კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდნენ ქართველი ტყუპი დები ჰოლივუდის ფილმში – „ვარსკვლავური ომები 7“ და რისი გამხელა არ შეუძლიათ მათ

ალბათ, ყველამ იცის ჰოლივუდური, მრავალგზის ოსკაროსანი  ეპიკურ-კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი – „ვარსკვლავური ომები“. ეს ეპოქალური ფილმი, მსგავსი ჟანრის ფილმებს შორის, ნამდვილ რევოლუციად იქცა, რომელმაც გავლენა იქონია ზოგადად ამ კინოჟანრის განვითარებასა და პოპ-კულტურაზე. ფილმს ათი „ოსკარი“ აქვს აღებული და ერთ-ერთ შემოსავლიან ფილმად რჩება დღემდე. „ვარსკვლავური ომები 7“ კინორეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა გადაიღო და სურათი გაქირავებაში 2015 წლის 18 დეკემბერს ჩაეშვება, მასში კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პროფესიით ექიმი ქართველი ტყუპი დები – ლიკა და თეა შენგელაიები მონაწილეობენ.
ვინ არიან ლიკა და თეა, სად ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, როგორ მოხვდნენ ამ ფილმში, როგორი იყო ფილმზე მუშაობის პროცესი, გადასაღები მოედანი, რეჟისორები, მსახიობები – ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ერთ-ერთი ტყუპისცალი და – თეა შენგელაია გვესაუბრა.

– მოსკოვში დავიბადეთ. მამამ  მოსკოვში დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და შესთავაზეს დუბაიში სამსახური. შანსი ხელიდან არ გაუშვა და 3 წლის ვიყავით, 1991 წელს, როცა დუბაიში გადავედით საცხოვრებლად. მამა იქ უკვე 24 წელია, თვალის ექიმად მუშაობს. ჯერ აბუ-დაბიში ვცხოვრობდით და იქ დავდიოდით ინგლისურენოვან  სკოლაში, მერე ისევ – დუბაიში, რაღაც პერიოდი კი მოსკოვშიც ვსწავლობდით სკოლაში. ჩვენი მშობლები იმ პერიოდშიც არაბეთში ცხოვრობდნენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრეთ,  ინგლისური სექტორი. ამჟამად დუბაიში ორივე ჯანდაცვის მენეჯმენტში ვმუშაობთ. ლიკა, ჩემი ტყუპისცალი ლიბანელზე გათხოვდა. პირველი ქართველი ოჯახია ჩვენი, დუბაიში რომ დასახლდა. ზაფხულში ხშირად ჩამოვდივართ საქართველოში. საქმრო მყავს ზუგდიდელი, მალე დაქორწინებას ვაპირებთ და შეიძლება, საცხოვრებლად გადმოვიდე.
– როგორ მოხვდით „ვარსკვლავურ ომებში“?
– ქასთინგი აქაურმა სააგენტომ ჩაატარა.  სულ სხვა ფილმისთვის მივედი, ჩემი ტყუპისცალი კი უბრალოდ, გამომყვა. მე ძალიან მოვეწონე მათ და ლიკასაც სთხოვეს, ქასთინგი გაევლო. დიდი თხოვნის შემდეგ, დათანხმდა. ორ კვირაში დაგვირეკეს და გვითხრეს, ტყუპები გვჭირდება ჰოლივუდურ ფილმში გადასაღებადო. მივედით სხვა ფილმზე და დაგვირეკეს „ვარსკვლავური ომებისთვის“, რადგან ტყუპებს ეძებდნენ კარგი ვიზუალით. ამ ფილმის ქასთინგისთვის ორი მთავარი როლის მსახიობი იყო ჩამოსული – ჯონ ბოიჯი – ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავია და დეიზი რიდლი – არც ისე ცნობილები, მაგრამ „ვარსკვლავური ომები 7-ის” შემდეგ მაგათი პოპულარობა ძალიან გაიზრდება, მოგეხსენებათ, ეს ისტორიაში შესული ფილმია.  ჩვენ დუბაიში ვცხოვრობთ და რადგან აბუ-დაბის უდაბნოში მიმდინარეობდა გადაღება, ოთხი დღით მოგვიხდა იქ გამგზავრება.
– ქასთინგზე მისვლა რატომ გადაწყვიტეთ?
– ხშირად დავდივარ ქასთინგებზე – თუ განცხადება არის და მცალია. ლიკასთვის პირველი იყო... სხვა ფილმებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. აქაური რეჟისორების მიერ გადაღებულ სამ მოკლემეტრაჟიან ფილმში ვითამაშე და ბევრი რეჟისორისგან მიმიღია კომპლიმენტი, რომ მაქვს ნიჭი და თან, ეკრანს ვუხდები. ამან დიდი მოტივაცია მომცა.
– რა დონის ფილმებში გითამაშიათ – ცნობილი ფილმებია?
– არც ისე ცნობილი. უფრო საფესტივალო, მოკლემეტრაჟიანი ფილმებია. ორი მათგანი კანის კინოფესტივალზე გავიდა მოკლემეტრაჟიან ფილმებში. თუ ძალიან კარგად წავიდა ამ სფეროში ჩემი საქმეები, შეიძლება, შევიცვალო კიდეც პროფესია.
– მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობდა გადაღება?
– გადაღების სრული დეტალების გამხელა, კონტრაქტის მიხედვით, არ შეგვიძლია. ისე, ზოგადად, მოგიყვებით. მივედით თუ არა,  ეგრევე წავედით კოსტიუმების მოსაზომად და უბრალოდ, დიალოგები წაგვაკითხეს. გადაღებაზე ყოველი შესვლის წინ, მობილურებს გარეთ,  დაცვასთან გვატოვებინებდნენ. გადაღება ოთხი დღე გრძელდებოდა – დილიდან მზის ჩასვლამდე, რომ მალე მოესწროთ. გადასაღები მოედანი იყო ძალიან მაგარი, საოცრება. იანვრიდან აშენებდნენ, გადაღება კი მაისში მიმდინარეობდა. გადაღებაზე საოცრება იყო ყველაფერი. ფილმზე მომუშავე ჯგუფში 200 კაცზე მეტი იყო. ბოლო დღეს ქარბუქი ამოვარდა და მოგეხსენებათ, უდაბნოში რა საშინელებაა. თვალები ქვიშით გვქონდა სავსე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი, ეპიზოდური როლები გვქონდა, მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი ის ფაქტია, რომ ერთ-ერთმა კოსტიუმების ცნობილმა დიზაინერმა  მაიქლ კაპლანმა ორივეს სახე გამოგვიჩინა. ამ ფილმის ეპიზოდური როლების შემსრულებლისთვის კი ეს არ ხდებოდა. ეს იყო ენით აუწერელი შეგრძნება. ალბათ, უფრო სიზმარს ჰგავდა. მსახიობები, რეჟისორები და პროდიუსერები ჩვენს ირგვლივ ტრიალებდნენ.
– რთულია ასეთ პროფესიონალებთან მუშაობა?
– არანაირად. პირიქით, ძალიან სასიამოვნო იყო.  მკაცრი არ ეთქმით, უფრო პუნქტუალურები იყვნენ. უბრალოდ, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან და უნდათ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე, უნაკლოდ გაკეთდეს. ერთი კადრის გადაღება ნახევარ საათს და მეტ ხანს გრძელდებოდა. შემდეგ კიდევ ასეთი რამ მოხდა: წაგვიყვანეს სპეციალურ ოთახში და  3D ფორმატში გადაგვიღეს ფოტოები. შეიძლება, თქვენი სათამაშოები გამოვუშვათო. ამის შემდეგ ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ჟურნალიდან იყვნენ მოსულები და ჩემი და ლიკას ფოტოსესია მოაწყვეს. ჟურნალის დასახელება ჯერ არ შემიძლია, სანამ ფილმი არ გამოვა. yahoo – movie-შიც დაიწერა ჩვენზე და ბევრ სხვა ინტერნეტ-ჟურნალშიც აღმოვაჩინეთ ჩვენს შესახებ სტატიები, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
– რას წერდნენ?
– ათას რამეს წერდნენ, რომ შეიძლება, ჩვენ გვემღერა. ზოგადად, იცოდნენ, რომ ფილმში ვითამაშეთ. სხვა დეტალები არ იცოდნენ, რადგან არ შეიძლება.
– ვინმესგან კომპლიმენტები თუ მიგიღიათ?
– თვით რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა ჩვენზე კომენტარი გააკეთა. მოვიდა კიდეც და „გაგვეცნო“ – კომპლიმენტები გვითხრა,  რომ ძალიან საინტერესოდ გამოვიყურებოდით. ასევე, მომდევნო დღეებშიც აღნიშნა, რომ ყოველდღე აღფრთოვანებული რჩება ჩვენით. ძალიან უშუალო და კარგი ადამიანია. ამასთანავე, ტომი გორმლი, რომელიც ჯეი ჯეის პირველი ასისტენტ-რეჟისორია, მოვიდა და გვკითხა წარმოშობით საიდან ვიყავით. სულ გვეძახდა „საყვარელი ტყუპებიო“. თავიდან საქართველო – ჯორჯია ამერიკის შტატი ეგონათ. რომ ავუხსენით, შემდეგ ძალიან თავაზიანად და თბილად გვექცეოდნენ. რეჟისორი სულ  აღნიშნავდა, რომ საინტერესო ტყუპები ვიყავით. Tweedle dee და tweedle dums გვეძახდნენ  მეტსახელად, რაღაც მულტფილმის ტყუპი პერსონაჟებია.
– „საინტერესო ტყუპებში“ რას გულისხმობდნენ?
– არ ვიცი, შეიძლება, გარეგნობას. ალბათ, სამომავლოდ, ისევ დაგვიძახებენ რომელიმე ფილმში სათამაშოდ.
– ალბათ, ჰონორარიც მაღალი იყო?
– კი. საკმაოდ კარგი ჰონორარი ავიღეთ.
– ახლა თუ გაქვთ ურთიერთობა რომელიმესთან?
– ახლა ჯერჯერობით, არ გვაქვს. ვნახოთ, ფილმის პრემიერის მერე, როგორ იქნება.
– პრემიერა როდის შედგება?
– 2015 წლის დეკემბერში. პირველ პრემიერაზე არ ვიცი, თუ ვიქნებით.
– როგორც ვიცი, მღერით კიდეც. მოყვარულის დონეზე თუ პროფესიონალი მომღერლები ხართ?
– კი ვმღერით. უფრო მოყვარულები ვართ, თუმცა 9 წლიდან სცენზე გამოვდივართ.  ექსპერიმენტულ ჟანრში – ჯაზი და ეთნო, როკ-ბენდთან ერთად.  healer twins  – ასე ჰქვია ჩვენს დუეტს და ხშირად მუსიკალურ ჩვენებებსა და ივენთებზე ვმღერით.
– დუბაიში ცნობილი მომღერლები ხართ?
– კი. მუსიკალურ სფეროში და ისედაც, საკმაოდ ცნობილები ვართ.
– კლიპები, ალბომი თუ გაქვთ?
– სიდის გამოშვებას  და კლიპის გადაღებას ვაპირებთ. ბენდ „ეგარისთან“ გვაქვს ჩაწერილი ქართული სიმღერა, რომელიც ჩვენ ვთარგმნეთ ინგლისურად. ასევე, ვაპირებთ, ჩვენს მეგობარ ბენდ „სვანსიხთან“ ერთობლივ პროექტს – მუსიკის ჩაწერას, სინგლის გაკეთებას.

скачать dle 11.3