კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდრებში გამოიძახეს

საკანში ორნი ისხდნენ. ტომი მეორე დღეს ატარებდა ამ ვიწრო, დახუთულ, დაბალჭერიან სოროში და ფიქრობდა, რომ სრულიად უაზროდ „გაიჩალიჩა“ პატიმრობა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ეს უცნაურად მობუტბუტე კაცი მაინც უნდა გაეცნო.
– მომისმინე, შენც მაღაზია გაძარცვე? – ჰკითხა და დამცინავი დუმილით მიაჩერდა.
კაცმა დაბნეული მზერა მიაპყრო.
– მე მეკითხები? მე? არა, მაღაზიაში ყოველთვის ფულით შევდივარ. მე... ჰო, ჩემზე ამბობენ, რომ დოქტორი კელეტი მოვკალი. სისულელეა. როგორ უნდა მომეკლა ტვინში სისხლის ჩაქცევით? ჰო, შეიძლებოდა, თავში რაღაც ჩამერტყა და მაშინ მართლაც ვიტყოდი, მკვლელი ვარ-მეთქი, მაგრამ ახლა... იცი, ზუსტად როგორ იყო? მე დოქტორი ცოცხლებიდან მკვდრებში გამოვიძახე...
– რა?! – თვალები დააჭყიტა ტომმა, – მოიცადე, ეს როგორ?
– ჰო, გრძელი ამბავია... სპირიტიზმზე რამე გსმენია?  პრინციპში, რატომ არ უნდა მოგიყვე?  ჩემი დანაშაულის ზუსტი კლასიფიკაცია ასეთია – სიცოცხლე დროებით დავატოვებინე და უკან ვეღარ დაბრუნდა.
– მაინც ვერაფერი გავიგე.
– ხომ გითხარი, გრძელი ამბავია-მეთქი... ცოლად ძალიან განათლებული ოჯახის შვილი შევირთე. თვითონაც ძალიან განათლებული იყო, ძალიან და, როცა საათობით ვისმენდი, როგორ მსჯელობდა ჩემთვის სრულიად უცხო საკითხებზე, სწორედ იმ დოქტორ კელეტისთან ერთად, საშინლად მწყინდებოდა, ჩემი ცოლი კი ამაზე ძალიან ბრაზობდა. ერთ საღამოს მითხრა: რა არის, კამერული მუსიკა არ გესმის, ბეთჰოვენს ვერ ცნობო.
– ბეთჰოვენი ვინ არის? – ჰკითხა ტომმა.
– კომპოზიტორი იყო და ოპერებს წერდა, ოღონდ ახლა არ მკითხო, ოპერა რა არისო, თავადაც ძლივს გავერკვიე... მოკლედ, ცოლმა მითხრა, რომ ჩემი განათლების დონე უნდა ამემაღლებინა, ქცევის წესები მესწავლა და მასწავლებელიც კი მომიძებნა. ოპერაში და თეატრში დამათრევდა ან მაიძულებდა, მამამისთან ერთად წავსულიყავი, რომ მას ჩემი აზროვნება და გემოვნება სწორ გზაზე დაეყენებინა. არ დამიჯერებ – ჩვეულებრივი ზეინკალი ვიყავი, მაგრამ ლამის ორი წელი მივახარჯე თვითგანათლებაზე, ამას მთლიანად აკონტროლებდა ჩემი ცოლი და  კმაყოფილი მაინც არ იყო, ჩამჩიჩინებდა, ჯერ ნახევარი გზაც არ გაგვივლია. გაჩერება არ შეიძლებაო. წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. თან, იმასაც ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა სხვა ადამიანი ვხდებოდი. უკვე შემეძლო ჩემი ცოლისა და დოქტორის საუბრებისთვის მომესმინა და რაღაც გამეგო, მაგრამ ისინი სულ უფრო ართულებდნენ თემებს... ერთხელ ლაპარაკი სულებზე და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე დაიწყეს. მანამდე ამ ყველაფერზე წარმოდგენა არ მქონდა და პირი დავაღე. ჩემმა ცოლმა ნიშნისმოგებით შემომხედა – ხომ გითხარი, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოო და პრობლემის აღმოსაფხვრელად ოფენში, მამამისთან გამგზავნა, დახურული სპირიტული კლუბის სეანსებზე დასასწრებად. თან სარეკომენდაციო წერილიც გამატანა. სეანსში ორი პროფესორი, ერთი ოფიცერი და მედიუმი – ხანში შესული ქალბატონი იღებდნენ მონაწილეობას – ისინი გარდაცვლილი სულების გამოძახებას ცდილობდნენ. იცი, რას გეტყვი? ასეთი ტრიუკები ცირკში ბევრი მინახავს. ჰოდა, მათ სერიოზულ სახეებზე და მედიუმის ქცევაზე სიცილი ამიტყდა. მასპინძელი, რომელიც ამ სეანსებს თავის ვილაში მართავდა და ძალიან სერიოზული იყო, გაღიზიანდა – ახალგაზრდავ, თქვენ მედიუმის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებთო.
– სულები მართლა მოდიოდნენ და გელაპარაკებოდნენ?
– კედელზე ჩამოფარებულ ზეწარზე რაღაც ჩრდილები ჩანდა და ხმებიც ისმოდა, მაგრამ ამან მაინც ვერაფერში დამარწმუნა და მედიუმი ბრაზისგან გაწითლდა.
– ყმაწვილო, – მითხრა მან, – გამოიძახეთ ნებისმიერი ადამიანის სული ჩემი დახმარებით და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ფარსი არ არის!
სწორედ იმ მომენტში გადავწყვიტე, ჩემი ხუმრობისთვის უფრო სერიოზული სახე მიმეცა და დოქტორ კელეტის სული გამომეძახა.
– კი მაგრამ, ის ხომ ცოცხალი იყო?!
– საქმეც ეგაა! ცოცხალი ადამიანის სულის გამოძახებაა საინტერესო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მედიუმს ის მკვდარი ჰგონია. ძალიან მინდოდა, მენახა, რას მოიმოქმედებდა და რა მოხდებოდა, მით უმეტეს, რომ დაჟინებით მიმეორებდა მედიუმი – შენ ვინც გინდა, ნებისმიერი დამისახელეო... ჰოდა, ვთქვი: მე მინდა გამესაუბროს დოქტორ მაურიუს კელეტის სული. ის ადვოკატია და იულესშტრასეს 17 ნომერში ცხოვრობს-მეთქი. ჰოდა, სწორედ აქ მოხდა, რაც მოხდა... მედიუმის ბრძანებით სინათლე ჩააქრეს და გაისმა ღრმა ოხვრა და კვნესა. მედიუმი გაწითლდა, სავარძელში ხტოდა და ერთიანად ცახცახებდა. მე ჯერ მეღიმებოდა, გულში დავცინოდი ამ ყველაფერს. ქალი მედიუმი ისევ ოხრავდა და კბილებს აღრჭიალებდა.
– როგორი ჯიუტი სულია, არ სურს მოსვლაო, – თქვა ოფიცერმა.
მედიუმი რამდენჯერმე ისე შეხტა, ლამის სავარძლიდან გადმოვარდა. უცებ ზეწარზე მაღალი მამაკაცის ფიგურა გამოისახა – ეს დოქტორი კელეტი იყო, მე ის ვიცანი!
– კი მაგრამ, როგორ, ცოცხალი ადამიანის სული იქ როგორ გაჩნდა? – თვალებგაფართოვებულმა ტომმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
– ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე. იმ მომენტში შიშმა მეც ამიტანა, მაშინვე წამოვხტი და ფიგურას ვკითხე – ვინ ხარ-მეთქი.
– დოქტორი მაურიუს კელეტიო, – მიპასუხა და მე დოქტორის ხმა ვიცანი. როგორ გგონია, რა გავაკეთე? – მანქანაში ჩავხტი და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი იულესშტრასეს 17 ნომრისკენ – მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, მართლა მოკვდა თუ არა, რომ მერე დავბრუნებულიყავი და იმ ორი პროფესორისთვის მეთქვა, როგორ აბრიყვებდა ის თაღლითი ქალი.
კარზე ხუთჯერ მაინც დავრეკე. მოსამსახურეს, რომელმაც კარი გამიღო, ძალიან დაბნეული სახე ჰქონდა. მითხრა, დოქტორთან ვერ შეგიშვებო. ხელი ვკარი და ბინაში შევვარდი.
დოქტორი დიდ სავარძელში იჯდა, მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა იყო, თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა და პირი ოდნავ ჰქონდა გაღებული. იქვე, მაგიდაზე, ვისკის ორი დაცლილი ჭიქა და ნახევრად მოწეული სიგარა იდო. ჰო, დოქტორი მარტო არ იყო – სოფაზე უგონოდ ეგდო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ან დოქტორის სიკვდილმა ჩააგდო შოკში ან ჩემმა დანახვამ. მოსამსახურემ პოლიცია გამოიძახა... მათ ჩემი ვერსია არ დაიჯერეს და თქვეს, რომ დოქტორი მე მოვკალი ეჭვიანობის ნიადაგზე... სასაცილოა, ხომ მართალია?
– ეჭვიანობის ნიადაგზე რატომ, თუკი ის, რაც მოხდა სპირიტული სეანსის ბრალი იყო? – ტომი დაბნეული უყურებდა.
– ჩემი ცოლი... ის ქალი ჩემი ცოლი იყო... ხალხიც ლაპარაკობს, რომ ისინი საყვარლები იყვნენ, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი, როცა დოქტორის სულის გამოძახება ვთხოვე მედიუმს. შენ როგორ ფიქრობ, მართლა მე მოვკალი?! იცი? მე და ჩემს ცოლს რაც შეგვეხება, არასდროს შევეფერებოდით ერთმანეთს. წარმოდგენა არა მაქვს, საერთოდ რატომ გამომყვა...

скачать dle 11.3