კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გამოიწვია აფხაზთა მეფის, გიორგი მეორის სისასტიკე უფროსი ვაჟის მიმართ

აფხაზთა მეფის, კონსტანტინე მესამის გარდაცვალების შემდეგ, 922-957 წლებში, აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) მეფობდა მისი უფროსი ვაჟი – გიორგი მეორე. მას ჰყავდა ნახევარძმა – ბაგრატი, რომელიც მამამისს მეორე ქორწინებიდან შეეძინა. ბაგრატ უფლისწული ცდილობდა, გიორგისთვის ტახტი  წაერთმია. როგორც „მატიანე ქართლისა“ მოგვითხობს, მათ შორის ყოფილა „ბრძოლა ფიცხელი“.
ბაგრატ უფლისწული იყო სიძე გურგენ კლარჯეთის ერისთავთ-ერისთავისა, რომელიც გახლდათ ადარნასე მეორე ქართველთა მეფის ვაჟი. გურგენი  ეხმარებოდა სიძეს გიორგი მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში და დასავლეთ საქართველოში კარგა ხანს ვერ დამყარდა მშვიდობა.
920-იანი წლების ბოლოს ბაგრატ უფლისწული გარდაიცვალა და გიორგიმ მოახერხა სამეფოს შემომტკიცება და წესრიგის დამყარება.
გიორგი მეფე ყოფილა „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვანებითა“,  ღვთისმოყვარე, ეკლესიების მაშენებელი, გლახაკთა მოწყალე, გულუხვი, თავმდაბალი, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე. მან ააშენა ჭყონდიდის ტაძარი; განამშვენა, მრავალი სიწმინდე დააბრძანებინა იქ და საეპისკოპოსო დააარსებინა.
იგი ცდილობდა ქართული ქვეყნების გაერთიანებას. აფხაზთა მეფეები მთელ დასავლეთ საქართველოს ფლობდნენ და ამიტომ დაერქვა სამეფოს აფხაზეთი.
ამ დროს აფხაზთა მეფეები ქართლს აკონტროლებდნენ, უფრო თუ დავაზუსტებთ – ქართლის ნაწილს, ძირითადად შიდა ქართლს. თბილისში არაბი ამირა იჯდა და ქვემო ქართლის დიდი ნაწილი ამირას ემორჩილებოდა. ჩრდილოეთისკენ წამოწევას ლამობდნენ არმენებიც.
კახეთში ქორეპისკოპოსი იჯდა. ჰერეთს თავისი მეფე ჰყავდა. ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა დინასტია ბატონობდა. ტრაპიზონ-ლაზეთი ბიზანტიელებს ჰქონდათ მიტაცებული.
აფხაზთა მეფემ, გიორგიმ, თავისი უფროსი ვაჟი, კონსტანტინე, ქართლის ერისთავად დანიშნა.
ქართლის ერისთავის მთავარი რეზიდენცია უფლისციხეში გახლდათ. მაშინ უფლისციხე კარგად შემოზღუდული და გამაგრებული ციხე-ქალაქი იყო.
სამი წელი მართავდა კონსტანტინე ქართლს, როგორც ერისთავი. შემდეგ, ქართლის დიდებულთა მხარდაჭერით, გადაწყვიტა, თავი ქართლის მეფედ გამოეცხადებინა და აღარ დამორჩილებოდა მამას, აფხაზთა მეფეს. მას მიემხრნენ ტბელი დიდებულები და სხვა დიდაზნაურები.
თავიდან არ სჯეროდა გიორგი აფხაზთა მეფეს შვილის განდგომის ამბავი. კონსტანტინე მისი უფროსი ვაჟი იყო, ანუ მთელი დასავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე. უფლისწულმა კი იჩქარა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მამას უღალატა, ქართლის მეფედ გამოაცხადა თავი და აჯანყება დაიწყო იმ სამეფოს წინააღმდეგ, რომლის მომავალი მეფე თავად უნდა გამხდარიყო.
როცა დადასტურდა მეფის ძის განდგომა, წამოემართა გიორგი აფხაზი ქართლს თავისი არმიით, მოიმხრო ტაოკლარჯელი მეფეები, ბაგრატიონები, კახეთის ქორეპისკოპოსი ფადლა  მეორე და  მოადგნენ უფლისციხეს. ეს ხდებოდა დაახლოებით 929 წელს.
კარგა ხანს გაგრძელდა ბრძოლა, ვერაფერი ავნეს ციხესიმაგრეს. კონსტანტინეს საკმაოდ კარგად ჰქონდა გამაგრებული ქალაქი და მეომრებიც მრავლად ჰყავდა. ციხის გარეთ ხან ცხენოსნების შერკინებები ხდებოდა, ხან ქვეითები ებრძოდნენ ერთმანეთს.
მაშინ გიორგი მეფემ ხერხი იხმარა და საზვერელ აზნაურებს შეეთქვა. მათ ურჩიეს კონსტანტინე ქართლის მეფეს:  გამოდი გარეთ, ჩვენ წაგიყვანთ აფხაზეთში, შენ გახდები მეფე და მამაშენი დარჩება ქვეყნის გარეთო. კონსტანტინემ დაიჯერა და მიენდო, თუმცა,  ერთგული აზნაურები უშლიდნენ, მაგრამ არ მოუსმინა მათ.
ღამით ტივით გამოვიდა მტკვარზე კონსტანტინე მეფე. როგორც კი მიუახლოვდა ნაპირს, ვერ მოითმინეს გიორგი მეორესთან შეთქმულებმა და შეპყრობა დაუპირეს. მიხვდა კონსტანტინე მათ მზაკვრობას და მოატრიალებინა ტივი, რათა ციხეში დაბრუნებულიყო, მაგრამ, ვერ შეძლეს ტივის დამორჩილება და უკან დაბრუნება და დადგნენ სატივე ადგილას.
ამ ხმაურსა და შეტაკებაში გამოვიდა აფხაზთა მეფე თავისი ჯარით და დაიკავა ციხის გარშემო ტერიტორია. რომ გათენდა, დაიწყეს კონსტანტინეს ძებნა. ის გასულიყო წყლიდან და კლდის ერთ ნაპრალში იმალებოდა. იპოვა უბედური მეფე ერთმა უბრალო მეომარმა, შეიპყრეს და მიჰგვარეს მამამისს.
გიორგი მეორეს ჯერ ძმის ღალატისგან გამწარება არ ჰქონდა დავიწყებული, რის გამოც სამეფო ვერ დაალაგა ამდენი ხნის განმავლობაში (მეფისთვის კი სამეფოს სიმშვიდე ითვლებოდა  მთავარ მოვალეობად), ახლა კი უფროსმა ვაჟმა უღალატა და, ალბათ, ამან განაპირობა მის მიერ გამოტანილი სასჯელის სიმკაცრე.
მეფემ სასტიკად დასაჯა მოღალატე ვაჟი: მას ჯერ თვალები დაუწვეს. კანონით, თვალებდამწვარი ვერ გახდებოდა მეფე; მერე კი დაკოდეს. ვერ გაუძლო კონსტანტინემ ამ წამებას და მოკვდა.
უფლისციხეში გამაგრებული აზნაურები მიენდნენ აფხაზთა მეფეს და გამოვიდნენ ციხიდან. ტბელები გაუშვა მშვიდობით და გაგზავნა ასფურაგანს, სომხეთში – ალბათ, გადაასახლა.
ქორეპისკოპოს ფადლა მეორის გარდაცვალების შემდეგ ქორეპისკოპოსი გახდა მისი ძე – კვირიკე მეორე.
ქართლის ერისთავად გიორგი მეფემ თავისი მეორე ძე – ლეონი დანიშნა.
კვირიკეს განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მოიწვიეს აფხაზთა მეფე. გიორგი მეფემ გაილაშქრა კახეთში, მოარბია, დაბრუნდა აფხაზეთის სამეფოში და დაბანაკდა ატენში (ატენი აფხაზთა სამეფოს ეკუთვნოდა). მალე მან მობილიზაცია გამოაცხადა და კვლავ კახეთის წინააღმდეგ გალაშქრება მოინდომა. ეს რომ გაიგო კვირიკემ, კახეთის ქორეპისკოპოსმა, ეახლა და ზავი სთხოვა, თუმცა მერე გაპარვა განიზრახა. გიორგიმ შეიპყრო კვირიკე და დაიძრა კახეთისკენ, რათა მისი ოჯახის წევრებიც დაეპატიმრებინა. კვირიკეს ოჯახი გადაიხვეწა, რადგან მათ ქართლელმა აზნაურებმა აცნობეს გიორგი მეფის განზრახვა.
კვირიკე ქორეპისკოპოსის ძმა, შურტა, მიემხრო გიორგი აფხაზს და ჩააბარა ციხე უჯარმა. აფხაზეთის მეფის ჯარი კახეთში სხვა ციხეებსაც დაეუფლა, გარდა სამი ციხისა – ნახჭევნის, ბოჭორმისა და ლოწობნისა.
ლოწობანს განაგებდა ივანე არშის ძე. ის გამაგრდა ციხეში. გაწირა თავისი პატრონი, კვირიკე – არ დამორჩილდა.
მეფე გიორგი პირადად მიადგა ლოწობანს და შეტევა ბრძანა. ხერხი იხმარეს და აიღეს ციხე.
კახეთის ნახჭევნის ციხეს ფლობდა ფადლა, კვირიკეს ძე. ისიც გამაგრდა ციხეში. ნახა კვირიკე ქორეპისკოპოსმა, სხვა გზა არ იყო, ითხოვა ფიცი, რომ ცოცხალს გაუშვებდნენ და დაუთმო კახეთი გიორგი აფხაზთა მეფეს.
უფლისწულ ლეონ გიორგის ძეს არ უნდოდა კვირიკეს გაშვება, მაგრამ არ დაუჯერა მამამ. კვირიკემ ითხოვა, აღვსების დღესასწაულამდე, ანუ აღდგომამდე  არ აეღოთ ბოჭორმა. დათანხმდა გიორგი აფხაზი კვირიკე კახელის თხოვნას, მაგრამ აიღო ნახჭევნის ციხე. მძევლად კვირიკეს უმცროსი ვაჟი, დავითი აიყვანა და ლამპრობის დღესასწაულზე, გაზაფხულის პირას გაათავისუფლა კვირიკე.
მეფე გიორგი დასავლეთში გადავიდა. შევიდა კვირიკე ბოჭორმაში – აღვსების დღესასწაულზე ამ ციხის დაცლასაც აპირებდა. მაგრამ შეითქვნენ ქართლისა და კახეთის აზნაურები: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაველი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, ძმები - სარა და გრიგოლ ფხვენელნი, მათთან ერთად ორმოცდაათი სხვა აზნაური და გადააფიქრებინეს.
შეუტიეს ციხეებს და მალე აიღეს. დააქციეს შურის ციხე და ლოწობანი და ისევ დაეუფლა კახეთს კვირიკე ქორეპისკოპოსი.
გიორგი მეფემ კახეთის დაკარგვა რომ გაიგო, ძალიან ეწყინა და აბრალებდა მათ, ვინც კვირიკეს გაშვება ურჩია. მან კვლავ გაგზავნა ჯარი კახეთში თავისი ვაჟის, ლეონის წინამძღოლობით. მივიდნენ და მოწვეს კახეთი.
ლაშქრობის დროს აცნობეს აწ უკვე ლეონ მესამეს, რომ მისი მამა, აფხაზთა დიდი და ღვთისმოყვარე მეფე გარდაცვლილიყო.

скачать dle 11.3