიშნა, – არ გაინძრეთ. შემდეგ ტელეფონის ყურმილს დასწვდა, რომლის პარალელური ხაზიც თემურს სარდაფში ჰქონდა ჩაყვანილი და ცოლისძმას უთხრა:
– ჩვენ გავდივართ. კარს ჩავკეტავ და გასაღებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ. ჩამოდი, აიღე და სახლში დამელოდე.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა თემურმა სიძეს.
– საქმეზე.
– მალე მოხვალ?
– ვეცდები.
– ეგეც მიგყავს?
– კი.
– მეც ხომ არ წამოვიდე?
– რატომ?
– ყოველი შემთხვევისთვის.
– დარჩი და დამელოდე.
– ფრთხილად იყავი, ვასიკო.
– ნუ გეშინია. წავედით, – მიუგო კაპიტანმა თემურს. ყურმილი აპარატზე დადო და ზალკინს უთხრა:
– ახლა კი ადექი და წავედით, მაგრამ გაფრთხილებ, თუკი რამეს დააპირებ, იქვე გაგათავებ.
– რა უნდა დავაპირო. გიჟი კი არ ვარ, – მიუგო ზალკინმა და სავარძლიდან წამოდგა.
კაპიტანმა და მისმა ტყვემ თითქმის მთელი მოსკოვი გაიარეს. სოლნცევოს დასახლებაში მისასვლელად ერთი საათი დასჭირდათ. ვასომ „ჟიგული“ სახლთან გააჩერა და გადმოსვლის წინ, ზალკინი კიდევ ერთხელ გააფრთხილა:
– გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, გაფრთხილებ, მშვიდად იყავი, თორემ თავს წააგებ.
– ჭკუა ვისწავლე. ჭკვიანად ვიქნები, – ირონიით მიუგო ქირურგმა და მანქანიდან გადავიდა, ვასოს კი უთხრა, – ხელები მაინც გამითავისუფლეთ, თორემ დამიბუჟდა.
– აბა, ჭკვიანად ვიქნებიო? – შეუღრინა კაპიტანმა და თავით ანიშნა, – წინ იარე!
ვასო და ქირურგი დიდი თეატრის გრიმიორის ბინაში რომ შევიდნენ, კაპიტანმა ზალკინს სავარძელზე მიუთითა:
– მცირე მოძრაობის მცდელობაზეც კი, გაუფრთხილებლად გესვრი. გაისუსე და სანამ თვითონ არ გკითხავ, ხმა არ ამოიღო.
– გასაგებია, – მიუგო ზალკინმა და დადუმდა.
ვასომ პისტოლეტი მოიმარჯვა. საძინებელში შევიდა და არაბული ტახტიდან ორი ჩანთა ამოიღო. ჩანთები სასტუმრო ოთახში გამოიტანა და გახსნა. ერთხანს ძვირფასეულობას აკვირდებოდა. ბოლოს კი ზალკინს ჰკითხა:
– ფული რამდენია დარჩენილი?
– რაც იყო – ნახევარი მილიონი მანეთი, – მიუგო ქირურგმა.
– როგორ, კაპიკი არ მოგიკლია?
– არა.
– აბა, ამდენი ხანი კლარას ხარჯზე ცხოვრობდი?
– დანაზოგი მქონდა რვა ათასი და იმას ვხარჯავდი. საზღვარზე გადასაყვანი ხუთი ათასიც იმ ფულიდან გადავიხადე.
– ძალიან კარგი. ესე იგი, შენ კაპიკიც არ გერგო აქედან. არცაა საჭირო. არ იმსახურებდი და იმიტომ, – უთხრა ვასომ ზალკინს. ჩანთები ისევ შეკრა და დაამატა, – ოთხასი მანეთი გაქვს და ერთხანს გეყოფა. შემდეგ კი შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ. თუ ფული უკვე გადახდილი გაქვს, შეგიძლია, თურქეთშიც გადახვიდე. მართალია ხელცარიელი, მაგრამ შენი გაქანების კაცი არც იქ დაიკარგები. მე კი წავედი და ერთ სასარგებლო რჩევას მოგცემ: არ ეცადო, უკან დამედევნო ან ძებნა დაგვიწყო. თუ ჩაგავლეს, ცუდ დღეში ჩავარდები. ბასოვის მისამართი და სახელიც დაივიწყე და ის სახლიც, საიდანაც აქ მოვედით. გასაგებია?
– რას შვრებით, აქ მტოვებთ? – ხმის კანკალით იკითხა ზალკინმა. კაპიტანს კი გაეცინა და ირონიით მიუგო:
– არა, „დისნეი ლენდში“ წაგიყვან და დროს გაგატარებინებ.
– აქ რომ დამტოვოთ, დავიღუპები. ცარიელ-ტარიელი ვერაფერს ვიზამ.
– თურქეთში გადადი.
– უფულოდ იქ რა ჯანდაბა მინდა. ორმოცდაათი ათასი მანეთი მაინც დამიტოვეთ.
– კიდევ რა გინდა, სულ ხომ არ დაგიტოვო, რაც ამ ჩანთებშია და კიდევ ჩემი ბინაც ხომ არ გადმოგიფორმო?
– არა, პატივცემულო, ასე ნუ დამტოვებთ. ნუ გამწირავთ.
– შენ რომ სედოი, დიმკა და ფიგარო გაწირე. თანაც, დამცინავი ბარათი დაუტოვე, აღარ გახსოვს?
– მახსოვს.
– ჰოდა, ჩუმად. რაც დათესე, იმას იმკი. ახლა კი წავედი.
– ერთი წუთით მომისმინეთ, თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს.
– რა საქმე. საქმეს უკვე მოვრჩი. შენთან კი არანაირი საქმე არ მაქვს.
– მომისმინეთ და არ წააგებთ.
– რომ არ მოგისმინო, რას წავაგებ, რო?!
– მართალი ხართ, მაგრამ, უფრო მეტს მოიგებთ.
ვასომ საათს დახედა და ზალკინს უთხრა:
– შუაღამეს გადასცდა. უნდა წავიდე და დავისვენო. ღამე მშვიდობისა!
– ერთი საიდუმლო ვიცი. თუ მომისმენთ, გეტყვით და ზღაპრულად გაგამდიდრებთ, – მიაძახა ზალკინმა კარისკენ მიმავალ კაპიტანს.
ვასო შეჩერდა და ქირურგს უთხრა:
– შენზეა ნათქვამი – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ძალები დაზოგე და იმაზე იფიქრე, როგორ გადაირჩინო თავი, – ვასომ პაუზა გააკეთა და ღიმილით დაამატა: – თუმცა, სწორედ ამას ცდილობ ახლა და ყველა საშუალებით გინდა, თავი დააღწიო კატასტროფას, რომელიც უეჭველად გელოდება, რაც შენ სამართლიანად დაიმსახურე.
– გეთანხმებით, დავიმსახურე, მაგრამ არაფერს გატყუებთ. ერთ საიდუმლოს მივაგენი და, თუ ამოვხსნით, მერწმუნეთ, აურაცხელ სიმდიდრეს ჩავიგდებთ ხელში.
– როგორც გრაფმა მონტე კრისტომ,  ხომ? – ირონიით თქვა კაპიტანმა, ზალკინმა კი სრული სერიოზულობით მიუგო:
– შეიძლება, უფრო მეტიც იყოს იქ. მთავარია, მივაგნოთ იმ ადგილს, – ზალკინმა პაუზა გააკეთა და დაამატა: – სერვანტის შუა უჯრიდან ოქროს პატარა ყუთი და რვეული ამოიღეთ და ყველაფერს აგიხსნით.
ვასო ჩხიკვაძემ ჩანთები იატაკზე დააწყო, სერვანტის უჯრა გამოაღო. იქიდან ოქროს ყუთი და რვეული ამოიღო და ზალკინს ჰკითხა:
– ესენი?
– დიახ. ახლა ყუთი გახსენით და შიგთავსი ამოიღეთ.
კაპიტანმა ყუთიდან ოქროს გასაღები ამოიღო და თქვა:
– მგონი, ბაჯაღლო ოქროსგანაა ჩამოსხმული, თანაც, საკმაოდ მძიმეა – ას გრამზე მეტი იქნება.
– ზუსტად ას ორმოცდაათი გრამია, – თქვა ქირურგმა.
– ესაა აურაცხელი საგანძური? – თქვა კაპიტანმა და უზარმაზარი ოქროს გასაღები შუქზე შეათვალიერა.
– ეს მხოლოდ საგანძურის გასაღებია.
– ბურატინოს ოქროს გასაღები, ხომ?
– მომისმინეთ და ჩემს სიმართლეში დაგარწმუნებთ.
– გისმენ, აბა, დამარწმუნე.
– ხელები გამიხსენით, რომ რაღაც გიჩვენოთ.
– ხელებს გაგიხსნი, მაგრამ რემბოობა არ სცადო. გაფრთხილებ, რომ ადგილზევე გაგათავებ.
– არა, რა რემბოობა.
– რა და, იქნებ ფიქრობ, რომ გამანეიტრალებ, შემდეგ კი განძითა და ფულით მიიმალები?
– გამორიცხულია, – თავი გააქნია ზალკინმა, – ამ ბინის გარდა, სხვა სამალავი არ მაქვს. თანაც, ბასოვიც გაშიფრულია და ვერსად წაგივალთ.
– იქნებ ფიქრობ, რომ მომკლავ, ამით დროს მოიგებ და შენს მზაკვრულ ჩანაფიქრს აღასრულებ?
– არა, ჩემს მდგომარეობაში თქვენი დახმარების გარეშე შორს ვერ წავალ.
– ჩემი დახმარების გარეშე?
– დიახ.
– მაინც, რა დახმარებას გულისხმობ?
– რას და, თუკი დაგიმტკიცებთ, რომ სიმართლეს ვამბობ, არაფერს დამიშავებთ და, თუ საჭირო გახდება, საიმედოდ გადამმალავთ. ხოლო, როდესაც საგანძურს ვიპოვით, იქიდან იმდენს მომცემთ, რაც საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის მეყოფა.
– წილიც გინდა და დაგმალო კიდეც? – გაეცინა ვასოს, – ამაზე უკეთეს დასამალს სად იპოვი?
– კი მაგრამ, კლარა რომ ამერიკაში დარჩება და ეს ამბავი გაბაზრდება, მაშინ ხომ კომპეტენტური ორგანოები აქ მოვლენ? ხოლო მე თუ მათ აქ დავხვდები, რა დღეც დამადგება, კარგად იცით.
– ვნახოთ. ჯერ დამარწმუნე, რომ არ ეშმაკობ, – თქვა კაპიტანმა, პისტოლეტი ამოიღო და ზალკინს მიუშვირა, მეორე ხელით მაგრად მოჭერილი ქამარი შეუხსნა, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და დაამატა: – კიდევ ერთხელ გაფრთხილებ: რემბოობა სიკვდილით ისჯება.
– რა რემბოობა, ხელებს ვეღარ ვგრძნობ, ისე დამიბუჟდა, – თქვა ზალკინმა და ხელები დაიზილა, რომ სისხლი აემოძრავებინა. შემდეგ მაგიდასთან მივიდა, ოქროს ყუთი აიღო, გახსნა და ორმაგი ფსკერიდან ამოღებული ფირფიტა კაპიტანს დაანახვა.
– ეგ რა არის? – ჰკითხა ვასომ ზალკინს.
– ძველი ებრაული დამწერლობა.
– მერე რა?
– რა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტექსტში იმალება რაბინების, გვარად ვაისმანების აურაცხელი განძის ადგილმდებარეობის საიდუმლო.
– პირველად მესმის ეგ ამბავი, – თქვა ვასომ.
– ცნობილი ამბავია, ყოველ შემთხვევაში, რუსეთში.
– შეიძლება. მაგრამ, მე არ მსმენია. აბა, ერთი, მომიყევი.
– შეიძლება, მოვწიო?
ვასომ სიგარეტის კოლოფი დაბალ მაგიდაზე დააგდო და ზალკინს უთხრა:
– სავარძელში ჩაჯექი და ჩემი ნებართვის გარეშე წამოდგომა არ სცადო. მოწიე. აი, ასანთიც, – კაპიტანმა მაგიდაზე ასანთიც დააგდო, თვითონ კი ტახტზე ჩამოჯდა და პისტოლეტი დაუშვა.
ზალკინმა გააბოლა და თქვა:
– რაბინი აარონ ვაისმანი მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიიდან რუსეთში ჩამოვიდა. ის ანტისემიტს გამოექცა და, ცნობილია, რომ საკმაოდ დიდი ქონებაც წამოიღო. ვაისმანი მოსკოვში დასახლდა და აქაური ქალაქის მმართველობა დაიახლოვა – ისინი მოქრთამა და თავდაპირველად პატარა იუდაისტური სამლოცველო სახლის გახსნის უფლება მიიღო. რამდენიმე წელიწადში კი სინაგოგაც ააშენა და მოსკოვის მთელი ებრაელობა შემოიკრიბა. დროთა განმავლობაში ვაისმანმა სხვადასხვა ბიზნესი დააწყებინა თავის თანამოძმეებს და მათგან სოლიდურ წილს იღებდა ფულითა და ძვირფასეულობის სახით, ხოლო სულ რაღაც ათ წელიწადში ძალიან გამდიდრდა და მოსკოვის ებრაელთა ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. აარონს ორი ვაჟი ჰყავდა და ორივე რაბინი გახდა და მათ მამის დანატოვარი ქონება უფრო მეტად გაზარდეს. რაბინი გახდა აარონის შვილიშვილიც, რომელსაც ასევე აარონი დაარქვეს ბაბუის პატივსაცემად. სწორედ აარონ უმცროსის დროს მოხდა რევოლუცია და ხელისუფლებაში  კომუნისტები მოვიდნენ. აარონ უმცროსმა თავისი მეუღლე და ორი შვილი, ისინიც ვაჟები, დიდ ბრიტანეთში გახიზნა და თავადაც აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ის „ჩეკისტებმა“ წაიყვანეს და ლუბიანკაზე ამოხდა სული. აარონ უმცროსი, ალბათ, წამებით მოკლეს და იმიტომ აწამეს, რომ საგვარეულო განძი გადაეცა მათთვის. თუმცა, ამის გამხელას მან სიკვდილი არჩია.
– სულ ესაა? – იკითხა ვასო ჩხიკვაძემ.
– ძირითადად – კი, – მიუგო ზალკინმა.
– თავგზას ხომ არ მიბნევ, რომ შენი შავ-ბნელი ზრახვები განახორციელო? – ჩაეცინა კაპიტანს.
– არა. რაც მოგიყევით, აბსოლუტური სიმართლეა. ვაისმანების საგანძური ნამდვილად არსებობს, ამის შესახებ საბჭოთა კავშირში არალეგალურად თარგმნილი და გამოცემული ბროშურაც მეტყველებს, რომელიც მე ჯერ კიდევ „პერესტროიკის” დროს ჩამივარდა ხელში და ყურადღებით გავეცანი.
– რა ბროშურა? – გაეცინა ვასოს. ზალკინმა კი მის ირონიას ყურადღება არ მიაქცია და მიუგო:
– ბროშურის ავტორი ერთი ებრაელი ისტორიკოს-პუბლიცისტია,  რომელიც ჯერ კიდევ სამოციან წლებში გაემგზავრა ისრაელში და, როგორც თვითონ წერს, უმცროს ვაისმანსაც იცნობდა.
– მერე რა?
– ის ამბობს, რომ ვაისმანების საგანძური ნამდვილად არსებობდა და, მისი აზრით, ის „ჩეკამ“ წაიღო, რაბინი კი მოკლეს.
– თუ განძი ნამდვილად არსებობდა, მაშინ მას ნამდვილად „ჩეკა“ წაიღებდა და ეგ ისტორიკოსი არ ცდება, – თქვა ვასომ, – ან, ის რაბინი იმ განძს საზვარგარეთ გაიტანდა. თუმცა, განძის ისტორია თავიდან ბოლომდე ზღაპარი მგონია.
– არა, – თავი გააქნია ზალკინმა.
– რა არა? – ჰკითხა ვასომ.
– პირველ რიგში ის, რომ ეს უტყუარი ისტორიაა და წყალი არ გაუვა.
– მეორე რიგში? – გაეცინა ჩხიკვაძეს.
– მეორე რიგში ის, რომ განძი „ჩეკამ“ ვერ ჩაიგდო ხელში, რადგან რაბინი ვერ გატეხეს.
– რატომ ფიქრობ ასე?
– მაშინ, ამ ოქროს ყუთსა და გასაღებსაც „ჩეკა“ ჩაიგდებდა ხელში, ეს კი ასე არ მოხდა.
– ეს ნივთები რა მოსატანია იმ აურაცხელ საგანძურთან, რომელზეც შენ ლაპარაკობ?
– ეს ნივთები პირდაპირ კავშირშია და მათ გარეშე განძს ვერავინ დაეუფლებოდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს ამ ფირფიტაზე ამოტვიფრული ტექსტის დასაწყისში წერია, რომლის გაშიფვრაც მე მოვასწარი, – თქვა ზალკინმა და დაამატა: – აი, ეს რვეული აიღეთ და წაიკითხეთ, რა წერია პირველ გვერდზე.
ვასომ რვეული გადაშალა და წაიკითხა:
– „მე, რაბინი აარონ ვაისმანი, მსახური  ღვთისა, უფლის რისხვას ვუგზავნი ყველა იმ უწმინდურსა და ავაზაკს, ვინც ამ საგანძურის ხელყოფას შეეცდება”, – კაპიტანმა პაუზა გააკეთა. რვეული მაგიდაზე დააგდო და ზალკინს უთხრა: – აქ მეტი არაფერი წერია ამ წყევლის გარდა. სისულელეა...
– პირიქით, – გაეცინა ზალკინს.
– რა პირიქით? ამ წყევლით გინდა დამარწმუნო რაღაც მითიური საგანძურის არსებობაში?
– შეიძლება, თქვენი სახელი გავიგო? – ჰკითხა კაპიტანს ზალკინმა.
– ვასო, – მიუგო ჩხიკვაძემ.
– ბატონო ვასო, ეს გასაღები 1859 წელსაა დამზადებული, რაზეც მასზე ამოტვიფრული თარიღი მეტყველებს.
– მერე რა? – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა. ზალკინმა კი დაამატა:
– ანუ, აარონ უფროსის სიცოცხლეში და, აქედან გამომდინარე, მისივე შეკვეთით, თუ მის მიერვე არა. ის იუველირის პროფესიასაც ფლობდა და, შეიძლება, თავადაც დაამზადა გასაღები.
– მერე, მერე? თქვი! – დაინტერესდა კაპიტანი და გააბოლა.
– დაინტერესდით? – გაეღიმა ზალკინს, ვასომ კი შეუღრინა:
– საქმეზე ილაპარაკე!
– 1859 წელს რაბინი აარონ უფროსი უკვე საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო, როგორც ჩანს, განძს ერთ ადგილზე მოუყარა თავი და საიმედოდ შეინახა, შემდეგ კი გასაღები და ყუთი დაამზადა, რომელზეც განძის ადგილმდებარეობა აღნიშნა და ამ სახით გადასცა ის თავის შთამომავლობას. საიდუმლო არაა, რომ ებრაელებს სჩვევიათ ყველაფრის ასეთ მისტიკურ საბურველში გახვევა და ამ შემთხვევაში არც აარონ უფროსია გამონაკლისი. ამ მცირე ინფორმაციას თუ გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ განძი მართლაც ძალიან ბევრია და, აქედან გამომდინარე, რთულად ტრანსპორტირებადი. ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო არ გაჰყვა საზღვარგარეთ თავის ცოლ-შვილს აარონ უმცროსი – ის საგანძურის გადატანის საშუალებებს ეძებდა. ამ დროს კი მას „ჩეკა” დაადგა და ის წამების დროს ისე გარდაიცვალა, რომ განძის ადგილმდებარეობა არ გაუთქვამს.
– გასაღები? – იკითხა ვასომ.
– რა გასაღები? – კითხვა შეუბრუნა ზალკინმა.
– სად ან ვისთან იყო გასაღები, როდესაც აარონ უმცროსი „ჩეკაში“ წაიყვანეს და საიდან მოხვდა ის ამ საგანძურში? და, საერთოდ, როგორ მიხვდი, რომ ეს გასაღები ვაისმანების საგანძურისაა?
– ბოლოდან დავიწყებ.
– მიდი.
– გასაღები რომ ვაისმანების საგანძურისაა, იქიდან მივხვდი, რაც ამ გასაღების თავზეა ამოტვიფრული, – თქვა ზალკინმა და ოქროს გასაღები დაანახვა ვასოს: – აი, შეხედეთ, ფაფარაყრილ ლომს დავითის ვარსკვლავი უპყრია ხელთ და ფაფარზე კი ებრაული  W ჰკიდია  – ეს ვაისმანების ღერბია და ეს ღერბი იმ ებრაელი ისტორიკოსის წიგნშიცაა აღწერილი. ასე რომ, გასაღები და განძი ამგვარად დავუკავშირე ერთმანეთს.
– შემდეგ?
– შემდეგ ვაისმანების ღერბიანი გასაღები ძარცვის შედეგადაა  კარლიკის განძში მოხვედრილი. როგორც ჩანს, ეს გასაღები აარონ უმცროსმა თავისი ნდობით აღჭურვილ პირს დაუტოვა და ის კარლიკის წინაპრებმა გაძარცვეს, ან, სულაც, აარონ უმცროსს ეს გასაღები გადამალული ჰქონდა და კარლიკის წინაპრებმა ერთ-ერთი ძარცვისას იპოვეს და წაიღეს. ანუ, ეს გასაღები სხვაგან იყო, როდესაც აარონ უმცროსს „ჩეკაში“ სული სძვრებოდა. რას იტყვით, დამაჯერებელი ვერსიაა? – ჰკითხა ზალკინმა ვასოს.
– დამაჯერებელი მაშინ იქნება, როდესაც საგანძურს მივაგნებთ, – მიუგო ვასომ.
– საგანძურს რომ მივაგნოთ, მთლიანი ტექსტია გასაშიფრი.
– მთლიანი ტექსტის გაშიფვრაში რამ შეგიშალა ხელი?
ზალკინს ჩაეცინა და მიუგო:
– საქმე ისაა, რომ ტექსტის გაშიფვრას მხოლოდ გუშინ შევუდექი და ამ ერთი წინადადების გაშიფვრა ბასოვთან ვიზიტამდე მოვახერხე. დანარჩენის გაკეთებას იქიდან დაბრუნებისთანავე ვაპირებდი, რაშიც თქვენ შემიშალეთ ხელი.
– აქამდე რა გიშლიდა ხელს?
– საქმე ისაა, რომ ამ განძის არსებობის შესახებ, უფრო სწორად კი, ის, რომ ეს გასაღები ვაისმანების განძისაა, ამ ერთი კვირის წინ შევიტყვე. განძს რომ ამერიკაში გასატანად ვახაზირებდი, გასაღებიც მაშინ აღმოვაჩინე და გავშიფრე, – თქვა ზალკინმა, პაუზა გააკეთა და დაამატა: – ახლა დანარჩენი ტექსტიც გავშიფროთ და, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ არ ვიტყუები, დამეხმარეთ.
– მე სხვა აზრი მაქვს.
– რა აზრი?
– რა და, მე ახლა ამ ჩანთებს წავიღებ და შევინახავ, შენ კი აქ დაგტოვებ. გაიქცევი? ჯანდაბამდისაც გზა გქონია, ხოლო, თუ აქ დამხვდები, ტექსტიც ერთად გავშიფროთ.
– მაბითურებთ, ვასო? – თქვა ზალკინმა.
 – შენნაირი გგონივარ? – მიუგო ჩხიკვაძემ, – წავედი და დილით მოვალ. ეს გასაღები კი თავის ყუთიანად შენთან იყოს და თუ გაქცევას დააპირებ, ჯანდაბამდის გზა გქონია. შორს მაინც ვერ წახვალ, ვერც საზღვარზე გადასვლას მოახერხებ და გაებმები. ამიტომ, არ გირჩევ ამის გაკეთებას.
– სად ჯანდაბაში უნდა წავიდე, – ამოიკვნესა ქირურგმა, – სიგარეტი მაინც დამიტოვე.
კაპიტანმა ზალკინს სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დაუგდო. ჩანთები მოიკიდა და წავიდა. მეორე დღეს კი ნაშუადღევს დაბრუნდა და ბინაში რომ შედგა ფეხი, ქირურგს უთხრა:
– მე კი ვფიქრობდი, ალბათ, ახლა ქირურგი ზალკინი უკვე ბოსფორის სრუტეზე გადადის-მეთქი.
– დამცინით, ხომ? – თავი გააქნია ქირურგმა, – მე დრო არ დამიკარგავს. მთელი ღამე გავათანე და ვაისმანის განძის ადგილმდებარეობა გავიგე.
– მართლა?
– დიახ, მართლა.
– აბა, თქვი, რა შეიტყვე.
– სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ერთი რამ მინდა გკითხოთ.
– მკითხე.
– რუსულად მშვენივრად ლაპარაკობთ, მაგრამ, გეტყობათ, რომ ქართველი ხართ. სწორია?
– აბსოლუტურად, – მიუგო ვასომ.
– თქვენი ინფორმირებულობიდან ვხვდები, რომ რომელიღაც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობთ.
– რა გარს მივლი, პირდაპირ მკითხე. მე დასამალი არაფერი მაქვს, – გაეცინა ჩხიკვაძეს.
– სად მუშაობთ?
– მე ვარ მილიციის კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე. გაკმაყოფილებს ჩემი პასუხი?
– ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს.
– მკითხე.
– მოსკოვში მუშაობთ თუ საქართველოში?
– საქართველოში.
– რომელ ქალაქში?
– ეს უკვე ორი კითხვაა, – გაეცინა კაპიტანს, – თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
– ბატონო ვასო, ვაისმანის განძი თბილისშია, – მშვიდად უთხრა ზალკინმა ჩხიკვაძეს და სიგარეტი გააბოლა.
კაპიტანმა პაუზა გააკეთა და ქირურგს ჰკითხა:
– შენ რა იცი?
– ხომ გითხარით, რომ მთელი ღამე მოვანდომე ტექსტის გაშიფვრას, – მიუგო ზალკინმა.
– თბილისში სად? – ჰკითხა ვასომ.
– ეგ არ ვიცი.
– როგორ, არაა მითითებული?
– მითითებული კი არის, მაგრამ მე თბილისს არ ვიცნობ და ეს უკვე თქვენ უნდა მითხრათ.
– ტექსტი სადაა?
ზალკინმა კომოდის უჯრიდან ოქროს ყუთი, გასაღები და რვეული ამოიღო, ვასოს მიაწოდა და უთხრა:
– აი, ტექსტი.
ვასო ჩხიკვაძემ რამდენიმეჯერ ყურადღებით წაიკითხა ტექსტი. პაუზა გააკეთა და ქირურგს უთხრა:
– თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ვიცი, სადაცაა განძი.
– თქვენ რა, ისევ არ გჯერათ?
– ძნელი დასაჯერებელია, – გაეღიმა კაპიტანს, – სად მოსკოვი და სად თბილისი. რატომ უნდა გადაემალა მოსკოველ რაბინს განძი თბილისში?
– ალბათ, იმიტომ, რომ ვერავინ მიწვდომოდა.
– მოსკოვში რა, ცოტაა მართლმადიდებლური ტაძრები?
– ეგ რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ, თუ ეს ბოდვა არაა, – კაპიტანმა ტექსტისკენ გაიშვირა თითი, – ეს განძი მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზეა დამალული. ადგილი, რომელიც ამ ტექსტშია მითითებული, სწორედ ამაზე მეტყველებს. თბილისში, ამ ადგილზე ყოფილი მართლმადიდებლური ტაძარი იყო.
– რატომ ყოფილი. ახლა რა, დანგრეულია?
– არა.
– აბა, რა?
– ის, რომ ახლა ის ტაძარი საცხოვრებელ სახლადაა გადაკეთებული. თუმცა, გუმბათი და სამრეკლო ხელშეუხებელია. სწორედ შარშან იმ ყოფილ ტაძარში ერთი ძებნილი ავიყვანეთ და აქედან ვიცი.
– მით უმეტეს, ადვილად მივაგნებთ საგანძურს.
– როგორ?
– მოვიფიქრებთ რამეს. სად მოქმედ ტაძარში ძებნა და სად საცხოვრებელ სახლში.
– მე ეს ყველაფერი სისულელე მგონია, – თქვა ვასომ.
– ტყუილად ფიქრობთ ასე. დარწმუნებული ვარ, რომ რაბინ ვაისმანის განძი იქაა.
– იქ იყო.
– ეგ როგორ?
– როგორ და, თუკი საგანძური მართლა იქ იყო, მას ვინმე იპოვიდა. ამოთხრიდა და წაიღებდა.
კაპიტნის სიტყვებზე ქირურგი გაფითრდა და თქვა:
– ღმერთმა დაგვიფაროს.
ვასოს გაეცინა და მიუგო:
– ისე ამბობ და განიცდი, თითქოს ეგ საგანძური შენი მემკვიდრეობა იყოს.
– მასე არაა, მაგრამ, ხომ მე მივაგენი?
– რას მიაგენი. აბა, მიჩვენე, სად გაქვს განძი?
– მე ტექსტის გაშიფვრას ვგულისხმობ, – საცოდავად თქვა ქირურგმა, – მე რომ არ მივმხვდარიყავი და გამეშიფრა ტექსტი, მაშინ ხომ დაიკარგებოდა ვაისმანის საგანძური? ახლა კი მისი პოვნის შანსი გვაქვს.
– გვაქვს, რო?
– არც ვცადოთ?
ვასომ ალმაცერად შეხედა ზალკინს და ირონიით მიუგო:
– ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი განძი და გვეყოფა. შენ კი შენი შანსი ხელიდან მაშინ გაუშვი, როცა მთელი კუშის დაუფლება სცადე. მაგრამ, არ გაგიმართლა და ფორტუნა სწორედაც მოგექცა.
– ბატონო ვასო, ვაღიარებ, რომ სიხარბემ მძლია, მაგრამ გარწმუნებთ, ასეთი რამ არასდროს განმეორდება.
– რა თქმა უნდა, არ განმეორდება. უბრალოდ, ამის საშუალებას არ მოგცემთ.
– თამაშგარე მტოვებთ?
– შენ თვითონ დაიტოვე საკუთარი თავი ოფსაიდში.
– კაპიტანო, გულწრფელად ვინანიებ ჩემს დანაშაულს. გარწმუნებთ, რომ არასოდეს, გესმით? არასოდეს (ქირურგს ცრემლები წამოსცვივდა) განმეორდება ის ვირთხობა, რაც ჩავიდინე. გევედრებით, ნუ დამტოვებთ ოფსაიდში და გარწმუნებთ, გამოგადგებით.
ვასომ მწველი მზერა ესროლა ქირურგს. ჩაფიქრდა. პაუზის შემდეგ კი უთხრა:
– ესე იგი, ოფსაიდში ნუ დაგტოვებთ?
– დიახ, ნუ დამტოვებთ. უმორჩილებსად გთხოვთ.
– ამას მარტო მე ვერ გადავწყვეტ.
– აბა, ვინ გადაწყვეტს?
– ის, ვინც შენ გააბითურე.
– ვის გულისხმობთ?
– სედოის და კამპანიას.
– სედოის და კამპანიას? – გაიმეორა გაფითრებულმა ზალკინმა.
– სწორედ მათ და მათ წინაშე მოინანიე, თუ გაპატიებენ, ხომ კარგი, თუ არა და, მაშინ თავადვე გადაწყვეტენ შენს ბედს. მე ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემ. გაწყობს?
– რომ მომკლან და არ მაპატიონ?
– არაა გამორიცხული.
ზალკინმა გააბოლა და ჩაფიქრდა, შემდეგ ფერზე მოვიდა. სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ვასოს უთხრა:
– იყოს, რაც იქნება. ზურგის გარეშე მაინც დავიღუპები. მონანიებით კი შეიძლება, გადავრჩე. წამიყვანეთ მათთან და ვნახოთ, რა მოხდება.
ვასოს გაეცინა და ქირურგს მიუგო:
– ჯერ მათ უნდა დაველაპარაკო, შემდეგ კი, ვნახოთ.
– კარგი. მასე იყოს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, – მიუგო ზალკინმა.
***
ვასო ჩხიკვაძემ ზარის ღილაკს თითი მიაჭირა და დაელოდა. სამიოდე წუთის შემდეგ კარი გაიღო. ზღურბლზე მოღიმარი გენერალი გამოჩნდა. მან კაპიტანი სახლში შეიპატიჟა. გადაეხვია და უთხრა:
– სად დაიკარგე, ვასო, ძვირფასო. ორ დღეში უნდა დაბრუნებულიყავი და უკვე ერთი კვირა გავიდა.
– საქმეები მქონდა, ვასილ ანდრეევიჩ, საქმეები, – მიუგო ვასომ.
– ხომ მშვიდობაა?
– მშვიდობაა, – თქვა კაპიტანმა, – კარგი ამბავი ჩამოგიტანეთ.
– მოდი, მოდი და თქვი ეგ კარგი ამბავი, –  ჩვეული რიხით თქვა გენერალმა, – ეგ რა ჩანთები აგიკიდია მხრებზე?
– სწორედ ესაა კარგი საქმეები, – ეშმაკურად ჩაეცინა კაპიტანს. გენერალს უკან გაჰყვა და განძის მაძიებლებს მიესალმა.
– აბა, გვიჩვენე შენი კარგი საქმეები, –  თქვა გენერალმა და ჩანთებს მიაპყრო მზერა, რომლებიც ჩხიკვაძემ მაგიდაზე დააწყო და პაუზა გააკეთა. შემდეგ, ოთახში მყოფთ იდუმალი მზერა მოავლო და მერე ცირკის კონფერანსიესავით გამოაცხადა:
– სასიკვდილო სანახაობა! სუსტი გულის პატრონები და ნერვიულები ნუ დაესწრებიან! განსაკუთრებით კი ეს ფიგაროს ეხება. ერთი, ორი და სამი... – კაპიტანმა ორივე ჩანთის ელვა ერთდროულად გახსნა. შემდეგ მკვეთრად ამოატრიალა და მაგიდაზე ფულის დასტები და კარლიკის საგანძური გადმოყარა.
გენერალი და განძის მაძიებლები თვალებგადმოკარკლულები უმზერდნენ ამ სურათს და ხმას არ იღებდნენ. ფიგარო კი გაფითრდა და ამოილუღლუღა:
– ღმერთო ჩემო, ზალკინის მოპარული კუში...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3