კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა ბახვა ბრეგვაძე ბანდიტებს და რატომ მოუწია მას საკუთარ ოთახში ფანჯრიდან გადაძრომა

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო და მაყურებელი 9 ოქტომბერს პირველ სერიასაც ნახავს. მანამდე კი, გაგიმხელთ, რომ მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ბახვა ბრეგვაძე კვლავ განაგრძობს არსებობას და მის გარშემო მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება.

 ბახვა ბრეგვაძე: სერიალის გადაღებები უკვე დაიწყო და გეტყვით, რომ წინ უმაგრესი სეზონი გელოდებათ. ეთერში 9 ოქტომბერს გავალთ და კვირაში ისევ სამი სერია იქნება.
– შენს პირად ცხოვრებაში ხომ არაფერი შეცვლილა? ვიცი, რომ გოგონების მხრიდან ინტერესი არის.
– პირად ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ხდება. რაც შეეხება გოგონებს, მათ სერიალიდან გამომდინარე, ალბათ, უფრო მსახიობისადმი აქვთ სიმპათიები. მწერენ ხოლმე და ვცდილობ, ყველას ვუპასუხო. ამიტომ, ხანდახან მთელ დღეს მიმოწერაში ვატარებ. კომპლიმენტებს რომ მეუბნებიან, მერიდება (იცინის). შედარებით პატარა გოგონები მწერენ – მიყვარხარო, მათ, ალბათ, სერიალის ბახვა უფრო უყვართ, ვიდრე მე. მაგრამ, ადამიანების სიყვარული, ყველა შემთხვევაში, დიდი სტიმულია და მეც ვცდილობ,  კიდევ უფრო მეტმა მომწეროს (იცინის).
– ჩვენს ძირითად თემაზე გადავიდეთ. მოგზაურობა გიყვარს?
– მოგზაურობაზე ვგიჟდები. საშუალება რომ მქონდეს, ყოველ თვეში წავიდოდი სადმე. მოგზაურობისას, ვცდილობ, ფეხით ბევრი ვიარო და ყველაფერი დავათვალიერო. ღირსშესანიშნაობების გარდა, აუცილებლად მივდივარ რესტორნებში. ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და როცა უცხო ქვეყანაში ვარ, ნაცნობებს ვეკითხები, რისი დაგემოვნება ღირს. ვცდილობ, მათი ნაციონალური კერძები გავსინჯო. 12 წლის ვიყავი, მამაჩემმა პირველად რომ წამიყვანა იტალიაში. მაშინ დედის ნებართვაც იყო საჭირო და დედაჩემს ვეხვეწებოდი, ხელი არ მოუწერო-მეთქი. არ მინდოდა წასვლა, რადგან ფრენის მეშინოდა. ბოლოს წავედი და მახსოვს, იქ გავსინჯე ლოკოკინები და ბაყაყი. გაოგნებული ვიყავი, ამის ჭამა როგორ შეიძლება-მეთქი და თან, რომ ვუყურებდი, მაინტერესებდა. ძალიან მიყვარს პიცა და იქ მთლიან პიცას ვჭამდი, რის გამოც ჩემთვის პირველი მოგზაურობა დაუვიწყარი გახდა (იცინის).
– თვითმფრინავის შიში თუ დაძლიე ასაკთან ერთად?
– კი, თუმცა მანამდე ყოველთვის მიხაროდა, თუ ჩემთან ერთად ვინმე მოფრინავდა ისეთი, ვისაც ფრენის ეშინოდა, რადგან მე პანიკის ატეხის მერიდებოდა და იმედი მქონდა, ამას ის გააკეთებდა. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით, ამხელა კაცი პანიკას ხომ ვერ ავტეხდი და ამიტომ, თანმხლებ გოგოს ვაშინებდი, რომ მას აეტეხა ამბები (იცინის). ბოლოს, ორივე მფრინავის კაბინაში შევედით და ბოლომდე იქ ვიყავით. ყველაფერს ჩვენი თვალით ვხედავდით და თითქოს აღარ გვეშინოდა. ერთხელ, თურქეთიდან მოვფრინავდი და ჩვენი თვითმფრინავის ბორბლებს ცეცხლი წაეკიდა. კიდევ კარგი, ეს მოგვიანებით გავიგე, როცა უკვე საფრთხე აღარ არსებობდა, თორემ შიში მერე გენახა, ალბათ, თვითმფრინავის ფანჯრებს ჩავამტვრევდი და გადმოვხტებოდი. პარაშუტის გაკეთება კი ვიცი კარგად – ასე ძალიან რომ მეშინოდა, წესებს კარგად ვიმახსოვრებდი (იცინის). ერთხელ საქართველოში მოვფრინავდით, უკვე აეროპორტში ვიყავით და ვიფიქრეთ, ფული აღარაფერში დაგვჭირდებოდა და სულ დავხარჯეთ. აღმოჩნდა, რომ ფრენა 12 საათით გადაიდო. გვშია და გვწყურია, მაგრამ თითქმის არაფერი გვაქვს. ერთ ნაცნობთან ერთად მაღაზიაში წყლის საყიდლად შევედით და ათდოლარიანი მივეცით. შეეშალა და ხურდაში 180 დოლარი დაგვიბრუნა. ცხოვრებაში პირველად, გამყიდველის შეცდომა არ შევიმჩნიეთ. ეს ფული წამოვიღეთ და აეროპორტში მყოფ ყველა ქართველს ჰამბურგერები ვუყიდეთ (იცინის).
– განსაკუთრებით რომელი ქვეყანა დაგამახსოვრდა და რატომ?
– სტრასბურგში ვსწავლობდი და შესაბამისად, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. შუმანის უნივერსიტეტი, რომელშიც მე ვსწავლობდი, საერთაშორისოა და მისი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნისა და ასაკის არიან. ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან კარგად იყო მოწყობილი. მაგრამ, მე ხშირად ვკარგავდი გასაღებს და ერთხელ, გარეთ გათენებაც მომიწია. ბოლოს ოთახში ფანჯრიდან გადავძვერი. იტალიელი მეგობრის დახმარებით ფანჯარა მოვხსენი და როგორც იქნა, ოთახში შევაღწიე (იცინის).
– სახიფათო სიტუაციაში არასდროს აღმოჩენილხარ?
– ერთხელ, ძალიან ბევრი სტუდენტი შევედით ერთად მეტროში და ბილეთი არ ვიყიდეთ. ამ დროს კონტროლიორი შემოვიდა და ყველა ერთად გავიქეცით. ახლა რომ ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ იმ მომენტში, ძალიან ვინერვიულე. ვფიქრობდი: ახლა რომ დამიჭირონ, რა უნდა გავაკეთო-მეთქი (იცინის). ერთხელ, მადრიდში შემთხვევით კრიმინალების უბანში მოვხვდი, ყელზე კი ოქროს ყელსაბამი მეკეთა. ვხედავ, ოთხმა ადამიანმა მანქანას ბორბლები მოხსნა და მიაგორებენ. ასე, ძალიან ჩვეულებრივად, მანქანას იპარავდნენ. ამ დროს, ვხედავ, ხალხის რაღაც ნაწილი მე და ჩემს ოქროს ყელსაბამს გვიყურებს (იცინის). მე ძალიან წყნარად და შეუმჩნევლად ავიწიე საყელო, გავიქეცი, მეტროში შევვარდი და ბანდიტებსაც გადავურჩი (იცინის). ერთხელ კიდევ ნამდვილი ტრაგიკომედია შეგვემთხვა. სტრასბურგიდან თბილისში მოვდიოდით და დიდი ბარგი გვქონდა. ვიცოდი, რომ ზედმეტი წონა მოგვიწევდა და საკრედიტო ბარათზე ამისთვის თანხა შემონახული მქონდა. ორი ქართველი მოვფრინავდით მიუნჰენის რეისით. ბარგი გავატარეთ, გვითხრეს, რომ ზედმეტი წონა იყო და თანხის გადასახდელად ბარათი მივაწოდეთ, მაგრამ აღმოჩნდა,  მასზე თანხა არ არის. ბარგი უკვე ჩაბარებულია და მის დაბრუნებას დრო სჭირდება, არადა ჩვენს ვიზას უკვე ვადა ეწურება – იმ რეისს თუ არა უახლოესს მაინც უნდა გავყვეთ. ისე მოხდა, რომ ბარგი სწრაფად მოგვიტანეს და ვიზის ვადის გასვლამდე მიუნჰენში მეორე რეისით გაფრენას ვასწრებდით. ჩანთიდან ზედმეტი ნივთები ამოვალაგე, მაგრამ გადაყრა დამენანა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო იყო, ჩავიცვი თხელი ქურთუკი, ზემოდან კი პალტო შემოვიცვი. პალტოს მკლავში გოგოს სამი სამაჯური მქონდა შემალული, გულზე მძივები მეკეთა, თვალებზე საკითხავი სათვალე და თავზე მზის. ყველაზე მძიმე „ბატინკი” კი ფეხზე ამოვიცვი (იცინის). მოკლედ, სანახაობად ღირდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი დიდი ჩემოდანი მაინც დაგვატოვებინეს. მერე, რატომღაც, ბანკომატთან მივედით და თანხის რაოდენობა მაინც შევამოწმეთ. აღმოვაჩინეთ რომ თანხა ზედ იყო, მაგრამ იმ საზიზღარმა კონტროლიორმა რაღაც გაუგებრობაში გაგვხვია. თუმცა, ის ბარგი უკვე გადაგდებული გვქონდა და ასე გავფრინდით მიუნჰენში. იქ საერთაშორისო აეროპორტია, უამრავი ადამიანი იყრის თავს, ამიტომ თავისუფლად შეიძლება, რომ ბილეთი ვერ იშოვო. თუმცა, ამაში გაგვიმართლა, სალაროსთან მივედი და ვნახე, რომ ადგილები იყო. ჩემი მეგობარი უკან იდგა და კარგად ვერ გაერკვა სიტუაციაში. ეგონა, რომ მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა და უკნიდან მესმის განწირული ხმა: არ დამტოვოო (იცინის). როგორც იქნა, ჩამოვედით თბილისში და ბარგს ველოდებით, მაგრამ ის ერთი ცალი და ძლივს შენარჩუნებული ჩემოდანიც კი არ ჩამოვიდა. ჰოდა, ასე, ხელცარიელი, სამაგიეროდ, აგვისტოში პალტოსა და ქურთუკში გამოწყობილი მივედი სახლში და ოჯახის წევრებს სიტყვიერად გადავეცი თუ რამდენი საჩუქარი ვუყიდე მათ (იცინის). თუმცა, გეტყვით, ცოტა ხნის შემდეგ, იმ ერთმა ჩემოდანმა ჩემამდე მოაღწია.
– და, ბოლოს, რომელ ქვეყანაში შეგხვდნენ გამორჩეულად ლამაზი ქალბატონები?
– მე უფრო სლავური გარეგნობის ქალბატონები მომწონს. ძალიან ლამაზი გოგონები არიან პრაღასა და იტალიაში. სხვათა შორის, საფრანგეთში არ დადის ბევრი ლამაზი გოგო. თუ ვინმე ლამაზს დაინახავ, მიხვდები, რომ ფრანგი არაა.

скачать dle 11.3