კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში გადმოინაცვლებს ახლო აღმოსავლეთის ფრონტის ხაზი უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს და რა აღნიშნეს აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტებმა ჭიქების მიჭახუნებით

ობამა-პუტინის შეხვედრის შემდეგ მოვლენები უჩვეულოდ და საოცრად ჩქარი ტემპით განვითარდა: უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტ პუტინს თითქმის ყველაფერზე დათანხმდა, ამასობაში კი სირიაში რფ-მ არა მხოლოდ ავიაცია, სახმელეთო ნაწილებიც შეიყვანა (მეტიც, მას ერაყის პრემიერ-მინისტრიც ეპატიჟება ტერორისტებთან ბრძოლაში დასახმარებლად); ევროპული პრესა აღტაცებულია ვლადიმირ პუტინის ჩართვით ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავის მხრივ, ამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებს თურქეთიც, რომელიც მომენტს იყენებს და ტერორისტების პოზიციების პარალელურად ბომბავს ქურთების პოზიციებსაც; ქურთების, რომლებიც ერთხანს სულაც მარტო უმკლავდებოდნენ ტერორისტებს. საქმეშია ირანიც. ეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების არასრული სურათია, თუმცა ზედაპირული მიმოხილვითაც აშკარაა, რომ პოლიტიკური კარტი აიჭრა და ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ემსახურება ვლადიმირ პუტინის ავტორიტეტის ამაღლებას რუსეთის შიგნით და რუსეთის იმიჯის რეაბილიტაციას დანარჩენ მსოფლიოში. ვაჟა ბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებსა და მათ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის.

 – რას უკავშირებთ რუსეთის მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩართვას ახლო აღმოსავლეთში ამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში?
– თუ კონკრეტულად ამჟამინდელ სიტუაციას შევაფასებთ ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, რომ ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, იმდენად, რამდენადაც რეალობა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკვე აღარ ასახავს ძალთა განლაგებას თანამედროვე მსოფლიოში და დიდი მოთამაშეების დღევანდელ მდგომარეობასა და მისწრაფებებს. ერთპოლუსიანი მსოფლიო, როგორადაც წარმოუდგენია ეს ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, არ არის მისაღები სხვა აქტიორებისთვის. ამდენად, ბუნებრივია, ეს იმანენტური წინააღმდეგობები გადაიზრდება ამ გავლენის სფეროებისა და პოზიციების გადანაწილებად უიარაღოდ და ზოგჯერ შეიარაღებული კონფლიქტებითაც და ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ არაბული სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთის სინამდვილეში. მეორე მხრივ, აქედან გამოწვეული პროცესები მკაფიოდ გვაფრხილებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობა დგას ხალხთა ახალი დიდი გადასახლების მიჯნასთან: რაც მოხდა ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში, დაახლოებით იგივე პროცესები ხდება და განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთის დემოგრაფიულ ექსპანსიას დასავლეთის მიმართულებით, რაც ჯერჯერობით მხოლოდ არაბულ სამყაროსა და აფრიკას მოიცავს, მაგრამ ამას უკან უდგას დიდი რეზერვი ჩინეთისა და ინდოეთის სახით. ამის შესახებ ჯერ კიდევ ბუში უმცროსი აფრთხილებდა მსოფლიოს, ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკების სწრაფი ზრდა არის ეროვნული საფრთხე ნომერი პირველი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ცივილიზებული სამყაროსთვის. და ამის გამოვლინებაა იგივე გადაუწყვეტელი პრობლემა სირიაში, რომელმაც სათავე დაუდო ადამიანების მასობრივი ნაკადის შეჭრას ევროპის ტერიტორიაზე და ვერანაირი პოზიცია ვერ გამოამჟღავნა გაერთიანებულმა ევროპამ ამ საფრთხის წინაშე. თუ ჩვენ საკითხს შევხედავთ ლოკალური და პოლიტიკური საომარი კონფლიქტების პრიზმაში, ამას ეწირება ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ინგრევა სახელმწიფოები და არაპროგნოზირებადი პროცესების კასკადი ყალიბდება, რომელთა გადაწყვეტის გზა არ ჩანს და, კონფლიქტი, რომელსაც ლოკალური რეზონანსი ჰქონდა, უკვე შეიძლება, აღვიქვათ, როგორც დიდი დაპირისპირების ერთიანი რეგიონული კერა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრი მხარე და მსოფლიოს უქადის დიდი მასშტაბის ომს, რაც უაღრესად სახიფათოა არა მხოლოდ ამ რეგიონის ხალხებისა და საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთ პრიზმაში უნდა შევხედოთ იმას, რაც ხდება სირიასა და ერაყში და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ მონაწილეობა  მის დარეგულირებასა და შეფასებაში.
– ობამა-პუტინის შეხვედრის შემდეგ დამთხვევები: უკრაინელმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს, რუსეთი კი აქტიურად ჩაერთო ახლო აღმოსავლეთის პროცესში. ობამას მიერ პუტინისთვის ჭიქის მიჭახუნება შეიძლება, აღვიქვათ, როგორც გარიგების დასასრული და, რაზე შეიძლება, შეთანხმებულიყვნენ მხარეები?
– თავისთავად ცხადია, მოვლენათა განვითარებას ამ რეგიონში ამ ეტაპზე განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობები. სწორედ ამ ურთიერთობების ჭრილში შეიძლება, მოვიაზროთ იქ დღემდე განვითარებული ამბები და ის, რაც იქნება ხვალ. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ ეკრანზე და რასაც საინფორმაციო სააგენტოები აწვდიან მთელ მსოფლიოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არის რეალობის მკრთალი ანარეკლი. მე არ ვამბობ, რომ შეთქმულებაა ამ ორ ქვეყანას შორის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების მიმავალი პრეზიდენტი და პუტინი, რომელსაც ჯერჯერობით მყარად უჭირავთ ძალაუფლება რუსეთში, სხვა რამეებზეც თანხმდებიან. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: არის ეჭვი, რომ, როგორც სირიის ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ ოპოზიციას, ისე ისლამურ სახელმწიფოს იარაღითა და სხვა საშუალებებით ამარაგებს ან მათი მომარაგების ნებას რთავს შეერთებული შტატები. საქმე ისიც გახლავთ, რომ ისლამური სახელმწიფო თავის მიერ შექმნილი სახალიფოს ტერიტორიაზე არსებულ ნავთობს მოიპოვებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყიდის კიდეც.
– ყიდის კონტეინერებით და მათი მარშრუტის დანახვა უმარტივესი ამბავია.
– სხვათა შორის, ამ ნავთობის კლიენტურა არ არის მხოლოდ აფრიკა და აზია; სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათ შორის არიან ევროპა და ყოფილი საბჭოეთის ზოგიერთი ქვეყანაც, დასავლეთი კი ამ ყველაფერს მშვიდად შესცქერის. ჩვენ, შეიძლება, დავეთანხმოთ შეერთებულ შტატებს, რომ აუცილებელია ასადის რეჟიმის შეცვლა, რადგან ის არის ავტორიტარი მმართველი, მისი დარჩენა არის  უსამართლობა და უნდა ვეცადოთ, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიული გზით ჩაანაცვლოს სხვა ხელისუფლებამ, მაგრამ ამ რეალობას სხვადასხვანაირად აფასებენ მხარეები. რუსეთის აზრით, ასადის ჩამოგდება კიდევ უფრო უმართავ სიტუაციას შექმნის ქვეყანასა და რეგიონში, ამერიკელები კი მიიჩნევენ, რომ ასადთან საუბარი შეუძლებელი და დაუშვებელია და ისინი ოფიციალურად ეხმარებიან ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც იმდენად სუსტია, რომ, არათუ ასადის ჩამოგდება, თავის დაცვაც კი არ შეუძლია.
– მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კერიმ განაცხადა, რომ მათ არ უნდათ ასადის უცებ წასვლა, რათა ამან არ გამოიწვიოს სახელისუფლო ვაკუუმი და კონფლიქტი და რომ ისინი თანახმანი არიან ასადის თანდათანობით ჩამოცილებაზე ხელისუფლებიდან.
– რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ წასვლასა და, მეტიც, ჩამოგდებაზე იყო საუბარი. წასვლა ასადისთვის მეტისმეტად რბილი სიტყვაა, მას იმდენი ნეგატივი აქვს თავის ბიოგრაფიაში ბოლო პერიოდში. ასე რომ, ასე იოლად და მარტივად ვერ წავა და არც აპირებს წასვლას. მაგრამ ვითარება შეიცვალა, რაც რუსეთი გააქტიურდა რეგიონში და ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ჩართვა არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ავიაციის მიერ განხორციელებული დარტყმებით, ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამას მოჰყვება სახმელეთო ოპერაციაც. ეს კი კონფლიქტის გაღრმავებისა და მისი გაფართოების საშიშროებას შეიცავს: შესაძლოა, თურქეთმაც იმავე გზით დააპიროს მოქმედება, რომელსაც ლოგიკის გამომრიცხავი პოზიცია აქვს. ის იძულებულია, დაარტყას ერთმორწმუნე ისლამური სახელწიფოს ძალებს და, ასევე, ქურთებს.
ამ შემთხვევაში უკვე მრავალვარიანტული სიტუაცია იქმნება და თურქეთიც იძულებული გახდება, რომ სახმელეთო ოპერაციები აწარმოოს რეალურად და მასშტაბურად, რაც ნიშნავს, რომ ორი მოწინააღმდეგე შედის ბრძოლებით ამ ტერიტორიაზე და ამავე დროს, ფაქტობრივად, საომარ ოპერაციებში უკვე ჩართულია ირანი, რომელიც შიიტურ ხაზს მოჰყვება და ხდება საბრძოლო მოქმედებების მესამე რეალური ფაქტორი, განსხვავებით დასავლეთისგან, რომლის ჩართულობაც საბრძოლო ოპერაციებში შემოიფარგლება საჰაერო ოპერაციებით, რომლებმაც ვერანაირი საგრძნობი დარტყმა ვერ მიაყენა ვერც ისლამურ სახელმწიფოს, ვერც ასადს და ვერც სხვა მათ მოწინააღმდეგე ძალებს. სიტუაცია ვერ გააწონასწორა ვერც არაბული ალიანსის ამოქმედებამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით.
ასე რომ, მსოფლიო დგას ფართომასშტაბიანი და სერიოზული რეგიონული საომარი კონფლიქტის წინაშე, რომელსაც, ვფიქრობ, არ აკლია გაღრმავებისა და ძალიან სახიფათო გლობალურ დაპირისპირებაში გადასვლის საფრთხე.
– თურქეთი და რუსეთი თუ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ რა შარში გავეხვევით.
– ჩვენი როლი და ადგილი შექმნილ სიტუაციაში აბსოლუტურად სხვა, ძალიან რთული თემაა და მოითხოვს ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდ გამჭრიახობას, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ვერც გამჭრიახობას და ვერც ღრმა ანალიტიკოსებს ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში; ესენი არიან მერკანტილური და სადღეისო ინტერესებით დამუხტული ჯგუფები, რომლებიც არად დაგიდევენ საქართველოსა და თავიანთი ხალხის ინტერესებს და იგნორირებას უკეთებენ ყოველგვარ საფრთხეებს; მე არ მომისმენია საგარეო საქმეთა უწყებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თვალსაზრისი, რა შემთხვევაში რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას, გარდა ამერიკის პოზიციის ცალსახა და დეკლარირებული მხარდაჭერისა. თუმცა ძველი, უგუნური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთთან ყოველგვარ ურთიერთობას გამორიცხავდა და აპრიორი უთმობდა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თემაზე მოლაპარაკებას, საქართველოს ახალ ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ, მაგრამ ისინი ვერ ამბობენ, რას ნიშნავსს კონკრეტულად ეს დალაგება, რადგან ჯერჯერობით კონსპექტი არ მიუღიათ დასავლეთისგან, იმიტომ რომ დასავლეთს მათთვის აღარ სცხელა და, მოსალოდნელი იყო, რომ ასეც იქნებოდა. საკუთრივ არც საგარეო საქმეთა მინისტრისგან, არც ძველისგან და არც ახლისგან, არც უშიშროების საბჭოს მდივნისგან არ მომისმენია საფრთხეებისა და პოლიტიკის ხედვა.
– პირადად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მიწვევა სირიაში და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ასადის მიწვევას, დასავლეთის მიერ რუსეთის პარტნიორად აღიარება ისლამურ სახალიფოსთან ბრძოლაში, გავიხსენოთ „ნატოს“ გენმდივნის განცხადება, რომ რუსეთის ჩართვა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, ემსახურება პუტინის ავტორიტეტის ამაღლებას რუსეთის მოსახლეობაში და რუსეთის იმიჯის გაკეთილშობილებას მსოფლიოს თვალში. რის სანაცვლოდ მიაღწიეს მხარეებმა ამ შეთანხმებას?
– ვფიქრობ, რომ გარიგებები და შეთანხმებები პოლიტიკური პროცესის უეჭველი და აუცილებელი თანამდევია.
– ის უფრო მაინტერესებს, ჩვენ რა ღირებულების მონეტად დავხურდავდით?
– არაფერია გამორიცხული და არც გამოსარიცხი, მაგრამ რეალურად ჩვენი ერთადერთი იარაღია ღია, გახსნილი და პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკური კურსის წარმოება, ჩვენ მხოლოდ ასე თუ გადავრჩებით ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პროგნოზირებადი როგორც ჩვენი ყოფილი მეტროპოლია რუსეთისთვის, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ბოლო დროს ქართველი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელ თამაშს თამაშობს, როდესაც გვეუბნება, რომ მისი დასაყრდენი ამ ქვეყანაში არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უარყო ქართველმა საზოგადოებამ, შეერთებული შტატები კი განაგრძობს ამ აბსოლუტურად უპერსპექტივო ძალის მხარდაჭერას და ალტერნატიულ ძალად მოიაზრებს ისეთ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებსაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ. ამ პირობებში ქართველმა ხალხმა თავის მიერ ნდობით აღჭურვილი ხელისუფლების მეშვეობით უნდა შეძლოს მაქსიმალურად ღია და პროგნოზირებადი პოლიტიკის გატარება და მოემზადოს იმ სიტუაციისთვის, ღმერთმა ნუ ქნას და, თუკი ფრონტის ხაზი გადმოინაცვლებს საქართველოს საზღვრებისკენ: თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებიც ძალიან ახლოს არიან ჩვენთან, ისლამური სახელმწიფოს რუკებშიც განვიხილებით და, ჩვენი მუსლიმანური თემი, ტრადიციული და მშვიდობისმოყვარე უმრავლესობის გარდა, ძალიან ბევრ აგრესიულ მიმართულებას მოიცავს, რომელთა არენაზე გამოსვლა დღე-დღეზეა მოსალოდნელი. თუ ჩვენმა შესაბამისმა სტრუქტურებმა ძალიან ფრთხილად არ ადევნეს თვალი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენ, შეიძლება, ძალიან მოუმზადებლები დავხვდეთ მოვლენათა არასასურველი მიმართულებით განვითარებას.

скачать dle 11.3