კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ აჯადოებს გოგონებს ხელებით ლეონ პატარიძე და რაში ენდობიან მას თვალდახუჭული რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები

ლეონ პატარიძე რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. ის, დღეს, მოსკოვში, საკმაოდ ცნობილი, ერთ-ერთი წამყვანი და მოთხოვნადი სტილისტია, ვისაც თვალდახუჭული ენდობიან შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები. ლეონი დაბადებიდან სმენადაქვეითებულია, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ცხოვრებაში მიზანდასახული ყოფილიყო, შრომით მიეღწია პროფესიულ სფეროში წარმატებისთვის და ყველასთვის საყვარელი, სანდო და მეგობრული გამხდარიყო.
რადგან ლეონს აქვს სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, მასთან ინტერვიუს ჩაწერაში მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ეთერ ბერიაშვილი დაგვეხმარა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

 – ლეონ, როგორ აღმოჩნდი ქართველი ბიჭი დიდ რუსეთში და რა გზა გაიარე იმ პროფესიულ წარმატებამდე, რა საფეხურზეც დღეს ხარ?
– მამა სამსახურიდან მივლინებით იყო ჩამოსული ვოლგოგრადში და დარჩა. მერე დედაც ჩამოიყვანა და, მეც აქ გავჩნდი. ნიკოლოზი დამარქვეს, ლეონი ჩემი ფსევდონიმია. 14 წლისა დავობლდი, მშობლები დამეღუპნენ და ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის. მარტო დავრჩი, გამიჭირდა და გადავწყვიტე, 17 წლის ასაკში მოსკოვში წავსულიყავი. სუპერმარკეტში მტვირთავად ვმუშაობდი, მერე „მაკდონალდსში” – დამლაგებლად. ხანდახან ისე ვიღლებოდი, სახლშიც ვეღარ მივდიოდი და იქვე ვიძინებდი. თუმცა, არასდროს დამიკარგავს იმედი და მიზანდასახულობა. პარალელურად, ვსწავლობდი სტილისტობას და დღეს, საკმაოდ ცნობილი ვარ ამ საქმის წყალობით. მართალია, ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ მისი საშუალებით, ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, ბევრს ვმოგზაურობ და მაღალ საზოგადოებაში ვტრიალებ. საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს.
– როგორც ვიცი, ამაყობ, რომ ქართველი ხარ. თუ ჩამოდიხარ შენს სამშობლოში?
– სულ ვამაყობ ჩემი გენეტიკით. მიყვარს ჩემი კულტურა, ისტორია და ხალხი. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი სისხლი და ხორცი არ მავიწყდება, ყველგან ვამბობ, რომ წარმოშობით ქართველი ვარ და ვამაყობ ამით. თუმცა, დიდი ხანია, აღარ ვყოფილვარ საქართველოში. ადრე, ბავშვობაში, ბებია-ბაბუასთან ჩამოვდიოდი, დავდიოდით ზღვაზე და ის წლები ბედნიერ მოგონებად მაქვს გონებაში ჩარჩენილი. სულ ვინტერესდები, რა ხდება მანდ, მაგრამ რომ ვიგებ გაჭირვებას, ცუდად მოქმედებს, ვითრგუნები. მეც ხომ ვიცი, რა არის გაჭირვება?! გეგმაში მაქვს, მომავალ წელს ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში, ფინანსურად მომზადებული და გარკვეული თანხით დავეხმარო ბავშვთა სახლს ან მოხუცებულთა თავშესაფარს. მინდა, კეთილი საქმე გავაკეთო და ამით ვასიამოვნო ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
– ვიცი, რომ რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები თვალდახუჭული გენდობიან და ხშირად გეპატიჟებიან კონცერტებზე. წარმომიდგენია, როგორ გეამაყება, როცა სცენაზე შენს ნამუშევარს უყურებ.
– მიუხედავად იმისა, რომ არ მესმის, შინაგანად ვგრძნობ მუსიკას, მელოდიას და რიტმს იმისას, რასაც ჩემი მეგობრები შოუ-ბიზნესიდან სცენაზე ასრულებენ. მართლა ვამაყობ, როცა ისინი ჩემი ვარცხნილობით იწონებენ თავს. ხშირად აცხადებენ კიდეც: ჩვენი სტილი ლეონის დამსახურებაა, რომელიც ახლა დარბაზი ზისო. მართალია, თავმდაბალი ვარ, მაგრამ ამ დროს ძალიან ამაყი ვხდები (იცინის). ძალიან მათამამებენ ჩემი ვარსკვლავი მეგობრები საჩუქრებით. ალბათ, გრძნობენ იმ დიდ სიყვარულს, რასაც მე მათ მიმართ განვიცდი. მეგობრებში გამიმართლა და სულ ვგრძნობ მათ გვერდში დგომას. ამბობენ, დიდ ქალაქში ცხოვრება რთულიაო, მაგრამ მე მოსკოვს კარგად „მოვერგე”. აქ ვიპოვე ჩემი საქმე, საყვარელი ადამიანები და ბედნიერი ვარ. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მიყვარს ხალხთან კონტაქტი, მოგზაურობა, ახალი შათაბეჭდილებების დაგროვება. თუმცა, თვითმფრინავით მგზავრობის მეშინია (იცინის). ოდესიდან მეგობრებთან ერთად ვბრუნდებოდი, რაღაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა თვითმფრინავს ცაში და კინაღამ ჩამოვარდა. ამ ამბის შემდეგ, ვცდილობ, ფრენის შიში დავძლიო, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ.  ლონდონში რომ ჩავედი სწავლის გასაგრძელებლად, არ უნდოდათ ჩემი აყვანა, რადგანაც ყურთასმენა დაქვეითებული მაქვს. დავიქირავე ადვოკატი, ვიბრძოლე და მაინც მივაღწიე ჩემსას. არ მიყვარს პირველივე ბარიერზე ფარ-ხმლის დაყრა. ადამიანი იმიტომ ხარ, იბრძოლო, გაიტანო შენი სიმართლე და სხვებს და საკუთარ თავსაც დაუმტკიცო, რომ მაგარი ხარ. შემდეგ ჰოლანდიაშიც ვისწავლე, ლონდონშიც ავიღე დიპლომი და ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში, მსოფლიო მოდის კვირეულზეც მიმიწვიეს სამუშაოდ. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. სხვათა შორის, ავსტრალიაში ვცხოვრობდი სამი წელი. მინდოდა, ამ ქვეყნის მოქალაქე გავმხდარიყავი, მაგრამ არ მიმიღეს და ისევ მოსკოვში დავბრუნდი. ახლანდელი გადასახედიდან თამამად ვიტყვი, რომ კიდევ კარგი ავსტრალიის მოქალაქეობაზე უარი მითხრეს. მე მოსკოვის გარეშე მაინც ვერ გავძლებდი. ეს ჩემი ქალაქია. ერთ ადგილას მაინც ვერ ვჩერდები, ხან რომელ ქვეყანაში ვარ და ხან რომელში, მაგრამ ბოლოს, ისევ აქ ვბრუნდები.
– შენ შესახებ რომ ვიკითხე, ასე მითხრეს, ლეონი ქალებს ხელებით ისე აბამს, სიტყვები არ სჭირდებაო...
– (იცინის) ახლა შემრცხვა. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ როცა ვარცხნილობას ვუკეთებ ადამიანებს, მეუბნებიან, ჯადოსნური ხელები გაქვს, ფიზიკურად და სულიერად ვისვენებთ შენ რომ თმაზე გვეხები და ასე გვგონია, დედამიწაზე არ ვდგავართ, დავფრინავთო (იცინის).
– პირად საუბარში მითხარი, ბედნიერი იმიტომ ვარ, ბევრი ოცნება ამიხდაო. დაგრჩა აუხდენელიც?
– დიახ, დამრჩა და ჩემი აუხდენელი ოცნებაა მოსკოვის ცენტრში დიდი სალონის გახსნა, რომელსაც დიდი ასოებით დავაწერ „ლეონ”. მე ოპტიმისტი ვარ, არც შრომა მეზარება, ვცდილობ სწორად დავგეგმო დრო, ჩემი ცხოვრება და ვფიქრობ, ამ ოცნებასაც ავიხდენ ერთ დღეს. ზოგადად, აუხდენელზე არ ვოცნებობ. ადამიანს რეალური ოცნებები უნდა გქონდეს, რომ იცი, ოდესღაც დადგება დრო და აგიხდება. არ მაშინებს ცხოვრებისეული ბარიერები და წინაღობები. არც იმის მრცხვენია, ოდესღაც, „მაკდონალდსის” ტუალეტს რომ ვალაგებდი და ვხეხავდი, მტვირთავი რომ ვიყავი სუპერმარკეტში და უამრავი გაჭირვებაც რომ ვნახე. ეს ჩემი ცხოვრებაა, პატიოსანი და ტკივილით სავსე. მისი დავიწყება შეუძლებელია, თუმცა არც იმის დაუნახაობა იქნება, რომ დღეს ჩემი შრომითა და მიზანდასახულობით ამდენს მივაღწიე. კი ვოცნებობდი, მაგრამ ეს მართლაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა მაშინ. ესაა ცხოვრება, ხან დავარდები, ხან ადგები, მაგრამ საკუთარი თავის იმედი და რწმენა არ უნდა დაკარგო.
– ვიცი, რომ შენი ქვეყანა ძალიან გიყვარს, ამაყობ შენი გენეტიკით, მაგრამ იცი, რა მიკვირს – რატომ არ იცი ქართული წერა-კითხვა?
– იმიტომ რომ, ვოლგოგრადში დავიბადე, მთელ შეგნებულ ცხოვრებას მოსკოვში ვატარებ. ხან ამერიკაში ამოვყავი თავი, ხან ლონდონში და ხანაც ავსტრალიაში, ვეღარ მოვახერხე ქართული წერა-კითხვის სწავლა. თუმცა, გპირდებით, აუცილებლად ვისწავლი. მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მომღერლებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ყველას ვიცნობ და ვმეგობრობ. მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები ასეთი ცნობილი, პოპულარული და საყვარელი მომღერლები არიან რუსეთში. ხომ ამბობენ, ქართველები სხვანაირად ნიჭიერები ვართო და ზუსტად ასეა! იმხელა პოტენციალი დევს ჩვენს ერში, სადაც არ უნდა წავიდეთ და დავსახლდეთ, ჩვენს ნიჭს ვერავინ წაგვართმევს. ვერც გენეტიკას დაგვიკარგავს და ვერც ქვეყნის სიყვარულს დაგვიშლის.

скачать dle 11.3