კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი პერსონაჟის პროტოტიპი სტალინის ქვისლი და რა ურთიერთობა ჰქონდა მას ბერიასთან

უშიშროება და ინტრიგები განუყოფელია. ლავრენტი ბერიამაც ამიერკავკასიის უშიშროების შეფის პოსტისკენ ინტრიგებითა და ძალადობით გაიკვლია გზა. ამ დროს ხდება პიკანტური შემთხვევა, როცა ბერიამ სტალინის ქვისლი გააშიშვლა. ამის თაობაზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ნიკა თევზაძე.

 – ბატონო ნიკა, თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა სტატიამ, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ გააშიშვლა ბერიამ სტალინის ქვისლი (ცოლისდის ქმარი) სტანისლავ რედენსი. შეიძლება გვითხრათ, რა წყაროებს დაეყრდენით?
– ბერია-რედენსის დაპირისპირების შესახებ პირველად სტუდენტობისას შევიტყვე, როცა რადიო „თავისუფლების“ ერთ-ერთ გადაცემას ვუსმენდი. მოსმენილმა, როგორც იტყვიან, შემძრა. გავეცანი უამრავ მასალას, რაც თვითგამოცემის გზით გავრცელდა. „პერესტროიკის“ დროს გამოქვეყნდა არაერთი მკვლევრის მონოგრაფია ბერიაზე, მათ შორის ანტონოვ-ოვსეენკოს „ჯალათის კარიერა.“ მოგვიანებით, ეროვნულ მოძრაობაში ჩავები და ბევრი დისიდენტი გავიცანი. მათ შორის იყო მწერალი-დისიდენტი მიხაილ ოსატჩი, რომელიც ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს კარგად იცნობდა და საქართველოც ძალიან უყვარდა. მან მითხრა, რომ „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთ პერსონაჟს, პოლკოვნიკ სეხნიევს ჰყავდა რეალური პროტოტიპი და ეს, არც მეტი არც ნაკლები, სტალინის ქვისლი – რედენსი გახლდათ. მანვე მომცა საკმაოდ ბევრი ნაშრომი რედენსზე, მათ შორის ისეთიც, სადაც რედენსის და ბერიას ურთიერთობები იყო აღწერილი.
– როგორ გადაიკვეთა ბერია-რედენსის გზები?
– 1924 წლის აჯანყების ჩახშობაში აქტიური მონაწილოებისათვის ბერიამ წითელი დროშის ორდენი მიიღო. ლავრენტიმ კიდევ რამდენიმე ოპერაცია წარმატებით ჩაატარა. საბჭოთა საიდუმლო პოლიციის შეფის, ფელიქს ძერჟინსკის სიკვდილის შემდეგ, სტალინმა უშიშროების შეფად ჰენრიჰ იაგოდა დანიშნა და ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა. სტალინი ძერჟინსკის გვარდიას არ ენდობოდა. ბნელი წარსულის მქონე იაგოდა (არსებობდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცარიზმის დროს მეფის ოხრანკასთანაც თანამშრომლობდა) უშიშროების შეფად დაინიშნა. ძერჟინსკის დროს იაგოდას უშიშროებაში სამეურნეო თანამდებობა ეკავა. არტუზოვი, პილიარი, სტირნე თუ სხვა ძერჟინსკელები მას ამრეზით უყურებდნენ. გახდა რა უშიშროების შეფი, იაგოდამ ძერჟინსკელთა დევნა-შევიწროება დაიწყო. თანამდებობა დატოვა კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ რომან პილიარმა (ნამდვილი გვარი რომუალდ პილარ ფონ პილჰაუ) და ასე შემდეგ. მსგავსი საკადრო პოლიტიკა მოკავშირე რესპუბლიკებშიაც გაგრძელდა. ბერიაც ამიერკავკასიის გპუს უფროსის პირველი მოადგილე ხდება. თავად ამიერკავკასიის გპუს შეფი კი სტალინის ცოლის დის ქმარი – რედენსია. ასე მოხდა მათი გზების გადაკვეთა.
– ანუ, ბერიას თავისი უფროსის სავარძელი სურდა?
– ბერიამ რედენსთან უაღრესად მეგობრული ურთიერთობები დაამყარა, იმდენად მეგობრული, რომ რედენსმა სტალინს განუცხადა, ჩემი პირველი მოადგილე ლავრენტი ბერია ახალგაზრდა, ერთგული და ძალიან ნიჭიერი კაცია, მას ისევე ვენდობი, როგორც საკუთარ თავსო. რაც შეეხება იაგოდას, ის თავიდანვე მხარს უჭერდა ლავრენტის და სტალინს სისტემატურად მოახსენებდა, თუ როგორი ოსტატობით ჩაატარა ბერიამ სპეცოპერაციები. ამრიგად სტალინმა იცოდა, რომ ბერია ახალგაზრდა, ნიჭიერი და ერთგული კაცია. შესაბამისად, გპუს შეფის პოსტზე დასანიშნად ყველაზე რეალური კანდიდატურა სწორედ ლავრენტი იყო.
– და ეგ როგორ უნდა მომხდარიყო?
–სტანისლავ რედენსი მეწაღის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. „რევოლუციის შედეგად აღზევებული ტეტია,“ – ასე უწოდა მას რობერტ კონკვესტმა. მართლაც, რედენსს არც ინტელექტი და არც სათანადო განათლება არ გააჩნდა. მის დოსიეში კი ნათქვამი იყო: „აქვს სპირტიანი სასმელებისადმი მიდრეკილება და პათოლოგური სიმთვრალე“.
რედენსის გამოხდომებზე სიმთვრალეში ლეგენდები დადიოდა. ეს კაცი მხოლოდ იმიტომ აღზევდა, რომ სტალინის ქვისლი იყო. სტალინმა სპეციალურად გამოგზავა ის ამიერკავკასიაში, რათა ძერჟინსკელები სტალინისტებით ჩაენაცვლებინა. რედენსმა ამას თავი წარმატებით გაართვა, თუმცა სმას მაინც განაგრძობდა. მოგეხსნებათ, სტალინი ბოლომდე არავის ენდობოდა. რედენსსაც გულდასმით უთვალთვალებდნენ. თავდაპირველად, სტალინი მის გამოხდომებს ეგუებოდა, რადგანაც რედენსი მართლაც დიდ სამსახურს უწევდა. გავიდა დრო. რედენსმა გასაკეთებელი გააკეთა. სტალინიც არ მალავდა გაღიზიანებას, როცა თავისი ქვისლის საქციელის შესახებ მოახსენებდნენ ხოლმე. ბერიამ ეს მომენტი ზუსტად დაიჭირა. ლავრენტი ყველაფერს აკეთებდა, რათა სტალინის მაგიდაზე რედენსის ახალ-ახალი თავგადასავლების ამსახველი მასალები მოხვედრილიყო, მაგრამ ისე, რომ მისი, ბერიას, ღვაწლი დაფიქსირებულიყო. აქაოდა, ყველაფერს ვაკეთებ, რათა სკანდალი არ აზვირთდესო.
– სინამდვილეში ყველაფერი ბერიას ინსპირირებული იყო?
– დიახ. ლავრენტი რედენსს შინ მიიპატიჟებდა ხოლმე და მეფურად უმასპინძლდებოდა. გალეშილ რედენსს კი თავში ფრიად საინტერესო იდეები მოსდიოდა. ასე მაგალითად, ერთხელ რუსთაველზე ხელებით გასეირნება მოისურვა, შემდეგ ვიღაც მედუქნეს მიუვარდა და პირში რევოლვერი ჩასჩარა. რამდენჯერმე ხალხმრავალ ადგილებში სროლა ატეხა. ბერიაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ფოტოზე ასახულიყო. იქვე იყო აღბეჭდილი ბერიაც, რომელიც რედენსის შინ წაყვანას ცდილობდა. სტალინი უნდა დარწმუნებულიყო, თუ როგორ სურდა ლავრენტის სკანდალი ჩაეცხრო.
– მართალია, რომ ბერიამ რედენსი გააშიშვლა?
– შესაძლოა უშუალოდ გაშიშვლება მას არც ჰქონდა დაგეგმილი... თუმცა, ბერიამ რედენსი შინ დაპატიჟა და მეფურად უმასპინძლა. გალეშილმა რედენსმა კი ბერიას განუცხადა: მართალია, ცოტა დავლიე, მაგრამ ავტომობილის მართვაც შემიძლია, ცხენის გაჭენებაც და ქალთან სიყვარულიცო. ლავრენტი ფრთხილად დაინტერესდა, მტკვარს თუ გადაცურავო. რა თქმა უნდა!  – დაიძახა რედენსმა. ამაზე ბერიამ ფრთხილად შენიშნა: ჩაცმული ბანაობა უხერხულიაო. რედენსმაც იქვე გაიხადა და ქუჩაში შიშველი გავარდა. იმდენად გალეშილი იყო, რომ ვერც კი შენიშნა, ტანსაცმელთან ერთად, ტრუსები როგორ გაიხადა და ქუჩაში აბოლუტურად დედიშობილა აღმოჩნდა.
ბერიას სახლთან მსტოვრები მორიგეოდნენ. მათ ოპერატიულად აღბეჭდეს ფირზე ქუჩაში დედიშობილა მოსეირნე რედენსი და ბერია, რომელიც ემუდარებოდა, მანქანაში ჩაჯექიო. ეს ფოტოები სტალინს წინ დაუდეს. დიქტატორმაც ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო.
– ანუ, რედენსი დასაჯა?
– არა, რედენსი, უბრალოდ, უკრაინაში გადაიყვანეს და იქაური უშიშროების შეფად დანიშნეს. ამიერკავკასიის გპუს უფროსი კი, ლავრენტი ბერია გახდა.
ისევე, როგორც საქართველოში, უკრაინაშიც რედენსი სტალინურ ხაზს კეთილსინდისიერად ატარებდა. იმ ცოდვის კითხვაში, რაც სტალინმა უკრაინაში დაატრიალა, რედენსის წვლილი უზარმაზარია. რაც შეეხება რედენსის დასჯას, ამის დრო 1937 წელს დადგა, როცა სტალინმა არმიის, პარტაპარატისა და უშიშროების ორგანოების წმენდა დაიწყო. ჩეკისტმა რედენსმა იმ მომენტისთვის უკვე საბოლოოდ ამოწურა თავი.

скачать dle 11.3