კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეექმნა თუ არა სალომე იდოიძეს რეინჯერობის გამო პრობლემები ოჯახთან და რა საფრთხის წინაშე აღმოჩენილა ის

დაახლეობით ოთხი წელია, რაც სალომე იდოიძე თუშეთის დაცულ ტერიტორიებში პატრულირებს. 24 წლის ქართველი რეინჯერი ქალი, ამჟამად კახეთში ცხოვრობს. თუმცა, როცა თუშეთისკენ იხსნება გზები, მთელ ზაფხულს იქ ატარებს. ცხენზე ჯირითი პირველად მამამ ასწავლა. ცხოველების მიმართაც პატარაობიდანვე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. თუშეთში მისი საქმიანობა არ გაჰკვირვებიათ, თუმცა ვიზიტორებში ქალი რეინჯერის დანახვა, ნამდვილად გაოცებას იწვევს.

 სალომე იდოიძე: დავიბადე და გავიზარდე კახეთის სოფელ ზემო ალვანში. თუშები დღემდე მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ანუ, ზამთარში ჩამოდიან კახეთში და ზაფხულში ისევ მთას უბრუნდებიან. მეც ასე ვცხოვრობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. საერთაშორისო ტურიზმი მქონდა არჩეული, ამიტომ პრაქტიკა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გავიარე. პირადად ვიცნობდი რეინჯერებს, კარგად ვიცოდი მათი საქმიანობის შესახებ და ყოველთვის მქონდა სურვილი, მეც ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი. შემდეგ გავიგე, რომ გამოცხადებული იყო ვაკანსია, მეც დავწერე განცხადება, გავიარე გასაუბრება და მიმიღეს. უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ვმუშაობ.
– შენს ფუნქციებში რა შედის და რთულია ეს პროფესია ქალისთვის?
– მარტივი არ არის, თუმცა, ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა. ყველაზე ნაკლებად ის მიქმნის დისკომფორტს, რომ ქალი ვარ. თუშებს არ უკვირთ მსგავსი რაღაცეები. ჯერ კიდევ, მეთვრამეტე საუკუნეში, თუშეთში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გვქონდა, რომლის მთავარი მოსამართლეც ქალი იყო. სამუშაო დღეს 8-9 საათზე ვიწყებ და ჩემს ფუნქციებში შედის პატრულირება. უფრო კონკრეტულად: ვესაუბრებით ადგილობრივებს, მესაქონლეებს; აღვრიცხავთ გარეულ ცხოველებს, ფრინველებს გამოკითხვისა და ფოტოხაფანგების მეშვეობით; ვაწარმოებთ ბუნებრივი რესურსების მონიტორინგს. საჭიროების შემთხვევაში, ვმონაწილეობთ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში და სხვა.
– გარეულ ცხოველებს ხშირად ხვდები? რაიმე საფრთხის წინაშე ხომ არ ყოფილხარ?
– რატომღაც, მე არ მხვდებიან გარეული ცხოველები. დიდ მტაცებლებს ვგულისხმობ, თორემ პატარებს კი ვნახულობ ხოლმე. შესაბამისად, სახიფათო სიტუაციაშიც არ აღმოვჩენილვარ. ჩემს კოლეგებს იშვიათად, მაგრამ მაინც აქვთ დიდი მტაცებლების ნახვის ბედნიერება. ახლა ვამბობ, რომ მინდა, შემხვდეს რომელიმე მათგანი, მაგრამ მართლა, რომ გადავაწყდე სადმე, მგონი, გადავიფიქრებ (იცინის).
– ოჯახს როგორი დამოკიდებულება აქვს შენი არჩევნის მიმართ? დედა რას გეუბნება?
– ოჯახთან არ შემქმნია პრობლემა. როგორც წესი, მსგავს გადაწყვეტილებებს, ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ. ჩემი მშობლები არ მიეკუთვნებიან მშობელთა ისეთ კატეგორიას, ყველაფერში საშიშროებას რომ ხედავენ და შვილებს პატარაობიდანვე შიშს უნერგავენ. მაგალითად, ბავშვებს რომ ეუბნებიან: „ძაღლს არ მოეფერო, გიკბენს”; „კატასთან ახლოს არ მიხვიდე, ბეწვი გადაგეყლაპება და მოკვდები”; „ხეზე არ ახვიდე, ჩამოვარდები და დაიმტვრევი”; „ნუ დარბიხარ, წაიქცევი” და ასე შემდეგ. ეს საშინელი დამოკიდებულებაა, თუ ადამიანი არ უფრთხილდება გარემოს და ცხოველების მიმართ სისასტიკით გამოირჩევა, ამაში დიდი წვლილი მშობლებს მიუძღვით. მსგავსი ტიპის ფრაზები არასოდეს გამიგონია ჩემი მშობლებისგან. ლამის დაბადებიდან ძაღლებთან და კატებთან ერთად მეძინა, დავეხეტებოდი ტყე-ღრეში. მამაჩემი სამი-ოთხი წლიდან დამოუკიდებლად მსვამდა ცხენზე. მოკლედ, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ვიყავი (იცინის). დედაჩემი საერთოდ ცალკე ფენომენია. შვილების გამო ნერვიულობა და პანიკა შორს არის მისგან. არ მახსოვს, დედას ჩემთვის სადმე წასვლა აეკრძალოს. გაზაფხულზე, ვიდრე თუშეთის გზა გაიხსნება, თუშებს ცხვარი უღელტეხილზე გადაჰყავთ, რასაც 3-4 დღე სჭირდება. სულ მინდოდა, ეს პროცესი მენახა და ორი წლის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად, მეცხვარეებს გავყევი. დედაჩემს რომ ვუთხარი წასვლას ვაპირებ-მეთქი, რეაქცია არ ჰქონია. მერე მამას დავურეკე და მან, მე რას მეკითხები, წადი თუ გინდაო. სამაგიეროდ, კლასელის დედამ დამირეკა და კარგად მეჩხუბა: ხომ არ გაგიჟდი, სად მიდიხარ ასეთ ამინდში, არ გაიყინო სადმეო. ერთი კვირა ვწუწუნებდი, მგონი, მშობლებს არ ვუყვარვარ-მეთქი (იცინის).
– კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში? ვიცი, რომ ფოტოგრაფია გიტაცებს.
– სამსახურის გარეთ ბევრი ინტერესი და ჰობი მაქვს. ფოტოგრაფია ერთ-ერთი მათგანია. დავდივარ და ვიღებ ფოტოებს. ამ კუთხით არანაირი განათლება არ მაქვს, არც პროფესიონალი ვარ, უბრალოდ, ჩემთვის ვერთობი. კიდევ, ვგიჟდები ლაშქრობებზე და მეგობრებთან ერთად, ხშირად დავდივარ საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ყველას მოგიწოდებთ, გირჩევთ, ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ კომფორტი და წახვიდეთ ლაშქრობაში. დამიჯერეთ, თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება და ბევრ კარგ ადამიანს გაიცნობთ.
– იშვიათია ქალი რეინჯერი. უხერხული მომენტი მუშაობის პროცესში არ გქონია?
– უხერხული მომენტი არ მახსენდება. შეიძლება იყო, მაგრამ უმნიშვნელო. ქალი რეინჯერი გაკვირვებას უფრო ვიზიტორებში იწვევს. ძირითადად, სახეზე ეტყობათ გაოცება და მეუბნებიან: „ვა, რა მაგარია”, „ყოჩაღ, შენ”!.
– როგორ უნდა გახდე რეინჯერი? რა უნდა იცოდე?
– ვაკანსია ცხადდება ჯობს.ჯიზე, შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, რეინჯერად ყოფნის სურვილი გამოთქვას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვერ შეძლებს მუშაობას. პროფესიულ უნარებთან ერთად, ფიზიკური უნარებიც საჭიროა, ასევე, ადგილობრივ რელიეფთან, კლიმატთან შეგუება და სხვა.
– ალბათ, ხშირად გიწევს გადაადგილება შორ მანძილზე. ეს დამღლელი არ არის? საკუთარი ცხენი გყავს?
– კი, ხშირად დავდივარ, თუმცა არანაირად არ არის დამღლელი. პირიქით, ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ფეხით ან ცხენით დავდივარ. ამიტომ, ეს ყოველივე ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დამღლელი (იცინის). ცხენი მყავს და ფერიდან გამომდინარე, ყორანა დავარქვი – შავია.
– ეს ის საქმეა, რაც გინდა, მომავალში აკეთო, თუ ტურიზმს დაუბრუნდები? კიდევ არიან რეინჯერობის მსურველი გოგონები?
– უკვე 24 წლის ვარ და უახლოეს მომავალში, ზუსტად ვიცი, რომ ეს ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად მინდა, ვაკეთო. შორეულ მომავალზე კი, ჯერ არ ვფიქრობ (იცინის). რაც შეეხება რეინჯერობას, კი არიან, ვიცი, რამდენიმე გოგონა, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ ამის.

скачать dle 11.3