კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აატირა უკრაინულ „X ფაქტორზე“ 16 წლის გიგი ადამაშვილმა ნინო ქათამაძე და რატომ აქვს მას ბავშვობიდან „გატრანსული”

16 წლის გიგი ადამაშვილმა უკრაინულ „X ფაქტორში“ არა მხოლოდ ჟიური, მაყურებელიც მოხიბლა. მისმა ლამაზმა, ემოციურმა ნამღერმა არავინ დატოვა გულგრილი. ნინო ქათამაძეს თვალზე ცრემლი მოადგა, ხოლო „ბუმბოკსის“ სოლისტი სცენაზე ავიდა და ნიჭიერ მომღერალს გადაეხვია. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. სოციალურ ქსელში გიგის ნამღერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა: თითქმის ყველა აზიარებდა მის ვიდეოს და გიგის შესახებ კომპლიმენტებსა და შეფასებებს თავად მომღერლებიც წერდნენ თავიანთ გვერდებზე.

 გიგი ადამაშვილი: 11 წლის ვიყავი, როდესაც გიტარაზე დაკვრა დავიწყე. 12 წლისამ აღმოვაჩინე, რომ თურმე, ვმღეროდი. ბავშვობაში კი ვატარებდი კონცერტებს გიტარითა და სარეცხის ჯოხით, რომელიც მიკროფონის მაგივრობას მიწევდა, მაგრამ სიმღერა სერიოზულ ფაზაში მოგვიანებით გადავიდა. ნელ-ნელა ყველაფერი კარგად მიდის. თავიდან დედამ მასწავლა აკორდები, მერე ვოკალის პედაგოგმა მითხრა: კარგი ხმა გაქვს, დამუშავება სჭირდებაო. მივედი პედაგოგთან და დავდივარ დღემდე. ყველამ ჩემ ირგვლივ, მათ შორის სკოლაშიც, იციან, რომ ჩემთვის პირველია მუსიკა და მერე სხვა დანარჩენი. მუსიკოსი ვარ თავიდან ბოლომდე, სკოლის დამთავრების შემდეგ არსად არ ვაპირებ გამოცდების ჩაბარებას. უცხოეთში უნდა წავიდე და როგორც მუსიკოსმა, ისე გავაგრძელო სწავლა. ახლა პიანინოზე დაკვრასაც ვსწავლობ, ჰარმონიკაზეც მინდა ვისწავლო დაკვრა.  ლამაზია, თან ეფექტური.
– ქუჩა, ჩხუბი და ასეთი ამბებიც არის შენს ცხოვრებაში?
– როგორ არა. თავისთავად ხდება ყველაფერი, თუმცა სერიოზული – არაფერი. თუ ქაჯი არ ვარ და სხვაც ქაჯი არ არის, შესაძლებელია, ერთმანეთთან დალაპარაკება. კომუნიკაბელური და აქტიური ვარ, თუმცა ზოგჯერ ზარმაციც, მაგრამ „შუსტრი“. არასასურველი სიტუაციებიდანაც მარტივად გამოვდივარ.
– სხვა კონკურსებშიც მიგიღია მონაწილეობა?
– ბავშვების „ახალ ხმაში“ გამოვდიოდი. მაშინ 14 წლის ვიყავი და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე როგორც მუსიკალური, ასევე ცხოვრებისეული. მაშინ ეკა კახიანის გუნდში ვიყავი, რინგი მოვიგე, მაგრამ ნახევარფინალიდან გამოვვარდი. ამის გამო ცოტა შოკში ვიყავი, ვიცინოდი ჩემთვის: 2 თვეზე მეტია, ერთ რეჟიმში ხარ და უცებ არაფერი აღარ ხდება, საშინელებაა.
– ალბათ, ოჯახიდანაც გაქვს ხელშეწყობა.
– 100-პროცენტიანი. დედა მღერის, უკრავს, მაგრამ სამოყვარულო დონეზე. აი, მამა და ჩემი ძმა რა შუაში არიან სიმღერასთან  – არ ვიცი. ძმა ჩემზე უფროსია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, იშვიათად ვჩხუბობთ. თავიდანვე „გატრანსული“ მქონდა, ამიტომ დიდებთან ურთიერთობა ძალიან მომწონდა. ჩემი ასაკის ხალხთან ვერ ვურთიერთობ, უფრო – უფროსებთან. მთელი დღე სახლში ვიჯექი და ის რომ სადღაც მიდიოდა, მეც სულ მაინტერესებდა, მაგრამ არსად დავყავდი.
– რატომ გადაწყვიტე უკრაინულ „X ფაქტორში“ მონაწილეობა?
– ჩემთვის ვიჯექი სახლში და უცებ გავიგე, რომ ტარდება თბილისში უკრაინული „X ფაქტორის“ ქასთინგი. ნინო ქათამაძე უნდა ყოფილიყო ჟიურიში, გარდა ამისა, უცხო ქვეყანაა და შეიძლებოდა, ბევრი რამ გამეკეთებინა. ამიტომ გავედი ქასთინგზე, მოვეწონე და დამირეკეს. უკრაინაში რომ ჩავედი – „ია გრუზინ“. მარტო წავედი, თუმცა ჩემი ორი მეგობარი გიორგი ჩიქოვანი და ქეთი კვიცარიძეც მონაწილეობდნენ. სულ ერთად ვიყავით მთელი დღის განმავლობაში. ქასთინგი დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 9-ზე დამთავრდა. სამივე გადავედით მომდევნო ტურში, სამივეს წარმატებული გამოსვლა გვქონდა.
– ძალიან დიდი ემოციები მოჰყვა შენს გამოსვლას.
– არ მეგონა ასეთი ემოციები თუ მოჰყვებოდა. ძალიან მოეწონათ და გამიხარდა. ჟიურის ერთ-ერთი წევრის შეფასება – თავი კონცერტზე მგონიაო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ადამიანი თავის პრობლემებს მოაშორო და  სხვა სამყაროში გაიყვანო, ეს მხოლოდ ნამდვილ მუსიკოსებს შეუძლიათ – ამიტომ ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო. თან, ისეთი დონის მომღერალს, როგორიც ნინო ქათამაძეა, შენს ნამღერზე რომ ეტირება, ესე იგი, რაღაცას წარმოადგენ. ნინო ძალიან კარგია და საყვარელი. ყველა ქართველს ედგა მხარში, უბრალოდ, ჩვენ მიმართ ცოტა უფრო მომთხოვნი იყო.
– როგორი რეაქცია გაქვს, როდესაც შენს შესრულებას უყურებ?
– ყველა ნოტს ვიჭერ – სად რა გავმაზე. თუმცა, ეს შესრულება ძალიან მომწონს. ღამე ჩემთვის ყურსასმენები გავიკეთე და ვუსმენდი, თითქოს უცხო მღეროდა. რომ მივხვდი, ცოტა თვალები ამემღვრა, ვთქვი: „ყოჩაღ, გიგი”... – საკუთარ თავს ტაში დავუკარი. საკმაოდ რთული გრაფიკი გვქონდა, სამი ძალიან რთული ტური უნდა გაგევლო. წარმოიდგინეთ, ღამის 4 საათზე გეუბნებიან: შენ ეს სიმღერა უნდა იმღერო და დილის 7-ის ნახევარზე უკვე მზად უნდა გქონდეს, უნდა იჯდე ავტობუსში, ანუ ბევრი რამ. სამი დღის გამავლობაში თითო საათი ვიმღერე. მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. უფრო მშვიდი, თავდაჯერებული გავხდი. რადგან ძალიან მაგარ ტიპებს მოსწონთ შენი ნამღერი, გამოდის, მაგარ „ხოდში“ ხარ.
– უკრაინელი გოგონები მოგეწონა?
– უკრაინელი გოგონები ლამაზები არიანო – ეს ყოფილა მითი. არანაირი ლამაზი გოგონები იქ არ არიან. ყველას აქვს გრძელი ფეხები, მაგრამ სახეზე საშინელებები არიან. მეიქაფს არ ხმარობენ. თუმცა, 13 წლის გოგონას ჩემი სიმაღლე ფეხი აქვს. მაგრამ ქართველი ქალები – ვაიმე, ყველას ჯობიან. თან, მაგათთვის არ მეცალა, თუმცა, თავს ვიმხნევებდი: საქმეზე ხარ, საქმეზე... მიდი, გამაგრდი, არავითარი ქალები.
– ისე, როგორი გოგონები მოგწონს?
– დახვეწილი. ქალის მთავარი ღირსებაა დახვეწილი იყო – საუბრის მანერა, ქცევა, ბევრი რამ მნიშვნელოვანია. მხოლოდ ფიტული არავის სჭირდება. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გარეგნობას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ პირს დააღებს და სისულელეს იტყვის... ზოგადად, ყველაფერი ბუნებრივად ხდება, როდესაც მიხვდები ის „ის“ არის, შენ „შენ“ ხარ, მასთან ურთიერთობისას  ჰარმონიას დაიჭერ – სხვა გრძნობაა.
– რას გააკეთებ, როცა გოგონა მოგეწონება?
– არაფერი არ არის საჭირო. უბრალოდ, ვუყურებ და ჩვეულებრივად ხდება ყველაფერი. მაგრამ, იშვიათად მომწონს, ძალიან კრიტიკული ვარ.
– ერთ დილით გაიღვიძე და აღმოჩნდა, რომ ძალიან პოპულარული ხარ. როგორი იყო შენი რეაქცია?
– ძალიან მომწონს. დილის 6 საათამდე კომპიუტერთან ვზივარ და ხალხს პასუხს ვცემ. სიმართლე გითხრათ, ჩემი ვიდეოს შემდეგ, ძირითადად, ახლობლებისგან ველოდებოდი შეფასებებს. უცბად კი, ყველა საიტი აზიარებს, ჟურნალისტები მირეკავენ, ცოტა შოკში ვიყავი, დამამშვიდებლებს ვსვამდი. სერიოზულმა მუსიკოსებმა გააზიარეს: სტეფანემ, მაია კაჭკაჭიშვილმა, ეკა კახიანმა, ნატო დუმბაძემ, ვერიკო ტურაშვილმა, მაგდა ვასაძემ, ანრი ჯოხაძემ პირადშიც მომწერა. ბოლოს ნინო ქათამაძემაც რომ დაწერა: მეც ძალიან მომწონსო – გამიხარდა. ნინო ქათამაძე რომ მოიცლის, ნახავს და დაწერს ამას – ეს „უჟე“ კარგია. დიდი მადლობა, რომ მათ ასე  გამოხატეს თავიანთი შეფასებები.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– უპირველეს ყოვლისა, ვმონაწილეობ „ჯიდიესის“ ახალ პროექტში  „გახდი ვარსკვლავი“. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი გამოვა. სკოლას რომ დავამთავრებ, მერე უკვე სასწავლებლად წავალ.

скачать dle 11.3