კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ გაქურდეს მძინარე ლენუკა ყიფშიძე და რის გამო ბრაზობს და ეჭვიანობს მამამისი, ზურა ყიფშიძე

ზაფხული ის პერიოდია, როცა ადამიანი მთელი წლის შრომისგან დაღლილი, ცდილობს, ხმაურიან ქალაქს გაერიდოს და მშვიდ ადგილას დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროს. როგორც ლენუკა ყიფშიძე ამბობს, ზაფხულში ის ოჯახის წევრებს ხშირად ვერ ხედავს, მათთან ერთად ვერ ისვენებს, თუმცა, განტვირთვას ნამდვილად ახერხებს. ეს ზაფხული კი მას არასდროს დაავიწყდება, რადგან გაქურდეს და თითქმის ყველაფერი წაიღეს. საქმე აღძრულია და იმედია, დამნაშავეს მალე დააკავებენ, ლენუკას კი, კუთვნილ ნივთებს დაუბრუნებენ.

 ლენუკა ყიფშიძე: ზაფხული ძალიან მიყვარს, ვგიჟდები და მთელი წელი მის მოსვლას ველი. ბევრს ვმუშაობ, დატვირთული ვარ და ზაფხულში კარგ დასვენებას და განტვირთვას ვახერხებ. მთელი წელი ზაფხულისთვის ვემზადები და რომ გადის, გული მწყდება. წინასწარ დაგეგმვა არ მიყვარს, რადგან არასდროს არაფერი გამომდის, მაგრამ დასვენებას ეს არ ეხება. ჩემს დაქალთან, მის შვილთან – ჩემს ნათლულთან და ჩემს შვილთან ერთად დავისვენე გრიგოლეთში. ეს ზაფხული არასდროს დამავიწყდება.
– ანუ, ისეთი დრო გაატარე, რომ არასდროს დაგავიწყდება?
– (იცინის). დროსგატარების რა გითხრათ, მაგრამ ზუსტად ხუთი დღის ჩასულები ვიყავით, რომ გაგვქურდეს. ყველაფერი წაიღეს, ტელეფონიდან და „აიპადიდან” დაწყებული, ტანსაცმლით, სათვალით, საათით და სხვა აქსესუარებით  დამთავრებული. ჩანთაში ბევრი რამ მედო, ამოლაგებულიც არ მქონდა და ახლაც არ ვიცი, კიდევ რა წაიღეს. ღამით შემოვიდნენ, გვეძინა და ვერაფერი გავიგეთ. პოლიციაც ჩავრიეთ, გამომძიებლებიც მოვიდნენ, მაგრამ ჯერ ვერაფერი გაარკვიეს. ვამბობდით, რა არის, თვალი ხომ არ გვეცაო. ნამდვილად ასეა – თვალი გვეცა! ოჯახის წევრებისთვის არც კი მითქვამს კარგა ხანს. ვერაფერს მიშველიდნენ და ტყუილად ინერვიულებდნენ. რომ გაიგეს, გაგიჟდნენ, შოკში ჩავარნენ. მამამ კი მითხრა, მთავარია, თქვენ ხართ კარგად და საღ-სალამათები, აღარაფერს დავეძებო. ჩემმა შვილმა კი ვეღარ გაძლო და ბიძამისთან,  გიორგისთან წავიდა გონიოში. კარგა ხანს იქ იყო. თუმცა, მიუხედავად გაქურდვისა, მაინც მოვახერხეთ და კარგად დავისვენეთ.
– შენმა ძმამ, გიორგიმ, როგორც ვიცი, ბიზნესი წამოიწყო ზღვისპირეთში. თუ გაუმართლა?
– დიახ, გიორგიმ გონიოში გახსნა ბარი. ჩავედი გახსნის დროს, მივეხმარე. როგორც ვიცი, კარგად ააწყო საქმე, სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და ვნახოთ. იშვიათად ვხედავ და ამიტომ, არ გამომიკითხავს ბიზნესის ამბები. თბილისში რომ ჩამოვა, აუცილებლად გამოვკითხავ.
– ალბათ, ზაფხული შენთვის იმითაც არის განსაკუთრებით საყვარელი, რომ მამის, ზურა ყიფშიძის დაბადების დღეც არის...
– ზურა აგვისტოშია დაბადებული და ამითაცაა ზაფხული ჩემთვის განსაკუთრებული. თუმცა, წელს მამაჩემი დაბადების დღეზე ვერ ვნახე და პირადად ვერ მივულოცე – ბათუმში მამას საღამო მოუწყვეს და იქ იყო. ძალიან კმაყოფილია. სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი. იქიდან ჩამოვიდა გრიგოლეთში, მაგრად ჩავეხუტე, მოვესიყვარულე და მერე დაბრუნდა თბილისში. სხვათა შორის, გიორგისა და მისი ცოლის დაბადების დღეც აგვისტოშია და გონიოში შევიკრიბეთ. იქ აღვნიშნეთ ოჯახმა და მეგობრებმა გიორგის ახალგახსნილ ბარში. ზაფხულში ოჯახის წევრები ძირითადად ერთად ისვენებენ, მთელი წელი მუშაობენ და ამ დროს იკრიბებიან ერთად, რომ დრო გაატარონ. ჩემი ოჯახის შემთხვევაში კი ასე არ არის. პირიქით, ზაფხულში უფრო ვერ ვხედავთ ერთმანეთს. გიორგის თავისი ოჯახი აქვს. მამაც სულ დაკავებულია. მეც ჩემს შვილზე ვარ გადართული და გამოდის, რომ ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა. ყველა ერთად ვცხოვრობთ და გამოდის, ზაფხულში ერთმანეთისგან ვისვენებთ (იცინის). რაც თავი მახსოვს, მამას ჩვენთან ერთად არ დაუსვენია. სულ გადაღებები ემთხვეოდა და სულ დაკავებული იყო.
– წარმომიდგენია, როცა ზურასთან ერთად გადიოდი პლაჟზე, რამდენი თვალი გაკვირდებოდათ...
– მე მიჩვეული ვარ ყურადღებას, როცა მამას გვერდით დავდივარ. მაგრამ, ზურა ძალიან თავმდაბალია. მიყვარს, ყურადღებას რომ აქცევენ, აფასებენ და სიყვარულს გამოხატავენ, მაგრამ, თუ ერთად ვართ და მე მომაქცია ვინმემ ყურადღება და შემომხედა, ზურა გიჟს ჰგავს. ეჭვიანობს, ამბობს: რას გიყურებს, რა უნდაო (იცინის). სასწაულად ეჭვიანია. არ უყვარს, როცა ყურადღებას აქცევენ, იძაბება, მე პირიქით – მეამაყება და მსიამოვნებს ადამიანების სითბო და ყურადღება, რასაც მის მიმართ იჩენენ. ფაქტია, ხალხს ზურა უყვარს. მამასთან დასვენება ძალიან კომფორტულია. არ დამავიწყდება, მოსკოვში ქართული კინოს დღეები ტარდებოდა. მამამ მე წამიყვანა და მერე ამბობდა, შენთან ერთად ყოფნა რა კარგი იყოო. ზოგადად, უყვარს ჩემთან ერთად „პაესტკებში” სიარული. ალბათ, ერთნაირები რომ ვართ, იმიტომ (იცინის).
– სხვათა შორის, ამბობენ, რომ მამას შენ უფრო ჰგავხარ ხასიათით, ვიდრე გიორგი. ერთნაირობაში რას გულისხმობ?
– კი, მართალია, მე უფრო ვგავარ მამას, ვიდრე გიორგი. ერთნაირი ხასიათი გვაქვს, ხისტები ვართ, პირდაპირი, თავისებურებებით (იცინის). ზურა პირფერობას ვერ იტანს. სულ ამბობს, მირჩევნია, მითხრან სიმართლე და მეტკინოს, ვიდრე პირში მეფერონ და ზურგს უკან ილაპარაკონო. მეც, მასავით თავმდაბალი ვარ და სამართლიანად ფეთქებადი. სხავათა შორის, ზურა ჩემს ძმაზე უფრო ნერვიულობს, ვიდრე ჩემზე. შეიძლება, მე დღეში ერთხელ დამირეკოს და მომიკითხოს, გიორგის გამო კი სულ განიცდის და ნერვიულობს. გიორგი წავა-წამოვა, გაედება-გამოედება, ხან გვიან მოვა, ხან ადრე... მე კი სულ იცის, სად ვარ. უფრო სჯერა ჩემი და მენდობა.

скачать dle 11.3