კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი დაუჯდა კოტე აფხაზს საქართველოს დამოუკიდებლობა

კონსტანტინე (კოტე) აფხაზი – ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, არტილერიის გენერალი, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917) და ამ პარტიის თავმჯდომარე, ილია ჭავჭავაძის დისშვილი. დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი და პეტერბურგის სამხედრო აკადემია. 1890 წლიდან გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე. პირველი მსოფლიო ომის წლებში  სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას. 1906-1913 წლებში ის აირჩიეს თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად. იმავე ხანებში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაიყვანეს რკინიგზა... 1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწეც გახლდათ კონსტანტინე აფხაზი. მისი თავმჯდომარეობით შემუშავდა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”, რომელსაც, სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად, ხელი გენერალმა კოტე აფხაზმაც მიაწერა. გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან – გიორგი კვინიტაძესთან, გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აიღო თბილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, აფხაზი ემიგრაციაში არ წასულა... აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისთვის. სამწუხაროდ, გამცემების დახმარებით საგანგებო კომისიამ, ეგრეთ წოდებულმა „ჩეკამ” შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. კოტე აფხაზთან „სამხედრო კომიტეტის” დელეგატი მივიდა და გააფრთხილა მისი შესაძლო დაჭერის შესახებ. დელეგატი სთხოვდა, სასწარაფოდ გამგზავრებულიყო უცხოეთში, სადაც მისი ცოლ-შვილი იმყოფებოდა. „დიდად მადლობელი ვარ კომიტეტის მზრუნველობისათვის, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ბრძოლის გაჭირვების ხანაში. გარდა ძველი  ქართული ისტორიული ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა  დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში!” – უპასუხია კოტე აფხაზს. მართლაც, დიდი დრო არ    გასულა… 1923 წლის 3 მარტს გაიცა კ. აფხაზის დაპატიმრების ორდერი. მარტის ბოლოს თითქმის ყველა დამნაშავე „ჩეკას” საგანგებო ჯურღმულებში ჰყავდა გამომწყვდეული. სხვა სამხედრო მოღვაწეებთან  ერთად, ერთ-ერთი ძვირად ღირებული ნადავლი კოტე აფხაზი გახლდათ. თითქმის 3 თვე მიმდინარეობდა დაპატიმრებულთა არაადამიანური ტანჯვა-წამება, მაგრამ მტარვალებმა ვერ შეძლეს მათი სულიერად გატეხა… როგორც უკვე ვთქვით, ჩეკისტებმა კოტე აფხაზს და მის მეგობრებს ბრალი დასდეს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის შექმნასა და მასში მონაწილეობაში, ანტანტის სასარგებლო შპიონაჟში, მუშურ-გლეხური სახელმწიფოს გაცემასა და ღალატში. 1923 წლის 19 მაისს ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიამ მიიღო დაადგენილება კოტე აფხაზის 24 საათში დახვრეტის შესახებ. სისხლისმსმელებმა განაჩენი დაუყოვნებლივ აღასრულეს. 15 ქართველ ოფიცერთან ერთად, კოტე აფხაზი ქალაქგარეთ, ახალი ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს. დახვრეტის წინ, ჩეკისტები კოტე აფხაზს სიცოცხლეს შეჰპირდნენ, თუ ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს აიღებდა. კოტე აფხაზმა ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვა. „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!” აღსანიშნავია, რომ დახვრეტის წინ, თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს, „დიდებას“ მღეროდა.
დაადგინეს: „კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი, 55 წლისა, უმაღლესი განათლების მქონე, ყოფილი თავადი, ყოფილი გენერალი, ყოფილი თავად-აზნაურთა წინამძღოლი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც შევიდა სამხედრო ცენტრში და მონაწილეობდა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადების ხელმძღვანელობაში. ეროვნულ დემოკრატთა ცენტრალურ კომიტეტში აჯანყების საკითხის განხილვისას, როგორც თვითონ აღიარა, ხმა მისცა დაუყოვნებლივ შეიარაღებულ აჯანყებას – დაიხვრიტოს. განაჩენი მოყვანილ იქნეს სისრულეში 24 საათში.“  ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის სარეგისტრაციო განყოფილების უფროსი მაისოვი:  26 მაისის საძირკველი  – „1917 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძის დისწულმა კოტე აფხაზმა ეროვნულ საბჭოს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა (ე.ი. 8 მილიარდი ფრანკის) და ის დაედო საფუძვლად ჩვენს დამოუკიდებლობას”. (რევაზ გაბაშვილი, „დაბრუნება” ტ. III, გვ. 22). „1917 წლის 29 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა თავად-აზნაურთა საგანგებო კრება, რომელიც მიეძღვნა თავად-აზნაურთა საკრებულოს უძრავ-მოძრავი ქონების ბედს. კრებამ მოისმინა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კონსტანტინე აფხაზის სიტყვა, დაეთანხმა მოხსენების დედააზრს, რომ ქართველი თავადაზნაურობა განუყოფელი ნაწილია ქართველი ერისა და მისი ქონება ეკუთვნის მთელ ერს.“  გენერალი კოტე აფხაზი: „მე წარმოვდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დავალებით, რათა გაუწყოთ თავადაზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობის თვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავადაზნაურობის ქონების ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი. ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობით დატოვებული, არამედ იყო თავადაზნაურობის მიერ შენაძენი ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში. თავადაზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ. ამას გარდა, სამოქალაქო ასპარეზზედაც მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ”.

скачать dle 11.3