კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააკონტროლებენ პატიმრებს შინაპატიმრობაში სამაჯურებით და რა კატეგორიის მსჯავრდებულს შეეხება სასჯელის მოხდის ალტერნატიული მექანიზმი

საქართველოში არასრულწლოვანი პატიმრებისთვის შინაპატიმრობის პრაქტიკა ამოქმედდა. ოქტომბრის დასაწყისში  სასჯელაღსრულების სამინისტრო სპეციალურ სამაჯურებს დანერგავს, რომელთა მეშვეობითაც  შინაპატიმრობაში მყოფი პირის გაკონტროლება გახდება შესაძლებელი.  რა კატეგორიის პატიმრებს შეეხება სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმა და როგორ მოხდება ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, ამის შესახებ   პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, თემურ მაღრაძეს გავესაუბრეთ.

 თემურ მაღრაძე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე სექტემბრიდან ძალაში შევიდა  არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, რომელიც პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით უნდა აღასრულოს.  სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმის დანერგვა  სისხლის სამართლის სისტემის  ლიბერალიზაციას ემსახურება. ციხის ალტერნატიული სანქციების გამოყენება, ის, რომ ციხე იყოს სასჯელის უკიდურესი ფორმა, მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია, არასრულწლოვანების შემთხვევაში კი ეს მოთხოვნა უფრო მკაცრად არის დაყენებული. როდესაც სასამართლოში  განიხილება არასრულწლოვნის საქმე, თუ არ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტები, სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს, სასჯელაღსრულების დაწესებულება  სასჯელის მოხდის ფორმად არ გამოიყენოს. მოგეხსენებათ, წელს ჩვენ მივიღეთ ახალი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  კოდექსი, რომლის საფუძველზე ეტაპობრივად უნდა დაინერგოს ის პუნქტები, რაც არის კანონის მოთხოვნა.  
– რაც შეეხება შინაპატიმრობის რეჟიმს, რა კატეგორიის პატიმრებს შეეხება სასჯელის მოხდის ეს მექანიზმი?
– ეს არის სასამართლოს პრეროგატივა,  ამ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ  მოსამართლე, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს ეს სანქცია, თუ, როგორც  სხვა ქვეყნების პრაქტიკაში, საქმე არ ეხება  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. ამავე კოდექსში ერთ-ერთი მთავარი დათქმაა,  რომ  გათვალისწინებული  იყოს მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესი, რაც მოიცავს იმას, რომ სასჯელის მიზანი იყოს არა მისი დასჯა, არამედ მისი გამოსწორება. ეს არის მთავარი მიზანი –   არასრულწლოვანი მაქსიმალურად იყოს არიდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას. შინაპატიმრობა არის ალტერნატიული სასჯელის ფორმა, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ შინაპტიმრობაში მყოფი  პირი  24 საათის განმავლობაში უნდა იყოს სახლის პირობებში. მოსამართლე, გამომდინარე არასრულწლოვნის ყოველდღიური ცხოვრებიდან, განუსაზღვრავს მას იმ საათებს, რა პერიოდშიც ის უნდა იყოს სახლში.  დანარჩენ დროს არასრულწლოვანი თავისუფალია იმისთვის, რომ მან იაროს სპორტზე, სკოლაში, ჰქონდეს ურთიერთობა  სოციუმთან  და მაქსიმალურად შეეწყოს ხელი, რომ არ დაუშვას ის შეცდომა, რის გამოც  არის ბრალდებული.
– ვინ გააკონტროლებს სასჯელის ამ ფორმის აღსრულებას?
–   რაც შეეხება სასჯელის აღსრულებას, ეს დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. კანონის მიხედვით, აღსრულების პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი, ეგრეთ წოდებული სამაჯურები. ეს ხდება მთელ მსოფლიოში, თუმცა კანონში არსებობს ასეთი  ჩანაწერიც: „იმ შემთხვევებში, სადაც ფიზიკურად არ  არის  ტექნოლოგიის გამოყენების საშუალება, ჩვენი სამსახური ვალდებულია, გარკვეული პერიოდულობით გადაამოწმოს  მსჯავრდებულის სახლში ყოფნა, არღვევს თუ არა ის შინაპატიმრობის წესებს.”
– შეეხება თუ არა  კანონის ეს ნოვაცია  მათ, ვინც უკვე იხდის სასჯელს?
–   არა,  არასაპატიმრო სასჯელის  სახე – შინაპატიმრობა არ შეეხება მათ, ვინც უკვე იხდის სასჯელს. სასამართლომ მათ მიმართ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება, მაგრამ, თუ მოხდა საქმის გადახედვა და მოხდა ერთი სასჯელის შეცვლა მეორე სასჯელით, მოსამართლეს ექნება უფლება, გამოიყენოს სასჯელის ახალი ფორმა –  შინაპატიმრობა.  
 –  როგორ მოხდება ახალი ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვა ჩვენთან, რომლის შეძენაც მოხდა ერთ-ერთი ამერიკული კომპანიისგან?
–  იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ამ  სპეციფიკურ ტექნოლოგიებს აწარმოებენ, ბევრი არაა.  ჩვენ თავდაპირველად გვქონდა მოლაპარაკებები 20-მდე კომპანიასთან და დაახლოებით ოთხმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, ეთანამშრომლა ჩვენთან. ჩვენ გავაკეთეთ პილოტური პროექტი და შევარჩიეთ სამი რეგიონი, სადაც განსხავავებული რელიეფებია. პროგრამა, რომელშიც ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, დავტესტეთ  თბილისის რამდენიმე რაიონში,  ყაზბეგისა და დუშეთის მიმართულებით  და ბორჯომ-ახალციხის პერიმეტრზე. ამ ტესტირებების შედეგად შევარჩიეთ ამერიკული კორპორაცია,  რომლის სამაჯურების შემოტანა მოხდება სექტემბრის ბოლომდე.  თავიდან შემოვიტანთ ორასამდე სამაჯურს, თუმცა სერვერს აქვს საშუალება, ერთდროულად ძალიან დიდ რაოდენობას მოემსახუროს – ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს.  ზოგადად არსებული პრაქტიკით, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენება ხდება სხვადასხვა დანიშნულებით: არის აპარატურა, რომლითაც ხდება ადამიანის კონტროლი, თუ როგორ მოძრაობს, სად გადაადგილდება; ის მოწყობილობა კი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, ტექნოლოგიურად შინაპატიმრობისთვის გამოიყენება. სამაჯურს სჭირდება ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს სერვერს, რომელზეც იქნება განთავსებული სრული ინფორმაცია თითოეულ მოწყობილობაზე. პროგრამული უზრუნველყოფა მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ, რომელი სამაჯური სად, ვისთან, ვის მიერ არის დამონტაჟებული. დაცული იქნება ინფორმაციული მიმოცვლა პროგრამასა და სამაჯურს შორის. მოწყობილობა, მონტაჟდება პირის სახლში, ჩვენი თანამშრომლის მიერ; მითითებული არის რადიუსი, რომელსაც არ უნდა გასცდეს კონკრეტულ დროს შინაპატიმრობაში მყოფი ადამიანი. რადიუსი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადსხვაა და დამოკიდებულია იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის პირის საცხოვრებელი ადგილი. რეგიონში ეს ტერიტორია შესაძლოა მოიცავდეს ეზოს, მიმდებარე ტერიტორიას. აპარატურას აქვს მანძილის გაზომვის რამდენიმე რეჟიმი.   შინაპატიმრობაში მყოფ პირებს   სამაჯური დაუმაგრდებათ ფეხზე, ფეხიდან სამაჯურის მოძრობა, ხელისგან განსხვავებით, გახსნის გარეშე  პრაქტიკულად შეუძლებელია; ამას გარდა, ხელზე მიმაგრებული სამაჯური  უფრო ჩანს და, რომ არ მოხდეს პატიმრის უფლებების შელახვა და მისი ერთგვარი დისკრედიტაცია, სამაჯურის მიმაგრება უმჯობესია ფეხზე. სამაჯური იმდენად კომპაქტურია, რომ არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის პირს, არ ზიანდება წყალში.  დაივინგისთვის ალბათ, არ გამოდგება, თუმცა ამ სამაჯურით პატიმარს შეეძლება, ჩავიდეს საცურაო აუზში.
–  რამდენად დაცულია  ელექტრომოწყობილობა  მოხერხებული ქართველი არასრულწლოვნების „ტექნოლოგიური გამოგონებებისა” და  ხრიკებისგან?
–   მერწმუნეთ, კომპანიას, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, გათვალისწინებული აქვს ყველა დეტალი. ეს ტექნოლოგია გამოიყენება იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს პრობლემა კანონთან და, შესაბამისად, მაქსიმალურად  დაცულია ყველა მოთხოვნა და სტანდარტი. ნებისმიერი სახის ზემოქმედება როგორც სამაჯურზე, ასევე სახლში დამონტაჟებულ მოწყობილობაზე, მათი გამოძრავება, დავარდნა, გაფუჭება, დენიდან გამორთვა – აისახება  პროგრამაზე.  პროგრამული უზრუნველყოფა გვაძლევს საშუალებას, მივხვდეთ, რა სახის ზემოქმედება ხდება მოწყობილობაზე.  
– იმ შემთხვევაში, თუ გაითიშა ელექტროენერგია, როგორ ხდება პატიმრის კონტროლი?
– ცენტრალური სერვერი განთავსებული იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფისში და დაცული იქნება ისე, რომ მასზე ელექტროენერგიის გათიშვა არ იმოქმედებს. რაც შეეხება ადგილზე დაცვის მექანიზმს, სამაჯურს იმდენად ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება და იმდენად ძლიერი ელემენტით არის აღჭურვილი, რომ  5 წლის განმავლობაში მუშაობს დენის წყაროს გარეშე, ხოლო სახლში დამონტაჟებული მოწყობილობა შეერთებულია დენის წყაროსთან,  რომელიც 48 საათი მუშაობს დენის წყაროდან გამორთვის შემდეგ. თუ ელექტროენერგიის მიწოდება ისე დაზიანდა, რომ დენი საერთოდ არ მოვიდა, აპარატს დამაგრებული აქვს ტელეფონი, რომელზე დარეკვაც შეუძლია ჩვენი სამსახურის ოფიცერს.  თუ ტექნიკური კავშირი ელექტროენერგიის გამო შეფერხდა, ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე ამოწმებს მოწყობილობას და, თუ საჭიროება მოითხოვს, შეცვლის ტექნოლოგიას, მაგრამ, თუ გამოუვალ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ვუბრუბდებით კანონის იმ დათქმას, რომ შინაპატიმრობის წესების დაცვის   გაკონტროლება მოხდება ადამიანური რესურსით. ეს მექანიზმი კანონით არის დარეგულირებული.   
– თუ პირი არღვევს შინაპატიმრობის წესებს, ეცვლება მას სასჯელის ფორმა?
– რა თქმა უნდა.  სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირი გარკვეულ დროს სახლში უნდა ატარებდეს, ავტომატურად ითვლება დარღვევად, თუ პირი დატოვებს სახლს. ჩვენ ამ ინფორმაციით მივმართავთ სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ, შესაძლოა, ის შანსი, რომელიც მან მისცა არასრულწლოვანს და მან არ გამოიყენა, შეცვალოს სასჯელის სხვა ფორმით.   ოქტომბრის დასაწყისისთვის დანერგილი იქნება ტექნოლოგია, რომელიც ამ ეტაპზე გამოიყენება არასრულწოვანთა შინაპატიმრობის დროს, რადგან ჩვენთან სასჯელის ეს ფორმა მხოლოდ არასრულწოვანთა შემთხვევაში არის დაშვებული. იმ შემთხვევაში,  თუ დროთა განმავლობაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, მათი დანერგვა შესაძლებელი იქნება  ნებისმიერი ასაკის მსჯავრდებულებთან.

скачать dle 11.3