კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის „მორწმუნე“ ადამიანი რწმენისგან და პატიებისგან შორს და რატომ უნდა ისწავლოს მან საკუთარ თავზე სიმართლის ლაპარაკი

ადამიანს არ აქვს უფლება, ყველა ამხილოს. მხილება მაშინ უნდა მოხდეს, როცა გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული და სიბრალული ცოდვაში მყოფის მიმართ. დღეს კი ყველაფერი პირიქით ხდება – სხვისი დაცემა კი არ გვწყინს, არამედ, გვიხარია. დღეს „თბილისელების“ სტუმარია ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – დღეს ჩვენ ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. იმისთვის, რომ სხვა ვამხილოთ, თავად უნდა ვიყოთ თავმდაბლები, სათნოებათა აღმსრულებელნი. რაც მთავარია, ადამიანის შეფასებისას არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, რადგან, უფალი გვეუბნება: რა საზომითაც განიკითხავთ, იმავე საზომით განიკითხებითო. არასდროს არ უნდა განვრისხდეთ, როცა ჩვენ გვამხილებენ.  თანამედროვე ადამიანი მიეჩვია, ატაროს ნიღაბი. მაგალითად, სამსახურში ვხვდებით უფროსს და მაშინვე აღტაცებული გამომეტყველება და პირმოთნე ღიმილი გვიჩნდება სახეზე, მაგრამ, როგორც კი ის თვალს მიეფარება, მაშინვე ვიწყებთ მასზე რაიმე ბინძური ჭორის შეთხზვას ან ცუდი რაღაცის თქმას, ცხადია, ჩვენისთანა პირმოთნე ადამიანებთან ერთად. მაშინ კი, როცა ჩვენს ხელქვეითებს ვხვდებით, სახე უფრო მედიდური გვიხდება, თითქოს ყველა სიკეთეს ვფლობდეთ და ზეადამიანები ვიყოთ. ან, როდესაც ვინმე გვჭირდება, მას ალერსიანად შევციცინებთ თვალებში, პირმოთნედ ველაპარაკებით, მაგრამ, როცა უკვე მათ უჩნდებათ ჩვენ მიმართ სათხოვარი, თვალს ვარიდებთ და, თუ ამას ვერ ვახერხებთ, ისე შევცქერით, როგორც მოსისხლე მტერს. თუმცა, საკმარისია, ვინმემ მხდალი, ფარისეველი, თვალთმაქცი გვიწოდოს, რომ მაშინვე შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს და ვერ გაგვიგია, რას ითხოვს ეს ადამიანი ჩვენგან. მინდა გახსოვდეთ, რომ სიტყვა და საუბარი განასხვავებს ადამიანს სხვა არსებებისგან. წმიდა მამები ხშირად მოიხსენიებდნენ ადამიანს „სიტყვიერ არსებად“. სიტყვით ის მიმართავს ღმერთს და ეს სიტყვა არის მისი ღირსება და უპირატესობა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პირუტყვმა აჯობა ადამიანს, რადგან ჩვენ ვცრუობთ და ვპირფერობთ; იაკობ მოციქულმა ისიც თქვა: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია“. იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი, მორწმუნე გახდეს, საკუთარ თავზე სიმართლის  თქმა და მოსმენა უნდა ისწავლოს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ, როგორც დამბლადაცმული ავადმყოფი დიდი ძალისხმევით, ტკივილით აკეთებს თითოეულ მოძრაობას, დგამს თითოეულ ნაბიჯს, ასევე ჩვენც, სულიერად დადამბლავებულებმა, ძალდატანებით უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე სიმართლის ლაპარაკი.
– ეს არ არის მარტივი და ადამიანებს საკუთარი თავის, საკუთარი ცოდვების დანახვას, ურჩევნიათ, სხვები განიკითხონ, ცოდვა ჩაიდინონ და ამასაც გარკვეული ახსნა მოუძებნონ.
– ბრმად კი არ უნდა მიიღოთ ღმერთი, უნდა გამოიძიოთ თქვენი რწმენა, მართლმადიდებლობა; სიღრმეში ჩადით და მოიპოვებთ სულის ცხონებას. სირღმეში რომ ჩავიდეთ, მაშინ, უნდა გავიგოთ‚ როგორ დავბრუნდეთ სამოთხეში.  არ დაგავიწყდეთ, რომ, ვისაც მეტი მოგეცათ, უფრო მეტი მოგეთხოვებათ. მაგრამ, ყველაზე საშინელი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მეცნიერებით სჩადის ამ ცოდვას, ანუ, ყველაფერი გააზრებული აქვს – იცის, რა არის სიტყვიერი, საქმიერი ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი  და, უკვე მეცნიერებით, დახვეწილად სჩადის ცოდვას. ასეთები ბევრნი იყვნენ, მათ მიიღეს ამქვეყნიური სიბრძნე, მაგრამ, თავისი ამსოფლიური გონება, ნება, აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებას მოახმარეს. ასეთი ადამიანი გააზრებულად ფიქრობს იმაზე, ვის რა დაუშავოს, ვის რა ავნოს. იცი, რომ ღმერთმა მოგცა გონება და ეს გონება მეცნიერებით მოახმარე კარგ საქმეს და არა ბოროტს, ეშმაკს. თუ გონებაში გექნება საეკლესიო, მაცხოვნებელი აზრი, რომ შენ ხარ ადამიანი, უნდა ცხონდე; გამოძევებული ხარ სამოთხიდან, სადაც უნდა დაბრუნდე; გჭირდება აღორძინება, ზიარება, უფალთან მისვლა. თუ შენში ღვთისმოსავი აზრი იქნება, რაც ვნებების მბრძანებელია, დათესილი აზრიდან დათესავ კეთილ საქციელს. თუ შენი საქციელი კეთილია, მაშინ მოიმკი კეთილ  ჩვევას. კეთილი ჩვევა, რომელიც ჩვენში, სამწუხაროდ, ნაკლებად არის, მოიღებს ნაყოფს – კეთილ ხასიათს.
– დღეს რწმენასა და ურწმუნოებას შორის ზღვარი თითქოს წაშლილია. ვისაც სწამს, მათაც საბოლოოდ არასწორად სწამთ და ეს საბოლოოდ ხშირად ურწმუნოებამდეც მიდის.
– რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. მარტო დოგმატების ცოდნა, იმის ცოდნა, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამსახოვანი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამ ყველაფერს ცხოვრებაში წესად დანერგვა სჭირდება. მორწმუნე ადამიანი არის თავმდაბალი, გლახაკი სულითა, მშვიდი, მოსიყვარულე. როგორ შეიძლება, ადამიანი მორწმუნე იყოს და ის იყოს ამპარტავანი, უხეში, უსიყვარულო, ბილწი, მოჩხუბარი?! ხე ნაყოფით შეიცნობა და ასეა მორწმუნე ადამიანიც. არის მოჩვენებითი სიმშვიდეც, სიყვარულიც; როცა განსაცდელი ეშვება, მერე ყველას რწმენა გამოაშკარავდება ხოლმე. თუ კარგად ჩავიხედავთ ჩვენს გულში, ბევრ რამეს დავინახავთ. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი პატიება არ შეეძლოს, ან, ბაგეებით მიუტევოს ადამიანს, მის გულში კი მუდმივად დარჩეს წყენა?! როცა გავიგებთ, რომ ჩვენს მტერს, მის შვილს ან ოჯახს რამე უბედურება შეემთხვევა, გამოვისახავთ პირჯვარს და ვამბობთ: „სამართალი არსებობს“. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი უბედურება უხაროდეს? ან, გაიგე, რომ შენი მტერი სამსახურში დააწინაურეს ან სახლი იყიდა და ამბობ: „სად არის ღმერთი? მე ვაპატიე და ცუდად ვარ, ის კი როგორ კარგად არის“. ასეთ დროს ჩვენ შორს ვართ პატიებისგან და, შესაბამისად, რწმენისგან. უფალი ბრძანებს: თუ გინდათ, რომ უფალმა გაპატიოთ თქვენი ცოდვები, თქვენ აპატიეთ მათ. თუ შენ არ აპატიებ და არც ის გაპატიებს, ჯიბრში გიდგება, ესე იგი, ისიც შენნაირი ადამიანია. ღმერთს უნდა, დაგანახვოს, რომ, თუ შენ არ აპატიებ სხვას, ესე იგი, არ განიცდი შენს ცოდვებს. ღმერთმა რომ გაპატიოს ისე, რომ შენ სხვას არ აპატიო, ვერ იგრძნობ, რამხელა სიხარულია ცოდვების პატიება. თუ გინდა, რომ ეს სიხარული შემოვიდეს შენში, ღმერთმა გაპატიოს, ღმერთი შემოვიდეს შენში, ჯერ შენ უნდა აპატიო შენს მსგავს თიხას. მთავარი დანაშაული ეშმაკისა და დაცემული ადამიანისა რა არის? – ის, რომ მათ მოინდომეს ღმერთის გარეშე არსებობა. ისინი ფიქრობდნენ: „მე შემიძლია ღმერთის გარეშე ღმერთობა, არანაირი ვალი არ მაქვს ღმერთის და შემიძლია მის გარეშე არსებობა“. ნუ დავიტოვებთ გულში ცოდვებს, ბოღმას, არპატიების სურვილს, თორემ, მერე ჩვენ გავხდებით ბოროტის ჭურჭელი. მერე ეს ყველაფერი გვტანჯავს და ადამიანი თეთრად შეფეთქილ საფლავს ემსგავსება, ისეთს, როგორებიც ფარისევლები იყვნენ. თუ გვინდა, ჩვენში იყოს სიკეთე, რწმენა, დავიწყოთ ცოდვების მონანიებით. ყველა დიდი მამა ტიროდა საკუთარი ცოდვების გამო. ღმერთი მუდმივად გაპატიებს ცოდვებს, მაგრამ, შენ სიკვდილი უნდა გერჩიოს ერთი და იმავე ცოდვის ჩადენას.

скачать dle 11.3