კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელმაც უკრაინისა და ამერიკის სცენები დაიპყრო და რის გამო ადარებენ მას ბობ დილანს

Sophie Villy –  იგივე სოფი ხუციშვილი უკრაინაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მომღერალია. ის ცნობილი მელომანის, დათო ხუციშვილის შვილია. სოფი უკვე რამდენიმე წელია, უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა მისი შემოქმედება ამ ქვეყნის გარდა, უკავშირდება რუსეთს, ამერიკას, საფრანგეთს და სამწუხაროდ, მას ყველაზე ნაკლებად საკუთარ სამშობლოში იცნობენ. არადა, მომღერლის პირველი სათქმელი ყველა ქვეყნის სცენაზე ერთია: „მე საქართველოდან ვარ!“ უცხოურ პრესაში სოფის მსოფლიო მასშტაბის მომღერალს უწოდებენ და ბობ დილანსაც ადარებენ.
Sophie Villy: სიმღერა სამი წლისამ, მამის გავლენით დავიწყე, რადგან ის დიდი მელომანია. ხუთი წლის ასაკში მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს და ოთხი წელი ფორტეპიანოზე დავდიოდი. 7-8 წლისას ორჯერ მქონდა კონცერტი კონსერვატორიაში. ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ძალიან აკადემიური მიდგომა და ნაკლები თავისუფლება არ მომწონდა. ამიტომ, ცხრა წლის რომ გავხდი, ხელში გიტარა ავიღე და დაკვრა დავიწყე. მეგობრებთან ერთად ვუკრავდი და შემდეგ, პროფესიის არჩევის დრო მოვიდა. უცხო ენები კარგად ვიცოდი, ისტორია და გეოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა და ამიტომ გადავწყვიტე, ტურიზმი ამერჩია. საინტერესოდ მეჩვენებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ახლა მხოლოდ სტუმრებს თუ ვუწევ გიდობას. თუმცა, ბუნება ძალიან მიყვარს, ის ჩემი შთაგონების წყაროა. 17 წლიდან მეგობარ გიტარისტთან, ირაკლი მეტრეველთან ერთად, პაბებში დავიწყე დაკვრა. ქავერებს ვუკრავდი და პარალელურად, ჩემს მუსიკას ვწერდი, თუმცა, მისი დაკვრა მერიდებოდა (იცინის). 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან დავითრგუნე და მინდოდა, გარემო შემეცვალა. დედით უკრაინელი ვარ და გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად და სასწავლებლად იქ გადავსულიყავით.  უკრაინაში შევქმენი ჯგუფი Backstage და ორ თვეში კიევის ერთ-ერთ, ყველაზე ცნობილ კლუბ „44-ში“ გვქონდა კონცერტი. ეს ჯგუფი ექვს თვეში დაიშალა, მაგრამ მე გადავწყვიტე, სოლო კარიერა გამეგრძელებინა. იმავდროულად, მასალას ვწერდი ჩემი პირველი ალბომისთვის. როცა, მუსიკა დამიგროვდა, მივხვდი, რომ ჩაწერის დრო მოვიდა. ჩემი მეგობრები სტუდიაში მუშაობდნენ და მახსოვს, პირველი ორი სიმღერა სრულიად სპონტანურად, მათთან ჩავწერე. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა არც იცოდა, რომ მუსიკას ვწერდი. მერე იყო კონცერტები და გამოსვლები სხვადასხვა გალერეაში, ბევრი შემოთავაზება... და ნელ-ნელა, ჩემი ბუდის დამკვიდრება დავიწყე კიევის ინდი სცენაზე. 2011 წელს თბილისში ჩამოვედი და „ბრავო რეკორდსში“ ჩემი პირველი ალბომი mother fish ჩავწერე, რომელიც 2012 წლის თებერვალში გამოვუშვით. შემდეგ რუსეთში წავედი და მოსკოვსა და პეტერბურგშიც დავუკარი. მახსოვს, ნინო ქათამაძის და ჯგუფ „ინსაიდის“ გიტარისტმა – გოჩა კაჭეიშვილმა ჩემთვის პირველი ელექტროგიტარა „ფენდერ შტრატოკასტერი“ მაჩუქა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი და დიდი მოტივაცია იყო. მერე მოსკოვში დავუკარი კიდევაც გოჩასთან ერთად. 2012 წელს მე და ზურა ძაგნიძემ კოქტებელის ფესტივალზე დავუკარით. ზურა შესანიშნავი გიტარისტია, რომელიც შტუტგარტში ცხოვრობს. კოქტებელის ფესტივალის შემდეგ ამერიკიდან მომივიდა მოწვევა. კონკრეტულად კი – ფლორიდის Fall Arts Festival-იდან. წარმოდგენა არ მქონდა, სად და ვისთან მივდიოდა და ცოტა მეშინოდა კიდეც (იცინის). ჩემი და ამერიკის მუსიკალური ურთიერთობა სწორედ აქედან დაიწყო. შემდეგ ნიუ-იორკში დავუკარი და იქ, სხვათა შორის, ძალიან ბევრი დისკი გავყიდე. ორი კონცერტი მქონდა ლოს-ანჯელესშიც. ერთ-ერთი ჩემი სიმღერა – „პოზიტიონ“, რომელიც ქართველ ხალხს მივუძღვენი, კალიფორნიის ყველაზე დიდ რადიოსადგურში წელიწად-ნახევარი ტრიალებდა. საერთოდ, ამ რადიოში მოხვედრა ძალიან რთულია. მე, უბრალოდ, გავაგზავნე სიმღერა და არც ველოდი, თუ ასეთ ყურადღებას დაიმსახურებდა. მახსოვს, ერთხელ ლოს-ანჯელესში ტაქსით მგზავრობა მომიწია და უცებ, რადიოში ჩემი სიმღერა დაიწყო. ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა.
– როგორც ვიცი, ხშირად ბობ დილანს გადარებენ.
– ბობ დილანს, ალბათ, იმიტომ მადარებენ, რომ მასაც პოეტური სულისკვეთება ჰქონდა. მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ტექსტებს. მათში ჩვენი მწერლებისა და პოეტების იდეებს ვაქსოვ, რომლებზედაც მე გავიზარდე. ინგლისურად კი იმიტომ ვწერ, რომ ეს საერთაშორისო გახდეს და ყველასთვის გასაგები იყოს. სერგი გვარჯალაძემ რომ მოისმინა ჩემი სიმღერა, მითხრა, შენ ქართული კულტურის ადაპტაციას ახდენ ფართო მასებისთვის ინგლისურად. მსგავსი რამ იშვიათად თუ შეგხვდებაო. ბევრი მეკითხება, საიდან მოდის ეს ტექსტებიო და მე ამაყად ვპასუხობ: იქიდან, საიდანაც მე მოვდივარ – საქართველოდან! სადაც არ უნდა ტარდებოდეს კონცერტი: ამერიკაში, ლონდონში თუ სხვაგან, ჩემი პირველი სიტყვები ყველგან და ყოველთვის არის: „მე საქართველოდან ვარ!“
– შენი ალბომი უკრაინაში საუკეთესოდ დაასახელეს...
– არის ასეთი მუსიკალური ბლოგი – Comma, რომელსაც უკრაინულ და ზოგადად, მუსიკალურ შოუ-ბიზნესში დიდი წონა აქვს და მის საბოლოო განაჩენს ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. ასე ვიყავი მეც, როცა წლის საუკეთესო ალბომის გამარჯვებული უნდა გამოცხადებულიყო. მეხუთე-მეოთხე ადგილს ვვარაუდობდი და ჩვენი ალბომი – DRESS პირველ ადგილზე რომ დავინახე, სიხარულისგან გავგიჟდი (იცინის). სიაში მოხვდნენ ასევე: ივან დორნი, იამალა, ონუკა და სხვები.
– გარდა ამისა, წერ საუნდტრეკებს სხვადასხვა ქვეყნის ფილმებისთვის. ეს როგორ დაიწყო?
– პირველი ფილმი, რომლისთვისაც საუნდტრეკი დავწერე, არის „თუთიყუში“. ის ფრანგ რეჟისორს ეკუთვნის, რომელიც შემთხვევით გავიცანი და შემომთავაზა, მისი ფილმისთვის მინიმალისტური მუსიკა დამეწერა. შემდეგ დავწერე ჩემი ბავშვობის მეგობრის, სალომე ჯუღელის ფილმისთვის „სახლი გზაჯვარედინზე.“ სხვათა შორის, ამ ფილმმა ირლანდიის კინოფესტივალზე გაიმარჯვა. კიდევ იყო ორი უკრაინული ფილმი და ბოლოს, ქართველი რეჟისორის, ბესო  თურაზაშვილის „დაკარგულებისთვის“ დავწერე ორი საუნდტრეკი. ეს ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და ესპანეთში, Euro Film Festival-ზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ნომინაციაში გაიმარჯვა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ახლა ორი ახალი სინგლის პროდაქშენს ვაკეთებთ და მათ გამოშვებას ოქტომბერში ვგეგმავთ. ზამთარში, იმედი მაქვს, ჩვენი მესამე ალბომიც გამოვა. ასევე, დათო ევგენიძესთან ერთად ვგეგმავ კონცერტს. გაზაფხულზე დათომ თავის საიუბილეო კონცერტზე, „რა ვქნათ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“, სოლისტად მიმიწვია და გვინდა, რომ იგივე კონცერტით ნიუ-იორკსა და პარიზში წავიდეთ. გარდა ამისა, საფრანგეთში ქართულ დიასპორასთან მაქვს ურთიერთობა და ახლო მომავალში, მათთვისაც ვაპირებ კონცერტის გამართვას.
– შენს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა სპორტსაც. ბოლომდე რატომ არ გაჰყევი ამ გზას?
– სპორტს ჩემი ცხოვრების ათი წელი დავუთმე და ეს ცოტა ნამდვილად არაა. თავიდან სერიოზული მიზნები არც მქონია. უბრალოდ, ხუთი წლის ასაკში, გამაჯანსაღებელ ჯგუფში ცურვაზე მიმიყვანეს. დავინახე, რომ ჩემი ასაკის ბავშვებმა ევროპაში, ჩემპიონატზე დაიწყეს ასპარეზობა. ვიფიქრე, მე რით ვარ ნაკლები-მეთქი. მახსოვს, იმდენი მოვინდომე, რომ წელიწად-ნახევარში დავეწიე მათ და შეჯიბრებებში ჩავერთე. პირველი შეჯიბრება სტრასბურგში იყო. ევროპის 36 ქვეყანა მონაწილეობდა. ოქრო და ბრინჯაო ავიღე. დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემს სპორტულ მომავალზე, მაგრამ მენისკზე მიღებული ტრავმის გამო, სპორტისთვის თავის დანებება მომიხდა. თუმცა, არ ვნანობ, ეს ჩემი ცხოვრების ერთი წარმატებული ეტაპი იყო. შემდეგ კი, მუსიკალური მოღვაწეობა დავიწყე, რომელიც ბევრად ჩემი აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდება. კიდევ ერთი მიზანი მაქვს – მინდა, უცხოეთში სამსახიობოზე ჩავაბარო, ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. თუმცა, მერე ჩემი ცხოვრება სხვა გზით წავიდა. იმედი მაქვს, მუსიკისა და კინოს სინთეზი წარმატებული იქნება.

скачать dle 11.3