კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-34(765)

 ირინკამ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და მობილურში ნომერი აკრიფა.
– ნინი, შენთან ლაპარაკი მინდა... წყნეთში? – ამოვალ... რა წამოვიღო... კარგი... გავივლი მარკეტში... გოგო, ხომ მარტო ხარ? ვიცი, მაგათი ამბავი, მაგრამ სანამ მოგროვდებიან, მოვასწრებ მოგიყვე, რა დამემართა. ოჰ, არ შემიძლია, რა... კარგი, კარგი, მოვდივარ.
ანამ მხრებზე ჟაკეტი მოისხა და სასტუმროს ვრცელ ვერანდაზე გავიდა.
– შეგცივდათ?
ანა შემობრუნდა. მის წინ ნიკა იდგა და უღიმოდა.
– ჰო, ცოტა აგრილდა.
– სოფომ ვახშმისთვის მაგიდა შეარჩია, შემოგვიერთდებით?
– ჰო, რა თქმა უნდა, ახლა ვფიქრობდი, რა კარგი ვქენი, რომ წამოვედი-მეთქი. აქ ისეთი სიმშვიდეა... მთები, სიმწვანე...
– კი, კარგია. აუზიც მშვენიერი აქვთ, – ნიკამ არ იცოდა, რაზე ესაუბრა ანასთან. თუმცა, მისი გარეგნობა რეალურად შეაფასა და დაასკვნა, მშვენიერი ტანი აქვს და სახეზეც არა უშავსო, – ძალიან ლამაზი გოგონა გყავთ, – მოიფიქრა, როგორც იქნა.
– გმადლობთ, თქვენიც ძალიან საყვარელია. ხვალ ერთად კარგად გაერთობიან.
– ნამდვილად. წავიდეთ, თორემ სოფო გაბრაზდება, – გაუღიმა ნიკამ.
ანა მასთან ერთად გაუყვა ხალიჩით მოფენილ ჰოლს, თან, აქეთ-იქით იხედებოდა. შვილს ეძებდა, რომელიც სოფოს გოგოსთან ერთად, ცოტა ხნის წინ ჰოლში „მოზაიკით“ ერთობოდა... უცებ, ლამის მუხლები მოეკვეთა. იქნებ მოესმა, მაგრამ ლაშას ხმა გაიგონა. შეეძლო, ათასი კაცის ხმაში გამოერჩია და უშეცდომოდ ეთქვა, რომ ეს ნამდვილად ლაშა იცინოდა. შემკრთალმა სასტუმროს ვრცელ ჰოლში მიმოიხედა. არავინ იყო, გარდა ყავის ფინჯნებით ხელში, ბართან მიმჯდარი ჭორიკანა ქალებისა. ღრმად ჩაისუნთქა და მიაყურადა. რამდენიმე წამის შემდეგ იფიქრა, აშკარად მომელანდაო, ბავშვს ხელი ჩასჭიდა და სასადილოში შევიდა.
***
ნინიმ მაცივრიდან ცივი წვენი გამოიღო, ორ ჭიქაში ყინულები ჩაყარა, ფორთოხლის წვენი დაასხა და აივანზე გაიტანა. ჯინსის მოკლე, ტოტებშემორღვეული „შორტი“ ეცვა. ღრმად გულამოჭრილი მაისურიდან მკვრივი და ლამაზი მკერდი თითქმის მთლიანად უჩანდა. ირინკასნაირი შარმიანი არ იყო, მაგრამ საკმაოდ მადისაღმძვრელი გარეგნობა ჰქონდა. ირინკას გვერდით, მოწნულ სავარძელზე ფეხი მოირთხა და დაქალს საქმიანად მიუბრუნდა.
– მოყევი ახლა, რა დაგემართა, კიდევ შარში გაები? ვინმეს ცოლი დაგდევს მოსაკლავად?
ირინკამ წვენი მოსვა და დაიღრიჯა.
– არა, ქალო, საიდან მოიტანე?! მე, ხომ იცი, ცოლები არ მერჩიან, იმიტომ რომ, ცოლიანი კაცები დიდად არ მხიბლავენ. არ ვიჭერ მათთან საქმეს.
ნინიმ ჩაიცინა.
– მე მაინც როგორ მატყუებ. გაგახსენო, ცოტა ხნის წინ რომანი ვისთან გქონდა გაჩაღებული?
ირინკამ მხრები აიჩეჩა.
– ეგ საქმეს სჭირდებოდა. სამსახური მინდოდა, თორემ ის კაცი საერთოდ არ მჭირდებოდა. ისე დავემშვიდობე, გულიც არ დამწყვეტია.
– ვიცი... შენ „იმასაც“ ეგრე დაემშვიდობე და რა მოიგე?
– „იმას“ ნუ გამახსენებ, ძალიან გთხოვ. ორი საათის წინ შემხვდა და ნერვებიც მომიშალა.
– ოჰო, შენ შეხვდი თუ ის შეგხვდა?
– ნინი, სულაც არ ვარ ხუმრობის გუნებაზე, – გააფრთხილა ირინკამ, – აქ იმიტომ ამოვედი, რომ ცოტა დავმშვიდდე.
– რა უნდა?
– არგადარჩენა. შენზე ცუდი ხმები მომდის და ჭკუით იყავიო.
– ვაჰ, მეტი არაფერი მინდაო? მაგალითად, შერიგება არ უთხოვია? არა, მაინც, რა ჭკუაზე იყავი, მაგას რომ მიჰყვებოდი ცოლად.
ირინკამ ხელები გაასავსავა.
– არ მკითხო... ჩემს სამსახურში არ იციან, რომ გათხოვილი ვიყავი.
– მართლა? რატომ, მალავ, რა პონტში?
– არ ვმალავ, უბრალოდ, ასე გამოვიდა, რაღაცნაირად, თავისით.
– კარგი, რა, ხომ გიცნობ. ეტყობა, იქ ვიღაც ისეთი ტიპი გაჩითე, რომელთანაც არ გინდა, ბოლომდე გაიშიფრო.
– ნუ სულელობ,  იქ ვის გაჩითავ. ისე, ერთი-ორი მაგარი ექიმი კი გვყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ნაკლებად მაქვს. ზემოთ, ადმინისტრაციაში კი, ძირითადად, ქალები ვართ. ერთი შარვლიანი დაიარება და ისიც სათვალავში არ არის ჩასაგდები, – ტუჩი აიბზუა ირინკამ, – აუჰ, წარმომიდგენია, რა მოხდება, სოფომ და ანამ ჩემი განათხოვრობის ამბავი რომ გაიგონ.
– სოფო და ანა ვინაა? – ნინიმ ისევ დაისხა წვენი.
– სოფო ჩვენი იურისტია, ჩემს ოთახში ზის. რომ ჰკითხო, გეტყვის – მე შემასახლეს მასთან. ქმარი ჰყავს და შვილი. ერთი შეხედვით, ნორმალური გოგოა, მაგრამ საერთოდ არ იცის, ქმართან როგორ მოიქცეს. თანაც, მისი ქმარი მე მეფლირტავება და ძალიან ვხალისობ.
– ესე იგი, შენსას არ იშლი. გაიცინა ნინიმ, – სამსახურში არ გირჩევ თანამშრომლების ქმრებთან რომანის გაბმას – საშიშია.
– საკუთარი გამოცდილებით მეუბნები? – ვალში არ დარჩა ირინკა, – ჰო, მართლა, გიო სად არის?
– არ იცი, შაბათია დღეს, თავის შვილებთან...
– ერთგული მამიკოს როლს თამაშობს?
– ყოველ შემთხვევაში, ცდილობს. ყოველ შაბათ-კვირას წინ და უკან დარბის. რასაც მოსთხოვენ, ყველაფერს ყიდულობს. იმათაც დედამისი „ქოქავთ“ და გაყვლიფეს. მაგრამ მე მაგრად „მკიდია“. ხომ იცი, ჩემიც საკმარისად მაქვს. იმისიც მადლობელი ვარ, აქ რომ არ მოჰყავს.
– ჯერ არ შემოუთავაზებია?
– რა, აქ რომ მოიყვანოს? უნდა, მაგრამ ისინი არ მოჰყვებიან. კიდევ კარგი, თორემ სად მაქვს სამი ნადირის გაძლების თავი.
– ისე, სამი ბავშვი მაინც როგორ მიატოვა. ასეთი რა გაუკეთე?
– მე რა გავუკეთე, გაგიჟდი? თვითონ გადაირია. ვეღარ ვიცილებდი. მერე ცოლმა გაიგო და სახლიდანაც მიაბრძანა. მომადგა ბარგით. ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი?
– კარგი, კარგი, თავს ნუ ისაწყლებ. შენი წვლილიც არის ამ საქმეში.
– იცი, რას გეტყვი? გაუფრთხილდნენ, ბატონო, ქმრებს და ჩვენნაირებისგან დაიცვან, – გადაიხარხარა ნინიმ, – ჩვენი ბრალია, ეს ცოლიანი კაცები სექსზე გადარეულები, მშიერი მგლებივით რომ დასუნსულებენ? თორემ ეგ გიო საყვარლადაც არ მინდოდა, არათუ ქმრად...
– რატომ, კარგი ბიჭია... – დაიცვა ირინკამ ბავშვობის მეგობარი.
– სულელია... სულელი... მაინტერესებს, მერეც თუ ენდომებათ მის შვილებს, ჯიბეები რომ გამოუცარიელდება. ვეუბნები, ალიმენტი ოფიციალურად გადაუხადე, საჩუქრები კი დღესასწაულებზე უყიდე-მეთქი. ვინ მიჯერებს? გუშინაც მაგრად ვიჩხუბეთ. ზუსტად ვიცი, რომ მოვა, ლარიანიც აღარ ედება ჩიბეში და დილით მე მომთხოვს სიგარეტისთვის ფულს.
– ანუ, სულ ჩხუბობთ.
– არც ისე, – ნინიმ სიგარეტს მოუკიდა, – ხან ვფიქრობ, აუტკივარ თავს რატომ ვიტკიებ-მეთქი, მაგრამ მერე, ნერვები მეშლება და ვფეთქდები.
– ჰო, კაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძნელია. ამიტომაც აღარ მინდა, მაგრამ ახლა ისეთ ტიპს ვხვდები...
– მართლა? – ყური ცქვიტა ნინიმ, – და ამას მიმალავდი? მანდედან უნდა დაგეწყო. მოდი, მოყევი, ვინ არის?
– მარტო სახელი ვიცი, მაგრამ... ნუ, როგორ აგიხსნა, შეუდარებელია.
ნინის გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
– მოიცა, რას ნიშნავს – მარტო სახელი იცი, იწექი უკვე მასთან?
ირინკა შეყოყმანდა.
– ჰო, – გამოტყდა ბოლოს უხალისოდ, – ამას რა მნიშვნელობა აქვს.
– გოგო, მნიშვნელობა როგორ არა აქვს... არ უნდა იცოდე, საქმეს ვისთან  იჭერ? შენგან მიკვირს ძალიან.
– ხომ გითხარი, ვერ აგიხსნი-მეთქი. ძალიან განსხვავებული ვინმეა. ისეთი ძალა იგრძნობა მასში და ისეთი ენერგია?! თან ძალიან დახვეწილია. რამდენჯერმე შევხვდით და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ის არის, ვისაც ვეძებდი.
– რანაირად? თითქმის არ იცნობ... სექსს თუ არ ჩავთვლით.
– ცოლი არ ჰყავს...
– ვინ გითხრა? – გაეღიმა ნინის, – ირინკა, ასეთი გულუბრყვილო რომ არ იყავი?! ოღონდ არ მითხრა, რომ შეგიყვარდა.
– არა, სიყვარული არაფერ შუაშია, – იუარა ირინკამ, – ჭკუა ვისწავლე და უკვე ვიცი, რომ სიყვარული ბრიყვებისთვის მოგონილი მითია.
– გოგო, იქნებ ქალების ხარჯზე ცხოვრობს?
– გამორიცხულია. ჩემი ამბავი ხომ იცი?! უკვე შევაფასე, თანაც უიქენდზე ძალიან ძვირად ღირებულ სასტუმროში დამპატიჟა.
– რატომ არ წახვედი?
– ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმ კრეტინმა შემაწუხა და რომ არ შევხვედროდი, არ შეიძლებოდა. თან, შენი ნახვაც მინდოდა. ეს ყველაფერი რომ არ მომეყოლა, გული გამისკდებოდა.
– იმ კრეტინმა, რაო?
– ხომ გითხარი უკვე, ისევ „პრავებს მიკაჩავებს“. იმ დროშია ჩარჩენილი. ჰგონია, რამე შეუძლია ან რამეს მიაღწევს. როგორ მძულს... არა, კი არ მძულს, საკუთარ თავს ვერ ვიტან, მაგისი ცოლი რომ ვიყავი, – ირინკამ თავი გადააქნია და სიგარეტს მოუკიდა.
***
ნიკამ დიდ ლანგარზე ნამცხვრები დააწყო და მაგიდასთან მივიდა.
– ქალბატონებო, ყავის დალევას ვერანდაზე გთავაზობთ. სასიამოვნო სიგრილე და არაჩვეულებრივი ხედია. ბავშვებს მე მივხედავ.
სოფომ მადლიერი ღიმილით შეხედა ქმარს და ანას გადაულაპარაკა:
– ზოგჯერ ისეთი საყვარელია... მაგრამ, მხოლოდ ზოგჯერ. თუმცა ქმარი მაინც კარგია.
– ჰო, მეც ასე ვფიქრობდი, – ანამ ამოიოხრა და ისევ მოეჩვენა, რომ სადღაც ახლოს ლაშა იცინოდა, – დავლიოთ ყავა. მერე ზემოთ ავალ, ბავშვს დავაძინებ და მეც დავწვები. გზამ ძალიან დამღალა.
ვერანდაზე ნიკა ვიღაც ძალიან სიმპათიურ მამაკაცს ელაპარაკებოდა, თან იქვე მორბენალ ბავშვებს აწყნარებდა.
– ჰო, რა... ცოლ-შვილით ჩამოვედი. ცოტას დავისვენებთ-მეთქი. მეგობარიც გვახლავს. შენ?
– საქმიანი შეხვედრა გვაქვს პოტენციურ ინვესტორთან. კონფიდენციალური. ხვალ წავალ.
– დარჩი და გავერთოთ, – შესთავაზა ნიკამ.
– არა, ძმაო, ჩემი ამბავი ხომ, იცი?! თან, შენ ოჯახთან ერთად ხარ. ჩემი პარტნიორიც „ნაშასთან“ ერთად გამეჩითა. – ხელი ჩაიქნია და გაიცინა.
– შენ თქვი და გიპოვით ვინმეს, –  გაეცინა ნიკასაც.
„ვინმე“ რომ არ მინდა, იმიტომაც ვარ აქამდე მარტო.
ნიკა შემობრუნდა და მამაკაცს სოფო წარუდგინა.
– გაიცანი, ვახო, ეს ჩემი ცოლია, სოფო. ეს მშვენიერი ქალბატონი კი, ანაა... მეტად საჭირო ვინმეა, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის დირექტორი.
– მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორი, – ნაძალადევად გაიღიმა ანამ და მამაკაცის გაწვდილ ხელს თავისი მიაგება. კაცი აშკარა აღფრთოვანებით შესცქეროდა.
– მეც მინდა ასეთი აღმასრულებელი დირექტორი მყავდეს. ჩემს კომპანიაში არ გადმოხვიდოდით? მედიცინაზე ნაკლებად საინტერესო არ არის მშენებლობა.
– გმადლობ, მოვიფიქრებ, – თავაზიანად მიუგო ანამ და სოფოს მიუბრუნდა, – ყავა არ დავლიოთ?
– ვგიჟდები, ასეთ კორექტულ უარზე, – ვახომ ანას გულდაწყვეტილი მზერა შეავლო და ნიკას მხარზე დაჰკრა ხელი.
– წავალ მე, ხელს აღარ შეგიშლით. გამიხარდა, რომ გნახე. კარგია ოჯახი.
– ყავა მიირთვით ჩვენთან ერთად, – მოულოდნელად შესთავაზა სოფომ.
ვახოს აშკარად გაუხარდა. სახე გაუნათდა, მაგრამ მაშინვე არ დათანხმდა.
– რა ვიცი. მართლა არ შეგიშლით ხელს? იქნებ ერთად ყოფნა გინდათ, უცხოების გარეშე?
– არა, რას ამბობ. მოდი, მოდი, ცოტა ბრენდიც დავლიოთ. მოგვიხდება, – დაფაცურდა ნიკა, – აღფრთოვანებული იმით, რომ მარტო ქალების საზოგადოებაში არ მოუწევდა ყოფნა.
– ანა, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნება, თუკი ვახო, რომელიც მართლა კარგი ადამიანია, ჩვენთან ერთად დალევს ყავას.
– არა, რა თქმა უნდა... – ანა გაფანტული პასუხობდა. ისევ იმაზე ფიქრობდა, მართლა გაიგონა ლაშას ხმა თუ მოესმა. არც შეუმჩნევია, როგორი აღფრთოვანებით შესციცინებდა ვახო. მთელი საღამო, სანამ ყავას სვამდნენ, თვალი არ მოუცილებია მისთვის. სოფო რაღაცას ყვებოდა. ამ მონაყოლიდან ანას ერთი სიტყვაც არ გაუგონია. ერთ საათში ყველას დაემშვიდობა, ლილუს ხელი მოჰკიდა და ნომერში ავიდა.
ვახომ ისე გააყოლა თვალი მიმავალს, რომ ნიკას ხმამაღლა გაეცინა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა სოფომ, რომელიც ბავშვს ჟაკეტს აცმევდა და ნომერში ასაყვანად ემზადებოდა. ამიტომ, არც ვახოს დაუფარავი ინტერესი შეუმჩნევია ანას მიმართ.
– ჩვენს ვახოს შენი შეფი მოეწონა. გამოტყდი, ვახო, მოგხიბლა ანამ? ისე, მართლა კარგი ქალია, ლამაზი ფეხები აქვს.
– ნიკა! – წყენით შესძახა სოფომ, – გეყოფა.
ვახო გაწითლდა.
 – რა ვთქვი განსაკუთრებული? – მხრები აიჩეჩა ნიკამ, – ან რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ კაცს ქალი მოეწონა. ქმარს გაცილებულია, ერთი გოგო ჰყავს. სწორედ ის მშვენიერი არსება, ნომერში რომ აიყვანა ახლა. კიდევ რა გაინტერესებს?
სოფომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ვახოს დაემშვიდობა.
– ნახვამდის. ბავშვს ეძინება, საუზმეზე შევხვდებით, ალბათ... ჩემს ქმარს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ზოგჯერ ზედმეტი მოსდის ხოლმე.
– იცი, რამდენი ხანია, ამ კაცს ვიცნობ? – ნიკამ სასმელი მოწრუპა და სოფოს ვახოზე მიუთითა, – ძლივს ვნახე, რომ ქალი მოეწონა. ამ შანსს როგორ დავუკარგავ. შენ წადი, საყვარელო. ჩვენ ცოტას კიდევ დავლევთ და ამოვალ.
– იცოდე, ნაკლები დალიე და ანაზეც ნაკლები იჭორავე, – გააფრთხილა სოფომ. ქმარს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ბავშვთან ერთად ლიფტისკენ წავიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3