კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა სალომე ფაჟავა პოპულარული გოგონა ერთ დღეში და რატომ ცეკვავენ უცხოელი მსაჯები ხალიჩაზე მისი გამოსვლის დროს

ბაქოში, პირველ ევროპულ ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა ტანმოვარჯიშემ, 17 წლის სალომე ფაჟავამ, რაჭულ მელოდიაზე შესრულებული ნომრით ნამდვილი ფურორი მოახდინა – მიუხედავად უძლიერესი კონკურენციისა, სპორტულ ტანვარჯიშში, სპორტის ამ ურთულეს სახეობაში,  ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მისი გამოსვლის ვიდეომ  სოციალური ქსელი დაიპყრო და საგზურიც მოიპოვა რიო-დე-ჟანეიროში საასპარეზოდ.

სალომე ფაჟავა: ათი წელია, მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდივარ. ამ სპორტისთვის საკმაოდ გვიან, 7 წლიდან დავიწყე ვარჯიში. თან, არ მქონდა მონაცემები, არ ვიყავი „რბილი”, რაც ამ სპორტს სჭირდება. უბრალოდ, ვიყავი ცელქი და სპორტული. მოზღვავებული ენერგია რომ დამეხარჯა, ტანვარჯიშზე შემიყვანეს და, ვერავინ წარმოიდგენდა, ამხელა წარმატებებს თუ მივაღწევდი. მაშინ რუსეთში ვცხოვრობდით და, დედაჩემის მეგობარმა რომ მნახა, როგორი ცელქი ვიყავი, დედას უთხრა, ეს ბავშვი ისეთ სპორტზე შეიყვანეთ, რომ ვარჯიშით დაღალონ და ენერგიაგამოცლილმა სახლში მაინც დაგასვენოთო (იცინის). თუმცა, პირველივე დღეს მივხვდი, რომ მხატვრული ტანვარჯიში ჩემია და მომინდა ყველაფრის ათვისება და კეთება. უნდა გენახათ, როგორ ვიწელებოდი, „შპაგატში” რომ ჩავმჯდარიყავი (იცინის). რაც შეეხება სახლში დაწყნარებას, პირიქით, სულ გადავირიე – იმავეს ვაკეთებდი, რასაც დარბაზში: ვვარჯიშობდი, ვხტუნავდი, მალაყებზე გადავდიოდი.
–მწვრთნელები თუ წინასწარმეტყველებდნენ მომავალში შენს ასეთ წარმატებებს? მათ თუ ჰქონდათ იმედი, რომ ცელქი, პატარა, მოუსვენარი გოგონა, ერთ დღესაც, ხალიჩაზე „გიურზებით,” ბურთითა და ლენტით ხელში სასწაულებს მოახდენდა?
– მწვრთნელებს ძალიან მოვწონდი, ჩემი მოუსვენრობის და აქტიურობის გამო. დედაჩემი კი მეუბნებოდა, არ გაქვს მონაცემები, რად გინდა, ტყუილად კარგავ დროს, ამ სპორტს მაინც არ გაჰყვებიო, მაგრამ, ბებიას დავყავდი ჩუმად. მეც, უბრალოდ, ვვარჯიშობდი და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. ეს მოსკოვში ხდებოდა, მე იქ ვარ დაბადებული და გაზრდილი. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჩემი ოჯახი თბილისში დაბრუნდა და აქ განვაგრძე ვარჯიში. 11 წლის ვიყავი, საქართველოს ჩემპიონატზე რომ გამოვედი, მაშინ შემამჩნიეს და ამიყვანეს საქართველოს ნაკრებში. მართალია, რუსეთშიც გამოვდიოდი, მაგრამ, საერთაშორისო ტურნირებზე არ გავსულვარ. საქართველოს ნაკრებში მოხვედრამ კი უდიდესი სტიმული მომცა – დავიწყე სერიოზული, ყოველდღიური მზადება გაცდენების გარეშე და პირველივე შეჯიბრებაზე ბულგარეთში მეორე ადგილი ავიღე. ეს პირველი სერიოზული წარმატება გახლდათ. მიმაჩნია, რომ მხატვრული ტანვარჯიში ლამაზი სპორტია, გოგოს უხდება, თუმცა, კოლოსალურ შრომას მოითხოვს. საყურებლად ლამაზია, მაგრამ ვარჯიშის დროს ყველა კუნთი იჭიმება და გაუსაძლისი ტკივილები იცის. მე თვითონ სამი წელია, ტრავმა მაქვს, „დაღლილობის მოტეხილობას” ეძახიან – ეს დაავადება დამიდგინეს.
– ანუ, როცა ბაქოში გამოხვედი ხალიჩაზე ევროპულ ოლიმპიურ თამაშებზე და, ცეკვა-ცეკვით, რაჭულის ჰანგებზე ასრულებდი სპორტულ ილეთებს, მაშინაც ტრავმა გქონდა?
– დიახ, მაგრამ, გამაყუჩებლები მქონდა გაკეთებული. ბაქოში რომ ჩავედი, ტურნირის წინა დღეს, ვარჯიშის დროს, მარცხენა ტერფი დამეჭიმა და ტკივილი დამეწყო; არ მივაქციე ყურადღება, ვიფიქრე, გამვლის-მეთქი და გავაგრძელე ვარჯიში, მეორე დღეს ისეთი გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, რუსეთის გუნდის ექიმს ვთხოვე დახამრება. მან გამაყუჩებელი გამიკეთა და მითხრა, ეცადე, ფრთხილად იმოძრაოო. მწვრთნელებმაც მითხრეს, მხოლოდ რამდენიმე ილეთი გააკეთე, არ დაძაბო კუნთები და გამოეთიშე შეჯიბრებასო. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ, ხალიჩაზე რომ დავდექი და მუსიკა ჩაირთო, ტკივილი საერთოდ აღარ მახსოვდა. არ დავნებდი და ბოლომდე, ფინალამდე გავედი. რაჭულ მელოდიაზე „გიურზებით“ გამოსვლამ ბაქოში დიდი წარმატება – მესამე ადგილი და სახელი მომიტანა. მერე კი ვეუბნებოდი მწვრთნელებს: აი, რომ ვამბობდი, ყველაფრის მიუხედავად გავიმარჯვებდი, არ გჯეროდათ, მაგრამ, ხომ დავამარცხე ტკივილი-მეთქი (იცინის).
– ვინ შეგირჩია გამოსვლისთვის რაჭული მელოდია და, სოციალურ ქსელში შენი გამოსვლის გაზიარებები რომ ნახე, რა რეაქცია გქონდა?
– თავიდან, მწვრთნელებმა რომ მითხრეს, რაჭულზე უნდა გამოხვიდეო, ვიფიქრე, ეს როგორ უნდა შევძლო-მეთქი, მაგრამ, ხალხს მოსწონს ქართული ელემენტები – ცეკვა და კულტურა, თუნდაც სპორტში. ვუყურებდი „სუხიშვილების” გამოსვლებს, იქიდან ვიღებდი ილეთებს და დღე დაღამე რაჭულს ვცეკვავდი, საწოლშიც კი (იცინის). საერთოდ, ძალიან სწრაფი ვარ, რაც მხატვრულ ტანვარჯიშში აუცილებელია და ძალიან იგებს. ვხუმრობ ხოლმე, ჩემი მეგრული ჯიში ხალიჩაზე მადგება-მეთქი (იცინის). მოკლედ, იმდენს ვვარჯიშობდი, კუნთები მტკიოდა.სოციალური ქსელი რომ გავხსენი და ჩემი გამოსვლის ნახვები ვნახე, უამრავი გაზიარება და კომენტარი წავიკითხე. იმდენი თბილი სიტყვა და მილოცვა დამხვდა, თვალებს არ დავუჯერე. ვიფიქრე, აქამდეც გამოვდიოდი და ნეტავი, ახლა რა მოხდა-მეთქი. ჩვენთან მხატვრული ტანვარჯიში ძალიან დაკარგული სპორტული სახეობაა და, მივხვდი, რომ ბაქოში გამოსვლამ ჩემს ქვეყანაში, ერთ დღეში მაქცია პოპულარულ გოგონად. ბიჭები მწერდნენ, რა მაგარი გოგო ხარ; რომ ჩამოხვალ, შეგვხვდი;  გვითხარი, როდის მოდიხარ და აეროპორტში დაგხვდებითო (იცინის). უნდა აღვნიშნო, რომ ბაქოში გამოსვლას დაემთხვა 13 ივნისის ტრაგედია, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ, უფრო მომემატა ძალა და ეს გამოსვლა ჩემს ქვეყანას მივუძღვენი –  მე მეტით ვერაფრით დავუდგებოდი გვერდით. ძალიან რთულია სამეულში მოხვედრა და, რუს, ებრაელ, ბელორუს და უკრაინელ კონკურენტებთან შეჯიბრება, მაგრამ მე ეს შევძელი. ასე რომ, ბაქოში წარმატება 13 ივნისის ტრაგედიას მივუძღვენი და ეს განცდა ჩემს გამოსვლაშიც იგრძნობოდა. დავრწმუნდი, ხალიჩა ჩემი მთელი ცხოვრებაა და მის გარეშე სუნთქვა არ შემიძლია. 2016 წელს ოლმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში ტარდება და ახლა მთლიანად იმაზე ვარ გადართული. სხვათა შორის, იმდენად მოსწონთ „რაჭული”, რომ, შეიძლება, იქაც ეს წავიღო. უნდა ნახოთ, მე რომ ხალიჩაზე გამოვდივარ, უცხოელი ჟიურის წევრები ადგილზე ცეკვავენ (იცინის). ერთი პერიოდი შევცვალე და „ხანჯლურით“ ჩავანაცვლე, მაგრამ, მწვრთნელებმა მთხოვეს, ჩვენი „რაჭული“ დაგვიბრუნე, შენთან ერთად ცეკვა გვინდაო (იცინის). ქართული მელოდიებით როცა გამოვდივარ, დიდი დოზით იღვიძებს ჩემში გენეტიკა და ტემპერამენტი.  მინდა, სპორტის ამ სახეობაში  ვიყო პირველი ქართველი გოგონა, რომელსაც მსოფლიო გაიცნობს. მსოფლიოს საუკეთესო ათეულში თუ მოვხვდი, მაშინ ვიტყვი, მაგარი ვარ მეთქი.
– იმაზე არ გიფიქრია, რომ ყველაზე ახალგაზრდა პენსიონერი იქნები?
– (იცინის) ვხუმრობ ხოლმე, 25 წლის ასაკში უკვე მოხუცი ვიქნები-მეთქი. ამ სპორტში, წლოვანების მხრივ, რეკორდს ხსნის კაროლინა როდრიგესი, რომელიც 28 წლისაა და ჯერ კიდევ ასპარეზობს. ზოგადად კი, მხატვრულ ტანვარჯიშში მაქსიმუმ 25 წლამდე შეიძლება ხალიჩაზე გამოსვლა. ასე რომ, მგონი, ერთადერთი ახალგაზრდა პენსიონერი ვიქნები  საქართველოში, რადგან ერთ წელიწადში შვიდი წელი მემატება (იცინის).

скачать dle 11.3