კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიხსნეს რომან რურუას სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ექიმებმა ორთაბრძოლის წინ და როგორი პასუხი გასცა მოჭიდავემ მოღალატეებს

ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიოს, ექვსგზის საბჭოთა კავშირისა და სამგზის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი, მოჭიდავე, რომელიც არცერთ უცხოელ მოწინააღმდეგესთან არ დამარცხებულა... ალბათ, რთული წარმოსადგენია, მაგრამ, ეს ნამდვილად ერთი ადამიანის მიღწევებია. ეს ადამიანი კი ცნობილი ქართველი მოჭიდავე რომან რურუაა, რომლის გვარის გამოცხადებისთანავე დარბაზიდან გასული ხალხი უკან ბრუნდებოდა. შეჯიბრებაზე მისი ჩასვლა კი ნიშნავდა, რომ პირველ ადგილზე ფიქრი, უბრალოდ, აღარავის შეეძლო.

 რომან რურუა: პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება 1963 წელს ჩატარებული საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა იყო. სპარტაკიადები ყველაზე მასშტაბური შეჯიბრება იყო, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და თავისი მნიშვნელობითა და სიძლიერით ჭიდაობაში ოლიმპიურ თამაშებსაც კი უტოლდებოდა. მასში პირველად ვიღებდი მონაწილეობას. ათეულში მოხვედრაზე ვოცნებობდი და ჩემპიონი გავხდი. ვიღაცამ ზურგზე სიხარულით ისე ძლიერად დამარტყა ხელი, ერთი კვირა ხუთი თითის ანაბეჭდი ვატარე. ეს ნამდვილი სენსაცია იყო.
– როგორც ვიცი, ორთაბრძოლის მოსაგებად სასიკვდილო რისკზეც წასულხართ.
– 1965 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის პროფკავშირების სპარტაკიადა გაიმართა. ფინალის წინა შეხვედრაზე, ორთაბრძოლის დროს ორი ნეკნი გავიტეხე. აუტანელი ტკივილი მაწუხებდა და ხალიჩაზე დაბრუნება სიკვდილთან თამაშს ნიშნავდა. გატეხილი ნეკნები ღვიძლთან ძალიან ახლოს იყო და ოდნავ არასწორ რხევასაც კი შეიძლებოდა, სავალალო შედეგი მოჰყოლოდა. ექიმებმა თამაშიდან მომხსნეს. ეს რომ მოწინააღმდეგის გულშემატკივრებმა გაიგეს, სიხარულით ცას ეწივნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ. ამ გზით მოპოვებული გამარჯვებით გახარება ნამდვილად არ იყო კაცური საქციელი და ამის დანახვაზე თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. გადავწყვიტე, ხალიჩაზე დავბრუნებულიყავი, ამიტომ ექიმების დასკვნა გავაპროტესტე. მსაჯებმა ნახევარი საათი ითათბირეს და ბოლოს ორთაბრძოლის ნება დამრთეს. მოწინააღმდეგე ხალიჩაზე დააბრუნეს. ჭიდაობის ისტორიას არ ახსოვს, რომ გამარჯვებაგამოცხადებული შეხვედრა გაეგრძელებინოთ, მაგრამ მაშინ ეს მოხდა და ექიმებმა ჩემს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნეს. მითხრეს, რომ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვიდექი, მაგრამ, იმ მომენტში სიკვდილზე ნამდვილად არ ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემი მდგომარეობით გახარებული ადამიანისთვის საკადრისი პასუხის გაცემის სურვილი მამოძრავებდა. ისე ვიჭიდავე, ქულა არ წამიგია და არც გაფრთხილება მიმიღია. შეხვედრა მოვიგე. შეხვედრის შემდეგ სასწრაფოთი გადამიყვანეს საავადმყოფოში.
– მართალია, რომ რამდენიმე საათში სამი კილოგრამის დაკლება მოახერხეთ, თქვენი კატეგორიისთვის შესაბამისი წონა რომ გქონოდათ?
– 1969 წელს არგენტინაში მსოფლიო პირველობა გაიმართა. ძალიან მინდოდა, წონაში დაკლების ტანჯვა თავიდან ამეცილებინა და ამ წელს მსოფლიო პირველობაზე მაღალ წონაში მეჭიდავა. მით უმეტეს, დავამტკიცე, რომ საბჭოთა კავშირში ამ წონაშიც უძლიერესი ვიყავი. ჩემპიონი გავხდი, მაგრამ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რადგან საბჭოთა ნაკრებმა მეხიკოს ოლიმპიადაზე კლასიკურ ჭიდაობაში, ფაქტობრივად, ფიასკო განიცადა (ერთი ოქროს მეტი ვერ ავიღეთ), პოზიციების გასამაგრებლად და ავტორიტეტის დასაბრუნებლად ყველამ თავის წონით კატეგორიაში უნდა იჭიდაოს, მათ შორის რურუამაცო. ისევ 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა მეასპარეზა. არ მინდოდა, მაგრამ, დაახლოებით 8-9 კილოგრამი ძალით დამაკლებინეს. მსოფლიო პირველობა არგენტინაში, ქალაქ მარლ დელ პლატაში გაიმართა. შეჯიბრების დაწყებამდე ორი დღე იყო დარჩენილი. ერთ საღამოს მე და ომარ ბლიაძე სასეირნოდ გავედით და ლუდის ბარს მივადექით. ვიტრინაში ვხედავთ, როგორ იწვის გოჭი, ქათამი, ინდაური... 8-9 კილოგრამი ხომ შეჯიბრებისთვის ძალით დამაკლებინეს და, ამის შემყურეს, შიმშილის გრძნობა ისე მომერია, თავს ძლივს ვიკავებდი, არადა, ორ დღეში მსოფლიო პირველობაა და მე კიდევ სამი კილოგრამი მაქვს დასაკლები. სულმა წაგვძლია და გადავწყვიტეთ, თითო ნაჭერ ხორცსა და ერთ ჭიქა ლუდზე უარი არ გვეთქვა. სულ 200 გრამი იქნებოდა. შევუკვეთეთ, მაგრამ, მიმტანს კარგად ვერ გავაგებინეთ და ლიტრიანი კათხით მოგვიტანა ლუდი. ვეუბნებით: ნოუ, ნოუ... მაგრამ, არ ესმის. ამ ოქროსფერი, ცივი ლუდის დანახვაზე ლამის გული წამივიდეს, თან, კათხა რომ ორთქლით დაიბურა, სულ გადავირიე და სულმოუთქმელად დავლიე. ომარმა გადაიფიქრა დალევა, მის კათხასაც ხელი დავავლე და ისიც ბოლომდე დავცალე. სასტუმროში როგორ მიმიყვანა, არ მახსოვს. რომ გამეღვიძა, პირველი ის ვიფიქრე. ნეტა, წონაში რამდენი ვარ-მეთქი... წამოვხტი და მაშინვე სარბენად წავედი, შემდეგ ცხელ აბაზანაში ჩავწექი და ლამის მოვიხარშე, მერე ისევ დავწექი და ყველაფერი დავიფარე, რისი დაფარებაც შეიძლებოდა. ამ პროცედურებით ის წონა დავიკელი, რომელიც წინა საღამოს ავკრიფე. მაგრამ შეხვედრამდე კიდევ სამი კილოგრამი უნდა მომეკლო. მეორე დილით კიდევ ავიწონე და 2,5 კილო მქონდა ზედმეტი. ხუთ საათში ორი საკონტროლო აწონა იყო და, ათი გრამიც რომ გქონოდა ზედმეტი, არავინ გაპატიებდა. ჩემი მესამე მსოფლიოს ჩემპიონობა წყდებოდა. წავედი საუნაში. ორი კაცი გამომაყოლეს. ან წონაში უნდა დამეკლო, ან უნდა მოვმკვდარიყავი. ყველაზე ცხელ ოთახში შევედი და ტემპერატურა მაქსიმუმადე ავაწევინეთ. ველოდები ოფლის გამოსვლას, მაგრამ, არა და არ მოდის. აწონამდე სამი საათი იყო დარჩენილი.  საშინელი სიცხის ასატანად საკუთარ თავთან დავიწყე ლაპარაკი. ვოცნებობდი და საკუთარ თავს პირობას ვაძლევდი, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა წონაში დაკლებას ვცდილობდი. კანი გამომიშრა და იწვის. ხელებზე დავიხედე – შემწვარი გოჭივით მაქვს გაწითლებული. კანზე მდინარესავით დაკლაკნილი ზოლები გამიჩნდა. ვიფიქრე, ხომ არ შევიწვი-მეთქი, მაგრამ გამოსვლა აზრადაც არ მომსვლია – დაჟინებული თხოვნების მიუხედავად, მაინც უარს ვამბობდი. რომ გავსულიყავი და წონა დაკლებული არ მქონოდა, მაშინ ეს ჯოჯოხეთი ხომ თავიდან უნდა დამეწყო, ამიტომ, ბოლომდე გავუძელი. როგორც იქნა, ოფლის წამოსვლის ნიშნები დამეტყო. ოთახიდან რომ გამომიყვანეს, აწონამდე დაახლოებით 40-50 წუთი იყო დარჩენილი. დამაწვინეს და ახლომახლო თუ რამე იყო, ყველაფერი დამაფარეს. ოფლი მოდის და მოდის, მე კი ვფიქრობ: ნეტა, ცოცხალი თუ ვარ? ასე შეფუთული ვიყავი და, რამდენიმე ხნის შემდეგ ცხვირი რომ გამომაყოფინეს და ცივი ჰაერი ჩავისუნთქე, სიცოცხლე დამიბრუნდა. რასაც მინდოდა, იმას მივაღწიე – საკონტროლო სასწორზე რომ დამაყენეს ზუსტად 62 კილოგრამი ვიყავი. მერე „ბორჯომი” მომაწოდეს. მივიყუდე, მაგრამ ყელში არ გადამდიოდა. თავს ვაიძულებდი, როგორმე დამელია. ყლუპ-ყლუპად ვსვამდი. როგორც იქნა, ერთი ბოთლი „ბორჯომი” ჩავისხი და ორგანიზმმაც ნელ-ნელა დაიწყო გამოღვიძება. ამის შემდეგ ისეთი ენერგია ვიგრძენი, ვთქვი, ახლა გინდა ათი კაცი დამეჭიდოს-მეთქი...  და მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გავხდი.
– პირველობას არასდროს არავის უთმობდით, არა?
– ასე იყო და, ბოლოს ასეთი აზრი დამკვიდრდა: ჩამოვიდა რურუა, ესე იგი, პირველ ადგილზე ფიქრი არავის შეუძლია! პირველი ადგილი შენია, არ გედავებითო, მოგვეხმარე, თუ რამე შეგიძლიაო და მეც ვეხმარებოდი. ევროპის ჩემპიონატზე ერთხელაც არ გავსულვარ, სულ სხვებს ვუთმობდი ასპარეზს. ბევრ ქვეყანას აქვს ჩემი ვალი. საბჭოთა ნაკრებში თუ რამე ჰქონდათ მოსალაპარაკებელი, ყველა ჩემთან გამოდიოდა კონტაქტზე და ხშირად ჩემი მეშვეობით ხდებოდა მოლაპარაკებები. საკუთარი თავის პატივისცემა ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი. ჩემი ღირსება ყველაზე მაღლა დავაყენე და ამიტომაც შეიკრა ჩემ ირგვლივ ასეთი დამოკიდებულება. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა ღალატის მსხვერპლიც გავხდი. ეს 1970 წელს ტალინში მოხდა. საბჭოთა კავშირის პირველობა ტარდებოდა. პირველი შეხვერდა ქუთაისელ ბაქსან ლეკვეიშვილთან მომიწია. ძლიერი და ანგარიშგასაწევი მოჭიდავე იყო. პირველ შეხვედრაზე უფროსი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა: რომან, თავს ნუ მოიკლავ, ბაქსანს ვეტყვი და შეხვედრას დაგითმობს. შენ საჩემპიონო კაცი ხარ, მას ნაკლები შანსი აქვს, ამიტომ ძალები დაზოგე, არ დაიღალო, პირველ შეხვედრას შენს სასრგებლოდ დათმობსო. საერთოდ, მე მოწინააღმდეგის სამათხოვროდ არასდროს მქონია საქმე, როგორ ვიკადრებდი თხოვნას – დამითმე-მეთქი. ეს გადაწყვეტილება მწვრთნელებმა მიიღეს და, ვიფიქრე, რომ ლეკვეიშვილი, ალბათ, გააფრთხილეს. დაიწყო ორთაბრძოლა. დრო გადიოდა, მაგრამ ის დათმობას არ აპირებდა. ვიფიქრე, ისე ვერ ახერხებს, რომ შესამჩნევი არ იყოს-მეთქი და ღია ჭიდაობაში შევედი, რაც მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა, ჩოქბჯენში გამიყვანა და ქულაც მიართვეს. ვცდილობდი, წამოვმდგარიყავი, მაგრამ არ მიშვებდა. დრო მიიწურა და შეხვედრა 1:0 წავაგე. ეს იყო სენსაცია: რურუამ, რომელიც არავისთან აგებს, მარცხი განიცადა! რა გუნებაზე დადგები ამის შემდეგ? ყველა ტრანსში იყო, მაგრამ მოახლოებას ვერ მიბედავდნენ. სკამს ხელი წამოვავლე, მათკენ გავექანე და გულიანად ვაგინე: თქვენი გამყიდველი დედა... თქვენს ჯინაზე ამ მედალს არავის გავატან-მეთქი! ფინალამდე 6-7 შეხვედრა იყო დარჩენილი და, თუ ყველას სუფთად არ მოვიგებდი, ჩემპიონობას დავემშვიდობებოდი. ექვსივე შეხვედრა მოვიგე, ფინალში გავედი და ოქროს თასის მფლობელი ღირსეულად გავხდი. ეს იყო ჩემი პასუხი მათ ღალატზე. 1970 წელს კიდევ ერთი მსოფლიო პირველობა კანადაში ჩატარდა, რომელშიც დიდ წონით კატეგორიაში გამოვედი. ფინალამდე ყველა შეხვედრა ბრწყინვალედ ჩავატარე და საბოლოო შეხვედრაც 21:0 დავასრულე. ეს შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ჩემს საჭიდაო კარიერაში.  იმ დროისთვის პოპულარულ ჩეხურ სპორტულ ჟურნალში მსოფლიოს 1970 წლის სამი საუკეთესო სპორტსმენი დასახელდა, რომელშიც მოჭიდავეებიდან მხოლოდ რომან რურუა შევიდა.
– მოგვიანებით, ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, სპარტაკიადის ჩემპიონი მაინც გახდით...
– 1970 წლის ბოლოს ავად გავხდი – ხერხემალზე დაგროვილი მარილებისაგან წანაზარდები გამიჩნდა, ნერვს აწვებოდა და საშინელი ტკივილები მქონდა. ამის გამო ჩემმა სხეულმა დეფორმაცია განიცადა. 1971 წელს საავადმყოფოში დამაწვინეს. სპარტაკიადისთვის გაგანია მზადება მიდის და მე ყველაფერს გამოთიშული ვარ, თვე-ნახევარია, არ მივარჯიშია. საავადმყოფოში ცენტრალური კომიტეტის სახელით მოვიდნენ და მკითხეს, შევძლებდი თუ არა ჭიდაობას. ვუთხარი, რომ ვერა, მაგრამ, შტაბში წამიყვანეს, სადაც ცეკას ორი მდივანი დამხვდა და მითხრეს, უნდა იჭიდაოო. კაცს ჩემი დანახვა შეაშინებდა. კვაზიმოდოსავით დაჯღანული ვიყავი. წავაგებ-მეთქი. წააგე, ჩავთვლით, რომ ავად იყავიო... მე რომ წაგება არ შემიძლია-მეთქი? ამ სიტყვებით ჩამიჭირეს: ჰოო, ჩვენც ზუსტად ეგ გვინდაო, – გაეცინათ. ერთი სიტყვით, ასე გამხადეს ავანტიურისტი, რაც შემდეგ ძალიან ძვირად დამიჯდა. მშიშარა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ტკივილების გასაყუჩებლად იმხელა ნემსის გაკეთებას მიპირებდნენ ხერხემალში, რომ გადავირიე და საერთოდ უარი ვთქვი. 64 კილგრამი ვიყავი და 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამიყვანეს. მოწინააღმდეგეს ნიკაპამდე ძლივს ვწვდებოდი. მე კი დავიწყე ჭიდაობა, მაგრამ მოწინააღმდეგე ხალიჩიდან გამირბოდა, რის გამოც 4 წუთში მოხსნეს შეხვედრიდან. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ის ბიჭია, რომელსაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ტვინის შერყევა დავმართე, სამი თვე საავადმყოფოში გაატარა და დაშინებული რაღას მეჭიდავებოდა. აქედან მოყოლებული, შვიდი შეხვედრა მოვიგე და სპარტაკიადის ჩემპიონი მესამედ გავხდი. შემდეგ ვცდილობდი, ტკივილის გაკონტროლება მესწავლა და მსოფლიო პირველობისთვის მზადება დავიწყე. დავიტვირთე, ტრავმამ თავი შემახსენა და წელში მომხარა. ამის მიუხედავად, რადგან სპარტაკიადა მოგებული მქონდა, პრეტენზია ბულგარეთში მსოფლიო პირველობაზე წასასვლელად მაინც გამიჩნდა, თუმცა ეს შეხვედრა ჩემთვის უიღბლო გამოდგა – ტრავმამ, სპარტაკიადაზე გახარჯულმა ენერგიამ და განწყობამ თავისი ქნა. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანს სხეულში აქვს აკუმულატორი და, ის რომ დაჯდება, მერე ორგანიზმს ძველებურად ფუნქციონირება აღარ შეუძლია. მეც გამოვლიე ჩემი შესაძლებლობები, ორგანიზმი გადავღალე, გამოვფიტე  და აღსადგენი ძალები აღარ დავუტოვე. როცა ამას იგრძნობ, როცა მიხვდები, რომ დასასრულის დრო მოვიდა, უნდა დაასრულო კიდეც. სპორტსმენებს ერთი ავადმყოფობა სჭირთ – სპორტიდან წავლენ და რაღაც დროის შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან. განვაცხადე, რომ მსგავსი მანია მე არ მექნებოდა და შეპყრობილი სპორტსმენივით არ მოვიქცეოდი. ვთქვი – წავედი-მეთქი და წამოვედი!

скачать dle 11.3