კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „ჩაძირა“ ოთო ნემსაძე ძმამ, ბესო ნემსაძემ და როგორ დაამუნჯა მან სიმღერის დროს მთელი დარბაზი და ჟიური

წელს უკრაინულ „X ფაქტორში“ არაერთი ნიჭიერი ქართველი მონაწილეობს, რომელთა შორის ერთ-ერთი ბესო ნემსაძეა. მის მიერ შესრულებულმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერამ ვერავინ დატოვა გულგრილი. ბესო ნიჭიერი მომღერლის, ოთო ნემსაძის ძმაა. ძმები არა მხოლოდ ნიჭიერებით, ემოციებითაც ერთმანეთს ჰგვანან. ახლო მომავალში ოთო თავის ჯგუფს აკეთებს, რომელიც ბევრი ნიჭიერი მომღერლით იქნება დაკომპლექტებული. ასე რომ, ორივე ძმას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

ოთო ნემსაძე: მოკლედ, მეც ჩავერთე ოჯახურ კლანში.
– როგორია თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობა?
ოთო: ორწელიწად-ნახევრით ვარ უფროსი: როცა მინდა, მაშინ წამოვარტყამ თავში, როცა მინდა, მაშინ მოვატანინებ წყალს. ბესო გაცნობიერებულად იმ მომენტიდან მახსოვს, როდესაც თვალში ნაკვერჩხალი შემარჭო – გამოიღო ღუმლიდან, თვალში მატაკა და იმის მერე ვარ ნახევრად ბრმა. მაშინ მივხვდი, რომ მასთან ასე ახლო კონტაქტში არ უნდა ვყოფილიყავი.
ბესო ნემსაძე: ნაძვის კაკალი ესროლეს, თვალში წენგო ჩაესხა და მის მერეა ასე, მე ნუ მაბრალებს ნურაფერს. ბავშვობაში სულ ვჩხუბობდით, მაგრამ, ეს ვერ მიმეტებდა, სამაგიეროდ, მე ვიმეტებდი. უფრო სწორად, ჩემი ჭკუით ძალიან არ ვურტყამდი; მეგონა, რადგან დიდი იყო, არ ეტკინებოდა.
ოთო: მაინც ვერ მომერევა –  ეს იცის გულის სიღმერში.
ბესო: ერთხელ ბავშვები თამაშობდნენ ეზოში და ოთოს შეგროვებული „ქინდერის“ სათამაშოები გადავუყარე, მთელი კოლექცია.
– მშობლებსაც, ალბათ, კარგად ანერვიულებდით.
ოთო: მადლობა დედას და მამას, რომ ამ ყველაფერს გაუძლეს, თუმცა, ჯერ სად ხართ...
ბესო: ცუდი ნერვიულობებიც ჰქონიათ და კარგიც. კარგი – ეს კონკურსებია, უხარიათ ძალიან. არც ადრე ჩავდიოდით ცუდ რაღაცეებს, უბრალოდ, თავის გადარჩენის ამბავი იყო. მაშინ ისეთი დრო და მენტალობა იყო, ჩხუბიც გიწევდა.
– გარეგნობით დიდად არ გავხართ ერთმანეთს... ხასიათით?
– რომ ვმღერი, მეუბნებიან, შენი ძმის მიმიკა გაქვსო. მე ვეუბნები: ძმა არის, ერთად გავიზარდეთ მუსიკალურად და, რა გასაკვირია, ერთნაირი მიმიკა გვქონდეს-მეთქი, თუმცა, ჩვენ განსხვავებულ მუსიკას ვუსმენთ და, ისედაც, განსხვავებული პიროვნებები ვართ.
ოთო: ბესოს ვიდეო რომ დაიდო, სააგენტოებმა გააზიარეს და ყველა ასე ასათაურებდა: „ოთო ნემსაძის ძმა“. ერთ მომენტშიც, უცებ წამომიხტა – ნახე, ნახეო და ასიდან პირველი სათაური მაჩვენა: „გორელმა ბესო ნემსაძემ...“ ნახე, შენ აღარ ხარო – „ჩამძირა“ ეგრევე.
ბესო: ასეთ რაღაცეებზე ზოგადად არ მაქვს რეაქცია, მაგრამ, ადამიანმა თავისი კარიერა ინდივიდუალურად უნდა გააგრძელოს, ძმისა და დედ-მამისგან დამოუკიდებლად. ამიტომაც, შენს ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც გინდა, რომ შენი სახელი სხვის გარეშე ფიგურირებდეს. ანუ, ჯერ ამაზე არ მაქვს რეაქცია, მაგრამ, ჩემს ცხოვრებაშიც დადგება ეტაპი, როდესაც მენდომება, რომ ვიყო ბესო ნემსაძე – ინდივიდუალი პიროვნება... თორემ, ოთო ნემსაძის ძმა სულ ვიქნები.
– ვინ გამეცადინებდათ ორივეს ვოკალში?
ოთო: დედასთან დავდიოდი 40 ლარად, ორივე კი – 60 ლარად. ბესომ გვიან დაიწყო ლაპარაკი და, დედა რომ უებნებოდა, იმღერეო, ეს ამბობდა: „მუსიკა კი ვიცი, მაგრამ ლაპარაკი არა მაქვსო“. სხვათა შორის, გორში მალე გაიხსნება „ოთო ნემსაძის მუსიკალური სახელოსნო“, სადაც პედაგოგი იქნება ქალბატონი მაია, ჩვენი დედა. გორში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და, მინდა, ისეთ კარგ ხელში მოხვდნენ, როგორშიც ჩვენ მოვხვდით...
– ოთო, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ბესო უკრაინულ „X ფაქტორში“ მონაწილეობდა?
– არაფერი ვიცოდი. ჩავიდა, ჩამოვიდა და მითხრა – გავედიო. იმ დროს ჩემი საქმეები მქონდა, არ მეცალა და ამიტომ გამომეპარა ეს ამბავი.
ბესო: მეც არ ჩამითვლია საჭიროდ, მეთქვა. უკრაინაში დილიდან საღამომდე ველოდი ჩემს გამოსვლას, ცოტა დავიღალე. თან, პირველად ვიდექი ამხელა სცენაზე, სადაც ჟიურის უნდა შევეფასებინე. სიმღერა დავამთავრე და მთელი დარბაზი გაჩუმდა. ვფიქრობ, რა ხდება-მეთქი და, უცებ წამოვიდა სასწაული აპლოდისმენტები და ჟიურის შეფასებები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი შეფასება იყო, ერთი – „ბუმბკოსის“ სოლისტის, რომელმაც თქვა: არაერთხელ ვარ საქართველოში ნამყოფი, გენიალური ერი ხართ, ყველაფერს გულით აკეთებთ და ეს ყველაფერი შენს სიმღერაში დავინახეო; მეორე იყო კონდრატუკის კომენტარი: რად გინდა უკრაინაო და მე ვუთხარი, რომ მიყვარს უკრაინელი ხალხი. სოციალური ქსელია „ვ კონტაქტი“, იქ დიდი ხანია, დარეგისტრირებული ვარ და იქაც ბევრმა მომწერა: თბილი ხმა გაქვს, მოგვეწონე, ძალიან კარგად იმღერეო. მაგრამ, მე ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ წერენ: „ვოტ გრუზინ, კატორი ზაკრილ გლაზა“.
ოთო: მე არ ვხუჭავ სცენაზე თვალებს და, ის უხილავი ძაფებიც, მე რომ მაქვს, არ აქვს ბესოს.
ბესო: მოკლედ, გადავედი შემდეგ ტურებში და დანარჩენს უკვე ნახავთ.
– უკრაინული ოთომ გასწავლა?
– მანამდე რამდენჯერმე ვიყავი უკრაინაში, ოთოს ვგულშემატკივრობდი.
ოთო: გოგონები, აქეთური-იქეთური...
– და შენც ეთანხმები იმ აზრს, რომ უკრაინელი ქალების სილამაზე მითიაო, როგორც ამას ვიღაცეები ამბობენ?
ბესო: ეს ნამდვილად არ არის მითი. მე ვისთანაც მქონდა ურთიერთობა (ოღონდ, მეგობრული), ყველა ძალიან ლამაზია. მითი ის არის, რომ ყველა უკრაინელი გოგო  ცუდი საქციელისაა. იქ ბევრი ძალიან კარგი და წესიერი გოგონაა.
– ოთო, როგორია ბესოს შესრულებასთან დაკავშირებით შენი შეფასებები, შენიშვნებიც  ხომ არ გაქვს?
ოთო: შენიშვნა ბევრი იქნება. მეც რომ ვიწყებდი და მერე ვნახულობდი ჩემს ნამღერს, საკუთარ თავთან იმდენი შენიშვნა მქონდა... ანალოგიურად, ასე იქნება ბესოსთანაც. გაიზრდება, კარგი ბიჭია.  დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინოს, ჩემს მაგარ კოლეგას, რომელიც გვერდში უდგას იმ ადამიანს, რომელიც ჩადის უცხო ქვეყანაში და უბრალოდ, მღერის. ბესოს ნამღერს რაც შეეხება, მომეწონა ის, რომ მართალია – სცენიდან არ უნდა მოიტყუო. დღეს ცოცხალ მუსიკას ტყუილი არ სჭირდება. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ყველაფერი იყო ძალიან ემოციური, ორგანული და შინაგანი. ორგანული არასწორი ნოტი მირჩევნია, არაორგანულ სწორ ნოტებს და ასე ვარ ცხოვრებაშიც.
– როგორია ბესოს შანსები?
– უნდა მოიგოს, ჩვენ წასაგებად არსად მივდივართ.
– და ამასაც პასპორტის ჩვენება რომ მოსთხოვონ?
– მე რაც არ გავაკეთე, იმას გააკეთებს ეს და აჩვენებს პასპორტს.
ბესო: ერთხელ რომ გაქვს გამოცდილება მიღებული და შედეგი იცი, ალბათ, გააკეთებ.
– როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს, რომ ოთოს ძმა ხარ?
– თავიდან არც მითქვამს, არავინ იცოდა. მერე გაიგეს და გაგიჟდნენ: მოკითხვები ოთოს, რატომ არ თქვი, რომ ოთოს ძმა ხარ, არ ჰგავხართ ერთმანეთსო.
– ბესო, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– შეყვარებული არ მყავს და, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ მჭირდება. კარიერა ახალი დაწყებული მაქვს და, ალბათ, ხელს შემიშლის ეს ურთიერთობა, რადგან ძალიან მგრძნობიარე ტიპი ვარ – როცა მიყვარს, სულ მინდა, მის გვერდით ვიყო და ახლა ვერ დავკარგავ იმ დროს, რომელიც კარიერისთვის მჭირდება.

скачать dle 11.3