კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-37(768)

 „ვოლგაში“ რომ ჩასხდნენ, ნუცამ პოპოვს უთხრა:
– მე მგონი, სანდო კაცი უნდა იყოს პოლკოვნიკი სიზოვი.
– კი, სანდოა, – მიუგო გენერალმა და ნუცამ მანქანა ადგილიდან დაძრა. სახლში რომ დაბრუნდნენ, სედოიმ გენერალს ჰკითხა:
– რა გაარკვიეთ?
– პოლკოვნიკი სიზოვი მხარშია დაჭრილი, მაგრამ, ორ კვირაში ხოდზე იქნება. უნდა ვესტუმრო და დეტალურად დაველაპარაკო, – მიუგო პოპოვმა.
– ესე იგი, თანახმაა.
– თანახმაა, – დაუდასტურა გენერალმა.
ფიგაროს თვალები გაუბრწყინდა და აღფრთოვანებულმა თქვა:
– მშვენიერია! ორ კვირაში ჩვენი პატიმრობა დასრულდება და გავილაღებთ.
დიმკას გაეცინა, პოპოვმა კი კოპები შეკრა და შეუღრინა:
– სულ მთლად გამოშტერდი, ფიგარო, რაებს როშავ, თვითონაც არ იცი.
– თქვენ თვითონ არ თქვით, ორ კვირაშიო? – ამოილუღლუღა ნირწამხდარმა ფიგარომ.
– რა ორ კვირაშიო? – კითხვა შეუბრუნა პოპოვმა.
– რა და, ორ კვირაში უნდა ვნახო ის დაჭრილი პოლკოვნიკიო, – თქვა ფიგარომ.
– მერე, რა შუაშია აქ გალაღება?
– იმ კაცმა არ უნდა გადაგვიყვანოს საზღვარზე?
– როცა გადაგიყვანთ და სამშვიდობოზე იქნებით, მაშინ ილაპარაკე, – უთხრა ფიგაროს პოპოვმა, – და, იქაც, თავს ზედმეტის უფლება არ მისცე – არ გამოილეშო და ჩალიჩი არ გაბედო.
– ოღონდ აქედან წავიდე და სანიმუშო მოქალაქე ვიქნები, – ირონიით თქვა ფიგარომ.
– არ იქნები და, გალია იქაც მოიძებნება შენთვის.
გალიის ხსენებაზე ფიგაროს ენა ჩაუვარდა და უხმოდ ჩაჯდა სავარძელში. სედოიმ კი პოპოვს უთხრა:
– ფიგარო ცრუმორწმუნეა და გალიის ხსენებაზე ისე შეშინდა, რომ მთელი საღამო ჩაციკლული იჯდება და ხმას აღარ ამოიღებს.
– კარგია, სისულელეს აღარ იტყვის, – გაეცინა გენერალს.
– ვასკა, სიზოვს უთხარი, რომ ტვირთით ვართ?
– ყველაფერი იცის.
– რამდენი მოითხოვა?
– რომ ვუთხარი, გასამრჯელოს მიიღებ-მეთქი, ასე მიპასუხა, თუ რამეს მომცემენ, უარს არ ვიტყვი, ისე კი უფასოდ გადავიყვანო.
– ხომ სანდოა?
– მაგანაც თუ გვიღალატა, მაშინ, მართლა დაღუპული ყოფილა დედამიწა. მაგის ძმას სასიცოცხლო საქმე გავუკეთე და, არა მგონია, საპირისპიროდ მოიქცეს, – მიუგო პოპოვმა, ნუცამ კი მოკრძალებით უთხრა სედოის:
– სემიონ სემიონოვიჩ, ბოდიში, რომ თქვენს საუბარში ვერევი, მაგრამ, ჩემი აზრითაც პატიოსანი კაცია პოლკოვნიკი სიზოვი და, არა მგონია, მუხანათურად მოიქცეს.
– ღმერთმა ქნას, – გაეცინა სედოის და დაამატა: – ზალკინის საქციელმა კიდევ ერთხელ შემირყია ადამიანების მიმართ რწმენა.
– ოხ, მაგისი! ერთი ხელში ჩამივარდეს ეგ ქირურგი და მე ვიცი! – თქვა პოპოვმა და ჰაერს მუშტი მოუღერა.
– კარგი კი იქნებოდა მისი ხელში ჩაგდება, მაგრამ, ისეთი ეშმაკი და გაიძვერა ჩანს, რომ ეს თითქმის შეუძლებელია, – თქვა სედოიმ.
– თითქმის შეუძლებელი არ ნიშნავს სრულიად შეუძლებელს, – მიუგო გენერალმა.
– მაგარი ოპტიმისტი ხარ, ვასკა, – ჩაეცინა სედოის.
– დაგავიწყდა, რამხელა კუში გაგიწიათ?
– ამას რა დამავიწყებს.
– ჰოდა, არ შერჩება, ერწმუნე ჩემს ინტუიციას. აი, ნახავ, უკან თუ არ დაგიბრუნებთ, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე მილიციამ ან, სულაც, „კაგებემ“ არ ჩაავლო იმ ნაძირალა ქირურგს.
– შენს პირს შაქარი, ვასკა, მეც ეგ არ მინდა? – გაეცინა სედოის და გააბოლა, შემდეგ ნუცას გაუღიმა და უთხრა:
– ნუციკო, ძვირფასო, არ ვივახშმოთ?
ნუცამ სუფრა გააწყო. განძის მაძიებლებმა ივახშმეს და დაიძინეს.
***
გენერალი პოპოვი ადრეულმა სატელეფონო ზარმა გააღვიძა. მან თვალი გაახილა, საათს შეხედა და ჩაილაპარაკა:
– ამ დილის რვა საათზე ვინ ოხერი რეკავს?
– ტელეფონი გაბმულად რეკავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო გამოძახება იყო. პოპოვმა ყურმილი აიღო და ნამძინარევი ხმით უპასუხა:
– გისმენთ!
– ბოდიში, ვასილ ანდრეევიჩ, – მოესმა გენერალს ვასო ჩხიკვაძის ხმა, – ხომ არ გაგაღვიძე?
– არა, ვასო, დილა მშვიდობისა, – გამოცოცხლდა გენერალი.
– ვასილ ანდრეევიჩ, ასე ადრე იმიტომ დაგირეკეთ, რომ სახლიდან არ გაგესწროთ. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შეწუხებისთვის. ახლახან დამირეკა თინამ ტალინიდან და მითხრა, რომ ლენინგრადში მაზეგის მაგივრად დღეს ჩამოდის, საღამოს რვა საათზე იქნება მანდ და, თუ არ შეწუხდებით, ორიოდე დღე გაჩერდება.
– არა გრცხვენია, ვასო, რა შეწუხებაზე მელაპარაკები? მე და ნუციკო დავხვდებით, მხოლოდ ის მითხარი, სად უნდა დავხვდეთ.
– არაა საჭირო. ავტობუსით მოემგზავრება. თვითონაც არ იცის, სად შემოვა ავტობუსი და თქვენამდე ტაქსით მოვა.
– კარგი, ველოდები.
– გმადლობთ, ვასილ ანდრეევიჩ, ჩემზე იყოს პატივისცემა.
– რა პატივისცემა, ნახვამდის, – თქვა გენერალმა, შემდეგ ყურმილი დაკიდა და მთელი სახლის გასაგონად დაიძახა: – განძის მაძიებლებო, აბა, ჩქარა, ადექით! ჩეპეა და ექსტრემალურ რეჟიმში მოგვიწევს მოქმედება.
მასპინძლის განგაშს პირველი ნუცა გამოეხმაურა. გოგონა საძინებლიდან გამოვიდა და პიჟამოში გამოწყობილ პოპოვს ჰკითხა:
– რა მოხდა, ვასილ ანდრეევიჩ, ხომ მშვიდობაა?
– ყველანი შეიკრიბონ და ვიტყვი, – მიუგო პოპოვმა ნუცას და ორიოდე წუთის შემდეგ სასტუმრო ოთახში შეკრებილ განძის მაძიებლებს განუცხადა: – ბევრი ლაპარაკის დრო არაა. დღეს საღამოს რვა საათზე თინა ჩამოდის და ორი დღე აქ გაჩერდება. ამიტომ, თქვენ სამნი უნდა გაქრეთ. ახლა მე და ნუციკო ჩემს აგარაკზე წავალთ და ფიგაროსაც გავიყოლებთ, თან იქაურობას დავზვერავთ, შემდეგ კი უკან მოვბრუნდებით, დანარჩენებსაც წაგიყვანთ და იქ დაგტოვებთ. აბა, ცოცხლად, თხუთმეტ წუთში გავდივართ.
ვასო ჩხიკვაძის ზარიდან ზუსტად ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც ნუცა, პოპოვი და ფიგარო პულკოვოსკენ გაემართნენ „ვოლგით“, სადაც გენერლის აგარაკი მდებარეობდა. უკან რომ დაბრუნდნენ, შუადღე შესრულდა. დიმკა და სედოი უკვე მზად იყვნენ გასამგზავრებლად და პოპოვმა მათ უთხრა:
– ყველფერი სუფთადაა. ფიგარო დავაბინავე, ახლა თქვენი ჯერია. წავედით!
ნუცამ და პოპოვმა ძებნილებიც მშვიდობიანად მიიყვანეს აგარაკზე და, უკან რომ დაბრუნდნენ, შუა დღის სამი საათიც შესრულდა. პოპოვმა ყავარჯენი კედელზე მიაყუდა, სავარძელში მოკალათდა და ნუცას უთხრა:
– ნუციკო, შვილო, ვჭამოთ რამე, თორემ, დილიდან ლუკმაც არ ჩამიდევს პირში.
ათიოდე წუთის შემდეგ ნუცა და გენერალი მადიანად შეექცეოდნენ საჭმელს, ხოლო, რომ დაასრულეს და გოგონამ სუფრის ალაგება დაიწყო, კარზე ზარი დარეკეს. პოპოვი შეხტა და ნუცას უთხრა:
– ვინაა ნეტავ?
– ვნახავ, – მიუგო ნუცამ.
– მე თვითონ ვნახავ, – თქვა პოპოვმა და კარისკენ გაემართა, სათვალთვალოში გაიხედა და შეცბა – კართან კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე იდგა და იღიმებოდა.
– ვასილ ანდრეევიჩ, ვასო ჩხიკვაძე ვარ, გააღეთ! – გამოსძახა კაპიტანმა გენერალს დერეფნიდან.
პოპოვმა მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, კარი გააღო და ზღურბლზე მდგარ სტუმარს უთხრა:
– აი, სიურპრიზიც ესაა, თუ გინდა!
– ორიოდე დღე თავისუფალი ვარ და თქვენ და ჩემს ცოლს სიურპრიზი გაგიკეთეთ.
– შემოდი, შემოდი, – შეიპატიჟა სტუმარი პოპოვმა და გადაეხვია, თან გაიფიქრა: „რა ბეწვზე მოვასწარი ძებნილების გახიზვნა“, – ხმამაღლა კი ვასოს უთხრა: – ძალიან გამიხარდა შენი სტუმრობა. როგორ ხარ, ძვირფასო?
– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, თქვენ როგორ გიკითხოთ?
– არა მიშავს, ფეხი ნელ-ნელა მირჩება, – მიუგო პოპოვმა ვასოს. სასტუმრო ოთახში შეიყვანა, სავარძელში ჩასვა და ნუცას გასძახა: – ნუციკო, ნახე, ვინ გვესტუმრა.
ნუცამ უკვე იცოდა, ვინ იყო მათი სტუმარი და მანაც მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, რომ საკუთარი თავი არ გაეყიდა. შემდეგ ოთახში შევიდა, კაპიტანს ხელი ჩამოართვა და ჰკითხა:
– როგორ ბრძანდებით?
– გმადლობთ, კარგად. თქვენ?
– მეც კარგად, – მიუგო ნუცამ და პოპოვს უთხრა: – ვასილ ანდრეევიჩ, ბატონი ვასო ნამგზავრია. მოშიებული იქნება და სუფრას გავაწყობ.
– რა თქმა უნდა, ნუციკო. მიდი, გაგვიმასპინძლდი.
ნუცა სამზარეულოში დაბრუნდა, კაპიტანმა კი გენერალს ჰკითხა:
– ვალერკა ხომ კარგადაა?
– კი, უკეთაა. ახლა გერმანიაშია.
– სამწუხაროა. მოვინახულებდი, – მიუგო კაპიტანმა და დაამატა: – ვასილ ანდრეევიჩ, მშვენივრად გამოიყურებით.
– გმადლობთ, კაპიტანო, კომპლიმენტისთვის, – გაუღიმა მასპინძელმა სტუმარს. ვასომ კი მას უთხრა:
– ნუცაც მშვენივრად გამოიყურება – ეტყობა, რომ აქაურობა მოუხდა.
– კი. გახალისდა, – მიუგო პოპოვმა და ჰკითხა:
– შენ როგორ ხარ, როგორ მიდის სამსახურის საქმეები?
– ნორმალურად. უბრალოდ, ამ ბოლო დროს ძალიან დავიტვირთე – სამუშაო მომემატა.
– რას იზამ, ჩემო კარგო. ასეთია ჩვენი სამსახურის სპეციფიკა. მეც ასეთ გაწამაწიაში ვიყავი მთელი ცხოვრება და კარგად მესმის შენი.
– ერთ საქმეზე ვმუშაობ და ქანცი გამიწყდა, – თქვა კაპიტანმა და დაამატა: – შეიძლება, მოვწიო?
– რა თქმა უნდა.
ვასო ჩხიკვაძემ გააბოლა და თქვა:
– ამ ორიოდე თვის წინ მოსკოვში ბოროტმოქმედებმა ნახევარი მილიონი მანეთის ინკასაცია გაიტაცეს და იმ საქმეზე ვმუშაობ.
– მეც მოვკარი ყური მაგ ამბავს, მაგრამ, შენ რა შუაში ხარ?
– მძარცველებს შორის ერთი ქართველია და ჩვენი სამინისტროც ჩართეს ამ საქმეში. სხვათა შორის, ლენინგრადში რომ ვიყავი და ვერ გნახეთ... სვერდლოვსკშიც ამ საქმის გამო მიმავლინეს.
– დიდი კუშია წაღებული? ძალიან სერიოზული საქმეა?
– უსერიოზულესი, – გაეცინა ჩხიკვაძეს, – ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ იმ ბოროტმოქმედებს მთელი ფული ერთმა ქირურგმა მოჰპარა და მიიმალა.
– რას ლაპარაკობ?
– აბა?! – გაეცინა კაპიტანს, – იმ კაცთან იმალებოდნენ მოსკოვში, მან კი ასეთი ფოკუსი ჩაუტარა იმ არიფებს და დაეთესა.
– გამოდის, რომ ის ექიმი დაიჭირეს და ახლა იმ მძარცველებს ეძებთ?
– არა.
– აბა?
– ქირურგსაც ვეძებთ და მძარცველებსაც.
– აბა, საიდან იცით ასეთი დეტალები? ანუ ის, რომ ქირურგმა მათ ფული გასტაცა?
– საიდან, ვასილ ანდრეევიჩ და, იმ კაცისგან, ვის ბინაშიც ის ქირურგი ცხოვროდა, ანუ,  სადაც იმ ქირურგმა მძარცველები შეიფარა.
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა პოპოვმა.
ვასო ჩხიკვაძემ პოპოვს დაწვრილებით მოუყვა ძარცვისა და იური ზალკინთან შეფარების ისტორია, რაც ისედაც კარგად იცოდა გენერალმა და ბოლოს უთხრა:
– ზალკინი თვითონაც სხვის ბინაში ცხოვრობდა – თავისი კოლეგა ექიმის, რომელიც უცხოეთში მუშაობდა და მას ორი წლით დაუთმო თავისი საცხოვრებელი.
– გასაგებია. მერე?
– მერე ის, რომ ფულით გაქცეულმა ზალკინმა თავის სახლში დაბრუნებულ კოლეგას დაურეკა, მთელი ისტორია მოუყვა და სვერდლოვსკში დაიბარა ფულის გადასაცემად.
– რა ფულის?
– ასე უთქვამს, ორმოცდაათი ათას მანეთს მოგცემ მორალური ზიანის ასანაზღაურებლადო.
– რა მორალური ზიანის?
– ვითომდა ბოროტმოქმედები რომ მიიყვანა მის ბინაში.
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა პოპოვმა, – ზალკინი რომ პატიოსანი კაცი ყოფილიყო, ის არც ბოროტმოქმედებს შეიფარებდა და არც ფულს მოჰპარავდა მათ. რატომ დაურეკა თავის კოლეგას და ფულს რატომ სთავაზობდა, ნამდვილად ვერ ვხვდები.
– რატომ, ვასილი ანდრეევიჩ და, იმიტომ, რომ ჩვენ გავეშვით ცრუ კვალზე.
– ცრუ კვალზე?
– სწორედაც. ზალკინმა იცოდა, რომ მისი კოლეგა ჩვენთან მოვიდოდა და ყველაფერს მოგვიყვებოდა. ანუ, მან მილიცია ცრუ კვალზე გაუშვა, თან, იმ მძარცველებს დაახლოებითი ორიენტაციაც მისცა, თავად კი ამით დრო მოიგო, რომ, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაქცეულიყო. ხუმრობა ხომ არაა ნახევარი მილიონი მანეთი – ამდენი ფულით ყველგან გზა ხსნილი აქვს.
– გასაგებია, – თქვა პოპოვმა, – დიდი თავხედი და გაიძვერა ვინმე ყოფილა ეგ ქირურგი ზალკინი. როგორ არ ეშინია, რომ მიაგნონ და შუაზე გაგლიჯონ?
– მძარცველებმა, ხომ?
– ჰო, რა თქმა უნდა, – დაუდასტურა პოპოვმა, – თუმცა, თუ ის ქირურგი მილიციამ დაიჭირა, არც ჩვენები დააყრიან კარგ დღეს.
– მაგრამ, მძარცველებისგან მაინც უფრო ბევრად ცუდი რამ ელის, – დაამატა კაპიტანმა.
– ეგ თავისთავად, – გაეცინა პოპოვს.
ვასო ჩხიკვაძემ პაუზა გააკეთა, პოპოვს გაუღიმა და ჰკითხა:
– ვასილ ანდრეევიჩ, რაო, რას ამბობენ სედოი, დიმკა და ფიგარო, ზალკინს მიწიდან ამოვთხრითო?
პოპოვს ტანში გააცია, მაგრამ არ შეიმჩნია და სტუმარს ჰკითხა:
 – ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
კაპიტანს გაეცინა და მასპინძელს ჰკითხა:
– ამხანაგო გენერალო, პულკოვოში აგარაკი გაქვთ?
პულკოვოს ხსენებაზე პოპოვს კვლავ გააცია. მაგრამ სტუმარს არ აგრძნობინა და ღირსეულად მიუგო:
– მაქვს.
– დღეს თქვენ იქ ორჯერ იმყოფებოდით და პირველად ფიგარო მიიყვანეთ, მეორედ კი სედოი და დიმკა. მართალია?
გენერალი მიხვდა, რომ კაპიტნისთვის ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ იყო ცნობილი და, რაც მთავარია, მისი მფარველობის ქვეშ მყოფები გაშიფრულები იყვნენ, ეს კი პოპოვისთვის ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო და მან ვასო ჩხიკვაძეს ჰკითხა:
– ისინი დააპატიმრეს?
ვასოს კვლავ გაეცინა და პოპოვს უთხრა:
– გულს მტკენ, ამხანაგო გენერალო.
– გულს გტკენ? – ვერ მიხვდა პოპოვი.
– დიახ, ვასილ ანდრეევიჩ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი მილიციელი ვარ და ბევრისთვის საძულველი „ძაღლიც” კი, ნუთუ თქვენ ეჭვი შეგეპარათ თქვენდამი ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებაში? – თქვა კაპიტანმა. სიგარეტს მოუკიდა და დაამატა: – მართალია, თქვენ თბილისში გამაბითურეთ და ჩემს აგარაკზე განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი, საკავშირო ძებნილი აცხოვრეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ურთიერთობებს ხაზი უნდა გადავუსვა.
– ვასო, ძალიან დავიღალე. კონკრეტული პასუხი გამეცი.
– არა, ვასილ ანდრეევიჩ, ისინი არავის დაუპატიმრებია და სადაც დატოვეთ, იქ იქნებიან.
– საიდან იცი, ვინაა ჩემს აგარაკზე?
– ჩემი სტაჟიორისგან. ის წუხელ ჩამოფრინდა აქ და ჩემი გეგმით მოქმედებდა.  ახლა კი უკვე თბილისისკენ მიფრინავს და არც კი იცის, ვინ ხართ თქვენ ან თქვენი სტუმრები. მან მხოლოდ ის იცის, რომ ვწვრთნი და მეტი არაფერი. ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
– კეთილი. ახლა ის მითხარი, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა, ჩვენზე როგორ გამოხვედი?
– კვალს, პრინციპში, შემთხვევით წავაწყდი, თუმცა შემდეგ საკმაოდ შრომატევადი სამუშაო შევასრულე.
– კონკრეტულად?
– თქვენ გაინტერესებთ, ხელჩასაჭიდად რა გამოვიყენე?
– ჰო.
– რა და, კიტიამ რომ მითხრა, ქალ-ვაჟი ნოდარ მდივანმა გამომიგზავნაო. მდივნის მეშვეობითა და კიტიას მონათხრობის შედეგად ნუციკოს დედაზე გავედი. თან, გვარი რომ შევიტყვე, ნუციკოს მონათხრობიც გამახსენდა საკუთარ მშობლებზე, დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო.
– ახლა რას აპირებ?
– წესით, ჩემი ვალდებულება უნდა აღვასრულო.
– მერე?
კაპიტანს გაეცინა და გენერალს ჰკითხა:
– თქვენ რას მოიმოქმედებდით ჩემს ადგილზე?
– მე უკვე მოვიმოქმედე და ჩემი ბავშვობის ძმაკაცი და მისი პაძელნიკები შევიფარე, – მიუგო პოპოვმა.
– მართალია, თქვენ ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ხართ, მაგრამ, არც მე შემიძლია სხვაგვარად მოქცევა და არ გაგყიდით. თუმცა, არც ხელს შეგიწყობთ და ახლავე თბილისში დავბრუნდები.
– მოიცა, მოიცა, ვასო. შენ ამბობ, რომ ძებნილებს ხელს არ ახლებ?
– დიახ, ვასილ ანდრეევიჩ.
– და, საამისოდ არანაირ გასამრჯელოს არ თხოულობ?
– სწორედაც.
– კეთილი, მოვილაპარაკეთ, – უთხრა გენერალმა კაპიტანს და დაამატა: – დღეს შენ ჩემი სტუმარი ხარ და ვერსად გაგიშვებ, თან, საქმეც მაქვს.
– რა მოიფიქრეთ, ვასილ ანდრეევიჩ? – ჰკითხა ვასომ პოპოვს.
– შენ აქ დარჩი, დაისვენე და მე და ნუციკოს დაგველოდე. მაქსიმუმ ორ საათში დავბრუნდებით.
– სად მიდიხართ?
 – განგაშის გასაუქმებლად.
– ალბათ, აგარაკზე.
– კი. თანაც, „დაჩნიკებსაც“ მოვიყვანთ.
– ვასილ ანდრეევიჩ, თქვენთან შეკითხვა მაქვს.
– ძვირფასო სეხნიავ, კითხვები მერე იყოს, ახლა ჩვენ წავალთ, შენ კი ისე იგრძენი აქ თავი, როგორც საკუთარ სახლში.
– ამხანაგო გენერალო, უხერხული არ იქნება, რომ მე, მილიციის კაპიტანი, ძებნილ ბოროტმოქმედებთან ერთად ვიმყოფებოდე აქ? მე მგონი, ჯობია, რომ მათ მოსვლამდე გავეცალო აქაურობას.
– უხერხული რატომაა, კაპიტანო? მე გენერალი ვარ და სულაც არ მეუხერხულება მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ყოფნა, – ხუმრობით მიუგო პოპოვმა ჩხიკვაძეს და ყავარჯნის დახმარებით კარისკენ გაემართა.
– სულ ხუმრობთ, ვასილ ანდრეევიჩ?
– იუმორი ხალისს მმატებს და სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, სიცოცხლეზე ძვირფასი კი ადამიანს არაფერი გააჩნია. ძვირფასო სტუმარო, ვეცდები, რომ დაბრუნებისთანავე ისე გაგაოცო, ცხოვრებაში ვერასოდეს რომ წარმოიდგენდი. ერთი სიტყვით, დაგველოდე და იმედი იქონიე.
– რა გაეწყობა, – ხელები გაშალა ჩხიკვაძემ და კარი დახურა, შემდეგ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, სავარძელში მოკალათდა. გააბოლა და გენერლის სიტყვებზე ჩაფიქრდა – კაპიტანი იმის გამოცნობას ცდილობდა, რა სიურპრიზს უმზადებდა მას პოპოვი.
გენერალი, ნუცა და ძებნილები შეპირებულზე ორჯერ გვიან, ოთხიოდე საათის შემდეგ დაბრუნდნენ ბინაში. გარეთ ბნელოდა და საათის ისრები ღამის 10 საათს უახლოვდებოდა, როდესაც ისინი მოვიდნენ. კაპიტანი ფეხზე ამდგარი შეხვდა ახალმოსულებს და ყურადღებით ათვალიერებდა მათ.
– გაიცანი, ვასო, – უთხრა პოპოვმა ჩხიკვაძეს და ძებნილებისკენ გაიშვირა ხელი.
– ანტონ გავრილოვი, – წარმოუდგა ჩხიკვაძეს ფიგარო, ხელი გაუწოდა და თავი დაუკრა.
– მეტსახელად ფიგარო, თუ არ ვცდები, – მიუგო ვასომ, ხელი ჩამოართვა ფიგაროს და დაამატა: – კაპიტანი ვასილ ჩხიკვაძე.
ფიგაროს შემდეგ კაპიტანს სედოიმ გაუწოდა ხელი და უთხრა:
– სემიონ სემიონოვიჩ სემიონოვი. ქურდი-რეციდივისტი, მეტსახელად „სედოი”.
– ვასილ ჩხიკვაძე, – გაეცინა კაპიტანს და დიმკაზე გადაიტანა მზერა, რომელმაც მას უთხრა:
– დიმიტრი კანდელაკი.
– მე კი ვალერკათი გაგიცანი, დიმკა და, უნდა გითხრა, რომ საუცხოოდ გაქვს გარეგნობა შეცვლილი. სულ არ გგავს შენი ძებნილობის სურათი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირშია გაკრული. ხოლო, კიტიას რომ შენი თავი ავაწერინე, აზრადაც არ გამივლია, რომ შენ ვალერკა იყავი, ვერც დიმკას მიგამსგავსე, არადა, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ კიტიას სტუმართაგან ერთ-ერთი სწორედ ძებნილი დიმიტრი კანდელაკი, მეტსახელად დიმკა იყო.
– კიტიამ, ალბათ, ნუციკოც აგიწერათ.
– ნუცაზე მითხრა, დიდი ზომის, მუქი ფერის მზის სათვალე ეკეთა და სახეს უფარავდაო. – მიუგო ვასომ დიმკას, რომელიც პოპოვს მიუტრიალდა და ღიმილით უთხრა:
– გახსოვთ, ვასილ ანდრეევიჩ, რომ გეუბნებოდით, ნუცას ვერ გაშიფრავენ-მეთქი?
– მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, – თქვა გენერალმა. დიმკამ კი კაპიტანს უთხრა:
– შეიძლება, გკითხოთ?
– მიდი.
– ბატონო ვასო, რომ გაგეშიფრეთ, დაგვიჭერდით მე და ნუციკოს?
– პროვოკაციული შეკითხვაა, – მიუგო კაპიტანმა.
– მაინც?
– გარემოებას გააჩნია.
– ძალიან მაინტერესებს, – არ ეშვებოდა დიმკა.
– შვილიკო, არაა ახლა ამაზე ლაპარაკის დრო, – უთხრა პოპოვმა დიმკას, – ვასოს რომ ჩვენი დაჭერა სდომოდა, ახლა ყველანი კამერებში ვიქნებოდით გამომწყვდეულები.
– ვახშამს გავაწყობ, – თქვა ნუცამ და სამზარეულოში გავიდა, დანარჩენები კი სასტუმრო ოთახში, სავარძლებში მოკალათდნენ და გააბოლეს.
– ვასილ ანდრეევიჩ, დაგავიწყდათ, რომ სიურპრიზს შემპირდით? – უთხრა კაპიტანმა გენერალს. პოპოვმა კი მიუგო:
– სწორედ ამაზე მსჯელობამ შეგვაკავა და ამიტომ დავაგვიანეთ. სიურპრიზი იქნება. ჯერ მკითხე, რა გაინტერესებს.  მახსოვს, რომ ჩვენი წასვლის წინ აპირებდი ჩემთვის კითხვის დასმას.
– დიახ, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს.
– მიდი, გისმენ.
– ვასილ ანდრეევიჩ, რა მიზანი ჰქონდა თქვენი და დიმკას თბილისში ვიზიტს?
– მაგის პასუხია სწორედ ის სიურპრიზი, რომელსაც შეგპირდი.
– ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ.
– თბილისში ჩვენ განძის მოსაძებნად ვიყავით, – მშვიდად თქვა პოპოვმა.
– და, გეტყობათ, რომ იპოვეთ, ხომ?
– ვიპოვეთ, – დაუდასტურა გენერალმა.
– ვასილ ანდრეევიჩ, კუკიაზე ხომ არა, ნოდარ მდივნის მშობლების საფლავში? – ღიმილით ჰკითხა კაპიტანმა გენერალს.
– ეგ საიდანღა იცი? – გაოცდა პოპოვი.
– კიტიასგან.
– რაო? კიტიამ ეს იცოდა? – გაოცდა დიმკა, პოპოვმა კი გაკვირვებული სახით გაშალა ხელები.
– რა თქმა უნდა, არ იცოდა, – გაეცინა ჩხიკვაძეს, – უბრალოდ, კიტიასთან საუბარში მისგან შევიტყვე, რომ დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ნოდარ მდივანი თავისი მშობლების სასაფლაოს გალიაში ჩასმას აპირებდა და ამან დამაეჭვა...
– გასაგებია, – სიტყვა გააწყვეტინა კაპიტანს პოპოვმა, – შემდეგ შენ კუკიაზე ახვედი, საფლავი დაათვალიერე და აღმოაჩინე, რომ ის არც ისე დიდი ხნის წინ იყო გათხრილი.
– დიახ, სწორედ ასეა, – დაუდასტურა კაპიტანმა გენერალს – შემდეგ ნუცას დედის ვინაობაც გავარკვიე და მთელი ჯაჭვიც აეწყო.
– ამის მთელ ჯაჭვს მაშინ ააწყობ, როდესაც საფლავში აღმოჩენილ განძს ნახავ, – თქვა პოპოვმა.
– მანახვებთ? – იკითხა ჩხიკვაძემ.
– არამარტო.
– ხელით შეხების უფლებასაც მომცემთ? – გაეცინა კაპიტანს.
– არამარტო, – გაიმეორა პოპოვმა.
– მეტი რა?
– შენს წილს მიიღებ იქიდან.
– ჩემს წილს?
– სწორედაც.
– კი, მაგრამ, მე რა წილი მეკუთვნის ან რატომ?
– წილი სოლიდური შეგხვდება. რატომ და, იმიტომ, რომ ამდენი ხალხი არ გაგვწირე.
კაპიტანს გაეცინა და პოპოვისთვის პასუხი არ გაუცია. დიმკამ და ფიგარომ კი სასტუმრო ოთახში ზღაპრული განძით სავსე ოქროს კუბო შემოიტანეს და ვასო ჩხიკვაძეს უჩვენეს. მილიციის კაპიტანს თვალები გადმოეკარკლა და მონუსხული მისჩერებოდა საოცრად მოელვარე ძვირფასეულობას. ბოლოს, როგორც იქნა, თვალი მოსწყვიტა ამ ფეერიას და თქვა:
– ასეთი ჯადოსნური სურათი კინოშიც კი არ მინახავს.
– ეგ მართალია, – თქვა ფიგარომ, დიმკამ კი დაამატა:
– ასეთმა ჯადოსნურმა სანახაობებმა ფიგარო კინაღამ ჭკუიდან შეშალა.
– ალბათ, იმ ნახევარი მილიონი მანეთის ხილვამ, რომელიც ინკასაციას აართვით, – თქვა კაპიტანმა.
– არა მარტო იმან, – მიუგო დიმკამ.
– აბა, კიდევ რამ? – ჰკითხა ვასომ.
– ძვირფასო სეხნიავ, – უთხრა ჩხიკვაძეს პოპოვმა, – რაც ჩვენს მეგობრებს და, მათ შორის ჩვენც, შეგვემთხვა, ალბათ, მილიონში ერთხელ ხდება. ეს დაუჯერებელი, თითქმის არარეალური ისტორიაა, თუმცა რეალურად მოხდა. კასილიკზე თუ გსმენია რამე?
– ოდესელ მძარცველზე ხომ არა? – ჰკითხა კაპიტანმა გენერალს.
– დიახ, მასზე.
– მილიციელისა და ცოლის მკვლელობის გამო რომ დახვრიტეს, ხომ? – დააზუსტა ჩხიკვაძემ.
– კი.
– მსმენია. მერე?
გენერალმა კაპიტანს დაწვრილებით მოუყვა ოდესური განძის ისტორია და ბოლოს უთხრა:
– აი, ასეა, ჩემო ძვირფასო კოლეგავ. ასე რომ, ქირურგი იური ზალკინი უზარმაზარი ქონებითაა დათესილი.
კაპიტანმა ჩხიკვაძემ ოქროს კუბოსკენ გაიშვირა ხელი და პოპოვს მიუგო:
– ამ საოცრების ნახვის შემდეგ თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. თქვენმა მონათხრობმა კი ვასილ ანდრეევიჩ, არანაკლები ეფექტი მოახდინა, ვიდრე ამან.
– ჰო. გეთანხმები, – მიუგო პოპოვმა და დაამატა, – ნუთუ იმ ზალკინის მოხელთება არ შეიძლება, რომ მზაკვრულად წაღებული ქონება დავიბრუნოთ?
– ვასილ ანდრეევიჩ, ზალკინზე სერიოზული ნადირობა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ვიცი, უშედეგოდ. ის ძალიან ეშმაკი, გაიძვერა ადამიანია და ისეთ ლაბირინთებში შეუშვა მილიცია, სადაც, სავარაუდოდ, თავად არ იმყოფება. არსებობს ვერსია, რომ ის საზღვარგარეთ გაიქცა და მეც მჯეროდა ამის. თუმცა, თქვენი მონათხრობის მერე აზრი შემეცვალა.
– კონკრეტულად? – ჰკითხა პოპოვმა.
– ზალკინი განძით ვერ გავიდოდა ქვეყნიდან, ამას წინასწარი მომზადება სჭირდება. თქვენი მონათხრობის მიხედვით კი იმ ქირურგს განძი დაუგეგმავად ჩაუვარდა ხელში. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ ზალკინი საბჭოთა კავშირშია და, ან წასასვლელად ემზადება, ან სხვა გეგმები აქვს.
– რა სხვა გეგმები?
– თუნდაც ფსკერზე დაწოლა და გარკვეული დროის მერე ქვეყნიდან გამგზავრება, – თქვა ჩხიკვაძემ, – არ გამოვრიცხავ, რომ ის ნაძირალა გარეგნობის შეცვლას აპირებდეს.
– პლასტიკურ ოპერაციას?
– დიახ.
– გამორიცხული არაა, მაგრამ, ხომ იცი, ჩემო ვასო, რომ ყოველივე ამას მყარი ზურგი და დამხმარე თუ არა, მოქმედების თავისუფლება სჭირდება. თანაც, რომელი მოქმედების თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც მთელი საბჭოთა მილიცია გეძებს?
– აბსოლუტური სიმართლეა და სწორედ ამიტომ გაითამაშა ზალკინმა ეს კომედია. მილიცია ყალბ კვალზე გაუშვა და გვაფიქრებინა, რომ თითქოს ის უცხოეთში გაიქცა, თავად კი აქაა და საფუძველს ამზადებს გასაქცევად და განძის გასატანად. მას იქ ეძებენ, ის კი აქაა.
– ეშმაკური სვლაა, – გაეცინა პოპოვს.
– დიახ, თითქმის იდეალურად მოფიქრებული კომბინაციაა, – თქვა ჩხიკვაძემ, – თუმცა, მან ერთი რამ ვერ გაითვალისწინა.
– რა?
– რა, ამხანაგო გენერალო და, ის, რომ ჩვენ და თქვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, გავშიფრავდით მის გეგმებს და კუდზე დავასხდებოდით.
– კუდზე დასხდომამდე ჯერ კიდევ შორსაა.
– არც ისე.
– რას გულისხმობ, ვასო?
– იმას, ვასილ ანდრეევიჩ, რომ ახლა უფრო ჩავუღრმავდები იმ ზალკინის საქმეს და, გამორიცხული არაა, რომ ხელჩასაჭიდიც აღმოვაჩინო. ხოლო, თუ ეს შევძელი, ის ნაძირალა ხელიდან ვეღარ წაგვივა.
– ურიგო არ იქნებოდა ზალკინის ჩავლება, მაგრამ, დრო არ ითმენს.
– რა გვეჩქარება?
– მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ოთხეული საზღვარგარეთ იქნება თავიანთი წილი განძიანად, – უთხრა პოპოვმა ვასოს, ნუცასა და ძებნილებზე მიუთითა, და დაამატა, – ნუციკო კი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს უცხოეთში ლეგალურად.
– თუ საიდუმლო არაა, დანარჩენები რა გზით გააღწევენ აქედან?
– ჯერ ავღანეთში გადავლენ, იქიდან კი – ვნახოთ, არ მოგვიფიქრებია.
– სახიფათო მარშრუტია.
– გეთანხმები, მაგრამ, სხვა ვარიანტი არ გვაქვს.
– ვასილ ანდრეევიჩ, მენდობით? – ჰკითხა კაპიტანმა გენერალს და გაუღიმა.
– ვასო, შენ როგორ ფიქრობ? – კითხვა შეუბრუნა გენერალმა.
– ვფიქრობ, რომ მენდობით.
– არ გეშლება.
– მაშინ, მოდი, მე დამელოდეთ და საშუალება მომეცით, რაღაც-რაღაცეები დავაზუსტო. ამისთვის კი თბილისში უნდა დავბრუნდე და ჩემს მეუღლეს დაველაპარაკო, – უთხრა კაპიტანმა გენერალს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3