კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შემოაბრუნა დიანა ღურწკაიას ცხოვრება 180 გრადუსით და რის აღსანიშნავად მიიღო მან მეუღლისგან საჩუქრად ძვირფასი სამკაული

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი  დიანა ღურწკაია ქართველ მსმენელს საჩუქარს უმზადებს. ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ, ხარისხია ცნობილი – უმაღლესი. ასევე, ცნობილი გახდა ისიც, რომ ინტერვიუს ჩაწერის დღეს ჩვენს რესპონდენტსა და მის მეუღლეს ქორწინების 10 წელი შეუსრულდათ. როდის გრძნობს თავს ბედნიერ ქალად და რა არის ამ მომენტისთვის მისი ყველაზე დიდი ოცნება, ამ და კიდევ ბევრ სხვა რამეზე მომღერალი ხალისით გვესაუბრა.

 –  დიანა, დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 21 სექტემბერს), როგორც გავიგე, ქორწინების 10 წლისთავი შეგისრულდათ.
–  დიახ, 10 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. ჩვენი ქორწილის დღე ღვთისმშობლობის დღეს იყო, ეს გამორჩეული დღეა ჩვენთვის.
–  როგორ დაიწყო თქვენთვის დღევანდელი დღე?
– დილიდან სახლში ვარ და ძალიან მიხარია, რადგან ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია. ხშირად ვერ ვახერხებ მთელი დღით სახლში ყოფნას, რადგან სამსახურში მიწევს გასვლა.
  – ათწლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად, ალბათ, მეუღლისგან საჩუქარსაც მიიღებდით. რა გაჩუქათ?
– რა თქმა უნდა, დილით მეუღლისგან ძალიან ლამაზი საჩუქარი მივიღე – არაჩვეულებრივი ბეჭედი მაჩუქა, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან, როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მიყვარს სამკაულები. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ჯანმრთელები და ბედნიერები და ძალიან თბილად ვართ ოჯახში. პირველ ყოვლისა, მე და ჩემი მეუღლე ვართ მშობლები და ჩვენი აბსოლუტური ეპიცენტრი, ანუ ყველაფრის ღერძი არის ჩვენი შვილი.
– რომელ კლასში გადავიდა?
– მეორე კლასში გადავედით. ასევე, მეორე კლასში გადავედით მუსიკაშიც, სადაც ფორტეპიანოს კლასში სწავლობს. დადის ჩოგბურთზეც, რომელიც ძალიან მოსწონს. სხვათა შორის, ეს ჩემი არჩევანი იყო, რადგან, მამაკაცებს (ჩემს მეუღლესა და ძმას) ძალიან უნდოდათ, ბავშვი ჭიდაობაზე შეგვეყვანა. თვითონ ისე ძალიან მოსწონს, არც ერთ გაკვეთილს არ აცდენს. გარდა მუსიკისა და ჩოგბურთსა, ახლახან ისევ დაიწყო ქართულ ცეკვებზე სიარული, სადაც მესამე წელია, დადის. ქართულ ცეკვებზე არა მხოლოდ ჩემი შვილი, არამედ ჩემი ძმისშვილიც დაგვყავს.
– როგორც ჩანს, ბავშვი ძალიან დატვირთული გყავთ.
– სკოლა-გიმნაზიაში სწავლობს, სადაც უცხო ენები და მათემატიკა არის გაძლიერებული. საკმაოდ რთულია იქ სწავლა. სკოლის გარდა, როგორც უკვე გითხარით, დადის მუსიკაზე, ჩოგბურთზე და ცეკვაზე, ანუ, არც ერთი დღე არ აქვს თავისუფალი. არ ვარ იმის მომხრე, რომ ბავშვი 24 საათი კომპიუტერში და აიფონში იყოს „ჩამჯდარი“, ამიტომ მაქსიმალურად დავტვირთეთ. სულ მეჩხუბებიან, ასე არ შეიძლება, ბავშვს ბავშვობას ნუ ართმევო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ბავშვს მაქსიმუმი უნდა მისცეს მშობელმა და პატარა ასაკიდან მაქსიმალურად უნდა მიაქციოს ყურადღება მის ჩამოყალიბებას. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან გულახდილები ვართ. ვეუბნები ხოლმე, რომ ეს შენი სახლია, სადაც ყველაფრის თქმა შეგიძლია. თუ რამე გიჭირს, გიხარია, ვინმემ გაწყენინა, უნდა გვითხრა. შეიძლება, შენც არ იყო მართალი და უნებურად სხვას აწყენინო. მითხარი, არ გაგიწყრები, უბრალოდ, სწორ გზაზე დაგაყენებ-მეთქი, – აი, ასეთი საუბარი მაქვს 8 წლის ბავშვთან. მსაყვედურობენ, ბავშვია ჯერო, მაგრამ, სწორედ ახლა არ უნდა გამისხლტეს ხელიდან. სკოლაში რაც შევიდა, თითქოს ერთ წელიწადში ძალიან გაიზარდა და დიდი ბიჭი გახდა. შვილის გაზრდა ყველა დედას უხარია, მაგრამ, მეორე მხრივ, მეშინია, რაღაც არ გამომრჩეს და რამე ცუდს არ გადაეყაროს, რაც მისთვის შეუფერებელი იქნება.
– ათი წელია, დაოჯახებული ხართ. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში?
– ყოველთვის სხვადასხვა ქალაქში მიწევდა კონცერტების გამართვა და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. როცა გავთხოვდი,  არც მას მერე მქონია შეზღუდვა. ჩემი მეუღლე ისეთი პიროვნებაა, მისთვის მთავარია, მე ვიყო ბედნიერი. არ ვიდექი ღუმელთან და კერძებს არ ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს სამზარეულოში ფუსფუსი. როცა ბავშვი მეყოლა, 180 გრადუსით შევიცვალე – სულ მის გვერდით მინდოდა ყოფნა. არ არსებობდა კონცერტის შემდეგ სადმე წავსულიყავი, მაშინვე სახლში გამოვრბოდი. ჩემს ცხოვრებას სულ სხვა ელფერი და აზრი მიეცა. შეიძლება, ადამიანი ვერ ხედავდეს, მაგრამ, ბავშვის მერე, გულით ხედავო, რომ იტყვიან, აი, ასე ვგრძნობდი და ვგრძნობ დღემდე ყველაფერს. შემიძლია, ვთქვა, რომ მართლა ბედნიერი დედა ვარ – აი, ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება. კიდევ რა... – მაქვს სამსახური, ჩემი მუსიკა, რომლის გარეშეც სუნთქვა არ შემიძლია. მუსიკა, ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი – აი ის, რის გარეშეც ცხოვრებას ვერ შევძლებ.
– ქველმოქმედება თქვენთვის უცხო თემა არ არის.
– ამაზე არ მიყვარს ხმამაღლა საუბარი, რადგან ჩემთვის მთავარია, საქმე და არა ლაპარაკი. დავეხმარო თუნდაც ერთ ბავშვს, რომელსაც დახმარება სჭირდება, ამით ბედნიერი ვარ, რადგან, მეც ხომ სხვა დამეხმარა, როცა რაღაცას ვიწყებდი ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩემი ძმა და ჩვენი ოჯახის წევრები ის ადამიანები არიან, ვისაც ჩემი სჯეროდა, მაგრამ, იგორ ნიკოლაევის გარეშე, რომელმაც ხელი გამომიწოდა და დამეხმარა, ალბათ, ვერაფერს შევძლებდი. დღეს კი მე მინდა, სხვას დავეხმარო და ღიმილი მოვგვარო თუნდაც ერთ ბავშვს, ერთ ადამიანს. მინდა, რაღაცნაირად გავუხსნა გზა ბავშვებს, რომლებიც სცენისკენ მიილტვიან. 15 ოქტომბერს გვაქვს „თეთრი ჯოხის“ ფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსე წელია, ტარდება – უსინათლო ბავშვები მღერიან ვარსკვლავებთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ მათ ცხოვრებას ვულამაზებ.  ყოველ წელს ჩამოგვყავს უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატიდან ბავშვები. მეც ეს სკოლა მაქვს დამთავრებული. წელს ჩამოგვყავს პატარა კულა, რომელიც გვინდა, რომ ქალბატონ თამარ გვერწითელთან ერთად ვამღეროთ.  ძალიან კარგი ბავშვები არიან და,  მინდა, მათ თავიანთი სიტყვა თქვან სცენაზე.
– ზაფხულში თბილისში იყავით ჩამოსული. რა სიახლეა?
– ძალიან ლამაზი სიმღერები ჩავწერეთ. უკვე წლებია, დათო კენჭიაშვილთან ერთად ვმუშაობ ალბომზე, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ იწერება. დათოს აბსოლუტურად ვენდობი, ის  თავისი საქმის პროფესიონალია და ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ზაფხულის მონაკვეთი, რომელიც თბილისში გავატარე, სტუდიაში ვიმუშავეთ. ახლა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ის არის, რომ ეს ალბომი მე და დათომ გამოვუშვათ. პრინციპში, საესტრადო სიმღერები ჩემგან არავის გაუკვირდება, ამიტომ, ამ ალბომში ფოლკლორული სიმღერები იქნება შესული.
– საუბრისას ახსენეთ, რომ საკმაოდ მომთხოვნი დედა ხართ. მეუღლეც ასეთივე მომთხოვნი ბრძანდებით?
– რა თქმა უნდა, კამათი ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ჩემს ოჯახში მთავარი სიტყვა მამაკაცს ეთქმის. რაღაც კითხვა მე მიჩნდება, რაღაც – ჩემს მეუღლეს, რის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ, აუცილებელია, ოჯახში იყოს სულიერი სისუფთავე. ჩემმა მეუღლემ იცის, რომ მე ყოველთვის მართალი ვარ; მე ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ყოველთვის მართალია. თუ ორმა ადამიანმა ერთმანეთს არ გაუგო, ოჯახი არ შედგება. ურთიერთგაგება მთავარია. თუ ოჯახში სითბო და სიყვარულია, მას არაფერი დაშლის. მეორე მხრივ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო – არავინ იცის, ხვალ რა იქნება, მაგრამ, ბევრია დამოკიდებული მეუღლეებზე. როცა შვილი არ გყავს, შეიძლება, ბევრ რამეზე დახუჭო თვალი და სხვანაირად იფიქრო, მაგრამ, როცა ბავშვი გყავს, ეს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ოჯახი ბავშვისთვისაც ძალიან დიდი სარკეა – რასაც ოჯახში ხედავს და ესმის, ის გააქვს გარეთ. ბამბის ნაყინი არავინ არის, ყველანი ადამიანები ვართ და ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყუროთ ცხოვრებას. მე ყოველთვის ღმერთს მივენდობი ხოლმე და, მადლობა უფალს იმისთვის, რაც დღეს გამაჩნია.

скачать dle 11.3