კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სურვილი შეუსრულეს ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს თანამებრძოლებმა და რისი გაკეთება არ დასცალდა მას ტრაგედიის დღეს

23 სექტემბერს, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა  ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვასილ ყულჯანიშვილი. 21 წლის გმირს საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი თვეც არ ჰქონდა დარჩენილი – 18 ოქტომბერს ის უკვე სამშობლოში იქნებოდა.

 თამთა ტაბატაძე (მეგობარი): მე და ვასო თანატოლები ვიყავით, ერთ ეზოში გავიზარდეთ, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ვასო ყოველთვის ძალიან მხიარული იყო – თუ მახსოვს, მხოლოდ მოღიმარი. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, ვინაიდან ჩვენ ძმაკაცები ვიყავით. სულ ამბობდა, შენ „ბიჯო“ ხარ ჩემთვისო და ასეც მეძახდა. ბავშვობაში ფეხბურთზე დადიოდა და ამბობდა, რომ გავიზრდები, ცნობილი უნდა გავხდეო. სამწუხაროდ, ფეხბურთით ვერა, მაგრამ, თავისი გმირობით მთელ საქართველოსა და მსოფლიოს გააცნო თავი. ძალიან ცელქი იყო, მოუსვენარი. ერთხელ ეზოში ბოთლი გატეხა და მე ნამსხვრევებზე გავიჭერი ფეხი, დიდხანს ვმკურნალობდი და ვემუქრებოდი, ამის გამო სამაგიეროს გადაგიხდი-მეთქი. სულ „ვასკიტარიკიტარიკიტარას” ვეძახდი, ასე დაუსრულებლად ვიმეორებდი ხოლმე და ბრაზდებოდა, მთელი დღე საჩხუბრად დამსდევდა. თუ რამე მოფერებითი სახელით მიმართავდი, იტყოდა ხოლმე, ამხელა ჯარისკაცს მსგავსი არ შემეფერებაო. თურმე, ჩვენ კიდევ არ ვიცოდით, მართლა რამხელა ყოფილა. 2013-ში  თავისი სურვილით გადაწყვიტა ჯარში წასვლა. ტანით პატარა იყო და ვიცინოდით ხოლმე, შენ ჯარში როგორ მიგიღეს, იარაღის ხელაც არ ხარო. თვითონაც სიცილით გვპასუხობდა – ჯარისკაცს როგორ დასცინით, მე თქვენ გიცავთ და ეს რა უმადურობააო. ავღანეთში წასვლაც უცებ გადაწყვიტა. ისე მალე მოაგვარა ყველაფერი, რომ ჩვენს დაშლასა და თხოვნას აზრი არ ჰქონდა, ვერც მოვასწარით რამის თქმა. იმდენად მოეწონა ჯარი, ამბობდა, უნდა გავაგრძელო და ამ ხაზით წავიდეო. სულ გვეხმიანებოდა, სულ გვწერდა, გვიყვებოდა თავის ამბებს. მეუბნებოდა, აქ მშვიდობაა, ბოლო-ბოლო, მე ვარ და, სხვაგვარად არც შეიძლება იყოსო.  არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვებს ვერ ვპოულობთ. ველოდებით, როდის ჩამოასვენებენ, ძალიან გაიწელა ეს დრო. დედამისის მოლოდინი იმხელა იყო, სიტყვებით ვერ აგიწერთ. ხათუნა დეიდას (ვასილის დედა, – ავტორი) ეძინა თურმე და  ამ ამბის გამო გააღვიძეს. ამდენი ფორმიანი რომ დაინახა, ისედაც მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს. ძმა სავალდებულო ჯარშია და იმ ღამით ცვლაში იყო. უთხრეს, დედა არის ცუდადო, სახლში მოიყვანეს და მერე უთხრეს ამ უბედურების შესახებ. ვიდრე სამინისტროში ინფორმაცია არ დაიდებოდა, მანამდე არ გვჯეროდა. გვარად ყულჯანიშვილია, მაგრამ ყულიჯანიშვილი გამოაცხადეს საინფორმაციოთი და ეს გვაძლევდა კიდევ იმედს, ეს ერთი ასო. დაჯერება მიჭირს, ისეთი პატარა, საყვარელი, ღიმილიანი და ყურადღებიანი იყო. ბოლოს რაზეც მელაპარაკა, საქართველოს თემას ეხებოდა. მეკითხებოდა, ზაფხულში როგორ დავისვენე – ყველაფერი აინტერესებდა. დიდი სურვილი ჰქონდა, ბინა ეყიდა, ოჯახზე ზრუნავდა, კიდევ უნდოდა ავღანეთში წასვლა.  წინათგრძნობა ჰქონდა ალბათ, რადგან, 15 სექტემბერს „ფეისბუქზე“ ფოტო გააზიარა შემდეგი წარწერით: „ჯერ რა დროს სიკვდილია, შენ ხომ არცერთი სურათი არ გაქვს გასადიდებელი.” მართლა ვერ ვპოულობთ მის ფოტოს, არ უყვარდა გადაღება. თუ რაიმე სურთზეა, ყველგან გვერდზე იხედება. ახლა ველოდებით მისი პირადი კომპიუტერის ჩამოტანას და ავარჩევთ რამეს. ბიჭებმა გვითხრეს: ვიდრე პატრულირებაზე გავიდოდნენ, ვასოს უთქვამს – მოდი, ერთი ფოტო გადამიღეთო, ანუ, მომხდარიდან რამდენიმე საათით ადრე გადაღებული ფოტოც არსებობს. როგორ გადავიტანთ, როგორ მოვინელებთ ამ ტკივილს, არ ვიცი. მე მეგობარი აღარ მყავს, ძმა აღარ მყავს, რომელიც ყოველ მოწერას ასე იწყებდა: „ბიჯო, ხო ხარ მაგრად?!” მე ერთი ღიმილის ბიჭი დავკარგე, ჩემმა ქალაქმაც და ქვეყანამაც დაკარგა ეს ბიჭი. რთულია, გაიაზრო, რომ გმირია და შენც ისე მოიქცე, როგორც გმირს შეეფერება. ვცდილობთ ამ ყველაფერთან გამკლავებას, მაგრად ვდგავართ. იმითაც ვიმხნევებთ თავს, რომ სერჟანტი ცოცხალია – ერთი ვაჟკაცი ხომ მაინც იხსნა სიკვდილისგან. მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, ახლა იაზრებდა, ახლა უგებდა გემოს ცხოვრებას. ის მუდამ პატარა დარჩება ჩვენ მოგონებებში. ჩვენ გავიზრდებით, დავბერდებით, ვასკა კი სულ ღიმილიანი, ცელქი, მოუსვენარი, ხალისიანი იქნება.  ყველგან საქართველოზე ფიქრობდა. ერთი ვიდეო არსებობს, სადაც ავღანელ ბავშვებს ასწავლის, თუ როგორ უნდა თქვან ქართულად – „მიყვარხარ, საქართველო.” ეს ხმა დაგვრჩა მისგან და იქაც საქართველოზე ლაპარაკობს. ჩემი ვასო უბრალო კაცი არაა, ქვეყნის გმირია; პატარა, მაგრამ, ბევრად იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ გვგონია.
გიორგი პეტრიაშვილი (ჯარისკაცი): ექვსი თვე შესრულდებოდა 29 სექტემბერს, რაც აქ მსახურობდა, სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი საქართველოში ჩამოსვლამდე, 18 ოქტომბერს ვბრუნდებით. საოცარი პიროვნება იყო. რაც არ უნდა გეთქვა და რაზეც არ უნდა გელაპარაკა მასთან, სულ იცინოდა, ამიტომ ზედმეტსახელადაც „სმაილა“ შევარქვით.  პატარა იყო, 21 წლის, სიცოცხლით სავსე, მეგობრული. გამარჯობის თქმას ვერ ვასწრებდით. პირველი ყოველთვის თვითონ გვეკითხებოდა, როგორ ხართო. უყვარდა სპორტი და, იმ დღეს ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო, ჩვენს მორაგბეებზე აპირებდა ვიდეოს გაკეთებას პატივისცემისა და გამხნევების მიზნით. ამბობდა, ვიდეოს გავაკეთებ და რაგბის საიტზე ავტვირთავო, მაგრამ, არ დასცალდა. მეც და ვასოსაც, ორივეს გვიყვარდა სპორტი, ყოფილი ფეხბურთელები ვიყავით და ძალიან ხშირად ვლაპარაკობდით ამ თემაზე. უხაროდა საქართველოს წარმატება. მორაგბეების გამხნევება თავად ვერ შეძლო, მაგრამ ჩვენ ავუსრულეთ ეგ სურვილი – გადავიღეთ ვიდეო და ავტვირთეთ, როგორც მას უნდოდა... ყველას დაგვწყდა გული, ძალიან დადებითი ადამიანი იყო.  ერთი ძმა და დედა დარჩა. როგორც თავდაცვის მინისტრმა თქვა, დედამისი გმირულად შეხვდა შვილის დაღუპვას, მეამაყება ის ქალი... აქ ჩვენ ერთმანეთს არ ვეკითხებით, ვინ რა მიზეზითაა წამოსული, ყველამ ვიცით ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, მაგრამ, ვასოს ბევრი ფულიც რომ ჰქონოდა, მაინც ჩვენ გვერდით იქნებოდა. ის ჩვენ გამო, ძმაკაცების გამო იყო აქ. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვყოფილიყავი, მისი გაღიმება ყველაფერს მავიწყებდა. პატარა და საყვარელი იყო. წინა დღით, იმ სოფელში, სადაც ვასო დაიღუპა, ჩვენი ჯგუფი ვიყავით. ახლა ვნატრობ, ჩვენთვის მაინც ესროლათ, იქნებ ყველანი გადავრჩენილიყავით, თუმცა, ახლა რაღას ვუშველი... ეს ოცნებად დამრჩა. ყოველთვის ერიდებოდა სურათების გადაღებას, ამიტომ, არცერთი  თავისი ფოტო არ უდევს სოციალურ ქსელში. საქართველო ენატრებოდა ძალიან, სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი დაბრუნებამდე. როგორ აგიხსნათ... ის ძალიან დიდი დანაკარგია და, ვიდრე ჩვენ ვიქნებით, ისიც მუდამ იცოცხლებს. ყველაზე პატარა იყო და ყველა ვეფერებოდით, ვუვლიდით, ისევე, როგორც ის გვეფერებოდა და გვივლიდა.

скачать dle 11.3