კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ხერხემლის გამრუდების განკურნება შესაძლებელი და რა წესების დაცვით შეიძლება მისი თავიდან აცილება

ხერხემლის გამრუდება ანუ სქოლიოზი მსოფლიოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს აწუხებს და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მოზარდები შეადგენენ. სქოლიოზის განვითარება ნელა მიმდინარეობს და, გარდა ფიზიკური ნაკლისა, ის სხვა დაავადებებსაც იწვევს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან სქოლიოზის მთავარი გამომწვევი მიზეზებია მერხთან არასწორად ჯდომა, წელში მოხრილ მდგომარეობაში წერა და მძიმე ჩანთის ტარება.

 მანანა ღუდუშაური (ტრავმატოლოგ-ორთოპედი): სქოლიოზი არის დაავადება, რომელსაც ახლავს ხერხემლის რკალისებური გადახრა ფრონტალურ სიბრტყეში და მალების შემობრუნება ვერტიკალური ღერძის გარშემო. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს კუნთოვანი ქსოვილის დარღვევა, ხერხემლის მალების ძვლოვანი ქსოვილის სისუსტე, მემკვიდრეობითი ფაქტორი და ნევროგენული ფაქტორი. ეს დაავადება, სტატისტიკურად,  უფრო 16 წლამდე ასაკის გოგონებს უვითარდებათ, რადგან მათ კუნთოვანი სისტემა სუსტად აქვთ განვითარებული და ნაკლებად მოძრავები არიან. სქოლიოზის ოთხ ხარისხს გამოყოფენ: პირველი ხარისხის დროს გამრუდების კუთხე ათი გრადუსია; მეორე ხარისხის დროს – ოცდახუთი გრადუსი; მესამე ხარისხის დროს ორმოცი და, მეოთხე ხარისხის დროს – ორმოცი გრადუსიდან ზემოთ. სქოლიოზი შეიძლება იყოს: თანდაყოლილი, შეძენილი და შთამომავლობითი. 45 წელიწადია, ამ სფეროში ვმუშაობ და გეტყვით: იშვიათი შემთხვევაა, რომ ბავშვს ჰქონდეს გამრუდება და მშობელს – არა. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაქიტს. ამ პათოლოგიით დაბადებული ბავშვების ძვლოვანი სისტემა სუსტია და ხერხემალი უფრო ადვილად მრუდდება. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებშიც ხერხემლის გამრუდების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამას ემატება არასწორი ჯდომა, არასწორი წოლა და მძიმე ჩანთის ტარება. ცოტა ხნის წინ მოვისმინე, თითქოს მითია, რომ მძიმე ჩანთა ხერხემლის გამრუდებას იწვევს, რაც არაა მართალი. ხერხემლის გამრუდების საწყისი თითქმის ყველა ბავშვს აქვს და, მას კიდევ დიდ და არათანაბარ სიმძიმეს რომ ავკიდებთ, ის აუცილებლად განვითარდება. ბავშვს ჩანთა ცალ მხარეს არ უნდა ეკიდოს, სიმძიმე ორივე მხარეზე თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, მაგრამ, როცა დიდ წონასთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს საკმარისი არაა. 7-10 წლის ბავშვის ჩანთა 5-6კილოგრამია და ეს ხერხემალზე საშინელ ზეგავლენას ახდენს. წონის დასაშვები რაოდენობა კილო-ნახევარია. როცა წიგნები ასე მძიმეა, მშობლებს ვაფრთხილებ ხოლმე, რომ ბავშვს ჩანთა მაინც შეურჩიონ მსუბუქი ნაჭრის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრე ვურჩევდი, შვილებისთვის წიგნები დაეშალათ და ნაწილ-ნაწილ გაეტანებინათ სკოლაში, რათა ხერხემალს ნაკლები ძალა დადგომოდა, მაგრამ ახლა წიგნებს ერთი წლით ურიგებენ, მათი საკუთრება აღარაა და მათი დაშლის უფლებაც აღარ აქვთ. ბევრმა მშობელმა გამოსავალი ბორბლებიან ჩანთაში იპოვა, მაგრამ ეს არაა სწორი, რადგან მისი ტარებისას ბავშვს გვერდზე გადახრა უწევს, რაც ასევე უარყოფითად აისახება ხერხემალზე.
– როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი არასწორად ჯდომას?
– თუ ბავშვი არასწორად ზის და ამის გამო შენიშვნას მივცემთ, ის გასწორდება, მაგრამ ეს მხოლოდ ორ წუთს გასტანს. სანამ ბავშვს არ ჩაუტარდება მკურნალობა და მისი კუნთოვანი სისტემა არ გამაგრდება, ის მანამდე  ვერ გამოასწორებს დამოუკიდებლად ჯდომის მანერას, როცა ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად კუნთები ისე გამაგრდება, რომ ის თვითონ დაიჭერს ხერხემალს, ბავშვი გამართულად დაჯდება. წლების წინ, ბავშვისთვის განკუთვნილი სკამისა და მაგიდის გარკვეული სტანდარტები გვქონდა მოცემული, რომლის მიხედვითაც, ბავშვს მაგიდა იდაყვებამდე უნდა სწვდებოდეს, მაგიდის დახრილობა კი 15 გრადუსი უნდა იყოს. სკამის სიმაღლე ბავშვის მუხლიდან ქუსლამდე ზომას, სიგანე კი თეძოების ზომას უნდა ემთხვეოდეს. ეს მონაცემები ასაკის მიხედვით ინდივიდუალურად იცვლება და ამ წესების დაცვა ძალიან რთულია, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში ძალიან ცუდი მერხები შეიტანეს სკოლაში. ისინი ჩინეთშია დამზადებული და, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი განვითარება განსხვავდება მათგან, ეს მერხები ქართველ ბავშვებზე მორგებული არ იყო. ისინი ფიზიკურად ჩვენზე პატარები არიან და ჩვენი ბავშვები ამ მერხებზე ვერ ეტეოდნენ – მერხები დაბალი იყო და, იძულებულები იყვნენ, წელში მოხრილები მსხდარიყვნენ. ამას კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომაც დაემატა. ეს ყველაფერი კი ხერხემალსაც აზიანებს, მხედველობასაც და ნერვულ სისტემასაც. ამიტომ მშობლებს მეტი ყურადღება ჰმართებთ.
– გამოდის, თუ სწორად მოვიქცევით, ხერხემლის გამრუდების პრევენცია სახლის პირობებშიც შესაძლებელია, არა?
 – დიახ, ეს ყველა მშობელს შეუძლია. პრევენცია, პირველ ყოვლისა, საწოლიდან უნდა დავიწყოთ. ნურავის ეგონება, რომ ძალიან რბილი საწოლი ფუფუნებაა და ამით ბავშვს კარგს უკეთებს. პირიქით, ხერხემლისთვის ცოტა მაგარი საწოლია მიზანშეწონილი. რაც შეეხება ბალიშს, ის ან საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ან ძალიან თხელი უნდა იყოს. ბავშვს სულ ზურგზე დაწოლილს ვერ გააჩერებ, მაგრამ გამართული მაინც უნდა იწვეს და ფეხები ცხვირთან არ უნდა მიიტანოს, რათა სქოლიოზი არ განვითარდეს. მე მყავს რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც კუზი აქვთ განვითარებული – მათ უკვე მეოთხე ხარისხი აქვთ. მშობლებმა ეს გვიან შეამჩნიეს და მისი შეჩერება ვეღარ მოხერხდა. ეს არის სქოლიოზის პროგრესირებადი ფორმა, რომელიც საკმაოდ იშვიათია და ამ დროს ოპერაციული ჩარევაა რეკომენდებული.
– შეიძლება, ბავშვს სქოლიოზი ისე განუვითარდეს, რომ ტკივილი არ აწუხებდეს და ამის გამო ეს მშობელს მხედველობიდან გამორჩეს?
– გარდატეხის ასაკში, ხშირ შემთხვევაში ბავშვები დედის თანდასწრებით ტანსაცმელს არ იხდიან, აბაზანაში მარტო შედიან და, შესაბამისად, დედა მათ შიშველს ვერ ხედავს. ამიტომ, შეიძლება, ხერხემლის გამრუდება გამოეპაროს. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, ეს მაინც შესამჩნევია ხოლმე.
– რა ასაკშია შესაძლებელი გამრუდების შემჩნევა და რამდენ წლამდეა გართულებები მოსალოდნელი?  
– გამრუდების შემჩნევა უკვე შესაძლებელია 1-2 წლიდან. რაც შეეხება გართულებას, ის 16-17 წლამდეა მოსალოდნელი, ამის შემდეგ საშიშროება ქრება, მაგრამ, სამკურნალო ფიზკულტურა ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა აკეთოს, რადგან ხერხემლის გამრუდების დროს ხერხემლის მალებს ფორმა აქვთ შეცვლილი და ასეთ მალებში ადვილად ვითარდება ოსტეოქონდროზი, სამკურნალო ფიზკულტურა კი ამის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება. ხერხემლის გამრუდების დროს მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვისადმი დამოკიდებულებაც. ასეთ დროს ცეკვა უნდა გამოვრიცხოთ. შეიძლება,  მისი საშუალებით ტანადობა მართლაც გამოსწორდეს, მაგრამ ხერხემალის მდგომარეობა გართულდება. ამ დროს დატვირთვა კი არა განტვირთვაა საჭირო, რაც წოლაში გამოიხატება. ბავშვი სკოლიდან რომ მოვა, ნახევარი საათი მაინც უნდა წამოწვეს და დაისვენოს. ძალიან კარგია ზურგზე ბრასით ცურვა. ყველაზე მთავარი კი სამკურნალო ვარჯიშებია, რომელიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, თუმცა, მისი დასრულების შემდეგ, მშობელმა აუცილებლად უნდა გააგრძელებინოს ეს ვარჯიშები სახლში. ამისთვის ბავშვს ყოველდღე უნდა გამოუყოს  20-25 წუთი. თუმცა, არ შეიძლება, პარალელურად ბავშვი მკურნალობის კურსზეც ვატაროთ, ცურვაზეც და, თავისთავად, სკოლაშიც – ეს მისთვის უკვე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა იქნება; ამიტომ, ცურვა და ვარჯიშები ერთმანეთს უნდა შევუნაცვლოთ. ხერხემლის გამრუდების დროს ბევრი ჩივილი იჩენს ხოლმე თავს, რაზეც მშობელი ფიქრობს – არაფერია, გაუვლისო, მაგრამ, ასე არ უნდა მოვიქცეთ, გამომწვევ მიზეზს უნდა მივაკვლიოთ, თორემ, შეიძლება, მერე გვიან იყოს. როცა იცი, რომ ეს დაავადება გაწუხებს, კვების რაციონიც აუცილებლად უნდა განსაზღვრო და რძის ნაწარმით გაამდიდრო. რძე, ხაჭო და ყველი ამ დროს განსაკუთრებით კარგია და, გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ დროს სიმძიმის აწევა არ შეიძლება. მინდა კიდევ ერთი რამ ვუთხრა მშობლებს გარკვევით: გამრუდებული ხერხემალი არ სწორდება. სისტემატური მკურნალობის შედეგად ხდება ხერხემლის გარშემო არსებული კუნთების გამაგრება, ტანდეგობის გაუმჯობესება და გამრუდების პროცესის შეჩერება, მაგრამ, არა სრული განკურნება.

скачать dle 11.3