კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რას მოიმოქმედებს გია ჯაჯანიძე თუ დამტკიცდა, რომ 32 წლის წინ მას ნამდვილად შეეძინა ქალიშვილი უცნობ ქალბატონთან

მკითხავები, მჩხიბავები, მეძავები, სპერმის ქურდები, „ბასეინში“ მომღერალი გედები, პატიოსნები, ნამუსიანები და ნამუსახდილები, დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, უბიწო ჰომოსექსუალები და მიწიერი მოკვდავები, მკვდრეთით აღმდგარნი და ზეციდან მოვლენილი ანგელოზები – ყოველ მათგანს ერთი რამ აერთიანებთ: საინტერესო ისტორიები და „სხვა რაკურსი“ გია ჯაჯანიძესთან ერთად, რომელმაც საგრძნობად ჩააჩოჩა რეიტინგებში სხვა შოუები საკუთარ თუ კონკურენტ არხებზე. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს მისი სტუმრების ამგვარი ფართო სპექტრი.
– როგორია შენი შეფასება პირველი სეზონის ბოლოს? მე დავესწარი შენი პირველი ეთერის ჩაწერას და რა უწესრიგობაც იქ ვნახე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს გადაცემა ერთ თვეზე მეტხანს გასტანდა. თუმცა, ზუსტად ორ კვირაში შოუმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვინ იყვნენ ისინი, ვისაც შენი თავიდანვე სჯეროდა?
– ეს არ იყო უწესრიგობა. ეს იყო პირველი გადაცემა, რომელიც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შოკში ვიყავი და სხეულსაც ვერ ვგრძნობდი. რაც შეეხება იმას, ვის სჯეროდა ჩემი? ჩემი წარმატების, ძალიან სჯეროდა გიორგი ბახტაძეს (ტელევიზიის დირექტორს), რომელმაც თავიდანვე დაინახა, რომ არნახულ აუდიტორიას მივიზიდავდი.  ამას რომ ვამბობ, ვიცი, გაბრაზდება, მაგრამ თუ არ გაუვლის, დაე, გამაგდოს სამსახურიდან (იცინის). ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინგა გრიგოლიას და შალვა რამიშვილის მხრიდან ნდობის გამოცხადება და იმის თქმა, რომ ეს გადაცემა აუცილებლად შედგება, რამაც მე დიდი სტიმული მომცა. და მთავარი, მაია სტეფნაძე (ტაში დაუკრა) – გადაცემის გული და გონება. დამაცადე, ნუ გაქვს ასეთი რეაქცია, გადაცემის სული მე ვარ.  კიდევ ერთი, ვისი წყალობითაც გადაცემა წარმატებულია – პროდიუსერი მანონ ოქრუაშვილი. სათაური ,,სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ მან მოიფიქრა. როგორც ქართულ სუფრაზეა სავალდებულო სამშობლოს სადღეგრძელო, ასე სავალდებულოდ მიმაჩნია, ჩემი ჯგუფისთვის მადლობის თქმა (იცინის).
– რომ შემოვედი, გკითხე, როგორ ხარ-მეთქი და მითხარი, ბედნიერი ვარო. ეს ყველაფერია შენი ბედნიერების მიზეზი?
– არა. მე ბედნიერი დავიბადე. საწოლიდან ფეხს რომ გადმოვდგამ, ესე იგი, ჩემი სხეული ჯერ კიდევ მოძრაობს და მიზეზი მაქვს, ვიყო ბედნიერი. ცხადია, უამრავი ნეგატივი მესმის და ტრიალებს ჩემ გარშემო, მაგრამ ამას ყურადღებას უკვე ვეღარ და აღარ ვაქცევ. ჩემი ტვინი ადამიანის კუჭის ფუნქციონირებას დაემსგავსა – ვიღებ უამრავ ინფორმაციას, ვამუშავებ, ვახარისხებ და მხოლოდ კარგს ვიტოვებ გონებაში, დანარჩენს კი ფეკალიების სტატუსით ვუშვებ ჰაერში.
–  „სხვა რაკურსი“ – ეს ის არის, რაზეც ოცნებობდი და რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდი?
– პირდაპირ შემიძლია გითხრა, რომ ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ვოცნებობდი, მით უმეტეს, ვიბრძოდი. ცხოვრებაში არაფრისთვის მიბრძოლია, უბრალოდ, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მომწონდა. „სხვა რაკურსის“ საპილოტე გადაცემა რომ ჩავწერეთ, თვალებზე ხელი ავიფარე, მაგრამ გიორგი ბახტაძემ მითხრა: პილოტი არ არის კარგი, თუმცა, ეს გადაცემა აუცილებლად შედგება და წარმატებას მიაღწევსო. მას ჩემზე მეტად სჯეროდა. ახლა, როცა უკვე ამხელა ეთერი შედგა, ვხვდები, რომ კიდევ არის რაღაც, რაც უნდა გავაკეთო. თუმცა, რა არის ეს რაღაც, ჯერ არ ვიცი.
– ანუ, ამით არ „ასტოპებ“?
– არავითარ შემთხვევაში. პირიქით, მე ხომ, ეს ესაა, თინეიჯერობის ასაკიდან გამოვედი?! ამიტომ, ახლა ვიწყებ მთელი ჩემი ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებას (იცინის), ოღონდ, არავითარ შემთხვევაში – ბრძოლას, უბრალოდ, ყოველთვის მაქვს საკუთარი ტაქტიკური სვლები, რისგანაც არავინ არ უნდა დაზარალდეს. ხალხის გვამებზე გადავლით კარიერას ვერასოდეს შეიქმნი და თუ შეიქმნი, აუცილებლად სამუდამოდ დაიღუპები.
– სიტყვებს უაზროდ არასოდეს ისვრი და მგონია, რომ რაღაც სხვა გადაცემისთვისაც ემზადები.
– მართალია. „იმედი“ ახალ სეზონზე ახალ გადაცემას ამზადებს, რომლის წამყვანიც მე ვიქნები. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. გადაცემა ჯერ მზადების პროცესშია. ამით არანაირი საფრთხე არ ემუქრება „სხვა რაკურსს“, ვინაიდან რადიკალურად განსხვავებული პროექტი იქნება.
– სულ მაინტერესებდა, საიდან აგროვებთ ამდენ მკითხავებსა და მჩხიბავებს?
– ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა რაოდენობაც რეალურად  არის საქართველოში. ისეთი სტუმრები მეყოლება სექტემბრიდან, რომ წინა სეზონი ზღაპრად მოგეჩვენებათ.
– გადაცემამ ხალხის სიყვარული მოგიტანა თუ ცნობადობა გაიზარდა?
– ცნობადობის გაზრდასთან ერთად, სიყვარულიც მომიტანა. ზუგდიდის ბაზარში რომ შევედი, ხალხმა ტაში დაუკრა და ტაშით შემეგებნენ. ცრემლები წამომივიდა, აი, ეს მომიტანა ამ გადაცემამ.
– გია ჯაჯანიძემ მაია სტეფნაძეს ჯადო გაუკეთა და ისე გადმოიბირაო, მართალია?
– ჩემზე დიდი ჯადოქარი თვითონ მაიაა და ახლა ორი ჯადოქარი ერთ არხზე ქმნის ასეთ საინტერესო გადაცემას (იცინის).
– როგორ გაატარე ზაფხული?
– საოცრად მშვიდად. წელს გადავწყვიტე, ყველა წასულიყო ქალაქიდან და მარტო მე დავრჩენილიყავი. ასეც მოვიქეცი, მთელი ქალაქი რომ დაცარიელდა, მხოლოდ ერთი ცნობადი სახე – გია ჯაჯანიძე დადიოდა თბილისის ქუჩებში. ეს დრო გამოვიყენე ძველი მეგობრებისა და ოჯახების მოსანახულებლად.
– ბათუმშიც არ ყოფილხარ?
– ბათუმში ახლახან ვიყავი რამდენიმე დღით და ისეთი ისტორია გადამხდა, ნეტავ, სულ არ წავსულიყავი. ასე, სპონტანურად თავში დამარტყა, დავჯექი მანქანაზე და წავედი. ჩავედი და იქაც დიდი ხნის უნახავი ოჯახები მოვინახულე. მერე ჩემს პროდიუსერ მანონ ოქრუაშვილს შევუარე და ისე დამხვდა, მეგონა, ჯარის ძმაკაცი ვნახე. მერე ჩემს ჯადოქარ სტეფნაძეს შევუარე, რომელიც, ასევე, ფანტასტიკურად გამიმასპინძლდა და ბოლოს, ორი დღის შემდეგ, გავედი სანაპიროზე. ვიფიქრე, გავირუჯები-მეთქი, თორემ მზეზე მეტად მე ვანათებდი, მაგრამ ვინ დაგაცადა? მთელი სანაპირო წამოიშალა სურათების გადასაღებად. ამ ხალხში მოვიდა ერთი ახალგაზრდა გოგო და ტელეფონის ნომერი მთხოვა. თან, შემრცხვა უარის თქმა და თან არ მინდოდა, მაგრამ მითხრა, რომ იქ ვერ დამელაპარაკებოდა და  აუცილებლად უნდოდა ჩემთან გასაუბრება. უარი ვეღარ ვუთხარი. იმავე საღამოს დამირეკა და შევხვდი.
– ანუ, სანაპიროზე მოპოვებული გადაცემის სკანდალური თემაა?
– არა, რა გადაცემის. მგონი, ისეთი სიტუაციაა, ჩემივე გადაცემის სტუმარი მე თვითონ ვიქნები, ამ ამბავს რომ გეტყვი.  ეს გოგო საკმაოდ მოხდენილად, კარგად ჩაცმული მოვიდა, ოღონდ სახე აქვს წაშლილი. მაშინვე მივხვდი, რომ გადაცემისთვის საინტერესო ისტორიას მომიყვებოდა, ოღონდ საკმაოდ მძიმეს და შევეცადე, დავხმარებოდი საუბრის დაწყებაში. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვერ მოვახერხე ადამიანის გახსნა  და გავგიჟდი. ბოლოს ვუთხარი, თუ ასე ინერვიულებ და არ მეტყვი, რა გჭირს, რით დაგეხმარო, მაშინ, ავდგები და წავალ-მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, თავდახრილი და დაბალ ხმაზე მეუბნება, შენი შვილი ვარო. შევხედე ამ გოგოს, გავიხედ-გამოვიხედე, სადმე კამერები ხომ არ არის დამონტაჟებული-მეთქი და მომენტალურად თავში გამიელვა მილიარდმა აზრმა... პირველი, რაც იყო, კამერებზე ვიფიქრე და გადავწყვიტე, მოდი, კამერებს მოვატყუებ, ვითომ არ ვიცი, რომ მიღებენ და შესაფერის პოზას მივიღებ-მეთქი. მაგრამ, რომ დაიწყო მოყოლა, კითხვის დასმის საშუალებაც არ მომცა. იმდენად გულწრფელად საუბრობდა, გამორიცხულია, ასე ვინმემ ითამაშოს.
– ანუ, უცნობი ქალიშვილი აღმოაჩინე?
– აღმოჩნდა, რომ ის ჩემს პირველ ქალიშვილზე რამდენიმე თვით უმცროსია. დედა 18 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და გაზარდა ბებიამ, რომელიც აგრეთვე 3 წლის წინ გარდაიცვალა. სწორედ მან გაუმხილა მამის ვინაობა. უბრალოდ, ეს ქალი ვერ მიტანდა და სთხოვა, რომ არ დამკონტაქტებოდა, მაგრამ, რადგან ასე, შემთხვევით შევხვდით, გადაწყვიტა, გაემხილა.
– და რეალობასთან ახლოსაა?
– ახლოს იმ მხრივ არის, რომ მე მართლა მქონდა, ასევ თქვათ, სამგზავრო რომანსაც ვერ დავარქმევ. ჯარში სომხეთში ვმსახურობდი და შვებულებით ვიყავი თბილისში ჩამოსული, სადაც  6-7 თვის ფეხმძიმე ცოლი მელოდებოდა. უკან რომ ვბრუნდებოდი, ერთი ლამაზი ქალბატონი გავიცანი ვაგონში, რომელთანაც ჩვეულებრივ მქონდა სექსი და იქვე დამთავრდა ყველაფერი. ერთი, რაც გამახსენდა, მართლა ია ერქვა იმ გოგოს. ისიც იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ვფიქრობდი, ია ხომ ძალიან ლამაზი ყვავილია და ძალიან მოკლე პერიოდით გვიხარებს გულს-მეთქი. ამ ყვავილთან ასოციაციით, მის არსთან და ჩვენი ხანმოკლე ურთიერთობის პარალელით, დამამახსოვრდა სახელი. მაგრამ... აქ კიდევ ერთი მაგრამ გვაქვს და ეს ეჭვიც მღრღნის. არ მახსოვს, რომელ ჟურნალთან ინტერვიუს დროს, დიდი ხნის წინ ჟურნალისტმა რომ მკითხა, ყველაზე უცნაური და დასამახსოვრებელი რომანტიკული თავგადასავალი გაიხსენეო, მაშინ ვთქვი, ერთხელ მქონდა სექსი მატარებელში-მეთქი. ვფიქრობ, ეს ხომ არ აქვს ამ გოგოს წაკითხული-მეთქი. მაგრამ მაშინვე გამოვკითხე ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, ვიფიქრე, ფულის გამოძალვის გამო ხომ არ იგონებს-მეთქი. მოკლედ, დიდ შარში აღმოვჩნდი და ალბათ, მომიწევს დნმ-ის ანალიზის აღება რეალობის დასამტკიცებლად. თუმცა, ვერ ვიტყვი, ამ გოგომ სულელის შთაბეჭდილება დამიტოვა და არ იცის, დღეს ამ ტესტის გაკეთება ძალიან მარტივად რომ შეიძლება, ან რამე კონკრეტული მიზანი ამოძრავებდეს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ, უბრალოდ, გამეცნო, მაგრამ მე მაინც ვერ მოვისვენებ. იქნებ, მართლა ჩემი შვილია და ხომ უნდა ვიცოდე?!
– რის გაკეთებას გეგმავ?
– ყველაფრის, რაც მის სიმართლეში ან სიცრუეში დამარწმუნებს. ინტერვიუზე რომ მოვდიოდი, ვიფიქრე, არ ვიტყვი, სანამ სიმართლეს არ დავადგენ-მეთქი. მაგრამ, ეს დუმილიც ვიღაცამ სათავისოდ რომ გამოიყენოს, ხომ შეიძლება? ამიტომ გადავწყვიტე, მომეყოლა ეს ამბავი.
– მისი ნათქვამი სიმართლე რომ აღმოჩნდეს, რას გააკეთებ?
– რა უნდა გავაკეთო? თუ კი მას სურვილი ექნება, გვარსაც მივცემ და საზოგადოებასაც გავაცნობ, რა პრობლემაა?!

скачать dle 11.3