კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხრიკი მოუწყო ალეკო ახვლედიანს ცოლმა წლების წინ და რა აკავშირებს მას ცნობილ მილიონერ ტარიელ ვასაძესთან

ბოლო ერთი წელია, ალეკო ახვლედიანი საზოგადოების  განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა – ოლიმპიური თამაშების ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს არც   მითქმა-მოთქმა  დააკლდა და არც ხმაურიანი ჭორები, თუმცა, თავად, ოლიმპიური თამაშების ფესტივალის სამზადისში ჩართულს,  ბევრი არაფერი ესმოდა, ამბობს, რომ „თბილისი 2015” მისი ცხოვრების  ყველაზე დიდი რისკი იყო, თუმცა, მის შრომის წიგნაკში, რომელიც ათეული წლის წინ პროკურატურის სტაჟიორის პოზიციით გაიხსნა, ბევრი სხვადასხვა პროფილის სამსახურია. როგორ ააწყო ბიზნესი უკრაინაში,  ვინ არის ქალი, ვინც მას  ყოველთვის ზურგს უმაგრებს და რა „პირობა” დაადებინეს მას დაბღვერილმა სვანებმა, ამის შესახებ თავად ჩვენი რესპოდენტისგან შეიტყობთ. 

– ბატონო ალეკო, თქვენი „შრომის წიგნაკი“ საკმაოდ მრავალფეროვანია. სად და როგორ გაიხსნა ის და როგორ მოხვედით აქამდე?
– როდესაც  იურდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მუშაობა დავიწყე პროკურატურაში, ვაკის პროკურორის თანაშემწედ. დღეს  ბევრს წერენ – მაგას პროკურატურაში დაიბარებენო, მაგრამ, ამის არ მეშინია –  პროკურატურაში მაქვს  გატარებული  ცხოვრების დიდი ნაწილი. თავიდან ვიყავი სტაჟიორი საზოგადოებრივ საწყისებზე. დღე-ღამეში 15 მკვლელობა გვქონდა, იმ პერიოდმა შემაძულა  პროკურატურის უწყება. მაშინ ვთქვი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და პროკურატურიდან გადავედი დიპლომატიურ სამსახურში, ვმუშაობდი თურქეთში და, როცა ჩვენი ჯგუფი იქ ჩავიდა, ჩვენ არც საელჩო გვქონდა, არც არაფერი. ამის შემდეგ მე გადავედი სომხეთში სამუშაოდ, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში; შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, დავიწყე მუშაობა საგადასახადო სამსახურში, საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე. 27 წლის ასაკში ვიყავი ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, შემდეგ მუშაობის გაგრძელება მომიწია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც, ყველაზე რთულ პერიოდში, 2003 წლის ცნობილი მოვლენების დროს, რამდენიმე დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი.
– თბილისის მეტროში როგორ აღმოჩნდით?
–   შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს  მე თვითონ მოვითხოვე, ცოტა ხანს დამესვენა. „დასვენება” აღმოჩნდა მეტროპოლიტენი, სადაც ჩვენ  რვა თვეში შევქმენით ქარხანა, რომელმაც დაიწყო მოდერნიზებული ვაგონების გამოშვება. ეს ვაგონები დღესაც გამოიყენება როგორც ჩვენს, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების მეტროშიც. მე მიყვარს სიახლე, არ მეშინია რისკის, რომელიც ხანდახან შეიძლება სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.  45 წლის ცხოვრება ისე დავდე „თბილისი 2015-ზე”, არ დავფიქრებულვარ.  ეს  მაინც ყველაზე დიდი რისკი იყო.  ვაგონების თემას რომ არ გაემართლებინა,  მაშინ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და დროც მქონდა „გამოსასწორებლად”,  ახლა კი ამ რისკს სხვა „ფასი“ ჰქონდა.
– ბიზნესს, რომელიც უკრაინაში გქონდათ, დღეს ვინ მართავს?
–  ჩემი პარტნიორები, რომლებსაც ჩემი რეჟიმის გამო თბილისში უწევთ ხოლმე სირბილი გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად  და ანგარიშების გასასწორებლად (იცინის). ახლა მაინც უნდა მოვიცალო ჩემი საქმეებისთვის. ბიზნესი მაქვს როგორც უკრაინაში, ასევე სლოვენიაში. ეს დღემდე წარმატებული ბიზნესია, რომლითაც მე ვცხოვრობ. ემიგრაციაში ექვსი წელი ვიცხოვრე. იქ ცხოვრება ადვილია, სანამ არსებობის პრობლემა გაქვს, მაგრამ, როგორც კი ამ პრობლემას მოაგვარებ და უზრუნველყოფილი ხარ, მერე იწყება განსაკუთრებული ნოსტალგია – სხვაგან ვეღარ ძლებ.  მიკვირს იმ ადამიანების, ვინც უამრავ კითხვას სვამდა ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე. მათ შეუძლიათ, ამოიღონ ჩემი ქონებრივი დეკლარაცია –  რამდენი მაქვს შემოსავალი და მერე თქვან, ღირს თუ არა გარისკვა და ავტორიტეტის შელახვა იმ  „თანხებად,” რასაც მე მაბრალებდნენ.  არ მესმის, რატომ უკვირთ ჩემი ქონებრივი ცენზი, არც ვიმართლებ თავს –  ოღონდ თავი დამანებონ და, რასაც მაბრალებენ, იმას ვაჩუქებ.  სლოვენიაში მაქვს აიტი ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც სატრანსოპორტო, ისე სხვადასხვა მიმართულების  მქონე კომპანიებთან. ჩვენი უკრაინული კომპანია „ლოტის”აწყობილია პრაღის მეტროპოლიტენი.  აქტიური  ხასიათი  ყოველთვის მქონდა. დოლიძეზე ვარ  გაზრდილი, დავამთავრე 61-ე სკოლა, სადაც დედა იყო მასწავლებელი. ბაბუაც ფილოლოგი მყავდა, მისი ძმა იყო გიორგი ახვლედიანი – უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ფილოლოგის ოჯახში გაზრდილი კი ვარ, მაგრამ,  ყველაფერი მაქვს გავლილი:  ისიც, როგორ ვერ ვიყოფდით ვაკელები და დოლიძელები „მზიურის” პარკს; ხილიანის მილის „დაცვა” დღემდე მახსოვს (იცინის).
– ცნობილ ქართველ მილიონერთან, ტარიელ ვასაძესთან, მოყვრული ურთიერთობა გაქვთ. საქმიანი პარტნიორობაც გაკავშირებთ?
–   აქტიური საქმიანი კავშირი არ გვქონია, თუმცა, გადაკვეთილა ამ მხრივ ჩვენი გზები. ჩვენ ვართ მოყვრები,  ჩვენ გაგვაჩნია რამდენიმე მილიარდზე მეტი ქონება, ეს არის ჩვენი შვილიშვილი – დავითი, რომელმაც საოცარი ბედნიერება განმაცდევინა. ხანდახან მიხარია, რომ ის უკრაინაში ცხოვრობს, რადგან, რომ წარმოვიდგენ ხოლმე, ის თბილისში იყოს და მე ის რეჟიმი მქონოდა, როცა სახლში დღეები ვერ მივდიოდი, ალბათ, ამას ვერ გავუძლებდი.
–  მეუღლე როგორ  იტანს თქვენს ასეთ რეჟიმს?  როგორც ვიცი, ადრე მძლეოსნობაზე ეჭვიანობდა, ახლა კი ეს  „ასპარეზი” გაიზარდა  და    სხვა   სპორტული ოლიმპიური სახეობებიც  გაჩნდა.
–  ჩემი მეუღლე ადრე ეჭვიანობდა სპორტის დედოფალზე – მძლეოსნობაზე. მოგეხსენებათ, 2011 წლიდან მძლეოსნობის პრეზიდენტი ვარ, თუმცა უფრო ადრეულ ასაკში იყო  ფეხბურთიც. მე და ჩემს მეუღლეს ასეთი ცხოვრება გამოგვივიდა –  დაახლოებით ოცი დღე იქნება, არ მინახავს, თუ არ ჩავთვლით ხუთწუთიან შეხვედრებს. ახლა ოჯახიდან ვარ ემიგრაციაში, თუმცა ეს საქმე ამად ღირდა (იცინის). მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე არის  ადამიანი, რომელმაც მე შემქმნა. რომ არა ის, მე ვერაფერს გავაკეთებდი.  26 წელია, ერთად ვცხოვრობთ და სულ მიკვირს ის, რომ იგი გაცილებით „დიდია” ჩემზე და, ალბათ, ამანაც მომცა სტიმული, წავსულიყავი მეტ რისკზე, რადგან, სულ ვიცოდი, რომ ჩემს ზურგს უკან ჩემი ოჯახი  დაცული იყო  მისი სახით. ოჯახი მთლიანად მასზე მქონდა და მაქვს გადაბარებული. მისი საქმეა ბავშვები, ოჯახის  საქმე,  საიუველირო ბიზნესი და ყველაფერს ბრწყინვალედ უძღვება. ახლა პატარა შვილები მოხალისეებშიც გვყავდა ჩართული, ასე რომ, ყველანი აქ ვიყავით. ფესტივალზე „ვიაიპი” სტუმრებისა და მათი ცოლების მასპინძლობაც მას შევუთავსე და გადასარევად გაართვა თავი. სვანია და, ალბათ, ამიტომაცაა ასეთი მაგარი და რკინის ნერვების. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, რომ 26 წელი გავუძელი სვანების სიძეობას, თან, ორი ცოლისძმა მყავს. როდესაც ცოლი მოვიყვანე, ორი დაბღვერილი სვანი დამხვდა: როგორ გაბედეო – ეგრევე „გამიფორმეს” სიტყვიერი კონტრაქტი (იცინის). თვითონაც კარგი ხრიკი მომიწყო მაშინ, როცა ცოლად მომყავდა. ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი, ყველაფერი ბედია: ბორჯომში ორი დღით ჩასულმა სასტუმრო „თბილისში” ვნახე შემთხვევით და, შემიძლია, დავიფიცო, მაშინვე ვთქვი, ეს გოგო ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი. იმავე დღეს გავიცანი და მომატყუა, მეც ახვლედიანი ვარო. ეს იყო ჩემთვის შოკი. თბილისში დაბრუნებული ხუთი დღე იმას ვფიქრობდი, რომელი ქვეყანა ამერჩია საცხოვრებლად, რომ ეს სირცხვილი ჩამომერეცხა – ახვლედიანმა ახვლედიანი მოიყვანა ცოლად. მალე კი გავიგე, რომ ეს მისი ხრიკი იყო, ზედმეტად თავი რომ არ მომებეზრებინა. ასე გავხდი არღვლიანების სიძე (იცინის).  
– ოლიმპიადა დასრულდა. რამდენად კმაყოფილი ხართ მისი სტანდარტით?
– ჩვენ პირობა გვქონდა დადებული, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო ოლიმპიური ფესტივალი, მაგრამ ყველამ ერთად მოვისმინეთ მთავარი შემფასებლის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის,  პატრიკ ჰიკის შეფასება, რომ ეს იყო ფანტასტიკური ოლიმპიური ფესტივალი. აღინიშნა ისიც, რომ „თბილისი 2015-მა” ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში დააფუძნა ახალი სტანდარტი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველომ მსოფლიო და ევროპის რუკაზე დაიმკვიდრა ადგილი როგორც ქვეყანამ, რომელიც მაღალი დონის მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. ეს მისია შესრულებულია.  მე, როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს, მქონდა დიდი პასუხისმგებლობა და, არ დაგიმალავთ, რომ საკმაოდ ვღელავდი კიდეც, როგორ ჩატარდებოდა ყველაფერი, თუმცა, მთელ ამ პერიოდში ჩემთვის ყველაზე ემოციური იყო ის მომენტი, როცა  საბერძნეთში, ათენში, გადმომცეს ოლიმპიური ცეცხლი. სანამ ცეცხლს გადმომცემდნენ, როდესაც ქურუმი ლოცულობდა, ვფიქრობდი, ნეტავ დიდხანს ილოცოს-მეთქი. შინაგანად ვცახცახებდი, წარმოიდგინეთ, უძველეს სტადიონზე გამოდის ადამიანი, რომელიც ამბობს: „ღმერთო, გადმომეცი  ცეცხლი თბილისისთვის.” ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჯადოსნურ მაგიაში ვიყავი გახვეული. 
– ეს ცეცხლი, თბილისში, სამწუხაროდ, გაქრა თუ ჩაქრა, დღემდე გაურკვეველია და, ამაზე, უკუღმა დაკიდებულ დროშასთან ერთად, ხალისიანი ისტორიებიც კი შეითხზა. 
–   ვერ დაგეთანხმებით. თუ ვინმეს მიზანია, ამ ფესტივალის მნიშვნელობა სამ ნაპერწკალს გადააყოლოს, ეს მისი პრობლემაა.  მე სულ ვამბობდი, რომ ცეცხლის ანთება მოხდებოდა ორიგინალურად, ვიდრე ეს იყო სხვა თამაშებზე. ეს იყო სიურპრიზი, რომელიც წინასწარ დაიგეგმა, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ აღიქვა. როგორ შეიძლება,  ვინმეს  უჭირდეს ამის დაჯერება, როცა ყველას ნანახი აქვს, რამხელა მონუმენტია დადგმული  კუს ტბაზე – ორ წუთში, თუნდაც ორ საათში, ამ მონუმენტის დადგმა ხომ შეუძლებელი იყო?! ცეცხლი აინთო ზუსტად იქ, სადაც უნდა ანთებულიყო. რაც შეეხება დროშას, ჩვენ ამოვიღეთ ყველა დოკუმენტური  მასალა და კადრი.   გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ თურმე აწევის წინ დროშა დგება საპირისპირო მიმართულებით, რომ მერე „გასწორდეს”. ჩვენი დროშა აღიმართა სწორად, აქ პრობლემა არ ყოფილა.  ზოგადად,  ასეთი ტიპის ლაფსუსები ყველგან ხდება, ამისგან დაცული არცერთი დიდი ღონისძიება არაა. ჩვენ  უკვე გვაქვს დიდი გამოცდილება, ადრე არასდროს გვყოლია ერთად ათასკაციანი დელეგაციები, მარტო ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდა 3 500 ადამიანი,  საორგანიზაციო კომიტეტი მასპინძლობდა  7 000-მდე სტუმარს, რაც ორგანიზაციულად არ იყო იოლი, თუმცა, იმ პირობებით, რაც დახვდათ, ყველა შოკში იყო, იმის მიუხედავად, რომ  ბევრი ოპონენტი გვყავს და გვყავდა, რეალურად ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობდა. პასუხი გაეცა ბევრ კითხვის ნიშანს, რაც აქამდე იყო. დღეს ჩვენ გვაქვს აწყობილი ინფრასტრუქტურა, გვყავს მოხალისეების დიდი ბაზა,  კვალიფიციური სტაფი,  უკვე შეგვიძლია, შევიტანოთ განაცხადი, ნებისმიერ მასშტაბურ ღონისძიებაზე სამომავლოდ.  
–  ახლა საით გაქვთ გეზი?
–  სექტემბრიდან ჩვენ ვიწყებთ  სამზადისს 2016 წლისთვის – ჩვენთან ტარდება  პირველი ევროპული ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ამ უფლების მოპოვება იტალიასთან „ჭიდილში” საკმაოდ რთულ პირობებში მოხდა – მათ აქვთ განსაკუთრებული გართულება, დაკავშირებულები იყვნენ ისტორიაში პირველ პრეცედენტებთან, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ  ამ ბრძოლის მოგება. ეს იქნება, ასევე, მაღალი დონის ჩემპიონატი, რისი გამოცდილებაც უკვე ნამდვილად  გვაქვს.
– თქვენს გატაცებაზეც უნდა გკითხოთ. ამბობენ,  ავტომობილების საოცარი კოლეცია გაქვთ.
– მიყვარს ავტომობილები. უკრაინაში კარგი კოლექცია მაქვს. მანქანა, რომლითაც ვამაყობ, არის ჩემზე ორი დღით „უმცროსი” „მერსედესი”. ყველაფერი ორიგინალური აქვს. ერთი პერიოდი ცხენებით ვიყავი გატაცებული და პატარა იპოდრომიც გავიკეთე,   ცხენის  შესაჯვარებლად კრასნოდარშიც კი დავდიოდი. მერე ისეთი რაღაც შემემთხვა, რომ ძლივს გადავრჩი და მას შემდეგ ცხენებს შეველიე.
–  თქვენი ავტომობილების კოლექცია და ბიზნესი ოდესის გუბერნიის ტერიტორიაზე ხომ არ არის?
–  არა (იცინის), თუმცა, უკრაინაში რაც გამაჩნია, ოდესის გუბერნატორის „დამსახურებაა” – რომ არა ის, მე უკრაინაში ვერ მოვხვდებოდი. ჩემი საქმეები კიევისა და ხარკოვის მიმართულებებზეა და, თუ საშიშ ზონად იქცა და ჩვენი ექსპრეზიდენტი იქამდე მოვიდა,  დანარჩენსაც ევროზონაში გადავიტან (იცინის).

скачать dle 11.3