კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდება თუ არა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობა ფასიანი და არის თუ არა საცობის დამარცხება შესაძლებელი კენტ და ლუწნომრიანთა მოძრაობის გრაფიკებით

თბილისი რომ თანდათან გაუვალი ქალაქი ხდება, ეს ამბავი თვით ფეხით მოსიარულისთვისაც კი ნათელია, ამიტომაც საცობები უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეინიშნება, რისი მიზეზიც, გარდა ავტომობილების სიმრავლისა და მძღოლთა მიერ საგზაო წესების იგნორირებისა, გზებისა და პარკირების არასწორი დაგეგმარებაცაა. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძესთან ერთად განვიხილავთ, თუ რატომ იქმნება დედაქალაქში გაუვალი საცობები ხანდახან სრულიად უსაცობო ვითარებაში და როგორ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი დაუსრულებელ საცობებში გაჭედილებმა.

 – საცობების განმუხტვის რა მოდელები არსებობს, რომლებსაც უკვე იყენებენ თბილისზე უფრო დიდ და მრავალმანქანიან ქალაქებში?
– საცობებისგან განმუხტვის ბევრი მოდელია და ამ მომენტისთვის მეც, საავტომობილო ფედერაციასთან ერთად, ვმუშაობ ამ თემაზე. მინდა, გამზადებული ვერსიები მივაწოდო შესაბამის ორგანოებს, რომ თბილისშიც დავიწყოთ ამაზე მუშაობა, რადგან ცოტა ხანში ქალაქი აბსოლუტურად გაუვალი გახდება. დავიწყოთ შედარებით მარტივი მიზეზებით: პირველი, რასაც ჯერჯერობით კატასტროფული შედეგისთვის არ მიუღწევია, მაგრამ მიაღწევს, არის ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის ზრდა, რაც ავტომატურად ქმნის ავტომანქანების ისეთ მოცულობას, რაც საცობებთან პირდაპირ კავშირშია და რის შეზღუდვაც, ადრე თუ გვიან, საჭირო გახდება. მეორე მიზეზი არის ავტომობილისტების მართვის დაბალი დონე. მართვის მოწმობების დღევანდელი პრაქტიკული გამოცდა ვერ აძლევს მძღოლს სათანადო ცოდნას იმისთვის, რომ დინამიკურად იაროს; შემდეგი მიზეზია შუქნიშნები და გზაჯვარედინები, რომელთა გადაწყობა ისეა შესაძლებელი, რომ გაცილებით ნაკლები საცობი შეიქმნას. ასევე, გასასწორებელია საგზაო მონიშვნები, ანუ ზოლები ცუდადაა დახატული, ზოგი ერთმანეთს არ ემთხვევა, ზოგი განიერია, ზოგი ვიწროა, რაც მძღოლებს დარღვევის საშუალებას აძლევს.
– შუქნიშნები რატომ იწვევს პრობლემებს, მათი ანთების დრო არ არის ოპტიმალურად შერჩეული, ახლოს არის ერთმანეთთან განლაგებული თუ?..
– ჯერ ერთი, რაც მეტი შუქნიშანია, მით მეტი საცობია. ყველა ცდილობს, გზები ისე მოაწყოს, ცალმხრივი მოძრაობით თუ ესტაკადებით, რომ, რაც შეიძლება ნაკლები შუქნიშანი იყოს, რადგან, ერთით მეტი შუქნიშანი ნიშნავს ერთით მეტი მანქანის გაჩერებას, რაც უკვე საცობია; მეორე –  არ გვაქვს უწყვეტი მწვანე ზოლი, როდესაც მწვანე აგენთება, რამდენიმე სექცია ისე მიდიხარ, რომ სულ მწვანეა. ჩვენთან კი, აქ რომ მწვანე აინთო, დაიძარი, მაგრამ მეორე შუქნიშანთან აინთო წითელი, ანუ ნებისმიერი შუქნიშანი გაჩერებაა, ჩვენი მართვის მოწმობიანი მძღოლებისთვის კი თითოეული გაჩერება პოტენციური საცობია. მაგალითად, ამერიკაში, რომც არ იდგეს ასეთი ნიშანი, ყველას შეუძლია მარჯვნივ ჩახვევა, თუ ჩახვევა აკრძალული არ არის, ევროპაში კი გვერდითი მწვანე სულ ანთია. ჩვენთან, მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე, შუქნიშნების მარჯვენა მხარე სულ ანთებული უნდა იყოს, ანუ, მნიშვნელოვანია რიგითობა და შუნიშნების ანთების დრო. მართალია, ჩვენთან დამონტაჟდა „ჭკვიანი შუქნიშნები,” რომლებსაც ეს უნდა უზრუნველეყო, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემურად არ მუშაობს. ანუ შუქნიშნის კორექციაა საჭირო.
– ჩვენთან რატომ არ აღმოჩნდნენ შუქნიშნები ჭკვიანები?
– იმიტომ, რომ ამისთვის მთელი სისტემა უნდა გამართო. ერთი გზაჯვარედინი ამას არ ეყოფა, ერთი უბანი მაინც უნდა განიხილო, თუ ყველა კვეთა არ განიხილე სინქრონულად და მხოლოდ ერთი მონაკვეთით იმსჯელე, ეს შედეგს არ მოიტანს.
– საცობების შექმნის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები რომელია?
– გზაჯვარედინები არ უნდა იყოს ერთმანეთში გამავალი, ანუ ცალმხრიობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. მაგალითად, პეკინიდან არის მარცხნივ შესახვევი  ბახტრიონისკენ. მაგრამ, რადგან შემხვედრი მანქანა ბევრია, ისინი გზას არ უთმობენ და არც არიან ვალდებულები, დაუთმონ, ამიტომ შემხვევი მანქანები ცდილობენ, შეიჭრან ბახტრიონზე, ამასობაში პეკინზე მესამე ზოლი ივსება მანქანებით, ემატება მეორე ზოლიც და თავისუფალი რჩება პირველი ზოლი, სადაც მოძრაობენ ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები და ერთ-ერთიც რომ გაჩერდეს გაჩერებაზე, უკვე აბსოლუტური საცობი იქმნება. ამიტომ ცივილიზებულ სამყაროში შეთანხმდნენ ასე: მარცხნივ შეხვევა ძალიან ბევრგან არ შეიძლება. მიდიხარ პირდაპირ და მარცხნივ უხვევ იქ, სადაც არის განიერი მონაკვეთი. ჩვენთან ასეთი განიერი მონაკვეთი პეკინზე არის მიცკევიჩის შესახვევთან. იქ, შესაძლოა, გაკეთდეს მოსატრიალებელი, სადაც მობრუნდებიან მანქანები, წამოვლენ აქეთ და შეუხვევენ ბახტრიონზე. მაგალითად, კომუნისტების დროს ყველაზე დაძაბული მოძრაობა იყო წერეთლის გამზირზე და იქ მხოლოდ ორი მარცხნივ გადასახვევია. მოძრაობ პირდაპირ, შეგიძლია, შეხვიდე მარჯვნივ და იქიდან გამოხვიდე შემდეგ მარცხნივ ჩასახვევად. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ წერეთლის გამზირი გადატვირთულია და გასაწოვი არ აქვს, იქ ყოველთვის გამდინარე საცობია და მხოლოდ იმის გამო, რომ მარცხნივ მოხვევა არ შეიძლება. შუქნიშანიც რომ ჭკვიანი იდგეს, უფრო სწრაფად გაივლიდა ყველა და, კარგი მძღოლებიც რომ გვყავდეს, კიდევ უფრო თავისუფალი მოძრაობა გვექნებოდა. კიდევ ერთი პრობლემაა სადისტრიბუციო მანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
–   დამასწარით. რა გახდა ამ სადისტრიბუციო და დასუფთავების მანქანებისთვის მოძრაობის დროის დაწესება, რომ არ იწვევდნენ მოძრაობის პარალიზებას?
– ნაგვის მანქანები ვიწრო ქუჩებზე მოძრაობას აჩერებენ… გრაფიკები მაქვს გაკეთებული, თუ როდის უნდა მოძრაობდნენ: სადისტრიბუციო მანქანები –  საღამოს 9 საათის შემდეგ და დილის 8 საათამდე და, ამავე დროს უნდა მუშაობდნენ დასუფთავების სამსახურის მანქანებიც. საქართველო ამ მხრივ მოქნილია, იმიტომ რომ, დილით არავინ მიდის სამსახურში და გზები ცარიელია. მაშინ, როდესაც გერმანიაში დილის 6 საათიდან მოძრაობს ქალაქი და ამიტომ მათი დასუფთავების მანქანები მუშაობენ ღამის ოთხი საათიდან, მაგრამ მათ ჩუმი მანქანები ჰყავთ. ამას გარდა, მთავარი პრობლემაა –  პარკირებები. ლონდონმა შემდეგნაირად უშველა თავს: ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ან არ არის პარკირებები, ან არის ძალიან ძვირიანი. თბილისში გაცილებით ბევრი პარკირებაა, მაგრამ ისეთ ქუჩებზეც, სადაც ერთი მანქანის არასწორი პარკირებაც კი გამოიწვევს საცობს. ამასთან, ტროტუარზე გაჩერებული მანქანებიც ქმნის საცობს: ასვლამდეც, იმიტომ რომ, ჯერ ეძებს ადგილს და ნელა მოძრაობს, შემდეგ ბორდიურზე ნელა ადის, რომ მანქანა არ გააფუჭოს. ამასობაში მის უკან მთელი ზოლი დგას და, ასევე, გამოსვლისასაც ნელა მოძრაობს, რითაც ისევ აფერხებს მოძრაობას. ლონდონში ეს მარტივადაა გადაწყვეტილი: ტროტუარებზე ჩარჭობილია პატარა ძელები, როგორც ჩვენთან რუსთაველის გამზირზე. ასეთი ძელები უნდა იყოს საკვანძო ადგილებში. აქ იქმნება მეორე პრობლემა: თუ არ არის პარკირება, როგორ მოიქცეს ადამიანი, მათ შორის, სახელმწიფო მოხელე? უნდა იმოძრაოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით, ან იქ განლაგებულმა სამსახურებმა შეიძინონ პარკირების ადგილები. მაგალითად, ბანკის ფილიალს რომ აკეთებს, მეპატრონემ უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის მოაწყოს პარკირების ადგილები. ლონდონში ჩვენზე ვიწრო ქუჩებია, მაგრამ განმუხტულია მოძრაობა. ქალაქის ცენტრში პარკირება ფასიანია და წინასწარ იცი, საკუთარი ავტომობილით წახვალ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგალითად, ჩემს ქუჩაზე შენდება სახლი, ნახაზი ვნახე და ვიკითხე, თუ ჰქონდათ პარკირების ადგილი. სახლი 25-ბინიანია, პარკირებისთვის კი 7 ადგილია გამოყოფილი, თან, ისეთ ადგილას, რომ შვიდივე მძღოლი უნდა იყოს მევლუდ მელაძე, რომ შეძლოს იქ შესვლა. ვიანგარიშოთ 50 მანქანა, არადა, 50 მანქანა სულ დაკეტავს მთელ გოგებაშვილის ქუჩას.  იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფომაც არ უნდა გასცეს მშენებლობის ნებართვა, თუ თითოეულ ბინაზე პარკირების ორ-ორი ადგილი არ იქნება გათვალისწინებული. ესეც ერთ-ერთი მექანიზმია.
და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საპატრულო პოლიცია: საპატრულო პოლიცია არ რეაგირებს მცირე დარღვევებზე, რაც იწვევს საცობს: არ რეაგირებს ტროტუარზე მანქანის ასვლა-ჩამოსვლაზე, როდესაც ხედავს, თუ როგორ ასწრებენ „კრუტოი“ ტიპები სხვებს, გადადიან საპირისპირო მხარეს, რომ გაასწრონ საცობში ჩამდგარ მანქანებს. ამას პატრული არ უყურებს, როგორც დიდ საფრთხეს და, მაქსიმუმ, ჩაილაპარაკოს, სად მოდიხარო, მაშინ, როცა, უნდა გააჩეროს და დააჯარიმოს, როდესაც მანქანა გადაკვეთს ზოლს, არ ჩადგება კალაპოტში, გადავა საპირისპირო მხარეს, არ გაატარებს ფეხით მოსიარულეებს. ორი-სამი დაჯარიმების შემდეგ ყველა გაფრთხილდება, ანუ დაჯარიმება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ წესრიგი ვისწავლოთ.
– იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ჩემთვის გამოცანაა: სულ საცობია, არადა. გზა ფართოა.
 – დღემდე არავინ იცის, რატომ იქმნება იქ საცობი. მე მაქვს ნახაზი, თუ როგორი უნდა იყოს გზის კალაპოტი, რომ არ შეიქმნას საცობი და, გარანტიას გაძლევთ, რომ იქ საცობი არ იქნება. ძალიან მარტივია: ჩვენ. რატომღაც, ყველაფერს სიმეტრიულად ვყოფთ, არადა, ასიმეტრიული ფიგურა უნდა გავაკეთოთ. იქ არის ორ-ორი ოფიციალური განიერი და ჯანსაღი ზოლი. არადა, განიერ გზას ჯობია, რომ ვიწრო იყოს, რადგან, ფართო გზა ვიღაცას აძლევს საშუალებას, მესამე ზოლად ჩადგეს და შეაფერხოს მოძრაობა. შესაძლებელია, მხატვრების მხარეს დავავიწროვოთ გზა, რაც არ შექმნის საცობს და მეორე მხარეს გავაკეთოთ ჯანსაღი სამი ზოლი, რომ ზემოდან, ბროსესა და ვირსალაძის ქუჩებიდან ჩამომავალი ავტომობილების ნაკადი შევიდეს მესამე ზოლად. ვიღაც თავისით ცდილობს, გაასამზოლოს ეს ორზოლიანი სივრცე და ქმნის საცობს. ანუ ამ მხარეს შეიძლება ჯანსაღი სამი ზოლის გაკეთება, მხატვრების მხარეს –  ჯანსაღი ორი ზოლის და საცობი აღარ იქნება.
– მარცხენა სანაპიროზე უფრო ნაკლებია საცობი, იმიტომ რომ ნაკლები მანქანა მოძრაობს? არ შეიძლება, ისე დაიგეგმოს, რომ ამ ორივე სანაპირომ გაინაწილოს მანქანების ნაკადი?
–  მარცხენა სანაპიროს ყველა ერიდება, რადგან ელიავასა და სტადიონისკენ საცობი უფრო დიდია, თან, გზა იქით ვიწროა და შუქნიშანიც მეტია. აქეთ ნაკლები შუქნიშანია, გზაც განიერია და ამიტომ ყველას ჰგონია, რომ უფრო თავისუფალი იქნება მოძრაობა. თან, მარცხენა სანაპიროზე რომ გადახვალ, უკან გადმოსასვლელად გვირაბში უნდა გახვიდე ან მეტეხის ხიდზე გადახვიდე. სამსახურების უმეტესობა მარჯვენა სანაპიროზეა და, თან, მარჯვენა სანაპირო ცენტრალურ გზად ითვლება, ამიტომ ავტომობილები ძირითადად მარჯვენა სანაპიროს იყენებენ. მეტიც, მარჯვენა სანაპიროს იყენებს ის ხალხიც, ვინც თბილისში არ ცხოვრობს და მცხეთიდან ან რუსთავიდან ჩამოდიან ან იქ მიდიან. ან საერთოდაც ერევანში მიდის, ვთქვათ, ფოთიდან ან თურქეთიდან. ანუ ყველა იყენებს მარჯვენა სანაპიროს. ამიტომაც უფრო დატვირთულია, თან არაკომფორტულადაა მოწყობილი მარჯვენა სანაპიროზე გადასასვლელ-გადმოსასვლელი. დიღმის მასივიდან რომ შემოდიხარ, მარცხენა სანაპიროზე რომ მოხვდე, მთელი დიღომი უნდა გაიარო უამრავი შუქნიშნით, ეს კი იმდენ დროს გართმევს, რომ, გირჩევნია, საცობში იდგე მარჯვენა სანაპიროზე.
– შესაძლოა, თბილისის ცენტრალურ უბნებში მოძრაობა გახდეს ფასიანიო, ეს რეალურია?
– რეალური იქნება 30 წლის შემდეგ.
– იმ დროისთვის ბევრი ფული გვექნება?
– დღეს რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა, 20-30 წელი დაგვჭირდება, რომ საბოლოოდ აქამდე მივიდეთ. ამერიკა რომ ამერიკაა, სადაც ეკონომიკა ყვავის, იმასაც კი ძალიან დიდი დრო დასჭირდა და დღემდეა პრობლემა, რადგან ფასიანი გზების მოწყობას ძვირად ღირებული მოწყობილობა სჭირდება, რომელიც აფიქსირებს გამავალ ავტომობილს, რომელსაც საქარე მინაზე მიმაგრებული აქვს ბარათი, საიდანაც ავტომატურად იჭრება ფული, ხოლო, თუ ფული არ ჰქონდა ბარათზე ან ისე გაიარა ავტომობილმა, ძვირად ღირებული კამერები იღებს ფოტოს და სახლში უნდა მოგივიდეს ჯარიმა, რომ გაიარე გადახდის გარეშე. ანუ რთული და ძვირიანი სისტემაა. ნიუ-იორკში ბევრი ადგილია, სადაც ბარათით გადიხარ და იქაც დიდი საცობებია, იმიტომ რომ, ვიღაცას არ აქვს ბარათი ან თანხა გაუთავდა ბარათზე და მოლარესთან ხელზე უნდა გადაიხადოს ქეშით ფული. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი ცენტრის დაყენება თბილისის ცენტრში შემავალ ქუჩაზე რამხელა საცობს გამოიწვევს?!
– რეალურია მოძრაობის შეზღუდვა კენტი და ლუწნომრიანი მანქანებისთვის?
– საქართველოში ეს არ იმუშავებს ერთი მარტივი მიზეზის გამო: არავინ იცის, ჩვენს ნომრებში რამდენია კენტი და ლუწი, შეიძლება, მეტად არათანაბარი განაწილება იყოს, იმიტომ რომ, ჩვენთან ნომრების თავისუფალი არჩევანია და, ამასთან, ვისაც საშუალება აქვს, მას ორივე ნომერი ექნება: კენტიც და ლუწიც და ვიღაც ჭკვიანი ტიპები კი გაყიდიან სანომრეებს, რომელიც შეატრიალ-შემოატრიალებს კენტ და ლუწ ნომრებს.
– თქვით, რომ მუშაობთ ნახაზებზე, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ და გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს?
– არაერთ შეხვედრაზე ვაყენებდი ამ საკითხს და, ერთადერთი ადამიანი, ვინც საფუძვლიანად დაინტერესდა, არის არჩილ თალაკვაძე, შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც მითხრა, უშუალოდ მე მეკონტაქტე ამ საკითხზე და მაქსიმალურად ვეცდები, გამოვიყენო თქვენი გამოცდილებაო. ამ ეტაპზე უსასყიდლოდ ვუმზადებთ მასალებს. რადგან ვთქვი, იძულებული ვარ, შევასრულო სიტყვა.

скачать dle 11.3