კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაეძინა სერგო ორჯონიკიძეს სტალინის კაბინეტში

სტალინის გარდაცვალებიდან სამოც წელზე მეტი გავიდა და ინტერესი ამ ფენომენალური პიროვნების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. საბჭოთა ბელადის ბიოგრაფიის მკვლევარი, ცნობილი ფრანგი პროფესორი ალან დოლმასი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში წერდა: „სტალინმა რუსეთისთვის იმაზე სამჯერ მეტი გააკეთა, ვიდრე რუსეთის ყველა მეფემ და მმართველმა, ერთად აღებულმა. მან შექმნა უზარმაზარი, მძლავრი იმპერია, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას არ უნახავს და ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ სტალინის ნების, გონებისა და ენერგიის ერთობლიობის შედეგია...“
დიდი საბჭოთა ბელადის ტიტანურ ნებისყოფას თვით სტალინის ყველაზე დიდმა მტერმა ტროცკიმაც კი ვერ აუარა გვერდი. იგი თავის წიგნში „სტალინი“ წერს: „სტალინს განსაკუთრებული ნებისყოფა გააჩნდა და ამ თვისებით ის ბევრად აღემატებოდა თავის ყველა კოლეგას...“
სწორედ სტალინის ნებისყოფა აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, მის გონებასა და ორგანიზატორულ ნიჭთან ერთად, შიდაპარტიული ოპოზიციის დამარცხების მთავარი ფაქტორი. ამის მერე კი კობა-სტალინმა აბსოლუტური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და სუპერსახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა. სტალინის უახლოესი თანამშრომელი და თანამებრძოლი, ვიაჩესლავ მოლოტოვი ასე იხსენებდა ინდუსტრიალიზაციის დასაწყისს: „იმ პერიოდში მე ამხანაგი სტალინის სამდივნოში ვმუშაობდი. ტროცკიზმი ძირითადად დამარცხებული კი იყო, მაგრამ საბოტაჟისა და დივერსიის შემთხვევები მაინც ხდებოდა და ჩვენი მტრები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ხელი შეეშალათ ქვეყნის მშენებლობისთვის. ამხანაგი სტალინი ყველა დიდ თუ პატარა პროექტს პირადად ეცნობოდა. ყოველ წვრილმანსა და ნიუანსში წვდებოდა და მხოლოდ ამის მერე აძლევდა ვიზას მის განხორციელებას. ვმუშაობდით ყოველდღიურად, ყოველგვარი დასვენების გარეშე, დღეში თოთხმეტ-თექვსმეტ საათს, ზოგჯერ ოცსაც და მეტსაც კი... ასეთ რეჟიმს ბევრი ვერ უძლებდა. ხალხს ზეზეულად ეძინებოდა ხოლმე. სტალინი კი, ვითომ არაფერიო, მრავალსაათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგაც კი ენერგიულად და მშვიდად გამოიყურებოდა და, მისი შემხედვარე, ვერც კი მიხვდებოდი, რომ ამ ადამიანმა მთელი თორმეტი საათი ფეხზე გაატარა, პირში ლუკმაც არ ჩაუდევს და ჭიქა წყალიც კი არ დაულევია. სტალინს ისე იტაცებდა ხოლმე სამუშაო, რომ არც საჭმელ-სასმელი ახსოვდა, არც დასვენება და არც ძილი... ერთადერთი, რასაც ის ვერ ელეოდა, იყო თამბაქო. ძირითადად ჩიბუხს ეწეოდა, თუმცა, დროგამოშვებით არც პაპიროსზე ამბობდა უარს. ბელადი „ჰერცეგოვინა ფლორას“ ეწეოდა, რომელსაც სპეციალურად მისთვის ამზადებდნენ რჩეული თამბაქოსგან.
 – ეს ერთადერთი მავნე ჩვევაა, რასაც თავს ვერ ვანებებ, – იტყოდა ხოლმე სტალინი და, თითქოს გაახსენდაო, იქვე ჩიბუხს დატენიდა და გააბოლებდა.
ცნობილი საბჭოთა მფრინავი ვალერი ჩკალოვი სტალინის, რომ იტყვიან, „ლუბიმჩიკი“ იყო. ჩკალოვი კი ბელადს აღმერთებდა და მასთან ისეთი ახლომეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რასაც სტალინს ვერავინ შეჰბედავდა, ისინიც კი, ვისაც ბელადთან რევოლუციურ-იატაკქვეშა მოღვაწეობის წლები და დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. ჩკალოვი არასდროს ფამილარობდა და ზრდილობის ზღვარს არ სცდებოდა, მაგრამ, ირგვლივ მყოფთა აზრით, ხანდახან გაკადნიერდებოდა ხოლმე. ერთხელ, ზუბალოვოს აგარაკზე, სტალინმა თავისი უახლოესი მეგობრები, რამდენიმე თანამშრომელი და ნათესავი დაპატიჟა – სულ ოციოდე ადამიანი და მათ შორის იყო ვალერი ჩკალოვიც. თანამესუფრეები „ხვანჭკარას“ ვსვამდით, ვმხიარულობდით და ძალიან უშუალო, მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. ტრადიციულმა თამადამ, სერგო ორჯონიკიძემ ღვინით სავსე ჭიქა ასწია და თქვა:
– მეგობრებო! ამ ჭიქით იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც ნაკლი არ გააჩნია, ანუ, უნაკლოა და, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის ვგულისხმობ.
სტალინს ჩაეცინა და თამადას უთხრა:
– მოიცა, ჯერ ნუ დალევ. აბა თქვი, ვის სადღეგრძელოს სვამ?
ორჯონიკიძეს გაეცინა და სტალინს მიუგო:
– აბა, გამოიცანი.
– უნაკლო ადამიანის, ხომ? – გაიმეორა სტალინმა და ორჯონიკიძეს ჰკითხა: – ასე არ თქვი?
– დიახ. ასე ვთქვი.
– გამოდის, რომ ქრისტეს სადღეგრძელოს გვთავაზობ? უნაკლო ხომ მხოლოდ ის იყო – ღმერთკაცი. სწორად გამოვიცანი?
– არა, – თავი გააქნია ორჯონიკიძემ.
– აბა, ვისი? მაშინ, თქვი, – არ მოეშვა სტალინი.
– შენი, ჩემო კობა, შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც მე ვგულისხმობ და შენ გაგიმარჯოს! – მიუგო ორჯონიკიძემ სტალინს და ჭიქა გამოსცალა.
– ვერ დაგეთანხმები, – თავი გააქნია სტალინმა, – უნაკლო ნამდვილად არ ვარ. პირიქით, ბევრი ნაკლი მაქვს.
ორჯონიკიძეს გაეცინა, ვალერი ჩკალოვი კი სტალინს მიუახლოვდა, მხარზე ხელი მოხვია და თქვა:
– აბსოლუტურად ვეთანხმები ამხანაგ სტალინს. მას გააჩნია ერთი დიდი ნაკლი, მაგრამ, მაინც გაუმარჯოს თავისი ნაკლიანად, – მფრინავმა ჭიქა გამოცალა და გარინდულ სუფრას გადახედა.
უხერხული სიჩუმე ისევ თამადამ დაარღვია და ორჯონიკიძემ ჩკალოვს ჰკითხა:
– ამხანაგო მფრინავო, იქნებ გაგვანათლოთ და გვითხრათ, რა ნაკლს გულისხმობთ?
– თამბაქოს მოხმარებას, ამხანაგო სახალხო კომისარო, – მიუგო ჩკალოვმა, შემდეგ სტალინს მიუბრუნდა და უთხრა: – ბევრს ეწევით, ამხანაგო სტალინ, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. თქვენი ჯანმრთელობა კი სახელმწიფო მნიშვნელობის რამაა და საქვეყნო საქმე.
სტალინს გაეცინა და მიუგო:
– მე რომ რამე დამემართოს, შემცვლელიც მოიძებნება, აი, მაგალითად, სერგო, – სტალინმა ორჯონიკიძისკენ გაიშვირა ჩიბუხის წვერი და დაამატა: – რითია ჩემზე ნაკლები? ენერგიულია და შეიძლება ითქვას, ჩემზე ბევრად მკაცრიც კი; არც მუშაობა ეზარება. მართალია, გუშინწინ ცოტა ხნით ჩემს მაგიდაზე ჩამოეძინა, მაგრამ, რას იზამ, ადამიანია, ადამიანი კი უნაკლო არაა. მოდი, სერგოს გაუმარჯოს თავის ადამიანურ ნაკლთან ერთად.
სტალინის სიტყვებმა სუფრაზე გამეფებული დაძაბულობა მოხსნა. ყველანი კვლავ გავმხიარულდით და ქეიფი ჩვეულ კალაპოტში გაგრძელდა. ბელადის მიერ ხსენებული კი ორი დღით ადრე მოხდა მის კაბინეტში, სადაც ორი მსხვილი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის პროექტებს იხილავდნენ. ეს პროცესი თხუთმეტ საათს გაგრძელდა, ორჯონიკიძემ კი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო და პირდაპირ მაგიდაზე ჩამოეძინა...“

скачать dle 11.3