კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-37(768)

 ასფალტზე თავისი მაღალი და წვრილი ქუსლების მონოტონური კაკუნი ჩაესმოდა – თითქოს ვიღაც მისი გულის რიტმს ამ საშინელებით ითვლიდა... თითქოს დრო ჰქონდა ცოტა, თუმცა, ხვდებოდა, რომ ის მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო...
ლაშა უკვე ბართან იჯდა, ჭიქა პირთან ჰქონდა მიტანილი და სვამდა. მიახლოებული ანა არ დაუნახავს, გვერდით რომ მიუჯდა, მხოლოდ მაშინ შეხედა ამღვრეული მზერით:
– მეგონა, აღარ მოხვიდოდი...
– ჰო? და, ისე ინერვიულე, რომ სვამ?
– თუ ასეთი ტონით დამიწყებ ლაპარაკს, არაფერი გამოგვივა.
– მართლა? და... რა უნდა გამოგვივიდეს? – ანას გაეღიმა.
– დალევ რამეს?
– არა. ჩემთვის არ შეიძლება, ხომ იცი. რა იყო, მარტო სმა მოგბეზრდა და ამიტომ დამირეკე?
– ანა, ძალიან გთხოვ... შენი ნახვა მინდოდა. ასეთი რთულია, გამიგო?
– გაგიგო? მე? – ანამ თვალები მოჭუტა და ვითომ ჩაფიქრდა, – მგონი, რთული არ უნდა იყოს. თუმცა, მარტო მე რატომ? ბუნებრივი შეკითხვაა, ხომ მართალია?
– ვერ გავიგე, რა იგულისხმე მაგ შეკითხვაში, – ლაშა საკმაოდ დაბნეული ჩანდა, თითქოს ყურადღების კონცენტრაციასაც ვერ ახერხებდა.
– მარტო მე უნდა გაგიგო-მეთქი? – ეს ვიგულისხმე, – მეგონა, ასეთი ურთიერთობები ორმხრივი იყო.
– ანა, – ლაშა შეიჭმუხნა და შუბლი მოისრისა, – რაღაც უნდა გადავწყვიტოთ.
– რასთან დაკავშირებით?
– დამცინი? რაზე ვლაპარაკობთ ეს ორი თვეა?
ანამ თვალები მოჭუტა:
– სიმართლე გითხრა, მართლა არ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით.
– იმ პრობლემაზე, რომელიც გვაქვს, – ამოოხვრით შეახსენა ლაშამ.
ანას გაეღიმა:
– როგორც იქნა, შესაფერისი სახელი მოუგონე ჩვენს ურთიერთობას – პრობლემა... ოღონდ, ბავშვი მხოლოდ შენთვის არის პრობლემა, მე კი ბედნიერი ვარ.
– ჰო, რა თქმა უნდა, ბედნიერი ხარ, რომ მახეში გამაბი, – ჩაიბურტყუნა ლაშამ და მაშინვე ინანა. ანას სახე გაუქვავდა და თვალები ისე აუელვარდა რისხვით, კაცმა იფიქრა, ახლა ჭიქას დამაფშვნის თავზეო და სასწრაფოდ შეეცადა ნათქვამის გამოსწორებას: – მე იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ამბის შემდეგ მახეში გამომწყვდეულივით ვგრძნობ თავს.
– ჰო, რა თქმა უნდა. შენ ხომ, პირიქით, ჩემს მახეში შეტყუებას ცდილობდი და არ გამოგივიდა. მოდი, ნუღარაფერს მეტყვი და მე წავალ, რადგან, რაც მეტს ლაპარაკობ, სულ უფრო აშკარად ავლენ შენს ნამდვილ სახეს.
– მერე, როგორია ეს ჩემი ნამდვილი სახე? – იქედნურად ჰკითხა ლაშამ.
– მე წავედი, – გადაჭრით თქვა ანამ და წამოდგა. მაგრამ ლაშამ მაჯაში სტაცა ხელი და არ გაუშვა:
– არ მინდა, გაწყენინო და გული გატკინო... ისევ გაგიმეორებ იმასაც, რომ შენი დაკარგვა არ მინდა.
– არ მჯერა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენი ქცევით საპირისპიროში მარწმუნებ.
– ანა, რა ვქნა, რომ შენი ცოლად შერთვა არ მინდა?! საერთოდ ცოლი არ მინდა... ანუ, შენში კი არ არის პრობლემა, ხვდები?
– ჰო. უპასუხისმგებლო ხარ, მაგრამ, ბავშვის გაჩენას ვერ გადამაფიქრებინებ.
– ვხვდები, მაგრამ, რაღაც საერთო შეთანხმებამდე ხომ უნდა მივიდეთ?
– რამე წინადადება გაქვს, გარდა იმისა, რომ ბავშვი არ გავაჩინო?
ლაშამ მხრები აიჩეჩა და ამოიოხრა:
– ვფიქრობ, ანა... ვფიქრობ...
– იქნებ, ამდენი მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ თავგზას ამირევდი. თუმცა, მარტო შენ არ ხარ დამნაშავე ამაში, ჩემი ბრალიც არის.
ლაშამ თავი გააქნია:
– როგორ არ მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე მისულიყო.
– ვიცი, შენ რაც გინდოდა – ურთიერთობა ვალდებულებების გარეშე... გართობა... დავწექით,  ავდექით, დავიშალეთ... მერე ისევ – დავწექით, ავდექით, დავიშალეთ.... მაგრამ, ჩემო საყვარელო, ყოველთვის ასე რომ არ ხდება? ყველასთან ასე რომ ვერ მოიქცევი?!
– კარგი და, ახლა როგორ მოვიქცე?
– არ ვიცი. მთელი შენი ფანტაზია ჩართე, იქნებ რამე ნორმალური მოიფიქრო.
– ოხ, ანა... რატომ არ გინდა, ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს, მითხარი, რატომ?
– იმიტომ, რომ ახლა მარტო არ ვარ და მხოლოდ ჩემს თავზე არ ვაგებ პასუხს, – ანამ მუცელზე დაიდო ხელი და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა, – მას მე ვჭირდები, ყველაზე მეტად ვჭირდები...
– მეც მჭირდები! – გააპროტესტა ლაშამ.
ანამ დამცინავად შეხედა:
– ტყუილია, არ გჭირდები! ასე რომ იყოს, ახლა აქ კი არა, სხვაგან ვიქნებოდით და შენც ჩემი ხელი გეჭირებოდა ხელში. ორივე იმაზე ვიფიქრებდით, როგორი იქნება ჩვენი პატარა, რა ფერის თვალები და თმა ექნება, როგორ გაივლის, როგორ დაგვიძახებს „დედას” და „მამას”...
ლაშამ თავზე იტაცა ხელები:
– გეხვეწები, გაჩუმდი!.. ასეთი უგულოც კი არ ვარ... მაგრამ, მთელ ჩემს ცხოვრებას თავდაყირა ვერ დავაყენებ.
– შენ უკვე დააყენე ჩემი ცხოვრება თავდაყირა, – თქვა ანამ შეუბრალებლად, ჩანთა აიღო და ამაყად თავაწეული გავიდა ბარიდან...
***
ყოველი ნაბიჯის გადადგმა აუტანელ ტკივილს ანიჭებდა ანას, მაგრამ თავს  ძალას ატანდა. თვალწინ ის საღამო დაუდგა, როცა ლაშამ ოჯახის წევრებთან და რამდენიმე უახლოეს მეგობართან ერთად პატარა რესტორანში დაპატიჟა... ბევრი ყოყმანის, შეხვედრის, ზარებისა და წუწუნის შემდეგ, როცა არგუმენტებიც გამოელია და ანას მუცელიც თვალშისაცემი გახდა, მოტყდა, დანებდა... თუმცა, ნაწილობრივ... ანას თავის ოჯახს არ წარუდგენდა, მაგრამ, დათანხმდა, რომ ანასთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ადამიანს მის მომავალ მეუღლედ, ანუ საქმროდ გაეცნობოდა...
ანამ სპეციალურად დააგვიანა. სარკის წინ იჯდა და საკუთარ გამოსახულებას მიშტერებული რაღაცას ელოდა... მობილურმა დარეკა.
– აღარ მოდიხარ? – ლაშას დაღლილი, გაღიზიანებული ხმა ჰქონდა, – ხომ არ გადაიფიქრე?
– შენც მაგას ელოდები, ხომ?
– ნუ სულელობ, მოდი...
– ლაშა, ვიცი, რომ ძალიან გაგიჭირდა ჩემთვის დაგეთმო... ვიცი, რომ დღევანდელი საღამო შენთვის ტანჯვა იქნება...
– მოიცა, რა გინდა მითხრა, რომ არ მოხვალ? გაგიჟდი? არც იფიქრო. ახლავე ჩაიცვი და მოდი. ფული უკვე გადახდილი მაქვს.
– ფულია მთავარი? ნუთუ არ შეგიძლია, რომ ისეთი რამე მითხრა, რაც საშუალებას მომცემს, ტყვიასავით დამძიმებული ფეხები გადავდგა და შენამდე მოვიდე.
– ღმერთო ჩემო, ანა, ახლა სენტიმენტების დრო არ არის! ის გავაკეთე, რაც გინდოდა. ჩვენი ურთიერთობის საბოლოოდ გასარკვევად დრო კიდევ გვექნება. ნუღარ აყოვნებ, გელოდები!
...ანამ თავი ისე გადააქნია, თითქოს აბეზარი, შემაწუხებელი ფიქრებისგან გათავისუფლება სურდა და ლაშას, უბრალოდ, საკმაოდ თავშეკავებულად მიესალმა:
– გამარჯობა.
– გამარჯობა, – ლაშა უხერხულობისგან შეიჭმუხნა და, თავისი მღელვარება რომ დაემალა, ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი, – როგორ გაიზარდა.
– ჰო, ბავშვები სწრაფად იზრდებიან, განსაკუთრებით სხვისი შვილები, – ჩაეცინა ანას და თავის გოგონაზე მიუთითა, – შეგეშალა, ეგ სოფოს და ნიკას გოგოა, ლილე აივნის მოაჯირთან დგას.
– ამ წუთას აქ იყო, ჩემ გვერდით, – ლაშა ჭარხალივით გაწითლდა.
– ეტყობა, ვერაფრით დააინტერესე, რომ გაგექცა, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ანამ და შვილისკენ გაემართა.
ლაშამ სასოწარკვეთილი გამომეტყველებით შეხედა ნიკას:
– ესღა მაკლდა. ახლა ამას დაიხვევს ხელზე.
– მე კი მეგონა, რომ გადარჩი, – ხმადაბლა გაამხნევა ნიკამ, – აშკარად არ გამოუვლენია აგრესია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
– ჰოდა, სანამ დროა, უნდა მოვასწრო. აქ მაინც აღარაფერი მესაქმება.
– დაემშვიდობე მაინც, – მიაძახა ნიკამ, მაგრამ ლაშამ მხოლოდ ხელი აიქნია და ჩქარი ნაბიჯით მოსცილდა იქაურობას... ანამ შეფარვით გახედა მიმავალს, გული შეეკუმშა და რომ არ აცრემლებულიყო, შვილისკენ დაიხარა, ხელი მოხვია და გულში მაგრად ჩაიკრა....
***
სოფო ხელებზე დამარბილებელი საცხის წასმას მორჩა და ქმრისკენ შებრუნდა.
– არ მინდა, მის გვერდით კიდევ გნახო, – გამოუცხადა კატეგორიული ტონით.
ნიკა ტელევიზორის ყურებით იყო გართული და ერთბაშად ვერ მიხვდა, რას ელაპარაკებოდა ცოლი.
– არ გესმის? შენ გეუბნები!
– ვის გვერდით არ გინდა ჩემი ნახვა? – გაუღიმა და ხელი დაუქნია, – მოდი, გვერდით მომიწექი, რამე კარგი ფილმი მოვძებნოთ და ვუყუროთ.
– ჰმ, ვითომ ვერაფერს მიხვდი, ხო? იმ იდიოტი ლაშას გვერდით არ გნახო-მეთქი.
– ა, ჰო! – ნიკამ ამოიოხრა, – ვერ შეგპირდები.
– რატომ? – ხმა გაიმკაცრა სოფომ.
– იმიტომ, რომ, გარკვეულწილად, რაღაც საქმეებში ერთად ვართ და, ძალიანაც რომ არ მინდოდეს, ჩვენი გზები მაინც გადაიკვეთება.
– პირდაპირ მითხარი, რომ მოგწონს ეგ ტიპი! – გაცხარდა სოფო.
ნიკა განცვიფრდა:
– ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს, მომწონს თუ არ მომწონს ლაშა. მთავარია, ფულის კეთება ერთად კარგად გამოგვდის. მოდი, რა, ნუ ვიჩხუბებთ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება.
– ეგ შენ გგონია, რომ არ გვეხება, – სოფო საწოლთან მივიდა და ჩამოჯდა, – გიცნობ, რაც ხარ... ალბათ, ერთი სული გაქვს, ხელიდან გამიძვრე და მაგ იდიოტივით გაგულავდე ნაშებში.
– აბა, რას ამბობ, საყვარელო, – ნიკა ცოლს მოეხვია და თმაზე მიეფერა, – მარტო შენ მინდიხარ და მჭირდები, – ამას რომ ეუბნებოდა, თვალწინ ირინკას ვნებიანი მკერდი დაუდგა და შეაჟრჟოლა.
– რა იყო, შეგცივდა? – ჰკითხა სოფომ და გაოცებით შეხედა, – აივნის კარი ხომ არ დავხურო?
– არ გინდა, იყოს, – ჩაიბურტყუნა ნიკამ და საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ იმ ქალს აღარ შეხვდებოდა. „თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს ადვილი არ იქნება. ცდუნება დიდია, მაგრამ ოჯახში მშვიდობა მსხვერპლს მოითხოვს. არ შემიძლია, ლაშას არ დავეთანხმო, რომ ცოლის შერთვის შემდეგ კაცებს მაგრად გვერხევა“, – გაიფიქრა თავისთვის და გადაწყვიტა, დარდი სოფოს ალერსით გაექარვებინა...
***
ანა ერთიმეორის მიყოლებით ყრიდა ჩანთიდან ნივთებს და აქეთ-იქით ისროდა... ისტერიკას აღარაფერი აკლდა. ერთი აღრიალება ქვეყანას ერჩივნა, მაგრამ მეზობელ ოთახში მყოფი ძიძის მოერიდა, არც ბავშვის აფორიაქება უნდოდა. „ნაძირალა! მშიშარა! როგორ გაიპარა და გაიქცა სამარცხვინოდ!.. უთავმოყვარეო და უსირცხვილო!.. ალბათ, იმ პატარა კახპას გამოეკიდა... თუმცა, იმ გოგოს რას ვერჩი, რამდენი ჰყავს მაგისთანა! მძულს... ო, როგორ მძულს...“
– ანა, ყავა ხომ არ მოგიდუღოთ? ნამგზავრი და დაღლილი ჩანხართ.
– გმადლობ, მაკა, ნუ შეწუხდები. დავიძინებ და ყველაფერი გამივლის.
– ლილე ვავახშმე და დავაწვინე. შემიძლია, წავიდე?
– ჰო, წადი. დილით ცოტა ადრე მოდი. სამსახურში მისვლამდე მაღაზიაში მინდა გამომყვე, რომ პროდუქტები შევიძინოთ. შენ უფრო იცი, რა გვჭირდება.
– რა თქმა უნდა, მოვალ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
– გმადლობ, – თავი ნაძალადევი ღიმილით დაუქნია ანამ და გაიფიქრა, რომ მისგან მშვიდობა ძალიან შორს იყო.
სანამ დაწვებოდა, ბავშვთან გავიდა. ლილეს არ ეძინა. იწვა და ერთი ხელით ფუმფულა დათუნია ჰყავდა ჩახუტებული. ანა დაიხარა და ბავშვს აკოცა.
– დედიკო, მამიკო ჩვენთან რატომ არ ცხოვრობს? – ჰკითხა მოულოდნელად ლილემ. ანა გაშრა. თითქოს შვილმა მკერდში ჩაუყო პატარა ხელი და გულზე მოუჭირა. არ იცოდა, რა ეპასუხა, გოგონა კი ფართოდ გახელილი თვალებით და ცნობისმოყვარედ შესცქეროდა. აშკარა იყო, პასუხს მოუთმენლად ელოდა.
– ზოგი მამა შვილთან ერთად არ ცხოვრობს, – თქვა და ხანგრძლივი პაუზა გააკეთა.
– რატომ? – მაშინვე დაინტერესდა ლილე, – ჩვენ ხომ სამი ოთახი გვაქვს. ერთ ოთახში მამიკოს დავაძინებდით.
– ჰო, მაგრამ ჩვენი მამიკო, უფრო სწორად, შენი მამიკო, ჩვეულებრივი მამიკო არ არის. მას ძალიან, ძალიან ბევრი საქმე აქვს და სახლში მოსასვლელად არ სცალია.
– აბა, სად იძინებს, მანქანაში?
– ჰო, ზოგჯერ მანქანაში, ზოგჯერ სასტუმროში...
– და, ყოველთვის ასე იქნება? – დანაღვლიანდა ლილე.
– არ ვიცი, შეიძლება აღარ იყოს ასე, მაგრამ, შენ უკვე უნდა დაიძინო, ძალიან გვიანია.
– მამიკოს უთხარი, როცა ბევრი საქმე არ ექნება, მოვიდეს და ჩემ გვერდით დაიძინოს, ჩემს ლოგინში...
– კარგი, ვეტყვი, – დაჰპირდა ანა და ბავშვს მისი ცრემლები რომ არ დაენახა, ოთახიდან გავიდა...
***
მთელ ხმაზე აწკრიალებულმა მობილურმა სოფოს და ნიკას ერთდროულად ააწევინა თავები ბალიშიდან.
– საინტერესოა, ვინ გირეკავს ამ შუაღამისას, – წაგესლა ცოლმა ნამძინარევი ხმით.
– იმედია, არ ფიქრობ, რომ საყვარელია, – დაიგმინა ნიკამ და მობილურს ხელი სტაცა, – ვახოა. რამ გადარია, ასეთ დროს რომ რეკავს?
– მშვიდობა გაქვს, ბიჭო? იცი, რომელი საათია?
– ჰო, მშვიდობაა... აუ, არ მეგონა, თუ გეძინა. წამოწოლილი ვიყავი, ვფიქრობდი და საათისთვის არ შემიხედავს. რაღაც მინდა, გკითხო... კარგი, ხვალ დაგირეკავ...
– მაინც უკვე მღვიძავს და თქვი, თუ ამბობ.
– ის ქალი, ანა... მგონი, მართლა მომეწონა...
– რა? აი, ახლა კი ვერ გადამირჩები, თუ მარტო მაგის სათქმელად გამაღვიძე.
– მოიცა, დამშვიდდი. რაც ჩამოვედი, სულ თვალწინ მიდგას. როგორ დავუახლოვდე? მითხარი, რა, რა გავაკეთო? მესიჯს ვერ მივწერ, ტეხავს. დამეხმარები?
– დაგეხმარები კი არა, თავს წაგაცლი... გული გამიხეთქე, – გაეცინა საბოლოოდ გამოფხიზლებულ ნიკას, ცოლს მხარში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია, – გესმის? ვახოს ანა მოეწონა და გვეკითხება, როგორ დავუახლოვდეო.
სოფომ დაიღმუვლა და ხელი აუქნია, შემეშვიო...
– მაცადე, გათენდება და მოვიფიქრებ რამეს, თუკი მზის ამოსვლასთან ერთად არ გაგივლის.
– აღარ გადამივლის, ვატყობ, – ამოიოხრა ვახომ.
– ჰო, კარგი, ვიზამთ რაღაცას. ოღონდ, ანას მოხიბვლა ადვილი არ იქნება, ახლავე გაფრთხილებ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3