კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-38(769)

 ანა დაძაბული იჯდა და მთელ სხეულში თითქოს ჭიანჭველები დაუდიოდა. ერთი სული ჰქონდა, ეს მასკარადი რაც შეიძლება  მალე დასრულებულიყო. ვალდებულება იმისა, რომ თავი ბუნებრივად დაეჭირა და გაეღიმა, ნერვებს უშლიდა. ლაშას გახედა. გულში აღიარა, რომ საკმაოდ ზომიერად და ღირსეულად იქცეოდა. ყველა მოხიბლა. მეგობრები ცუდად დაფარული შურით ულოცავდნენ ანას გაბედნიერებას და, ალბათ, ფიქრობდნენ – რაღა უნდა მეტი, სიმპათიურიც არის, სერიოზულიც, შეძლებულიც, მეგობრულიც და იუმორის გრძნობაც აქვსო. ანას სიმწრისგან გაეცინა. ლაშა მისკენ შებრუნდა და გაუღიმა, მისი ხელი მოძებნა და თითებზე ნაზად მოუჭირა...
– ჩვენი ბედნიერების სადღეგრძელოს სვამენ, ასეთი დაძაბული ნუ ხარ, –  ჩასჩურჩულა ყურში. ანამ იგრძნო, რომ ახლა გული აერეოდა. წამოხტა და საპირფარეშოსკენ გაიქცა. ნირწამხდარმა ლაშამ იქ მყოფებს მოუბოდიშა:
– ტოქსიკოზი...  რა ვქნათ, უნდა გავუძლოთ. ცოტა ხნით დაგტოვებთ,. უნდა მივხედო...
ანა პირსაბანთან იდგა და სახეზე მუჭით ისხამდა წყალს.
– რა დაგემართა? – ჰკითხა ლაშამ.
– გული ამერია.
– ჰო, მივხვდი... აი, მაგაზე გეუბნებოდი – არ მემეტებოდი ამ ყველაფრისთვის – ჯერ გულისრევა, მერე მშობიარობა და ღამეების თენება...
ქალმა დაუფარავი სიძულვილით შეხედა:
– ტოქსიკოზი შენზე მაქვს, შენს საქციელზე, სულელურ ღიმილზე და ამ ფაქტზე! – მიახალა ბოღმით.
ლაშა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
– მგონი, შენ თვითონ გინდოდა ეს ფარსი, – მიუგო სარკასტულად, – ასე რომ, მე ნურაფერს დამაბრალებ.
– რა თქმა უნდა. შენ ხომ რაინდი ხარ, ყველა ქალისთვის სასურველი და სანატრელი...
– რა გინდა, ანა? – ამოიოხრა ლაშამ, – რამე ისე ვერ გავაკეთე? რა ვიცი, ტყავში ვძვრები, რომ ყველას მოვეწონო და არ შეგარცხვინო. მეგონა, მადლობელი დარჩებოდი.
– სწორედ მაგაშია საქმე, რომ მეტისმეტად ცდილობ. ამაზრზენია შენი ყურება.
– ანა, დღეს მაინც ნუ ვიჩხუბებთ, – ხვეწნაზე გადავიდა ლაშა, – უხერხულია.
– მე კი მგონია, უხერხული ის უფროა, ასე უსირცხვილოდ რომ ვიტყუებით ორივე და უნიჭოდ ვთამაშობთ ბედნიერი წყვილის როლს, – აცრემლდა ანა.
ლაშამ ხელსახოცი მოხია და მიაწოდა:
– უნდა დამშვიდდე...
– ჰმ, ადვილი სათქმელია, დამშვიდდე... შიგნით ყველაფერი მიდუღს, თავს საზიზღრად ვგრძნობ...
– მაინც შეეცადე. მალე დასრულდება საღამო და სახლში წაგიყვან.
– რომელ სახლში? – ჰკითხა მოულოდნელად ანამ და ცხვირი ხმაურით მოიხოცა.
– რა?! – დაიბნა ლაშა, – ვერ ვხვდები, რას მეკითხები.
– ჰო, რომელ სახლში – ჩემთან თუ შენთან? თუ თავს ვიტყუებთ, ბოლომდე მოვიტყუოთ.
– მე შენთან წამოსვლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – მხრები აიჩეჩა კაცმა.
– მართლა?
– მართლა... და, ცოტა ხანს კიდევ ვითამაშებ ქმრის როლს.
– გმადლობ, არ მჭირდება, – მიახალა ანამ, – გათავისუფლებ მაგ პასუხისმგებლობისგან.
– ანუ...
– ანუ, დღესვე, შენ წახვალ შენს სახლში, მე წავალ ჩემს სახლში და ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით.
– ხუმრობ? კარგი რა, ანა, ძალიან დავიღალე შენთან ჭიდილით. ის კი არა, მზად ვარ, პატარა „საქორწინო უიქენდიც“ კი მოგიწყო.
– დიდი მსხვერპლია შენი მხრიდან და ვერ მივიღებ, – ანას დამცინავი ღიმილი გამოესახა სახეზე, – მაინც, როგორ ახერხებ ასეთი ცინიკოსი იყო?
– რა შუაშია ცინიზმი? მე ამას გულწრფელად გთავაზობ.
– აი, მე კი გულწრფელად გეუბნები, რომ  შენი დანახვა აღარ მინდა, – მიახალა ანამ და საპირფარეშოდან გასვლა დააპირა.
– მოიცადე, მერე, რას ეტყვი შენს ნაცნობ-მეგობრებს, სად გაქრა ჩემი ქმარიო?
– არაფრის ახსნას არ ვაპირებ, მაგრამ, თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება, რაღაცას მოვიფიქრებ.
– მაკვირვებ, – მხრები აიჩეჩა ლაშამ, – ამ ყველაფერზე იმიტომ დაგთანხმდი, რომ ასე მალე შენთან გამომშვიდობება არ მინდოდა და, მაინც მეუბნები, ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახოო. გამაგებინე, აუცილებლად ოფიციალურად უნდა მოგიყვანო ცოლად, რომ ზოგჯერ შენთან ყოფნის უფლება მქონდეს?
– უნდა დაგეზუსტებინა – შენთან სექსის უფლება-თქო!
– თუნდაც ასე იყოს, რა არის ამაში ცუდი? ჩემი მომავალი შვილის დედა ხარ, ბოლოს და ბოლოს...
– ჰმ, რა საინტერესო არგუმენტია! როცა საქმე სექსამდე მიდის, შენი მომავალი შვილის დედადაც კი მაღიარებ.
– აუუ, მარტო სექსი რომ მინდოდეს, შენი აზრით, ვერავის ვიპოვიდი?
– როგორ ვერ იპოვიდი? იპოვიდი, ეჭვიც არ მეპარება მაგაში, მაგრამ, რატომ იწვალებ, როცა აქვე ვარ, ხელის გაწვდენაზე?
ლაშამ ხელი ჩაიქნია:
– მოკლედ, დღეს შენთან ლაპარაკი არ შეიძლება. მგონი, ორსულობა ცუდად მოქმედებს შენს ნერვულ სისტემაზე – მუდმივად გაღიზიანებული და საჩხუბრად შემართული ხარ.
– ასე ვიქნები სულ, როცა კი შენ დამირეკავ, – მიახალა ანამ.
ლაშამ მორჩილად დაუქნია თავი:
– იყოს ისე, როგორც შენ გინდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ახლა კი დავბრუნდეთ სტუმრებთან, მართლა უხერხულია...
***
სოფომ კაბინეტის კარი შეაღო და შეიჭვრიტა:
– შეიძლება შემოვიდე?
ანა კლავიატურაზე რაღაცას კრეფდა. თავი ასწია და სოფოს ხელი დაუქნია.
– მოდი. რამე საჩქაროა?
– არა, საჩქარო არა, უფრო საინტერესო. მაგრამ, თუ არ გცალია, მოგვიანებით შემოვალ.
– ვამთავრებ უკვე. თვალები ისე გიციმციმებს, გატყობ, ერთი სული გაქვს, როდის მეტყვი და იმასაც ვხვდები, რომ ეს სამსახურს არ უკავშირდება.
– ჰო, – სოფომ მაგიდასთან მიირბინა და სავარძელზე მოიკალათა, – ვახოს მოეწონე! – გამოაცხადა მოზეიმე, იდუმალი ხმით.
– ვის? – ანამ ერთბაშად ვეღარ გაიხსენა, ვისზე იყო საუბარი.
– ვახოს, ჩემი ქმრის მეგობარს, ყაზბეგში რომ ვნახეთ. მაშინ ვხუმრობდით, მაგრამ მართლა ჩავარდნიხარ გულში, თანაც სერიოზულად.
ანას გაეღიმა:
– ოჰო, რა იცი, რომ სერიოზულად?
– შუაღამისას დაურეკა ნიკას, რამე მიშველეო. ჩემი ქმარი ლამის გაგიჟდა. ნახე, რა მაგარი შანსი გეძლევა, ლაშას სამაგიერო გადაუხადო?
– არა, სოფო, – უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ანამ, – მე ასე არ შემიძლია. კი ვამბობ, რომ სამაგიეროს გადახდა მინდა, მაგრამ, რეალურად ამ საქმეში ვერ ვივარგებ.
– კარგი, სამაგიეროზე ნუ ვიფიქრებთ, – ალტერნატივა შესთავაზა სოფომ, – მომავალზე ვიზრუნოთ. ნიკამ თქვა, ძალიან კარგი ადამიანია, ლაშას საერთოდ არ ჰგავსო.
– ანუ, მექალთანე არ არისო თუ, კიდევ რით არ ჰგავს ლაშას?
– ნუ, პასუხისმგებლობა აქვს, სერიოზულია... ცოლი არასდროს ჰყოლია, მგონი, არც საყვარელი...
– ეგ მის სასარგებლოდ სულაც არ მეტყველებს, – ამოიოხრა ანამ, – ძმაკაცობა-მეგობრობაში ლაშაც ძალიან მაგარია. არა, გმადლობ, ჩემს ანგარიშზე ერთი ოჯახმოძულეც საკმარისია.
სოფო ჩაფიქრდა:
– არ ჰგავს ოჯახის მოძულეს. ჩვენთან რამდენჯერმე იყო სტუმრად და ნიკას უთხრა, მშურს შენი, ასეთი ბედნიერი რომ ხარ; გაგიმართლა ცოლშიც და შვილშიცო.
– ზრდილობა ნამდვილად ჰქონია, ვერაფერს იტყვი. მოკლედ, რას დაჰპირდა შენი ქმარი, როგორ გიშველიო?
– ნიკას უნდა, რომ ერთმანეთი უკეთესად გაგაცნოთ. მითხრა, ანას არ უთხრა, რამე მოიფიქრე, ჩვენთან მოიპატიჟე და ვახოსაც მოვიყვანო.
– არ მაქვს ახლა პრანჭვისა და ვინმესთვის თავის მოწონების განწყობა.
– საქმეც ეგაა, რომ უკვე მოსწონხარ. გეუბნები, შუაღამისას გაგვაღვიძა-მეთქი.
ანამ თვალები მოჭუტა:
– იცის, შვილი რომ ლაშასგან მყავს?
სოფო დაფიქრდა:
– მგონი, არა. ეს მნიშვნელოვანია?
– ძალიან. მაშინ, შეიძლება დავთანხმდე ვახოს ახლოს გაცნობას.
– კარგი. ნიკას ვეტყვი, სიტყვაც არ დაძრას.
– ჰო, ასე აჯობებს. მაგრამ, კორექტულად, კარგი? არაფერი იეჭვოს – ნიკას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
– აუცილებლად. ჩემი იმედი გქონდეს. ანუ, თანახმა ხარ? მოხვალ ჩვენთან?
– ვიფიქრებ. ისე, შენთან მეც მაქვს საქმე – იმიჯის შეცვლას ვგეგმავ: ყველაფერი უნდა შევცვალო – გარდერობი, ვარცხნილობა, თმის ფერი...
– დარწმუნებული ხარ, რომ ეს გაჭრის?
– რას გულისხმობ? ხომ არ იფიქრე, რომ ამის გაკეთება ლაშას გამო გადავწყვიტე?
სოფომ უხერხულად გაიღიმა.
– კი, ვიფიქრე, – გამოტყდა და გაწითლდა სოფო.
– როგორი საყვარელი ხარ... მაღაზიებში ხომ გამომყვები? კომპეტენტური მრჩეველი მჭირდება.
– რა თქმა უნდა, თუ გინდა, დღესვე. ძიძას დავურეკავ, ბავშვთან გვიანობამდე დარჩეს და შენს განკარგულებაში ვარ! – ხელი ხელს შემოჰკრა სოფომ.
***
ლაშამ უკმაყოფილოდ დახედა აწკრიალებულ მობილურს და უხალისოდ მიიდო ყურთან:
– გისმენთ!
– ოჰ, როგორი ოფიციალური და მკაცრი ხარ, – მოესმა ქალის მხიარული, წკრიალა ხმა.
– ვერ გიცანი, რომელი ხარ?!
– ვერ მიცნობდი, იმიტომ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ჩემთვის არ დაგირეკავს.
– რომელი ხარ-მეთქი! – ხმა უფრო გაიმკაცრა კაცმა.
– შენ საშიშიც ყოფილხარ. ეტყობა, მყუდროება დაგირღვიე და ახლა მეჩხუბები. კარგი, ბოდიშს გიხდი შეწუხებისთვის.
– არ გირჩევნია, მითხრა, ვინ ხარ? – თითქოს ეცნო ლაშას ქალის ხმა.
– ერთი მომხიბლავი და თავისუფალი გოგო, რომელიც კაცებს ვალდებულებებს არ აკისრებს.
– ირინკა! თავიდანვე გეთქვა... მაპატიე. ცოტა უგუნებოდ ვარ, მძიმე შაბათ-კვირა მქონდა.
– დაახლოებით ვხვდები – ჩემი ნახვა არ გინდა.
– ძალიან მინდა. შენ თუ გამომიყვან ამ სტრესიდან, სულზე მომისწარი. სად გნახო და რამდენ ხანში?
– ახლა სამსახურში ვარ... – ირინკამ სიტყვა გაწელა, – იცი რა, მე თვითონ შეგეხმიანები ცოტა ხანში... – სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ კარი გაიღო და ოთახში ორცოლგანაშვები მთავარი ქირურგი სოსო შემოვიდა, ირინკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მისკენ გაემართა. ირინკამ სწრაფად დააჭირა გათიშვის ღილაკს თითი.
 – საქმე გაქვთ, ბატონო სოსო?
– აუცილებლად საქმე უნდა მქონდეს, რომ მოვიდე და გნახო? უბრალოდ, მომენატრე.
ირინკამ წარბი შეიკრა.
– ბატონო სოსო... – დაიწყო შეუვალი ტონით, მაგრამ კაცმა ხელის აქნევით გააჩერა:
– ვიცი, რასაც მეტყვი – რომ შენზე ბევრი, ბევრი წლით ვარ უფროსი; რომ ორი ცოლი უკვე მყავდა და არც ბრეტ პიტის გარეგნობით გამოვირჩევი; რომ შენნაირი ლამაზი გოგო უკეთეს კავალერს იმსახურებს... მაგრამ, რაღაც ღირსებებიც მაქვს.
ირინკა ანცობის გუნებაზე დადგა და თვალები მაცდურად მოწკურა:
– ღირსებები? საინტერესოა...
– რა თქმა უნდა, საინტერესოა. მე ზუსტად ვიცი, როგორ მოგანიჭო ბედნიერება – ხელისგულზე გატარებ... პატარა ბიჭებმა რა იციან შენი სილამაზის ფასი...
– ჰა, ჰა, ჰა, ბატონო სოსო, ძალიან გამართეთ. ანუ, შეუფასებელი ვარ?
– არ იცოდი? გიყურებ და ვცდილობ, ნაკლი გიპოვო, მაგრამ არაფერი გამომდის. ხომ იცი, ქირურგის თვალი მაინც სულ სხვაა – ზედმეტი არაფერი გამოეპარება. მე შემიძლია, კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადო ეს  მშვენიერება, ანუ, ბრილიანტს შესაფერისი ბუდეც სჭირდება, უფრო მეტად რომ იბრწყინოს.
– გინდოდათ, გეთქვათ, გალია სჭირდება, ხომ? – მთელი ხმით აკისკისდა ირინკა და მოხდენილი ფეხები ააფართხალა.
– საყვარელო, შენი კისკისი გულს მიჩქარებს... სადმე დაგპატიჟებ... მითხარი, რა გიყვარს და გაუჩინარს გაგიჩენ...
– ბატონო სოსო, რამდენჯერ უნდა დამპატიჟოთ და უარი მიიღოთ?
– იმდენჯერ, სანამ არ დაგითანხმებ. ჯიუტი ვარ და იმედს არ ვკარგავ.
– ძალიან ბევრი საქმე მაქვს. საღამოს კი მეგობარს ვხვდები.
კაცმა ამოიოხრა და შემელოტებულ თავზე ხელი გადაისვა:
– რატომ არ იცი საკუთარი თავის ფასი? ოდესმე მიხვდები, რაზე თქვი უარი...
– და ვინანებ?
– არ ვიცი, არ ვიცი... ის კი ვიცი, რომ შენი შეუდარებელი მკერდი და უკანალი ნაადრევ ინფარქტს დამმართებს.
– ნაადრევს რატომ, ბატონო სოსო?!
კაცმა გულდაწყვეტით შეხედა სიცილისგან ჩაბჟირებულ გოგოს.
– დაცინვა არ არის ღირსეული საქციელი... – სინანულით გადააქნია კაცმა თავი, – მაინც დავიტოვებ იმედს, თქვენი ნებართვით.
ირინკამ მხრები აიჩეჩა:
– ჩემი ნებართვა არ უნდა გჭირდებოდეთ მაგისთვის.
კარი გაიღო და ოთახში სოფო შემოვიდა, ეჭვით გადახედა ჯერ ირინკას, მერე ქირურგს მიაპყრო გამანადგურებელი მზერა და მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი.
– თათბირი გაქვთ? – იკითხა მოზომილი ტონით და თავის მაგიდას მიუჯდა.
– ოჰ, გათხოვილ ქალებთან კამათის თავი არ მაქვს, წავედი, – სოსომ ირინკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და უკანმოუხედავად გავარდა.
სოფომ ისევ გადააქნია თავი:
– ნწ, ნწ, ნწ... ამ კლიმაქსიანსაც აბამ, გოგო? არ გინდა, ხელებში ჩაგაკვდება და შარში გაყოფ თავს.
ირინკამ ზიზღით აიბზუა ტუჩები:
– კარგი, რა, შენ ან მართლა ძალიან სულელი გგონივარ, ან მეტისმეტად ზნედაცემული.
– რა ვიცი, რა ვიცი... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა სოფომ.
ირინკა გაცხარდა:
– ასე ნუ მელაპარაკები! მე შენ გზას არ გიღობავ და ძალიანაც ნუ მოგაქვს თავი. მარტო ის, რომ ქმარი გყავს, ჩემთან შედარებით არანაირ უპირატესობას არ განიჭებს. ეგ სოსო კი იდიოტია, თვითონ მოდის და მთხოვს, სადმე დაგპატიჟებო. ვეჩხუბო?
– არა. არ უნდა ეჩხუბო.
– ჰოდა, მეც დავცინი, მაგრამ ვერ ხვდება.
– ძალიან კარგად ხვდება, მაგრამ თავს იშტერებს იმ იმედით, რომ შენთან რამე გამოუვა.
– მერე ეგ მე რატომ უნდა მაწუხებდეს? ფეხებზე მკიდია! – გაგულისებით წამოიყვირა ირინკამ, მობილურს ხელი სტაცა და ოთახიდან გავარდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3