კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ ჩაითრევს დასავლეთი რუსეთსა და თურქეთს ხანგრძლივ პარტიზანულ ომებში და რა საფრთხე ელის საქართველოს

ისე მოხდა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში ჩართული მხარეების რაოდენობა გაიზარდა: თურქეთს იერიში მიაქვს როგორც ისლამური სახელმწიფოს, ისე ქურთების პოზიციებზე, ტერორისტებთან საბრძოლველად მზად არიან ირანის შეიარაღებული ძალებიც,  რომელთა საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის ავიაცია უზრუნველყოფს, ბაშარ ასადის დასახმარებლად სირიაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებიც გამოჩნდნენ და თვით ჩინეთმაც კი გამოთქვა მზადყოფნა სამხედრო მოქმედებებში ჩასართველად. ზემოაღწერილი მოქმედებები მიანიშნებს, რომ სირია-ერაყის ტერიტორიების გადანაწილება აქტიურ ფაზაში გადავიდა. რის მიღწევას ცდილობენ მხარეები და რით შეიძლება, დასრულდეს პროცესი? – თემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

 – რუსეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად უარი თქვა კოალიციის ჯარებთან თანამშრომლობაზე რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს და, მათი აზრით, რაც მეტად იაქტიურებენ, მით მეტ სარგებელს ნახავენ სირიაში. მართალია, წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ ბაშარ ასადს იარაღით და ფინანსურად, მაგრამ ახლა ჯარი შეიყვანეს სირიაში, რითაც ინტერესთა კონფლიქტში შევიდნენ თურქეთთან და ირანთან. სირიაში ძალიან დიდია ირანის გავლენა და, მას შემდეგ, რაც ირანს ემბარგო მოუხსნეს და ენერგომატარებლების ბაზარზე ის რუსეთის ძირითადი კონკურენტი გახდა, რუსეთმა ძალის გამოყენებით გადაწყვიტა სირიაში თავისი ინტერესების დაცვა. სირიასა და ერაყშიც გავლენა ჰქონდა რუსეთსაც, თურქეთსაც, ირანსაც, საუდის არაბეთსაც… საერთოდ, როდესაც ავტოკრატი მმართველია ქვეყანაში, ის ყველა ქვეყნის ინტერესს თავისი საჭიროებისთვის იყენებს. მაგრამ, როდესაც ავტოკრატ მმართველს პრობლემები ექმნება, გავლენების მოპოვების მსურველი ყველა ქვეყანა ცდილობს, თავისი ბერკეტები აამოქმედოს ამ ქვეყანაში. ტერიტორიული დანაწილება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სირია, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, დანგრეულია, მათ შორის, მისი ისტორიული და კულტურული ძეგლები, რომელთა ასაკი 3 000-5 000 წელია. უფრო გავლენების სფეროების მონიშვნა დაიწყო. ამის შემდეგ იქნება დაკანონება და საუბარი იმაზე, დაანაწევრონ თუ ერთი ტერიტორიის ფარგლებში კონფედერაციულ თუ ფედერაციულ საწყისებზე მოაწყონ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების წინაშე ვდგავართ. ასევე, ვფიქრობთ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა: ის დიდ კონფლიქტში ჩაითრიეს.
– ფიქრობთ, რუსეთისთვის ხელსაყრელი იყო, თუ არ ჩაერეოდა? მაგრამ მაშინ ის ხომ დაკარგავდა გავლენას ახლო აღმოსავლეთში?
– ვერ გეტყვით, რა ჯობდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მოლაპარაკებების წინაპირობები. რუსეთს შესთავაზეს პარტნიორობა და რუსეთმა უარი თქვა, დიპლომატიურ ენაზე კი შეთავაზება ნიშნავს იმას, რომ რაღაც დოზით რუსეთის ინტერესიც იქნებოდა გათვალისწინებული. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თქვა უარი, რადგან ფიქრობს, რომ ასადი და სირია მთლიანად მისია. იცით, რატომ დაიწყო კონფლიქტი სირიაში: იქ უნდა გაიაროს ყატარიდან წამოსულმა გაზის მაგისტარლმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს რუსეთი დაახლოებით იმავე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს, როგორშიც იყო 1979 წელს, როდესაც ავღანეთში შეიჭრა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ამერიკელები ავღანეთში შეჭრას არ აპირებდნენ და ეს იყო ცრუ ინფორმაცია. ჩვენ არ ვიცით, რა ფინანსური რესურსი და სამხედრო პოტენციალი აქვს რუსეთს,  მაგრამ არსებული რეალობა ასეთია: რუსეთს აქვს მოუგვარებელი კონფლიქტები კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში –  აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ყარაბაღი და ჩრდილო კავკასიაში –  მთლიანად; აშკარა ომი აქვს უკრაინასთან და ახლა მესამე ფრონტი გაიხსნა სირიაში.
– იმას ამბობთ, რომ რუსეთი შეიტყუეს სირიაში მისი დასუსტების მიზნით?
– ჩვენ ადრეც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ: რუსეთს პირველად ხარჯი გაუზარდეს კონფლიქტებით, მაგრამ საქართველოსა და მოლდოვას პრობლემური ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოექცია. პირველი ეტაპი იყო ის, რომ ხარჯები გაუზარდეს და, მეორე ეტაპი, რომ შეუმცირეს შემოსავლები. დღეს ისეთი ვითარებაა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომ ხელფასებს ნატურით გასცემს. მაგრამ, საგანგაშო ისაა, რომ რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აირჩია, ჩვენი აზრით, მცდარი გზა, ისევე, როგორც მცდარი გზა აირჩია თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ –  ორივე სახელმწიფო ჩაითრიეს დაუმთავრებელ პარტიზანულ ომებში, რომლებიც დაანგრევს მათ ეკონომიკას და საფრთხეს შეუქმნის მათ სახელმწიფოებრიობას რელიგიური და ეთნიკური ტერიტორიული წარმონაქმნების შექმნით. ეს იგივეა, როდესაც ბრძოლის დროს მეომარი დაჭრილია, კარგად იბრძვის, კარგადაა აღჭურვილი, მაგრამ სისხლდენა აქვს, რაც, საბოლოოდ, დაასუსტებს და დააგდებს.
– რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნუთუ ისეთი ბეცია, რომ ასეთ ხაფანგში მოიქცევდა თავს?
– რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის ისეთი ბეცი, რომ თავი მოიქციოს ხაფანგში, მაგრამ ვა-ბანკზე წავიდა –  ყველაფერი ან არაფერი, სხვა გამოსავალი არ აქვს, ისევე, როგორც თურქეთის ხელმძღვანელობას, რომელმაც, ებრძოდა რა სახალიფოს წარმომადგენლებს, პარალელურად დაიწყო ქურთების პოზიციების დაბომბვა, რომლებთანაც მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. მე არ ვიცი, რა დონის ანალიტიკოსები და მრჩევლები ჰყავთ; არც ის ვიცით, არარეგისტრირებული ოქროს რამდენი რეზერვი აქვთ და არც ის, როგორ გადააიარაღეს სამხედრო აღჭურვილობა, ამიტომ ამ დეტალებზე არც ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ მოცემულობაზე, რაც ჩანს. ვიზუალური დათვალიერებით ვსვამთ დიაგნოზს, თუმცა არ ვიცით, შიგნით რა პროცესები მიდის. მაგრამ ვიმეორებთ: რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არის სანქციების ქვეშ და იბრძვის სამ ფრონტზე. გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირი ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა იყო როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე დღევანდელი რუსეთია, მის ტერიტორიაზე თითქმის არ არსებობდა ნაციონალური მასშტაბის პოლიტიკა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირებები, პლუს, ჰქონდა ცენტრალიზებული მმართველობის ქვეშ მოქცეული მყარი ეკონომიკა, მაგრამ 1979 წელს ავღანეთში შეჭრამ როგორც ეკონომიკური, ისე მორალური ბზარები გაუჩინა სტალინის მიერ შექმნილ სახელმწიფოს, რაც 90-ან წლებში დასრულდა უსისტემო ნგრევით და არა დემონტაჟით.
– რამაც პრობლემები შეუქმნა ევროპას. ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში წაუგებელს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატები?
– ამ შემთხვევაში წაუგებელს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატები და ექსკლუზიურად თქვენი ჟურნალისთვის ვიტყვი შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მითქმა-მოთქმაა ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, როგორც სახელმწიფო, ამერიკა თამაშობს წაუგებელს. ახლო აღმოსავლეთში ის აშკარად და პრეტენზიულად დაუპირისპირდა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მათ  ინტერესებს. ვინმე ოდესმე წარმოიდგენდა, რომ ირანი რუსეთის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა სირიაში?! მივიღეთ ასეთი სურათი: სირიის, ნახევარი თუ არა, ერთი მესამედი დაპირისპირებულია რუსეთთან, რუსეთს ინტერესთა კონფლიქტი აქვს ირანთან და თურქეთთან, რუსეთთან დაპირისპირებულია ისლამური სახალიფო, რომელიც აქცენტს გადმოიტანს რუსეთზე და, ჩვენი აზრით, არა მარტო სირიაში, რუსეთის ტერიტორიაზეც შეეცდებიან ტერაქტების მოწყობას.
– ჩვენც ხომ ვიგულისხმებით ამ მიმართულებაში?
– საუბედუროდ, ამ შავბნელმა გზამაც ჩვენზე უნდა გაიაროს, ისევე, როგორც აბრეშუმის გზამ და ენერგომატარებლებმა; პლუს, დასავლეთს აქვს კონფლიქტი რუსეთთან და დასავლეთი თავის ტერიტორიას მთლიანად უთმობს ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ.
– და ჩვენ ისევ პოლიგონის როლი გვაქვს?
– ჩვენთან ერთად პოლიგონის როლი აქვთ ევროპასაც და აზიასაც. ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა ძლიერი, შეძლებული და გავლენიანი სახელმწიფოს სტატუსი აქვს და მახვშის სკამში ჩაბრძანებული ელოდება, როდის დაუწყებენ ხვეწნა-მუდარას აზიელები, კავკასიელები და ევროპელები ან ყველანი ერთად, დაგვეხმარეო. მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი კი ასეთია: ჩვენი მონაცემებით, რუსეთს მიიყვანენ იმ ზომამდე, რომ 2016-2018 წლებში იძულებული გახდეს, თითი დააჭიროს ბირთვულქობინიანი რაკეტის ღილაკს. ცხადია, ეს რაკეტა ვერ მიაღწევს ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, იმიტომ რომ 35 წუთს უნდა იფრინოს, 35 წუთში კი ძალიან იოლია მისი განადგურება, განსაკუთრებით –  ოკეანის თავზე. ამიტომ, თუ რუსეთი დააჭერს თითს ღილაკს, უნდა ისროლოს ან ევროპაში, უკრაინის მიმართულებით, ან კავკასიაში, ან აზიაში და, რას გამოიწვევს ეს?! ერთი ბირთვული ქობინი 100-დან 150-მდე ქალაქს გაანადგურებს. მაგრამ შემდეგ რა მოჰყვება ამას? აზიელები, კავკასიელები და ევროპელები ამერიკის შეერთებულ შტატებს მუხლმოყრით შეევედრებიან, დაგვიცავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ბირთვული იარაღით ანადგურებსო. რეზიუმე თქვენ მიაწერეთ, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს.
– მოვლენების განვითარების კარგი სცენარიც ვთქვათ, რადგან თქვენ რომ თქვით, იმ სცენარში ჩვენ ვეღარ გადავრჩებით.
– მიცვალებულებს სურდო აღარ ემართებათ. რა შედეგს მოუტანს, თუ კავკასიას დაარტყამს? ყველაზე დიდი, ტანკები შემოყაროს, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია უდიდეს ხარჯებთან. ან სირიაში, გგონიათ, ფრონტალურ ბრძოლას გაუბამენ რუსებს? გრძელვადიან ომში შეიტყუებენ და პარტიზანულ ომში გადაიყვანენ, რაც კოლოსალურ ხარჯთანაა დაკავშირებული. კარგ სცენარს რაც შეეხება: მე არ ვიცი, ხედავს თუ არა ასე საკითხს ვინმე რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ არიან ასეთი ადამიანები. გამოსავალი იოლია: სანამ ურთიერთობას არ დაალაგებს კავკასიაში, დერეფანი მისი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყოველთვის იქნება ღია და ამას ვერც ჩვენი შესაძლებლობის სახელმწიფო ვერ გადაკეტავს და ვერც აზერბაიჯანის დონის, სომხეთი სათვალავშიც არ არის, იმიტომ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რუსეთის ფედერაციისკენ მიმავალი ყველა გზა და ბილიკი. სხვა დროს ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი უკრაინასა და სირიასთან, ახლა ვთქვათ, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოსთან, იმისთვის, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მთელი მსოფლიოს წინაშე მშვიდობისმყოფელის იმიჯიც დაიბრუნოს და შეწყდეს მის წანააღმდეგ აგრესია, რომელიც სულ უფრო მეტ და მეტ ქვეყანას აერთიანებს. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააფორმოს ხელშეკრულება აფხაზებთან ურთიერთდაუსხმელობის შესახებ, რის  შედეგადაც რუსეთი აიღებს ვალდებულებას, რომ ცხინვალიდან და აფხაზეთიდან გაიყვანს სამხედრო ბაზებს და არასდროს აღარ შეეცდება საქართველოში თავისი ინტერესების ძალით დაცვას; მეორე მხრივ, საქართველო აიღებს ვალდებულებას, რომ მას ეყოლება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი არმია და ის თავის ტერიტორიაზე არ განათავსებს უცხო ქვეყნის ბაზებს.
– ანუ ნეიტრალიტეტი?
– ნეიტრალიტეტის თემაა, მაგრამ უნდა გცნონ ნეიტრალურად.
– ეს ვიგულისხმე.
– სახელმწიფომ, შეიძლება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქართულად ძალიან კარგად გამოითქმის ეს ტერმინი –  მიუმხრობლობა, ანუ არავის მხარეს არ ვართ. ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში, კოალიციებში; გვყავს საერთაშორისო სტანდარტების არმია და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას, მაგრამ, თუ ჩვენი ტერიტორია დაარღვიეს, გვაქვს უფლება, მივმართოთ ჩვენი კოალიციის წევრებს, რომ დაგვეხმარონ. თუმცა ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენი ნებით მშვიდობიან პერიოდში უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთები საქართველოში არ იდგებიან და მესამე –  აფხაზებთან ვდებთ ფედერალურ ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება მცირე ერის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური უფლებები საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში და არანაირი სამხრეთ ოსეთი –  არამედ ცხინვალის ოლქი, რომლის 24 000-დან 32 000-მდე მოსახლეს განესაზღვრება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი უფლებამოსილებები. ხშირად იმიტომ ვახსენებ საერთაშორისო სტანდარტებს, რომ, თუ შემდგომში აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობა ჩათვლის, რომ ავიწროებენ, მათ სწორედ საერთაშორისო სტანდარტებით გვიჩივლონ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნაცვლად იმისა, რომ ისროლონ თოფი და უცხო ქვეყნის ტანკებზე ამხედრებულები გამოვიდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რამდენადაც ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, კრემლში არიან ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ. ეს არის ჩონჩხი, დანარჩენი დეტალებია.

скачать dle 11.3