კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ უნდა ავირიდოთ პირველკლასელის სკოლასთან ადაპტაციისას მოსალოდნელი გართულებები და რატომ არ შეიძლება დილის პროცედურების დროს ბავშვის აჩქარება

პიროვნების ჩამოყალიბება  სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა სირთულეს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის გადალახვა მას მაშინ უწევს, როცა სკოლის მოსწავლე ხდება. ყველაზე მტკივნეულად პატარები მაინც თამაშიდან ვალდებულებებზე გადასვლას აღიქვამენ. თუმცა, ამას სხვა ბევრი ფაქტორიც ემატება, რომელზედაც „დავითიანის“ ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგი, ნინო კერესელიძე გვესაუბრა.

 ნინო კერესელიძე: სკოლა ბავშვებისთვის ახალი სოციუმია, რომელთან შეჯახებაც გაურკვევლობას იწვევს. მასთან შეგუების პროცესი ბავშვებთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ზოგისთვის ახალ გარემოსთან შეგუება იოლად ხდება. ასეთი ბავშვები ხალისიან განწყობაზე არიან და გაკვეთილებზეც აქტიურობენ. ზოგს სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. ასეთი ბავშვები ხელიდან არ უშვებენ თამაშის შანსს, ხშირად ჭირვეულობენ, ტირიან და ეკამათებიან თანაკლასელებს. არის ბავშვების კატეგორია, რომელთანაც საქმე კიდევ უფრო რთულადაა. ისინი ძალიან ძნელად ეგუებიან სკოლას, ითხოვენ გაკვეთილების გაცდენას, უგუნებოდ არიან, უჭირთ თანაკლასელებთან ურთიერთობა. თუმცა, ზოგადად, პირველი 5-6 კვირა სკოლასთან ადაპტაციის პერიოდად ითვლება და ის ყველა ბავშვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სირთულეა.
– ძირითადად, რა სახის სირთულეები იქმნება?
– ფსიქოლოგებთან საუბარში ბავშვები ამბობენ, რომ სკოლა არის გასართობი ადგილი, სადაც გართობას უკრძალავენ, რაც მათთვის გაუგებარია. მათ მოსწონთ ურთიერთობები შესვენებებზე, მაგრამ ზარის დარეკვის შემდეგ, გაკვეთილზე ერთ ადგილას ჯდომა, აღიზიანებთ. სირთულეების გამომწვევ პირველ ფაქტორად სოციალური როლის ცვლილება მიიჩნევა. როცა  ბავშვი მოსწავლე ხდება და ემატება ვალდებულებები, მის წინაშე შესასრულებელი დავალებების სირთულეც იზრდება. ასევე, იცვლება  წამყვანი ქცევა. აქამდე ის ძირითად დროს თამაშში ატარებდა, ახლა კი გართობა სწავლამ უნდა ჩაანაცვლოს, რაც მარტივი ნამდვილად არაა. ამიტომ, უნდა მოვახერხოთ და მისთვის თამაშიც შემეცნების პროცესად ვაქციოთ. ბავშვისთვის, ასევე,  დიდი სირთულეა მოსწავლის დღის რეჟიმი. კიდევ ერთი სირთულეა მშობლის გარეშე გაჩერება, რომელიც ისეთ ბავშვებში იჩენს თავს, მათზე რომ არიან მიჯაჭვულნი. ამ ყველაფერმა, შეიძლება, ბავშვი საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს. მოსწავლე იწყებს უყურადღებობას გაკვეთილებზე, მუდამ ცდილობს, თამაშისთვის გამონახოს დრო და ხელი შეუშალოს მასწავლებელს. ასევე, სერიოზულ პრობლემებს ქმნის სახლში, ამბობს, რომ არ უნდა სკოლაში წასვლა და ამას მხოლოდ მშობლის მხრიდან სხვადასხვა დაპირების ხარჯზე აკეთებს. სწავლისადმი არანაირი ინტერესი არ აქვს და შესაბამისად, მისი აკადემიური მოსწრებაც დაბალია. თუ მშობელი ყურადღებას არ ამახვილებს ამ ყველაფერზე და არ ეხმარება ბავშვს ადაპტაციის პროცესის გამარტივებაში, პრობლემები მაღალ კლასებშიც გრძელდება. ასეთ მოსწავლეს „ამრევი ბავშვის“ როლი აქვს და ეს სკოლის  დამთავრებამდე მიჰყვება. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია, ფსიქოლოგის ჩარევა გახდეს საჭირო. რა თქმა უნდა, უდიდესი მოვალეობა აკისრია პედაგოგს. ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დადებითად წარმართვის წინაპირობაა ბაღი. თუ ბავშვს იქ სწავლის გამოცდილება აქვს, მაშინ მისთვის სასკოლო გარემოც არ იქნება უცხო.  
– ზედმეტად აქტიური და ცელქი ბავშვების შემთხვევაში, რა გზითაა შესაძლებელი მათი „სკოლის ჩარჩოებში” უმტკივნეულოდ მოქცევა?
– ჰიპერაქტიურ ბავშვებთან მიმართებით მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება სწავლის დაწყების პირველ დღეებსა და კვირებში უნდა გამოიჩინოს. როგორიც არ უნდა იყოს ის, არავითარ შემთხვევაში, მკვეთრი და კატეგორიული შენიშვნა არ უნდა მივცეთ. ყურადღება ბავშვის პოზიტიურ აქტივობაზე უნდა გავამახვილოთ. მის ძლიერ მხარეებს გავუსვათ ხაზი და დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მისი გვჯერა. ასევე, უნდა ვაღიაროთ, რომ დავალება, რომელიც მივეცით, საკმაოდ რთულია. უნდა გამოვიყენოთ ყურადღებისა და მეხსიერების განმავითარებელი სავარჯიშოები, ხელი შევუწყოთ ადეკვატური თვითშეფასების, სასწავლო მოტივაციისა და თვითკონტროლის ფორმირებას. შევეცადოთ, არ გამოვიყენოთ სიტყვები: „არა, არ შეიძლება!“ ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ნდობასა და გაგებას. მნიშვნელოვანია, რომ თხოვნა, ინსტრუქტაჟი, მიმართვა, წარმოვთქვათ მშვიდი, ერთი და იმავე სიტყვებით და გავიმეოროთ ბევრჯერ. ჰიპერაქტიურ ბავშვს ჯობია, შევეხოთ და ისე დავსვათ თავის ადგილას, ვიდრე ათჯერ ვუთხრათ „დაჯექი“. საჭიროა, მეტი მუშაობა ნატიფ მოტორიკაზე. კარგია პლასტელინით მუშაობა და ყველა სახის აქტივობა, სპორტის გარდა, რადგან მათთვის კარგია ფიზიკური ურთიერთობა და არა წესებიანი, შეჯიბრის სახის სპორტის სახეობა.
– კიდევ რა რჩევების გათვალისწინებაა საჭირო მშობლებისთვის?
– თუ ბავშვი შინ თუ გარეთ, ლაღად და თამამად ამყარებს ურთიერთობას სხვებთან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არც სკოლაში გაუჭირდება. თუ ბავშვი ურთიერთობისას ძალზე ფრთხილია, არ ენდობა ადამიანებს, სკოლაში შესვლამდე მას თქვენი დახმარება დასჭირდება, რადგან იქ, უთქვენოდ, უცხო ხალხის გარემოცვაში მოუწევს ყოფნა. ასევე, მნიშვნელოვანია, ბავშვი იცნობდეს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას, სადაც ქცევის განსხვავებული სტილია საჭირო. მაგალითად, შეიძლება ვთხოვოთ ბებიასთან დამოუკიდებლად დარეკვა, მეზობელთან დამოუკიდებლად გასვლა და სხვა. სასურველია, ბავშვმა ყოველი დილა დაიწყოს მსუბუქი ვარჯიშით. აუცილებელია, ბავშვს განვითარებული ჰქონდეს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები: ხელების დაბანა, კბილების გახეხვა და საპირფარეშოთი სარგებლობა. დავალების შესრულების შემდეგ აუცილებლად წაახალისეთ. მიეცით სხვადასხვა სიტუაციაში ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა. ბავშვი მშვიდად გააღვიძეთ. სასურველია, გაღვიძებისას მან თქვენი ღიმილი დაინახოს. ესაუბრეთ მშვიდი, კეთილგანწყობილი კილოთი. ასევე, მნიშვნელოვანია დროის სწორად გადანაწილება. ბავშვი დილის პროცედურების შესრულებისას არ უნდა ააჩქაროთ და არავითარ შემთხვევაში, არ გაუშვათ სკოლაში საუზმის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი სკოლიდან უგუნებოდ დაბრუნდა, არ გაუწყრეთ. პირიქით, მას თქვენგან გამხნევება სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელს იმ სირთულეების შესახებ, რაც ბავშვს აქვს, მისი თანდასწრებით არ ესაუბროთ. მასთან მიმართებით დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. როცა ბავშვი გესაუბრებათ, ყურადღებით მოუსმინეთ და მოთმინება გამოიჩინეთ. მის მიმართ კონკრეტული წესები და მოთხოვნები უნდა ჩამოაყალიბოთ და მათი შესრულების შემთხვევაში, წაახალისოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეეხოთ მის პიროვნებას. დადებითი თუ უარყოფითი საქციელის შემთხვევაში, შესაბამისად შეაფასეთ არა ის, არამედ მისი ქცევა. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, ჩართოთ ერთობლივ საქმიანობაში – ოთახის დალაგება იქნება ეს, ყვავილების თუ შინაური ცხოველების მოვლა და სხვა. თავადაც ჩაერთეთ იმ საქმიანობაში, რომელიც ბავშვს მოსწონს და მისი მიღწევები შეადარეთ მხოლოდ მის ადრინდელ მიღწევებს. მაგალითად: „დღეს უკეთ გამოგივიდა, ვიდრე გუშინ”.  არასდროს დატუქსოთ შემდეგნაირად: ,,აი, წახვალ სკოლაში, და ნახავ, რაც მოგივა!” არ შეაწყვეტინოთ სიტყვა, როდესაც დღის შთაბეჭდილებებს გიზიარებთ და არ დააკისროთ მოვალეობები, რომელთა შესრულებაც მას ჯერ არ შეუძლია. არ მოითხოვოთ მისგან ერთბაშად ბევრი რამ. ამოირჩიეთ კონკრეტული საქმიანობა, ჩვევა, რომელსაც, გინდათ, რომ დაეუფლოს. ნუ გააკრიტიკებთ მის იდეებს ყოველთვის და საერთოდ, სხვისი თანდასწრებით შენიშვნების მიცემას მოერიდეთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ შეადაროთ სხვა ბავშვებს: და-ძმა იქნება ის, მეზობელი თუ თანაკლასელი.

скачать dle 11.3