კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოხვდა მოსკოვის უმაღლეს სასამართლოში განსასჯელის სკამზე მოხუცი ჯამბაზი – ვაჟა ნატროშვილი და რატომ ეშინოდა მას ცოლის შერთვის

ვაჟა ნატროშვილმა ცირკის არენაზე  სამოცი  წელი გაატარა – ილეთებს, რომლებსაც ის ასრულებდა მანეჟზე, საბჭოთა ცირკში ბევრი  ვერ ბედავდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლეგენდარულ იური ნიკულინთან, რომელიც მისი პარტნიორიც გახლდათ. ერთ დღეს, როდესაც ცნობილი აკრობატი საყვარელი სამყაროს გარეშე დარჩა, მაინც ვერ შეელია მას და თავისთვის, ახლო წრეში კვლავ მოირგო კლოუნის  ნიღაბი. ახლაც იმას აკეთებს, რასაც წლები ემსახურა. თუმცა, ახლა   დიდი აუდიტორიის გარეშე, რაზედაც ჩვენი რესპონდენტი  განსაკუთრებით  წუხს. 

ვაჟა ნატროშვილი: ძალიან პატარა ვიყავი, როცა, როგორც აკრობატი, იქ მიმიწვიეს.  აკრობატიკაზე ჩემი ძმის გავლენით მივედი,  3-4 წლის ვიყავი. ჩვენი სასწავლებლიდან  არაერთი დამსახურებული სპორტსმენი გამოვიდა. ისეთი მაგარი მასწავლებელი   გვყავდა, ერთ დღეს რომ გავაცდენდი სასწავლებელს, სახლში მოდიოდა  ჩემი ამბის გასაგებად. სპორტსმენობა მინდოდა, გავხდი კიდეც სპორტსმენი. ახალგაზრდა ასაკში,  1955 წელს  საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება მივიღე. ჩემი პარტნიორი იყო გოგი დევდარიანი – ანტონ კათალიკოსის შვილი.  მოსკოვში ცნობილ დეკადაზე ჩვენი ოთხეული უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდა. 82 წლის ვარ, მაგრამ დოკუმენტებში 80 წელი მიწერია. როცა დედა და მამა ზემო მაჩხაანიდან, სადაც მე დავიბადე, თბილისში ჩამოვიდნენ, ჩემი დოკუმენტები დაკარგეს. ახალ დოკუმენტებში ჩემს ძმას სამი წელი მოუმატეს, მე ორი დამაკლეს. ამიტომაც იყო ჩემი დაბადების წელი სულ გაურკვეველი.  ორივე მშობელი  ნატროშვილი მყავდა  გვარად.  რომ ვეტყოდი ხოლმე დედას, მამას ცოლად რატომ გაჰყევი, შენი მოგვარე იყო-მეთქი, მახსოვს მეუბნებოდა: თითქმის მთელი სოფელი ნატროშვილი იყო და აბა, ვის გავყოლოდიო.  როცა ცირკში მიმიწვიეს, მაშინ ცირკის მანეჟის მიმართ  არაფერს ვგრძნობდი? მერე ცირკი გახდა ჩემთვის სახლი, სამყარო,  რითაც ადამიანი არსებობს. ცირკი ჩემთვის  იყო  ყველაფერი,  მე კი  გავხდი ამ სამყაროს „ტყვე.”
– თქვენზე საოცარი ამბები გვსმენია. აკეთებდით ილეთებს, ვერავინ რომ ვერ აკეთებდა საბჭოთა ცირკში.
–  მე მქონდა ნომრები, რომელსაც არათუ ვინმე აკეთებდა,  მის მსგავსზეც კი ვერ იოცნებებდნენ.  უზომოდ თამამი და რისკიანი ვიყავი. მაშინ ჩვენ ძალიან მაგარი ცირკი გვქონდა, მთელ საბჭოთა კავშირში  გვიცნობდნენ. ახლა სოფლებში კლოუნს რომ დაინახავენ ბავშვები, შიშით გარბიან. ადრე ასე კი არ იყო. როცა საქართველოს დამსახურებული მსახიობი გავხდი, ვაჟა აზარაშვილმა მუსიკაც კი დამიწერა ერთი ნომრისთვის, რომელსაც პარტნიორ გოგოსთან ერთად ვასრულებდი. ასე მომილოცა  ვაჟამ საქართველოს დამსახურებული მსახიობის წოდება.  კულტურის მინისტრის მოადგილე იყო გამრეკელი, ისე ვუყვარდი,  სტუმარს, ვინც არ უნდა ჰყოლოდა, ჩემ გამო მიატოვებდა ხოლმე.  მაშინ  პირამიდებს ვაკეთებდი, ხალხი გაოცებული იყო – მეკითხებოდნენ, ეს როგორ გამოგდისო. ამასთან შედარებით „ტროსზე” სიარული არაფერი იყო.  საბჭოთა კავშირში ყველაზე ძლიერი ნომრები მქონდა, როცა გავაკეთე დუეტი. ერთ ნომერში რვა მანეთს ვიღებდი, ეს კარგი ფული იყო. ჩემზე დიდი მოთხოვნა გახლდათ – ამბობდნენ, ჰაერში გადატრიალება მოახდინაო. ჰაერში კბილებით ტრაპეცია მეჭირა, მკვდარი წერტილიდან, ცირკის ყველაზე მაღალი სიმაღლიდან ხტებოდა  ჩემი პარტნიორი. ტრიუკებში, რომელსაც ვასრულებდი  სიმაღლეზე,  ჩემი რეკორდები მქონდა, რომელიც ვერავინ გაიმეორა. პირამიდები გვქონდა  ისეთი, საოცარ სიზუსტეს რომ მოითხოვდა. ერთი ჩემი პარტნიორი ისეთი სიმაღლიდან  ჩამოვარდა, თვალი დამიზიანა, ცოტათი აცდა საფეთქელს. მერე ამბობდნენ, რომ ეს სპეციალურად იყო მოწყობილი, რადგან იმ ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელს დიდად არ მოვწონდი. ინტრიგები, რისკი  ცირკში ბევრი იყო – ამას  ცირკის ბევრი მსახიობის სიცოცხლე შეეწირა.
– თქვენ ახლო ურთიერთობა გქონდათ ლეგენდარულ იური ნიკულინთან. სად და როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?
– იური ნიკულინმა სოჭის  ცირკში გამიცნო. მაშინ ის უკვე ძალიან ცნობილი და ლეგენდარული მსახიობი იყო. ხალხი მასთან ახლოს მისვლას და ხელით შეხებას ცდილობდა. საოცარი კლოუნი იყო საბჭოთა კავშირში. როგორც კი ჩემი ნომრები ნახა, მოვეწონე – არ გინდა, ჩემთან ერთად იმუშაოო? – მკითხა. ამაზე უარს როგორ ვიტყოდი, ნებისმიერი მსახიობი იოცნებებდა ამაზე. დავთანხმდი მეც, ნიკულინს ძალიან უყვარდა ქართველები. ჩვენ კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. როცა გასტროლებზე მივდიოდით, ნიკულინი სულ ცდილობდა, მის გვერდით ოთახში მეცხოვრა. ნარდს მეთამაშებოდა ხოლმე. ნოვოსიბირსკის ცირკში მის ოთახს არემონტებდნენ, მუშას უთხრა, ჩემს ოთახს რომ მორჩები, ვაჟას ოთახი უნდა გაარემონტოო.  ერთხელ ამიტყდა, მოდი, მაგ ნომერში  შენი ოფიციანტის როლს მე შევასრულებო, გადავწყვიტეთ კიდეც, მაგრამ მერე ცუდად გახდა და ერთად მუშაობა ვეღარ გამოგვივიდა.   
– ცნობილმა აკრობატმა როდის მოირგეთ ჯამბაზის   ამპლუა?
– ბოლოს უკვე, როცა წლები მომემატა, მითხრეს,  ცნობილ დადეშქელიანს ხელები არ ჰქონდა და ცირკში გამოდიოდა, შენ ხელები გაქვს და ნომრები უკეთესად გამოგივაო. მომცეს კლოუნის პარიკი, ვცადე და გამომივიდა.  კარგი ჯამბაზი საცირკო ხელოვნების ყველა მხარეს უნდა ფლობდეს და ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყოს.  ასეთ ასაკში  ფეხებით ისეთ ნომრებს ვაკეთებ, ბევრს ახალგაზრდობაში გაუჭირდებოდა. საბჭოთა კავშირში ქალაქი არ იყო დარჩენილი, თვეობით არ გვეცხოვრა იქ. ეს ცოტა რთული იყო, მაგრამ საინტერესო.
– თქვენი პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა?
– მე ყველაფერი შევწირე და დავუკავშირე ცირკს. არ მყოლია ცოლი, შვილი და ამას არც ვნანობ. რაღაცნაირად, თითქოს მეშინოდა კიდეც ცოლის მოყვანის, იმდენ საშინელებას ვხედავდი ირგვლივ. მე მომწონდა ლაღი, წესიერი ურთიერთობები, რაც იშვიათი იყო. ქალბატონი ბევრი იყო. დაჭერითაც კი მემუქრებოდნენ, თუ ცოლად არ მოვიყვანდი. ამის გამო შარშიც კი გავყავი თავი –  მოსკოვში უმაღლესი სასამართლო განიხილავდა ჩემს საქმეს, დაპატიმრებას გადავურჩი. უფაში ვიყავით დიდხანს გასტროლებზე, ჩვენ ხომ მუდმივად გვიწევდა ცხოვრება სხვადასხვა ქალაქში. ერთი ქალი გავიცანი, თურმე, პატარა იყო, არადა დიდად მოჰქონდა თავი. მისი მშობლები კომუნისტური პარტიის ცნობილი ხალხი იყვნენ, ბიძა უფაში გავლენიანი კაცი ჰყავდა. მოკლედ, ამ გოგოსთან დავიწყე ურთიერთობა – ქალიშვილი აღმოჩნდა და ჩვენი ამბავი მოსკოვში უმაღლეს სასამრთლომდე მივიდა. ცოლად მოიყვანე და ყველაფერი ჩაიფარცხებაო, მითვლიდნენ. მაგრამ, არ გავაკეთე ეს. დაჭერას გადავურჩი – მისი ოჯახი რომ მოლაპარაკებებს მთავაზობდა, თვითონ ერთი თვე ცირკში დადიოდა და ყვავილებს მიგზავნიდა, შესარიგებლად, მაგრამ აღარ დავუბრუნდი. კიდევ იყო ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც  ყაზანის ბალეტში დამწყები მსახიობი გახლდათ, როცა გავიცანი. საქართველოში წამოვიყვანე – ლამის დამიჭირეს ამის გამო. ერთი წელი მოგვეცი დრო, რომ მისი შემცვლელი გავზარდოთ ბალეტისთვისო. მე ვუთხარი, ან ახლა წამოვა, ან არასდროს-მეთქი. 28 წელი ჩემი მოსამსახურე იყო, მერე   მომთხოვა: ყაზანში გადავიდეთ, დაანებე თავი ცირკსო, უარი ვუთხარი. მე ცირკის გამო დედა დავტოვე და შენ გამო უარს როგორ ვიტყვი-მეთქი, ადგა და წავიდა. თუმცა მერე  ის რუსეთში ძალიან ცნობილი მსახიობი გახდა.  
– ახლა როგორ ცხოვრობთ?
–  როცა ცირკის გარეშე დავრჩი, ძალიან გამიჭირდა კიდევ კარგი ეს ტანჯვა  დიდხანს არ გაგრძელდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არენაზე ვეღარ გამოვდიოდი, თორემ უფულობას გადავიტანდი. მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობდა, მინისტრობის დროს 100 მანეთი მქონდა ხელფასიო, იმ დროს მე რუსეთში, ციმბირის ცირკში ხუთას მანეთს ვიღებდი. ჩამოვედი საქართველოში  და აღმოჩნდა, რომ ჩემი პენსია სულ რაღაც რვა ლარი იყო.  ძლივს გამქონდა თავი, დღესაც ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო. რა იცი, იქნებ, ვინმეს დავჭირდე ცირკში, ხანდახან კი მეძახიან ხოლმე, ხან სად, ხან სად. ახლა მე მოხუცი ჯამბაზი ვარ დიდი არენის გარეშე დარჩენილი, მაგრამ  ამ ასაკშიც კი, მაინც ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.  ახალი ნომრები მოვიგონე, იმაზე დიდი ბედნიერება, ხალხi გააღიმო და სიხარული მიანიჭო, არაფერია. მაშინაც უნდა გააკეთო შენი საქმე, როცა გტკივა და გიჭირს.

скачать dle 11.3