კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის თამარ მაყაშვილის სხეულის ნაწილები მიწაში და ვინ მოკლა ის შვილთან, რუსკა მაყაშვილთან ერთად

ჭორების მსხვერპლი თითქმის ყველა ცნობილი სახეა, მაგრამ, არა მთელი ოჯახით. მაყაშვილები ის გამონაკლისები არიან, რომელთა ირგვლივ მუდმივად ცხელი ჭორების კორიანტელია. უყვართ თუ არ უყვართ, უნდათ თუ არ უნდათ, ეზარებათ თუ არ ეზარებათ, მაინც ლაპარაკობენ მათზე და ეს ლაპარაკი  ხშირად მტკიცებით ფორმაში მიმდინარეობს. ორი ქოსამატყუარა ერთმანეთს რომ ხვდება, ბევრ ტყუილს ყვებიან და ამტკიცებენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთი ასეთთაგანი ამტკიცებდა, თამარ მაყაშვილი ავარიაში მოკვდაო; მეორე – რუსკა მაყაშვილის სამოქალაქო პანაშვიდებზე მსჯელობდა, მესამემ კი, საერთოდ, მთელი ოჯახი ერთბაშად ამოწყვიტა და თქვა: ცოცხალი მხოლოდ თამარ მაყაშვილის უცხოელი ქმარი გადარჩაო (ასი წელი ყველას ჯვარი სწერია). ცნობისთვის, მსახიობის მეუღლე სინამდვილეში ქართველია, გვარად ყიფშიძე და ყველა მაყაშვილი თავს შესანიშნავად გრძნობს. გთავაზობთ სატელეფონო ინტერვიუს თამარ მაყაშვილთან.

 – ქალბატონო თამარ, რა ხდება თქვენს თავს, სად ხართ და როგორ ხართ?
– მართალია, მთელი სხეული არა, მაგრამ, სხეულის გარკვეული ნაწილები მიწაში და ცემენტებში მაქვს (იცინის) – ბათუმში რუსკას ბინას ვარემონტებ და გადარბენაზე ვარ. ხომ იცი, მუშებს როგორ ვემუქრები? თუ დროზე არ დაამთავრებთ, ჩემს ნაცვლად თქვენ ჩაგდებთ მიწაში და „მაყაშვილშეწირულებს” დაგარქმევთ-მეთქი (იცინის).
– ანუ, ამ ეტაპზე მაყაშვილებიც და მუშებიც ცოცხლები და უვნებლები ხართ?
– ამ ეტაპზე – კი, მაგრამ, ისეთ დღეში ვარ, მგონი, ამ რემონტს მუშებთან ერთად მეც შევეწირები. მართალია, ჟურნალისტები მთელი ზაფხულია, მკლავენ, მაგრამ, სინამდვილეში შემოდგომაზე აღვესრულები, უკანასკნელი ფარდის დაკიდების შემდეგ (იცინის).
– მაინც, რა მოხდა, რატომ გავრცელდა ხმა, რომ ვითომ ავარიაში მოყევით?
– უსაქმურებს რა დალევს, ჩემო კარგო? ხალხის ნაწილმა მე მომკლა, ნაწილმა – რუსკა; მთავარი კი ის არის, რომ ფოტოებიც დაურთეს და, საიდან რა მოიტანეს, მაგას ვერ მივხვდი.
– ასეთ სიტუაციებში რა რეაქცია გაქვთ ხოლმე?
– ზოგადად, მივესალმები ჭორებს, ოღონდ უბოროტოს, რომლებიც არც ობიექტს და არც მკითხველს არ ავნებს. ზოგჯერ ხან ძუძუს გაუზრდიან ხალხს, ხან ცხვირს მოაჭამენ, პლასტიკურ ოპერაციებს უკეთებენ ფოტოშოპით, ხან ვიღაცაზე ათხოვებენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო და სახალისოა, თან, საზოგადოების ყურადღების ცენტრში როცა ხარ და ჭორაობენ, მაგას რა სჯობია.
– თქვენთვის ჯერ არავის მოუწებებია მკერდი?
– ინსტიტუტიდან მოყოლებული, მე თვითონ იმდენს ვშაყირობ ყველგან ჩემი გუბკების ჩალაგებაზე, რომ, როგორც ჩანს, საჭიროდ აღარ ჩათვალეს ამის გაკეთება. საერთოდ, ყველამ იცის, რომ ეპატაჟზე სპეციალურად არასდროს მივდივარ. ჩემ ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი სპონტანურია და, თან, იმდენ რამეს იგონებენ და მაბრალებენ, რომ, კიდევ რაღაც მოვიგონო საკუთარ თავზე და ავალაპარაკო ხალხი, აღარ მჭირდება... მაგრამ, ეს სიკვდილი რა ბოროტებაა, ვერ ვხვდები. თან, იმ დღეებში მართლა ცუდად ვიყავი, ყელი საშინელ მდგომარეობაში მქონდა და, ხალხი რომ მირეკავდა, პირველივე წუთებში ეს ჭორი სიმართლე ეგონათ, სანამ არ ავუხსნიდი, რატომ მქონდა ასეთი ხმა.
– ისეთი ჭორი რომელი იყო, რაზეც ბევრი იცინეთ?
– ასეთი იყო, როცა ჩემი მეუღლის ქალიშვილი, ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად ჩემთან ცხოვრობს, გაგიჟებული მოვიდა და მიყვება, ვერაფრით დააჯერა ვიღაც კეკელკები, რომ მამამისი, ანუ ჩემი ქმარი, ქართველია და არა უცხოელი ბიზნესმენი. მერე ამას ვეჩხუბე – რაღას ედავებოდი, ჰგონებოდათ ჩემი ყიფშო უცხოელი მილიონერი-მეთქი.
– ყველაზე დიდი პრობლემა რომელმა ჭორმა შეგიქმნათ?
– ძალიან რთული იყო, როცა რუსკას დააბრალეს უფროსი ასაკის მამაკაცთან რომანი. ამას თვითონ რუსო განიცდიდა და, შესაბამისად, მთელი ოჯახისთვისაც რთული ასატანი იყო ეს სიბინძურე. მაგრამ, ბოლოს მივაკვლიე წყაროს, საიდანაც მოდიოდა და ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. ჭორი არის მოცლილი ადამიანის საქმე, რომელმაც არ იცის, რა აკეთოს ცხოვრებაში. ჩვენს ქალაქში ხომ უმუშევრობა და უსაქმურობა სუფევს, ამიტომ, ჭორაობაც უფრო მეტია, ვიდრე საქმიანი ურთიერთობები. ყუბანეიშვილის არ იყოს, „თვისება არის თურმე მონების, იყონ შემყურე სხვისი გონების“ – ეს საქართველოს რეალობაა, აქ ყველა სხვისი გონების შემყურეა – როცა საკუთარი არ გაგაჩნია, სხვაზე ლაპარაკობ.
– შვილების შესახებ გაგონილ ჭორებზე რა რეაქცია გაქვთ?
– ისეთივე, როგორიც თავის დროზე ჰქონდა დედაჩემს, ანუ, ნული რეაქცია! მე ბავშვობიდან თვალშისაცემი ტიპი ვიყავი, ძალიან ლაღი და ხალისიანი. დედაზე უკეთ არავინ იცნობს საკუთარ შვილს და, შესაბამისად, დედაჩემსაც ძალიან ეცინებოდა ხოლმე, როცა ჩემზე რაღაც სისულელეს იგებდა. რუსკა და ნინუცა მაყაშვილები ცნობილი გოგოები არიან და ყველას აინტერესებს მათი პირადი. ვიღაცას უყვარს, ვიღასაც სძულს, ვიღაცას შურს და, აქედან გამომდინარე, არც არასოდეს მიკვირს, როცა მათზე ცუდი თუ კარგი ჭორები მესმის. მამაჩემი იტყოდა ხოლმე: მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალიო და ეს ნამდვილად ასეა. რაში მაინტერესებს, ჩემი მეზობელი რას იტყვის, როცა დილის 5 საათზე შემოვალ სახლში? ის თუ პატიოსანია, რას დგას ფანჯარაში დილის ხუთზე? (იცინის) მე თავისუფალი ქალი ვარ და სახლის კარსაც ამაყად გავაღებ, თუნდაც დილის ხუთზე, იმიტომ, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ. ჩემთვის „გიჟი მაყაშვილის” სტატუსი უფრო მაგარია, ვიდრე საცოდავისა და მშვიდის. მე თუ არ ვიბობოქრე, არ ვაფრქვიე ჩემი პოზიტივი, თუ ჩემ გარშემო ხმაური და აურზაური არ არის, არ მინდა ასეთი სიცოცხლე. მთელ დღეს მეზობელთან ყავაზე სხვისი ცხოვრების განხილვას მირჩევნია, მე მივცე სხვებს ჩემზე ჭორაობის საბაბი, რომ, იქნებ, რამენაირად კიდევ ერთი უღიმღამო დღე ჩაკლან, მერე „გრელკა“ ჩაიდონ საწოლში და ღამის ფანტაზიებს მიეცნენ საკუთარ ფიქრებში.
– ხშირად სჩადიხართ სიგიჟეებს?
– ვგიჟდები სიგიჟეებზე! იმას, რასაც მასა სიგიჟეს ეძახის, ჩემთვის გართობასა და სილაღეს ნიშნავს. თუ მომინდა  ამ ასაკში ველოსიპედზე დაჯდომა ან მანქანის ლიუკიდან თავის ამოყოფა, ამას აუცილებლად გავაკეთებ, ისე, რომ წუთითაც არ დავფიქრდები.
– რუსკას მოგებულ ბინას ბევრი სირთულე მოჰყვა, ესე იგი, საბოლოოდ დაგიმტკიცდათ?
– საბედნიეროდ, სამი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბათუმის მხარემ, ისევ თავისი აქტიურობით, ბინა რუსკას სახელზე გააფორმა, გასაღები გადმოგვცეს და რემონტიც ამიტომ დავიწყეთ. სამაგიეროდ, ამას მთელი ოჯახის საზაფხულო დასვენებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეეწირა, მაგრამ, მეგობრებიც რომ არ დაგვხმარებოდნენ, არაფერი გამოგვივიდოდა. ბევრი მეკითხება, საიდან გაქვს ამდენი ფულიო, რაც ძალიან მაღიზიანებს; მაგრამ, დაე, ყველას ეგონოს, რომ მაღალშემოსავლიანი, მაღალანაზღაურებადი ოჯახი ვართ. თუმცა, ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა: წლების წინ ჩვენი ოჯახიდან გავიდა საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც ვასესხეთ ახლობელს და მას მერე არავის აღარ გაგვხსენებია ეს ფული, მაგრამ, ცოტა ხნის წინ, სრულიად მოულოდნელად, ამ ადამიანმა ეს თანხა სრულად დაგვიბრუნა. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც, იმიტომ, რომ მართლა არასდროს მოგვითხოვია მისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ღვთის საჩუქარია. ამიტომაც, ყველამ უანგაროდ უნდა ვაკეთოთ სიკეთე და ის აუცილებლად დაგვიბრუნდება უკან მაშინ, როცა არ ველით. ამ რემონტის გადამკიდე, ბათუმში უკვე ისე გავიდგი ფესვები, რომ თავი მასპინძელი მგონია. ეს ქალაქი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ახლა უფრო სხვანაირად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. სულ ვხუმრობ: პლეხანოვზე კიკა იყო და ბათუმში მე ვარ-მეთქი (იცინის).

скачать dle 11.3