კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხშირად მიირთვით სტაფილო, ნუში და ვაშლი


სტაფილო სხვა ბოსტნეულისგან კალიუმის მარილების დიდი შემცველობით გამოირჩევა, ეს კი აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების დაავადებების დროს. თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მავნე მიკრობების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
სურდოს დროს დღეში ხუთჯერ ჩაიწვეთეთ ცხვირში სტაფილოს წვენი და მალე გამოჯანმრთელდებით; ანგინის დროს კი ყელში გამოსავლებად სტაფილოს წვენს შეურიეთ ცხელ წყალში წინასწარ გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.
ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროს კარგია პირის ღრუში სტაფილოს წვენის გამოვლება.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს კი კარგია, თუ პირველივე დღეებიდან დღეში ორჯერ დალევთ 100 მილილიტრ სტაფილოს წვენს.
ზედმეტი ცხიმიანობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სტაფილოს ჭამა კომბოსტოსთან ერთად, რადგან ორივე დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.
კუჭის შეკრულობისა და ბუასილის დროს ძილის წინ მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო – ეს აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
თუ დღეში 2-3 ცალ ვაშლს შეჭამთ, ამით შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას, თან, ჯანმრთელ გულს შეინარჩუნებთ. ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ის ამცირებს პროსტატის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.
თუ დრო არ გრჩებათ, ნორმალურად ისადილოთ, ჭამეთ ნუში. დღეში დაახლოებით 60 გრამი ნუში ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. თუ ასე მოიქცევით, სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად შემცირდება.

სწორი კვება პროდუქტების სწორ ურთიერთშეთავსებას გულისხმობს
*არ შეიძლება პურეულისა და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, რძის, ყველის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა კი საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან, მაგალითად, თევზი და ყველი, ქათმის ხორცი და კარტოფილი, მაკარონი და ბიფშტექსი.
*საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა ჭამოთ, მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული.
*პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი, კვერცხი მაიონეზით. არ შეიძლება ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის ერთად ჭამა.
*ერთ ჯერზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნე და საშიშია. ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ ან სახამებლის შემცველ საკვებს დაჯერდით: მიირთვით პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.
*არ შეიძლება პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. ასეთ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული, მიირთვათ ვაშლის, ჭერმის, მარწყვის ან სხვა ხილის ღვეზელი.
*რაც შეეხება ნესვს, მისი შეთავსება არ შეიძლება არც ერთ საკვებთან. ამიტომ, ის ცალკე უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით მოერიდეთ მასთან ერთად სხვა ხილისა და ტკბილეულის მიღებას.
*მაწონი, რძე, იოგურტი და ნაღები, ნესვის მსგავსად, ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს, ამიტომ, ისინიც ცალკე უნდა მიირთვათ.
*რძე და რძის ნაწარმი პროტეინშემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულს და პროტეინის შემცველ სხვა პროდუქტებს. ამიტომ, ნუ მიირთმევთ ერთად კარტოფილსა და რძეს, ბრინჯსა და რძეს, თევზსა და რძეს.

როგორ ვიკვებოთ
კოლიტის დროს
თუ კუჭის მოქმედება სამ-ოთხ დღეში ერთხელ გაქვთ, რასაც თან ახლავს ტკივილი, გაწუხებთ მეტეორიზმი, მაშინ აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს და დაადგინოთ მიზეზი. შეკრულობა, შესაძლოა, ინფექციური დაავადებითაც იყოს გამოწვეული. თუ ტკივილები აღგენიშნებათ, ამ შემთხვევაში ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები. თუ კუჭის მოქმედება დარღვეულია, მაშინ საჭიროა მისი ნორმაში ჩაყენება.
წყლულოვანი კოლიტის დროს ზიანდება მსხვილი და სწორი ნაწლავები. ახასიათებს დიარეა და განავალს მოჰყვება სისხლი. ამ დროს თავს იჩენს წონაში დაკლება, მაღალი სიცხე, პირღებინების შეგრძნება, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. შესაძლოა, ტკივილი არ აღინიშნოს, მაგრამ, თუ მაინც გტკივათ, ესე იგი, სერიოზული გართულებაა და დროულად მიაქციეთ ყურადღება.
კრონის დაავადება კი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უბნის დაზიანებაზე მეტყველებს. ქრონიკული კოლიტისგან განსხვავებით, დაავადების სიმპტომები, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს. მოგვიანებით კი ის ვლინდება კანის, თვალების, სახსრებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებით. ხშირად კრონის დაავადება ინიღბება ბრმა ნაწლავის ტკივილით. თუ ადამიანს ეს დაავადება ერთხელ შეეყარა, მთელი ცხოვრება დატანჯავს, რამაც შესაძლოა, საშიში გართულებებიც გამოიწვიოს, მაგალითად, ჩირქოვანი იარები, შეხორცებები, შევიწროებები წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, რაც გაუვალობის მიზეზი ხდება; წყლულოვან კოლიტს კი მოჰყვება სისხლდენები, პერიტონიტი, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა საშიში გართულებები.
კოლიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და დაიცავით დიეტა. ქრონიკული კოლიტის დროს კარგია ქატო, შავი ქლიავი, სტაფილო. ეს პროდუქტი  კვებით ბოჭკოებს შეიცავს. ასევე, აუცილებელია ცილისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღებაც. იკრძალება რძე, ცხიმიანი, ცხარე, მლაშე და მწარე საჭმელი. ასევე, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ კალორიულ კვებას. მიირთვით ორთქლზე მომზადებული თევზი, ხორცი, კარტოფილი, ფაფები და ნიგოზი.

როდის გვჭირდება ექიმის რეკომენდაცია სპორტით დაკავების დროს
სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა და მას  გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის, ორმოცი წუთის განმავლობაში მაინც დარბის. შეცდომაა სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობის შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს. სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ.
ირბინეთ მაშინ, როცა ეს თქვენთვის ხელსაყრელია – თუ ადრე ადგომა გიჭირთ, საღამოობით. ასევე, მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს და არ ვარგა. თან, შიმშილის გამო, არ  არის გამორიცხული გული ცუდად გაგიხდეთ. ნახშირწყლების საკმაო რაოდენობის გარეშე, ცხიმის წვა არ ხდება. ასე რომ, გირჩევთ, სირბილის დაწყებამდე ისაუზმოთ. კარგია ამ დროს შვრიის ფაფა, ახალი, სეზონური ხილი და ბანანი, ხილის ან ბოსტნეულის წვენი. მინერალური წყალი კი მიიღეთ შეუზღუდავი რაოდენობით. სირბილის შემდეგ, დასაშვებია მხოლოდ ადვილად ასათვისებელი მცირე ულუფის ჭამა. მიირთვით ხაჭო, მაწონი, ბოსტნეულის სალათა. ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს, შეუძლია საკვების ჩვეულებრივი ულუფა მიიღოს. თუ კუნთოვანი მასის გაზრდა გსურთ, სირბილის შემდგომ აუცილებლად მიიღეთ ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარი საკვები.
თუ ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე სპორტის რომელიმე სახეობით თვითნებურად დაკავება არ არის რეკომენდებული. ამას, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს. სწორად უნდა შეარჩიოთ მხოლოდ თქვენთვის მისაღები ვარჯიშის სახეობა, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. მაგალითად: აერობიკის დროს ძირითადი დატვირთვა მსხვილ კუნთებსა და მყესებზე მოდის. 40 წლის შემდეგ, აერობიკით აქტიური გატაცება რეკომენდებული არ არის. ამ შემთხვევაში მსუბუქი ვარჯიშით უნდა შემოიფარგლოთ და დატვირთვა თანდათან გაზარდოთ. თუ აერობიკის ვარჯიშებს წონაში დაკლების მიზნით იწყებთ, არაფერი არ ჭამოთ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში. სასურველ შედეგს, კვირაში სამჯერადი ვარჯიშის შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვის შემდეგ მიაღწევთ. აერობიკას თავი უნდა აარიდოთ, თუ ხართ ორსულად, გაწუხებთ ოსტეოქონდროზი ან ოსტეოპოროზი.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შეიპინგი არ არის სასურველი. მართალია, ვარჯიშის დროს სიმსუქნე ქრება, მაგრამ, როგორც კი მოზარდი თავს დაანებებს შეიპინგს, ზუსტად იმ ადგილებში გასუქდება, რომლის გახდომაც უნდოდა. 50 წლის ასაკის შემდეგ კი, შეიპინგი ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა. ვინც შეიპინგს მისდევს, მათთვის არ არის რეკომენდებული, ვარჯიშამდე 5 საათით ადრე და ასევე 5 საათის შემდეგ, მიიღონ ცხოველური ცილები. აგრეთვე, არაფერი არ უნდა ჭამოთ შეიპინგამდე ორი საათით ადრე. სასურველი შედეგის მისაღწევად კი დაახლოებით სამიდან ხუთ თვემდე დაგჭირდებათ. შეიპინგის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გამოარკვიეთ თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.
ტრენაჟორებით შეგიძლიათ, სხვადასხვა ჯგუფის კუნთები ავარჯიშოთ და გაწვრთნათ. 15 წლამდე ასაკში ტრენაჟორებზე ვარჯიში არ არის სასურველი. კუნთებს მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშით ვერ გაიმაგრებთ, საჭიროა ცილებით მდიდარი საკვების მიღებაც. ვინც ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, მას პირადმა მწვრთნელმა უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური დიეტა. ასევე, კონკრეტული ადამიანებისთვის ინდივიდუალურია ვარჯიშის შედეგები.
გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ბევრი უჩივის კუნთების ტკივილს, რაც ბუნებრივი მოვლენაა და არ არის საშიში. თუმცა, ზოგჯერ ასეთი ტკივილი რომელიმე პათოლოგიურ პროცესს ახლავს თან.
ბუნებრივი ტკივილი მაშინ ვითარდება, როცა ვარჯიშს ამძიმებთ და დიდ დატვირთვას აძლევთ კუნთებს. ამ დროს კუნთებში გროვდება დიდი რაოდენობით რძემჟავა, რომელიც იწვევს ტკივილს, თუმცა, ეს სრულებით უსაფრთხოა.
ტკივილი ვითარდება მაშინაც, როცა ჩვეულ ვარჯიშში ახალი ელემენტები შეგაქვთ ან ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობას ზრდით. ამ დროს კუნთების ტკივილი ვარჯიშის შემდეგ დასვენებისას ვლინდება. მაგრამ, დროთა განმავლობაში კუნთები ახალ დატვირთვას ეჩვევა და ტკივილი ქრება.
კუნთების არაბუნებრივი ტკივილი კი ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის, ტრავმის, ართრიტის, იოგების დაჭიმულობის, მოტეხილობის გამო და ასე შემდეგ.
თუ ვარჯიშის დროს ტკივილი უმიზეზოდ და უეცრად წარმოიშობა, ტკივილის ინტენსივობა დღითი დღე იმატებს, ნატკენი ადგილი კი შეშუპებულია და სახსრის შიგნითაც შეიგრძნობა ტკივილი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფიზიკური დატვირთვა.

ყურძენი და ატამი ორგანიზმის დაბერების პროცესს ებრძვის
ყურძნის წიპწები, უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – პოლიფენოლებს, რისი მეშვეობითაც, აქტიურად ებრძვის ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება, ასევე ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, დაზიანებისგან იცავს კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და დრეკადობას ანიჭებს. ხელს უშლის კანის ქსოვილთა რღვევას და აფერხებს მათ ასაკობრივ ცვლილებებს.
ყურძენში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რისი წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, მათი წყალობით კი, ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.
ატამი კი აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აჩერებს  უჯრედებში სითხეს, რითაც ხელს უშლის მათ დაბერებას; ასევე, ანელებს მავნე მიკროორგანიზმების აქტიურობას. ატამი შეიცავს A და B ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს – ნიაცინს, მაგნიუმს, სელენსა და თუთიას, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, ხსნის ნევროზსა და შიშის შეგრძნებას, არეგულირებს ძილს, კანს კი არაჩვეულებრივ ელფერს აძლევს.

скачать dle 11.3