კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დღიური, სათაურით – „მწვანე სმუზის 7 დღე“

დღე პირველი
დილა-საღამოს ვარჯიშს შევეჩვიე. ცურვაც, ასე თუ ისე, ვისწავლე, ყოველ შემთხვევაში, აღარ ვიძირები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, ვხვდები, რომ საკმარისი არ არის. პატარა გოგო აღარ ვარ და, მინდა, ისე გავხდე, რომ კანი არ ჩამომეკიდოს – ვარჯიში და ცურვაც ამიტომ შევიტანე დღის რეჟიმში. ახლა უკვე დროა, კვებასაც მივხედო, თორემ, მარტო ცურვა და ვარჯიში სასურველ შედეგს არ მომცემს. ამჯერად გადავწყვიტე, მწვანე სმუზის კვირეული მოვაწყო. თუ მომეწონა, გავუძელი და, რაც მთავარია, შედეგი დავინახე, აუცილებლად გავაგრძელებ, რადგან ძალიან გამოცდილმა დიეტოლოგმა მითხრა, რომ თითოკვირიანი შუალედებით ამ დიეტის გაგრძელება 2-3 თვე შეიძლება. მისივე რჩევით, წინასწარ მოვიმარაგე ხილი და ბოსტნეული და მოვამზადე ბლენდერი. ერთად დავაბლენდერე 1 ცალი მწვანე მსხალი, 1 ცალი ბანანი და 200 გრამი ისპანახი; ჩამოვასხი კოქტეილის ჭიქაში და ჩავუმატე ერთი მუჭა მაყვალი. ცოტა უცნაური გემო კი ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე დალევა არ გამჭირვებია. ცოტა ხანში შიმშილი ვიგრძენი და „ჰერკულესის“ ფაფა მივირთვი. რამდენიმე საათის შემდეგ – ისევ ზემოთ აღნიშნული სმუზი და მერე ისევ „ჰერკულესის“ უცხიმო ფაფა. შუალედებში, რა თქმა უნდა, წყალი. გამოგიტყდებით და, ცოტა გამიჭირდა. ამიტომ საღამოსკენ 1 ჭიქა უცხიმო მაწონი შევჭამე და 1 ნაჭერი დიეტური შავი პური შევატანე. სამაგიეროდ, 1 საათი ვიძუნძულე. მოკლედ, ეს დღე, ჩემი აზრით, მაინც გმირულად გადავაგორე.
დღე მეორე
დღეს უფრო მეტი ენთუზიაზმით ვარ. უზმოზე 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი დავლიე და საუზმისთვის ახალი უცნაურობა მოვიმზადე: 1 საშუალო კონა ოხრახუში, 1 ცალი მოზრდილი კიტრი და 1 ჩაის ჭიქა მოცვი დავაბლენდერე. შუადღისთვის უცხიმო, უმარილო და უშაქრო წიწიბურას ფაფა მივირთვი, სამხარზე – ისევ ზემოთ აღნიშნული სმუზი, ვახშმად კი – 1 ჭიქა უცხიმო კეფირი, ოღონდ, ამჯერად უპუროდ. დღეს შედარებით ნაკლებად გამიჭირდა და ძალიან მიხარია.
დღე მესამე
საერთოდ, ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. დილით 1 ფინჯანი უშაქრო ყავა დავლიე. ლანჩისთვის კი ახალი სმუზი მოვიმზადე: რუკოლა, ფორთოხალი (ან გრეიპფრუტი) და ნახევარი ლაიმის წვენი. ბოლოს ჭიქაში ყინულის რამდენიმე კუბიკი ჩავყარე და საკმაოდ სიამოვნებით მივირთვი. რომ მომშივდა, 100 გრამ ხაჭოს 1 ჭიქა უცხიმო კეფირი შევაზილე, 2 ფირფიტა „ხლებცი“ შევატანე და მშვენივრად დავნაყრდი. საღამოს კი იგივე სმუზი მოვამზადე და უკვე ვიგრძენი, რომ საერთოდ აღარ მიჭირს. არც სისუსტეს ვგრძნობ – ეტყობა, დილა-საღამოს ცურვა და ვარჯიში მაძლიერებს.
დღე მეოთხე
დილისთვის 200 გრამი ისპანახისა და თითო ცალი მწვანე ვაშლისა და მსხლის სმუზი მივირთვი; სადილად – უმი ბოსტნეულის სალათა, ვახშმად კი – 1 ჩაის ჭიქა დაბლენდერებული უცხიმო მაწონი, 1 ცალი ბანანი, ოღონდ, რა თქმა უნდა, უშაქროდ. როცა ძალიან მომინდება ხოლმე, 1 ფინჯან ნალექიან ყავას ვსვამ დილის ვარჯიშის შემდეგ. ზოგჯერ კი ერთ პატარა ნატეხ შავ შოკოლადსაც ვატან – ხანდახან კარგია თავის განებივრება.
დღე მეხუთე
დღეს დილას უკვე აშკარად ვიგრძენი სიმსუბუქე და ამან საოცარი სტიმული მომცა – აღარც ტკბილეულობა მინდა, აღარც გემრიელი კერძები. თითქოს ორგანიზმმა თავად აიღო სწორად კვების კურსი. დღეს მთელი დღე მხოლოდ მწვანილისა და ბოსტნეულის სმუზი უნდა ვსვა. ხილს კი მაშინ შევჭამ, თუ ძალიან მომშივდება.
დღე მეექვსე
მგონი, ჩემი ოჯახის წევრებიც ავიყოლიე. ჩემმა მეათეკლასელმა გოგონამ უკვე ეჭვის გარეშე შემომხედა და ღიმილით მითხრა, დედიკო, აშკარად დაიჩუტეო და თავისთვის და მამამისისთვისაც გააკეთა მწვანე ხილისა და ბოსტნეულის სმუზი. პირველი ყლუპი ორივემ ამრეზილი სახით მოსვა, მაგრამ მერე აშკარად მოეწონათ, ოღონდ, ყინულის კუბიკები ჩაყარეს და მერე გემრიელად დალიეს. ბუტერბროდები არცერთს აღარ გახსენებია.
შუადღეზე ყველამ 2-2 ცალი მოხარშული კვერცხი და 100-100 გრამი უცხიმო ხაჭო მივირთვით, საღამოს კი ისევ მწვანე სმუზი გავიკეთეთ.
დღე მეშვიდე
დღეს გადავწყვიტე, მხოლოდ მწვანე კოქტეილზე ვიყო, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, თუ ძალიან გამიჭირდა, 100 გრამი მოხარშული ქათმის ფილე და ამდენივე ოდნავ მოთუშული ბროკოლი მოვიმარაგე – რა იცი, რა ხდება. ორივეს ჭამაც რომ მომიწიოს, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დიეტას არაფერს დაუშავებს.
დღე მერვე
ჩემმა ერთკვირიანმა დიეტამ სწრაფად გაირბინა და საკმაოდ სასიამოვნო შედეგიც დამიტოვა – 3,5 კილოგრამი დავიკელი, თან ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გავიმდიდრე ორგანიზმი.
გარდა წონაში დაკლებისა, სხვა ცვლილებებსაც ვგრძნობ: აღარ მიჭირს დილით გაღვიძება; ადვილად აღარ ვიღლები არც სახლში და არც სამსახურში; გამომიკეთდა გუნება-განწყობა და, რაც მთავარია, უკვე მოთხოვნილებად გადამექცა ცურვა, ვარჯიში და ფეხით სიარული.
ჩემები მეკითხებიან, კიდევ უნდა გააგრძელო ბლენდერთან მეგობრობა, აღარ მოგბეზრდაო?
რა უნდა მომბეზრდეს, გაახალგაზრდავება, გალამაზება და გამოჯანმრთელება?! რა თქმა უნდა, გავაგრძელებ, თანაც მანამდე, სანამ სასურველ წონას არ მივაღწევ; შუალედებში კი მაქსიმალურად შევეცდები, ზედმეტები არ მომივიდეს, რომ ყველაფერი წყალში არ ჩამეყაროს.
ეს ერთკვირიანი დღიურიც იმიტომ დავწერე, რომ დიეტის ბოლოს წამეკითხა და დავრწმუნებულიყავი, ღირდა თუ არა გაგრძელება. წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ღირს. ჩემი დღიური კი გადავწერე და ჩემს ახლობლებს დავურიგე – არ ინანებენ, თუ მომბაძავენ.
არც თქვენ ინანებთ.

скачать dle 11.3