კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს ქართველი შველას გარედან, რატომ სდებს ბრალს საკუთარ წარუმატებლობაში გარემოს და რატომ აქვს ჩაგრულისა და განწირულის კომპლექსი

უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ჩვენი საზოგადოება, როგორც წესი, წარუმატებლობის მიზეზს ეძებს გარეთ და ამიტომ ყველა პრობლემის სათავეს სხვებსა და გარემოში ვხედავთ, პათოსით: დასავლეთმა უნდა დაგვიცვას, რუსეთი უნდა დაიშალოს, გაქრეს ან დაიტბოროს, იმიტომ რომ საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს; სახელმწიფომ უნდა მოგვცეს მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილი; გვიმკურნალოს, გვასწავლოს, გადასახადები გადაიხადოს და, თუ სეიშელის კუნძულებზეც დაგვასვენებს, უფრო უკეთესი. მეორე მხრივ, ყველანი ვთანხმდებით, რომ სახელმწიფოს აქვს მოვალეობები, თუმცა მოვალეობები აქვს მოქალაქესაც და, თუკი მოქალაქე არ ასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, რატომ ჰგონია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მასზე კეთილსინდისიერი მოქალაქეები მუშაობენ?! ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ ქართული ხასიათის თავისებურებას, როდესაც დამნაშავეა ყველა, გარდა საკუთარი თავისა.

 – ასეთი პარაზიტული დამოკიდებულება როდიდან გაჩნდა და, საერთოდაც, არის თუ არა საკუთარი წარუმატებლობებისადმი ასეთი დამოკიდებულება პარაზიტობა?
– არ ვიცი, როდის გაჩნდა, მაგრამ თვითონ თემაზე ვიმსჯელოთ: იმისდა მიხედვით, თუ სად ნახულობენ თავიანთი პრობლემების სათავეს, ფსიქოლოგიაში ადამიანებს ყოფენ ინტერნალურ და ექსტერნალურ ლოკუსებად. ინტერნალური ლოკუსის მქონე ადამიანები მომხდარში ადანაშაულებენ საკუთარ თავს, ანუ საკუთარ თავში ეძებენ მიზეზებს. მაგალითად, თუ ასეთი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ის მიზეზებს ეძებს თავის თავში, რომ ისე ვერ მოვიქეცი, როგორც საჭიროა; ექსტერნალური ლოკუსის მქონე ადამიანები კი უფრო მეტად ადანაშაულებენ გარე მოვლენებს, სხვა ადამიანებს, ამინდსაც კი და, ბოლოს, ღმერთს. მათთვის ყველაფერი, რაც გარეთაა, უბედურების წყაროა ან ბედნიერების. მათ საკუთარი ძალების რწმენა არ აქვთ. მოკლედ, ერთნი გარეთ ეძებენ ყველაფრის მიზეზებს, მეორენი –  შიგნით და, ამდენად, გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომ სიტუაცია გამოასწორონ.
– საბოლოოდ, ადამიანის რომელი ტიპი ხდება უფრო წარმატებული?
– ჩვენს რეალობაში, მართლაც, ასეა: ადამიანების მეტი ნაწილი მოვლენების სათავეს გარეთ ეძებს: მაგალითად, რუსეთში; რომ ამერიკამ და რუსეთმა მოილაპარაკეს და ამიტომ არაფერს აზრი არ აქვს; მესამე ძალაში და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, სულ გარე ძალებზეა აქცენტი და ასევეა ყოფით ცხოვრებაშიც: არჩევნებისას ადამიანი ფიქრობს, რომ ხმა უნდა მისცეს მას, ვინც უკეთ აცხოვრებს. არადა, არავინ შეგიქმნის კარგი ცხოვრების პირობებს, იმიტომ რომ არცერთი მთავრობა არ უქმნის ადამიანებს კარგ ცხოვრებას, ადამიანმა თვითონ უნდა შეუქმნას თავის თავს ნორმალური ცხოვრების პირობები: ხელი უნდა გაანძრიოს და მაშინ გადარჩება. ქართული მენტალიტეტი კი მოუხმობს გარე ფაქტორებს და ყველაფერს მათ უკავშირებს. იმას კი არ ფიქრობს, თვითონ რისი გაკეთება შეუძლია, არამედ გარედან ზეწოლაზე ლაპარაკობს. ეს არ არის შემთხვევითი. სულ გადარჩენისთვის იბრძოდა და საფრთხის ქვეშ იყო, რამაც გამოუმუშავა დაჩაგრულობისა და განწირულობის კომპლექსი, საიდანაც რაღაც გარე ძალებმა უნდა გამოიყვანოს. თუმცა ყველაზე რეალისტური ხედვა ის არის, რომ ადამიანმა თავის თავში ჩაიხედოს და თავისი შესაძლებლობების გამოყენების გზა იპოვოს და არ იყოს იმის იმედად, სხვა როგორ დაეხმარება. ჩვენთან ადამიანების მეტი წილი გარედან ეძებს დახმარებასაც და შველასაც, მაშინ, როდესაც ცივილიზებული ქვეყნების საზოგადოებები მიზეზებს ეძებენ საკუთარ თავში. ამის ფესვები, შესაძლოა, უფრო ღრმაც იყოს; ეს მიდგომა ჩამოყალიბდა იმ ქვეყნებში, რომლებშიც პროტესტანტიზმი იშვა, რომელმაც საფუძველი შეუქმნა ინდივიდუალობას. როდესაც ინდივიდი საკუთარი ძალისხმევით ცდილობს, მიაღწიოს რაღაცას, საკუთარი თავის იმედი აქვს და არა კოლექტივის. ეს მოხდა ლუთერის დროს, როდესაც კაპიტალიზმი დაეფუძნა ინდივიდუალიზმს. ლუთერის რეფორმები ინდივიდუალიზმს ეფუძნებოდა, ანუ მე, როგორც პიროვნება, ანგარიშვალდებული ვარ განგებასთან; თუ რამე არ გამოდის, მიზეზი მე ვარ და უნდა გამოვასწორო. აი, ასეთმა მიდგომამ შექმნა თანამედროვე ახალი თაობა, საბაზრო ეკონომიკა, ინდუსტრიული რევოლუცია და ასე შემდეგ.
– აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: როდესაც საკუთარ თავში ეძებ მიზეზებს, ესე იგი, იღებ პასუხისმგებლობასაც. მე ჩვენს მეორე დიდ ნაკლად სწორედ უპასუხისმგებლობა მგონია, რაც ძალიან მოსახერხებელია; როდესაც სხვას ადანაშაულებ შენს წარუმატებლობაში, ესე იგი, პასუხისმგებლობაც მისია.
– ეს მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას არ ახასიათებს. ფრომმა გააანალიზა ეს ვითარება და დაწერა წიგნი „გაქცევა თავისუფლებიდან“. ბურჟუაზიულმა რევოლუციამ მოიტანა ის, რომ ადამიანი გაათავისუფლა და ანგარიშვალდებული გახადა პირდაპირ ღმერთთან, მაგრამ ამის გამო ის მარტო დარჩა ღმერთის წინაშე, როდესაც შენ გარშემო არავინაა და მხოლოდ შენი ძალის იმედი გაქვს. ამან გააჩინა მეორე, საპირისპირო მიდრეკილება: ადამიანს უნდა, რომ მოიცილოს ამ მარტოსულობისა და ინდივიდუალობის ტვირთი და თავისი თავისუფლებაც მიაყოლოს პასუხისმგებლობიანად. ამან შექმნა ფაშიზმი გერმანიაში და ის სხვადასხვა სისტემა, რომლებიც უკავშირდებოდა უნიფორმიზმსა და კონფორმიზმს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ რამდენიმე რამის ნაზავი ვართ: ფეოდალური წარსულის; კაპიტალიზმის ფაზის გარეშე შემოსული ბოლშევიზმის, რომელიც ფეოდალიზმის ნაირსახეობაა იმ გაგებით, რომ კოლექტივისტური მიმართებების პრიმატია ინდივიდზე. რუსეთის იმპერიაში, ფეოდალურ ქვეყანაში, ძალიან ადვილად შევიდა ბოლშევიზმი, იმიტომ რომ ის დაეფუძნა იმ ტრადიციებს, რაც დატოვა მეფის რუსეთმა. მაგალითად, „კაგებე“ დაეფუძნა რუსეთის „ოხრანკას“ და სტალინი თუ ლენინი მთელი თავიანთი დესპოტიზმით იყვნენ აღმოსავლური დესპოტური კულტურების ნაშიერები. შესაბამისად, ყველაფერ ამის ნაშიერები ვართ ჩვენ; ამას ემატება ისიც, რომ კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები ვართ და როგორც კი გამოჩნდება ინდივიდი, ეგრევე ჩაწიხლავს მას თემი, როგორც ემართებათ ვაჟას გმირებს. როგორც კი ნიჭს გამოავლენ, შენს ნებას, ქართული რეალობა გწიხლავს, რადგან ვერ იტანს გამორჩეულსა და მისგან განსხავებულ ადამიანს. ინდივიდუალისტი ეფუძნება საკუთარ ნებას და არა იმას, თუ რას იტყვის სხვა, მაგრამ მას მაშინვე ჩაწიხლავენ. ამიტომაც გარბოდა აქედან ხალხი. მათ შორის, გაიქცა სტალინიც და, ისიც ფაქტია, რომ ქართველებმა და ებრაელებმა შექმნეს საბჭოთა სისტემა, დანარჩენები ფონის როლს ასრულებდნენ.
– ჩემი დაკვირვებით, თუ ქართველს უცხოეთში თავისი თავის რეალიზების საშუალება მიეცა, პიროვნულადაც ძალიან კარგ თვისებებს ამჟღავნებს, სულ უარყოფითი თვისებები ხომ არ გვაქვს?! და წარმატებულიც ხდება. იმიტომ რომ აქ მის ნიჭს არ ვაღიარებთ?
– ლოკუს კონტროლი გარეთ აქვს ქართველს. ამას უკავშირდება მიდგომები: თუ ასე და ასე არ მოვიქცევით, „ნატოში“ არ მიგვიღებენ, ევროკავშირში ვერ შევალთ, ანუ, საკუთარი მეობა კი არ ჰკარნახობს მათ მიზანს, არამედ, დაწყებული მოქალაქით და დამთავრებული ხელისუფლებით, არის სხვისი შემყურე. იმ სხვას უყურებს, რას იტყვის მასზე და აწუხებს, რატომ ვერ გაამართლა იმ სხვის იმედები. მაშინ, როდესაც, ჯანდაბამდე გზა ჰქონია სხვას, შენ შენი გზა უნდა აირჩიო.
– სწრაფვა დასავლეთისკენ იმით კი არ არის მოტივირებული, რომ დასავლური ცხოვრების წესია უკეთესი, არამედ იმით, რომ მოვხვდეთ დასავლურ სივრცეში, არადა, მთავარია, ისეთი სისტემა შექმნა და არა ის, ფორმალურად გახდე იმ სივრცის ნაწილი.
– ვერ შექმნი ისეთი მოდელის სახელმწიფოს. ისეთი მოდელის სახელმწიფო რომ შექმნა, ის მენტალიტეტი უნდა გქონდეს, რომელიც ინდივიდუალობაზეა ორიენტირებული. ჩვენი ქვეყანა კი ცხვრების ქვეყანაა.
– მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ხელისუფლების მუშაობით, თვითონ რატომ არ აქტიურობენ, არ აწუხებენ შესაბამის სტრუქტურებს, თუ არ გააქვთ ნაგავი, არ უვლიან ხეებს, არ შეაკეთებენ გზას და სხვა? რატომ ელიან, რომ თანამდებობებზე დემოკრატიას მოწყურებულები სხედან?
– ამას თავი დავანებოთ, საკუთარ პრობლემებს ვერ უვლიან, საკუთარი პრობლემების გამო არ წუხდებიან. ამ დღეებში იპოდრომზე გავედი, თურმე, იქ ხანძარი მომხდარა, დამწვარა მცენარეები. ნაცნობი შემხვდა და მითხრა, რომ სამშენებლო კომპანია განზრახ წვავს მწვანე ნარგავებს, რომ შემდეგ მშენებლობის ნებართვა აიღოს. შესაძლოა, ეს გამოგონილი ამბავია, შეიძლება, მართალიცაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადამიანები არ ცდილობენ, გამოარკვიონ, რა ხდება სინამდვილეში. ხომ შეიძლება, ის მოქალაქე დაინტერესდეს, რა მოხდა, დარეკოს, ვიღაც შეაწუხოს, შესთავაზოს დახმარება, გაიგოს, მას რისი გაკეთება შეუძლია?! ანუ ყველა გამონაგონით ცხოვრობს, ვჭორაობთ და რეალობას ვართ მოწყვეტილები.
– ჩემ მიერვე დასმულ კითხვას უნდა შევეწინააღმდეგო: თუ გარემო არ გაძლევს რეალიზების საშუალებას, არ გიშვებს, გჩაგრავს, სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული და ინდივიდუალური ხარ?
– როდესაც გარემო არ გაძლევს რეალიზაციის საშუალებას, მაინც უნდა იზრუნო საკუთარი თავის რეალიზაციაზე. როდესაც გარემო არ გაძლევს შესაბამის პირობებს, ამაში გამოწვევა უნდა დაინახო და არა მხოლოდ დაბრკოლება.
– უნდა შეებრძოლო.
– არადა, ადამიანები ეგრევე ყრიან ფარ-ხმალს – პირობებს არ მიქმნიან და ვერაფერს ვაკეთებო. პირიქით, პირობებს რომ არ გიქმნიან, ესაა კარგი, შენ უნდა იმოქმედო –  აი, ესაა ლუთერისგან წამოსული ხედვა, როდესაც არ გექმნება პირობები, ეს არის გამოწვევა და უნდა გაიხარო ამით. ესე იგი, გამოწვევა გაქვს სამყაროსგან, მაგალითად, ავიღოთ ფიროსმანი, რა პირობები ჰქონდა?! არანაირი, მაგრამ ხატავდა და არაყსაც მიაყოლებდა ხოლმე, რომ ხილვები ჰქონოდა. ძალიან ძნელი სათქმელია, იმიტომ სვამდა, რომ ეხატა, თუ იმიტომ ხატავდა, რომ დაელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იყო. რაც მეტად ღარიბი იყო, მით მეტს ხატავდა. პირიქით, მისთვის ბევრი ფული რომ მიგეცა, შეიძლება, საერთოდ ვერ დაეხატა. მერაბ კოსტავა ამბობდა, ციხეში ვიყავი ყველაზე მეტად თავისუფალიო. ანუ, როდესაც გიზღუდავენ თავისუფლებას და მაშინ იბრძვი თავისუფლებისთვის, ისაა თავისუფლება და არა ის, როდესაც მაძღარი და ბედნიერი ხარ.
– რასაც ილია ამბობდა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემიო?
– ეს დიდი საკითხია. საქმე ისაა, რომ ქართულ რეალობაში ლაპარაკი არის მთავარი ფენომენი. მაგალითად, ქართული სუფრა მრავალსაათიანი ლაპარაკია; ადამიანებს ჰგონიათ, რომ ლაპარაკი რაღაცას ნიშნავს, სინამდვილეში ქმედება ნიშნავს და არა ლაპარაკი.
– „ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია, სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“.
– უკეთესადაც აქვს ნათქვამი შოთას: „არა ვიქმ, ცოდნა რას მაძლევს…“
– „ფილოსოფოსთა ბრძნობისა“…
– ანუ ცოდნა კი არ არის მთავარი, არამედ ქმედებაო. მაგალითად, დეპრესია გაქვს იმის გამო, რომ უფულოდ ხარ და სამსახური არ გაქვს, მაგრამ, რაც უფრო ჩაგითრევს დეპრესია, მით უფრო ვერ იშოვი სამსახურს; რაც ვერ იშოვი სამსახურს, კიდევ უფრო დაგრევს ხელს დეპრესია და ასე შემდეგ. ამიტომ გამოსავალი მოქმედებაა –  სხვა თუ არაფერი, დეპრესია მაინც მოგეხსნება, სამყარო აუცილებლად გადმოდგამს რაღაც ნაბიჯს და გამოსავალი გამოჩნდება. აუცილებელია ქმედების პრიმატი სიტყვებზე. ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანია შენი უნარები, რისი გაკეთება შეგიძლია. ცოდნა არ არის ძალა, უნარებია ძალა, ქმედების უნარია ძალა, როდესაც გრძნობ, რომ შენ ამას გააკეთებ. ძალა ვლინდება ქმედებებში.

скачать dle 11.3