კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ ივიწყებს ზურაბ გურიელიძე 13 ივნისის კოშმარული ღამიდან და ვინ აუკრძალა მას მუშაობა ზოოპარკში

ზურაბ გურიელიძე მათ შორისაა, ვისაც 13 ივნისის სტიქია   ძალიან მძაფრად შეეხო. გარდაცვლილი თანამშრომლები, დაღუპული საყვარელი ცხოველები – მათზე საუბარს უემოციოდ დღესაც ვერ ახერხებს. ამბობს, რომ  იმ კოშმარულ ღამეს ვერასდროს დაივიწყებს, რომელმაც მის ცხოვრებაში დიდი ზღვარი  გაავლო.    

 ზურაბ გურიელიძე:  დაახლოებით ორ კვირაში, სავარაუდოდ,  თხუთმეტ სექტემბრამდე,  ჩვენი ზოოპარკი გაიხსნება. გაიხსნება ის,  რაც გადაურჩა 13 ივნისის სტიქიას.  საბედნიეროდ, საკმაოდ საინტერესო ცხოველები გვყავს გადარჩენილთა რიცხვში. მათ შორის, ჩვენი სახელგანთქმული ჰიპოპოტამი, რომელსაც უკვე ყველა კარგად იცნობს – ქუჩაში მისი სეირნობის კადრებით.  მისთვის ზამთრის სადგომის მოწყობა  აცივებამდე  დასრულდება. მტაცებლების განყოფილებიდან სტიქიას გადაურჩა –    ლეოპარდები, თეთრი ლომები, სამი დათვი, ორი მგელი.  ცოცხლები  გადარჩა ორივე სპილო,  ირმები, სამი ნიამორი, ხუთი ზებრა, მარტორქა. ასე რომ, სანახაობა ცხოველების თვალსაზრისით, საკმაოდაა. ვეცდებით, მაქსიმალურად საინტერესო ცხოველები შევთავაზოთ ზოოპარკის სტუმრებს, განახლდება ეგზოტერიუმიც. საკმაოდ  ბევრი შემოთავაზება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების ზოოპარკებიდან,  ცხოველების უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე. ვგეგმავთ, შემოვიყვანოთ გარკვეული, ეგრეთ წოდებული მარტივად მოსავლელი ცხოველები, რომელთათვისაც საჭირო პირობების შექმნა რთული არ არის. ევროპიდან ცხოველების ტრანსპორტირება საკმაოდ მკაცრად რეგულირდება და ჩვენ ამ  რეგულაციების გავლის, მოლაპარაკებების პროცესში ვართ. გვაქვს შემოთავაზებები ლატვიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ისრაელიდან. ზოოპარკის გახსნიდან რამდენიმე თვეში ჩვენი კოლექცია შეივსება ისეთი ცხოველებით, რომლებიც დიდი ხანია, არ ჰყოლია ჩვენს ზოოპარკს. ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდ არასდროს გვყოლია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ხანმოკლე პერიოდში მისი სრულად აღდგენა შეუძლებელი იყო.   ჩვენ გვიწევდა ვოლიერების  ახლიდან აშენება, რადგან ძველები ფაქტობრივად, განადგურდა.  ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რესპექტაბელური სახე მიგვეცა გადარჩენილი ნაწილისთვის, თუმცა ეს პირველი ეტაპია და ამით სამუშაოები არ მთავრდება.  იქამდე, სანამ ახალი ზოოპარკის აშენება დაიწყება, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ზოოპარკს.  მოგეხსენებათ, ახალი ზოოპარკის  თემა უკვე აქტიური განხილვის პროცესშია. გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია. მერია   მუშაობს ტერიტორიის შემოღობვასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული საქმეა. ჩვენ ჩავატარეთ სხვადასხვა  კვლევა იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი ზოოპარკი გაკეთდება. ის ყველა კრიტერიუმით დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტს. გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დეტალი: ვოლიერების განლაგება, მათი მოწყობა, რომ ცხოველებისთვის  საუკეთესო პირობები შეიქმნას. თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ ყველა წვრილმანი, რომ შემდეგ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს. გვქონდა   ბევრი შემოთავაზება, თუმცა არჩევანი თბილისის ზღვის იმ მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა, რომელიც  უკვე ყველასთვის ცნობილია.  ეს ადგილი ბევრი თვალსაზრისით არის  მისაღები. შერჩეულ ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურა, მაღალი ხარისხის ასფალტირებული გზა  თითქმის ზოოპარკის ტერიტორიის საზღვართან არის მოსული, რაც გარკვეულ ხარჯებს შეამცირებს. ზოოპარკის მშენებლობა არ არის იოლი საქმე.  მთავარია, პროექტი იყოს რეალისტური და ის,  თუ რა დაჯდება  ახალი ზოოპარკის მშენებლობა. ახალი   პროექტი, სავარაუდოდ, დაახლოებით, 50-60 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს იქნება ძალიან მაღალი სტანდარტის,  საუკეთესო ზოოპარკი.
–  თქეენ მათ შორის ხართ, ვისაც  13 ივნისის  სტიქია, ძალიან მტკივნეულად შეეხო.   როგორია თქვენი  ემოციები, რაც  იმ მძიმე ღამეს გახსენებთ?    
–  ძალიან მძიმე და რთული. იმ კოშმარული ღამის მოგონებებს, ალბათ, ვერასდროს დავაღწევ თავს, ეს ემოციები არ გამნელებია დღემდე. ყველაფერი მძიმე იყო  ჩემთვის – სტიქიით დაწყებული შემდეგ განვითარებული მოვლენებით დამთავრებული.   ის ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ, არ იყვნენ მხოლოდ ცხოველები – განსაკუთრებული ურთიერთობები მქონდა მათთან.   ძალიან ბევრი საინტერესო ცხოველი დაიღუპა იმ ღამეს და მერე... შუმბა, სიმბა, თეთრი ვეფხვები, მაიმუნი მაუგლი, რომელსაც ჩემს მეგობარს ვეძახდი – მათ გარეშე ბევრი დააკლდება ზოოპარკს.  განსაკუთრებით მიჭირს ჩემი  გარდაცვლილი  თანამშრომლების – გულიკოსა და მისი ქმრის მალხაზის, ასევე გივი დვალის გამო. საშინელებათა ფილმში მეგონა ჩემი თავი. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ფეხდაფეხ მოგვდევდა, გვიჭირდა დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდებოდა. დაახლოებით პირველის ნახევარი იყო, ძლიერი წვიმის მერე რომ ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე ზოოპარკში, იმის შესამოწმებლად თუ რა ხდებოდა იქ. ჩემი მეუღლეც პროფესიით ზოოლოგია. ის ილიას უნივერსიტეტში მუშაობს. თუმცა, სულ გვერდით მედგა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წვიმამ გადაიღო და ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ თურმე ვცდებოდით.  ჩვენ ზოოპარკის ქვედა ნაწილში აფთრების ვოლიერისკენ წავედით, რადგან იქ, როგორც წესი, წყალი დგება ხოლმე. უცებ თანამშრომელმა დამიძახა, აფთრების ვოლიერში ჩანჩქერი გადმოსკდაო. გავიხედეთ, მართლაც ჩანჩქერი იყო გადმოვარდნილი. ჩემი  მეუღლე მანქანაში იჯდა და როდესაც გზაზე ავედი, დავინახე უკვე მდინარე მოდიოდა. მანქანაში ჩავხტი და უკუსვლით წავედი საკმაოდ სწრაფად, მაგრამ გზაში დავინახე, რომ ცოცხალი წერო მოჰქონდა წყალს, დაახლოებით წელამდე იყო. გავჩერდი, გადმოვხტი მანქანიდან, ეს წერო საბარგულში ჩავაგდე და ისევ რომ ჩავჯექი, კარის დახურვა ვეღარ შევძელი, წყალმა კარი მოგლიჯა, მთლიანად გაასწორა და არ წაუღია. შემდეგ უკვე გაღებული კარით მომიწია ასე, უკუსვლით მოძრაობა. რამდენიმე მეტრი გავიარეთ. მანქანა წყლით ივსებოდა,  ძრავაც  ჩაქრა. მე და ჩემი მეუღლე გადმოვძვერით, რადგან მეორე მხრიდან კარის გაღება შეუძლებელი იყო. შემდეგ უკვე ღობეეებს ვებღაუჭებოდით,  მაგრამ მოსაჭიდებელიც აღარაფერი იყო. მივფოფხავდით, მივცურავდით, წყალი მოგვდევდა, პირდაპირი მნიშვნელობით... განსაკუთრებული სპორტული მონაცემები და ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ გადავრჩენილიყავით.   ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მთლიანად დატბორვას დასჭირდა რამდენიმე წუთი, სულ ალბათ, ხუთი წუთი – ჩვენ მანქანით ვერ მოვახერხეთ 20-30 მეტრის  გავლაც კი. ახლა მოსაყოლად თითქოს რთული არაა, მაგრამ იქ  ეს  ჯოჯოხეთი  წარმოუდგენლად მძიმე გადასატანი იყო.
–  ზოოპარკს როდის დაუკავშირეთ  თქვენი ცხოვრება?
– ყველაფერი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში იყო,  ზოოპარკიდან დაიწყო.  ბავშვობიდან ვოცნებობდი ზოოპარკის დირექტორობაზე. ოცნების მიზეზი იყო სპილო – მალკა. ხშირად შევიპარებოდი ხოლმე მასთან, ვაჭმევდი და ძალიან მივიჩვიე. მაშინ ზოოპარკს  მილიცია იცავდა და მაგდებდნენ იქიდან. ამიტომ, დავიწყე ოცნება,   გავხმდარიყავი ზოოპარკის დირექტორი და ვეღარავინ შემიშლიდა ხელს სპილოსთან თამაშში.  სტუდენტობის დროს ჩემი პირველი სამუშაო ადგილი იყო ზოოპარკი – მტაცებელთა განყოფილებაში ვუვლიდი დათვებს, ზღვის ლომებსა და მგლებს.   მგლებთან  განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს.  წლების განმავლობაში ვმუშაობდი მათთან, ამ საინტერესო და მიმზიდველ ცხოველებთან. სახლშიც მყავდა მგლები. ჩვენი ამოცანა იყო, ტყვეობაში გაზრდილი მგლებისთვის ბუნებაში ცხოვრება გვესწავლებინა. იყო დრო, კოსტავას ქუჩაზე მეექვსე სართულის აივანზე ათი პატარა მგელიც კი მყავდა. როცა  გარკვეულ ასაკს აღწევდნენ, მათთან ერთად საცხოვრებელს ვიცვლიდით – მომთაბარე ცხოვრება გამოგვდიოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო.  ეს იყო სტუდენტობის შემდეგ. სტუდეტობისას    ერთი წელი ვიმუშავე ზოოპარკში  და  გამომიშვეს. კომუნისტების დროს, უცნაური წესები იყო. სტუდენტს მუშაობის უფლება არ ჰქონდა და მეც ამიკრძალეს.   მაინც  ყოველდღე დავდიოდი ზოოპარკში. მერე დავიწყე მუშაობა ნაკრძალების მთავარ სამმართველოში,  გავიდა დრო და 2006 წელს გავხდი ზოოპარკის დირექტორი.  გამოვიდა, რომ ავისრულე ყველაზე დიდი ოცნება. მაშინ    ბევრი რამ იყო გასაკეთებელი ჩვენს ზოოპარკში.  თავს არ ვზოგავდით, მოვახერხეთ ის, რომ   ჩვენს ზოოპარკს მსოფლიო ზოოპარკებში უკვე თავისი სახელი ჰქონდა.   ამ სტიქიის შემდეგ ჩემთვის ძალიან რთული იყო ზოოპარკის ტერიტორიაზე ყოფნა.  ჩვენ იქ ბევრი შრომა, ენერგია გვქონდა ჩადებული. უამრავ ადამიანს, ვინც პროფესიულად  არ იყო დაკავშირებული ზოოპარკთან,  გაუჭირდა ამ ამბების გადატანა, ცხოველების დაღუპვასთან შეგუება და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის – ამისი ახსნა სიტყვებით  ძალიან რთულია.

скачать dle 11.3